საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2025 წლის 30 აპრილს, საიამ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი მოსაზრება წარუდგინეს, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობაა შეფასებული.
მინისტრთა კომიტეტი ამჟამად ცინცაბაძის ჯგუფის ფარგლებში ზედამხედველობს საქართველოს წინააღმდეგ არსებულ 20-ზე მეტ საქმეს, მათ შორის არის საიას წარმოებაში არსებული 6 საქმე: „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“. ასევე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეები „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ.“
ცინცაბაძის ჯგუფი აერთიანებს საქმეებს, რომლებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების მატერიალური ან/და პროცედურული ასპექტების დარღვევა დაადგინა. გამოძიებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გამოავლინა მთელი რიგი ხარვეზები, მათ შორის, დამოუკიდებლობის ნაკლებობა, დროულობა, გამოძიების არასრულყოფილება, დაზარალებულთა მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევები, სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის არარსებობა და ა.შ.
2024 წლის 14 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების ეფექტიანი აღსრულებისაკენ მოუწოდა.
წარდგინება აღწერს, თუ რამდენად გაუარესდა სიტუაცია საქართველოში მოცემული ჯგუფის საქმეებზე წინა წელს გაგზავნილი წარდგინების შემდეგ. კერძოდ, საქართველოში საგანგაშოა იმ სამართალდამცავთა დაუსჯელობა, რომლებიც ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმის მოწინააღმდეგეებს მასობრივად არასათანადოდ ეპყრობიან. ასეთმა ფართოდ გავრცელებულმა დაუსჯელობამ გამოიწვია გენერალური პროკურორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მაღალი თანამდებობის პირების სანქცირება ევროპის საბჭოს არაერთი წევრი სახელმწიფოს მიერ. წარდგინებაში ხაზგასმულია, რომ რეჟიმს მიზანში ამოღებული ჰყავს, მათ შორის, ის ორგანიზაციები რომლებიც მუშაობენ წამების აკრძალვისა და სიცოცხლის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
წარდგინება ასევე, ყურადღებას ამახვილებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა:
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, წარდგინებაში ნათქვამია რომ მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი (ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა) დაარღვია.
რაც შეეხება მაქარაშვილის ჯგუფის საქმეებს, იგი აერთიანებს ოთხ საქმეს, რომლებიც ამხელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (ასკ) არსებულ სისტემურ ხარვეზებს და სასამართლოს არაეფექტიან ზედამხედველობას პოლიციის მიერ საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ასკ-ს ნორმების ინსტრუმენტალიზების ფაქტებზე.
მაქარაშვილის ჯგუფის საქმეების ფარგლებში წარდგენილ დოკუმენტში, მინისტრთა კომიტეტს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს პოლიცია ასკ-ში არსებულ ფუნდამენტურ ხარვეზებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ანგარიშსწორებისა და მათი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დასჯის მიზნით, რაც განსაკუთრებული მასშტაბით 2023 წლის მარტსა და 2024 წლის გაზაფხულზე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებულ მასობრივ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე გამოვლინდა.
დოკუმენტში ხაზგასმულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის ისეთი სისტემური ხარვეზები, როგორიცაა უკანონო დაკავების პრევენციისთვის სამართლებრივი გარანტიების არარსებობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვის ხარვეზიანი პროცედურა, და ასკ-ში მმართველი პარტიის მიერ უწყვეტი საპროტესტო აქციების საპასუხოდ შეტანილი რეპრესიული ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამძიმებს პასუხისმგებლობას დემონსტრანტებისთვის და გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობებს. აგრეთვე, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მასობრივად და ავტომატურად აქციის მონაწილეების ამოცნობის, დაჯარიმებისა და დაშინებისთვის, რაც პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის ნიშნებს ატარებს.
გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტს მიეწოდა ინფორმაცია დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევის, პოლიციის უკანონო ქმედებებზე ეფექტიანი სასამართლო კონტროლის არარსებობის, სამართალდარღვევის საქმეებზე მტკიცების ტვირთის მოქალაქეებზე გადატანის, პოლიციის მიერ ცრუ ჩვენებების საფუძველზე მოქალაქეების მასობრივი მსჯავრდების შესახებ. ასკ-ის საფუძველზე ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის უკანონო დაკავება, პატიმრობის ვადის გაუმართლებელი გახანგრძლივება, და შემდგომში, პოლიციელების ყალბი ჩვენებების საფუძველზე მათი მსჯავრდება (რაც უმეტეს შემთხვევაში, არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების ან პატიმრობის შეფარდებაში გამოიხატება), შეუთავსებელია ევროპული კონვენვიით გარანტირებულ ისეთ უფლებებთან, როგორიცაა თავისუფლების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება.
დოკუმენტით მინისტრთა კომიტეტს ასევე ეცნობა მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების შესახებ, რომლებიც თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას, და საბოლოოდ, მმართველი პარტიის ძალაუფლების კონსოლიდაციას და ავტორიტარული მმართველობის განმტკიცებას ემსახურება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) მოუწოდებენ მინისტრთა კომიტეტს, განახორციელოს მაქარაშვილის ჯგუფის საქმეებზე გაძლიერებული ზედამხედველობა და მოუწოდოს სახელმწიფოს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რათა სახელმწიფომ გაატაროს ფუნდამენტური საკანონმდებლო რეფორმები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსასრულებლად.
ინსტრუქცია