[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

დეკოლონიური პერსპექტივები / თარგმანი

სამხრეთიც არსებობს (El Sur también existe)

ილუსტრაცია: დათო სიმონია

თარგმანი: ალექსანდრა აროშვილი, გიორგი კობახიძე

რკინა-ბეტონის ტრადიციებით
გრანდიოზული საკვამურებით
იატაკქვეშა სწავლულებით
სირინოზთა საგალობლებით
ნეონის ცისარტყელებით
საშობაო ფასდაკლებებით
მამა ღმერთის კულტით
და ეპოლეტებით
ცათა სასუფევლის გასაღებით ხელში
ჩრდილოეთი განაგებს.

აქ კი მის ქვემოთ,
ქვემოთ
მშივრები
უყურებენ მწარე ნაყოფს
სხვათა ქმედების
სანამ გადის დრო
ჩაივლიან აღლუმები
და სხვა ყველაფერი
რაც ჩრდილოეთს
არ აუკრძალავს.

თავისი მტკიცე იმედით,
სამხრეთიც არსებობს.

თავისი მქადაგებლებით
მომწამლავი აირებით
ჩიკაგოს სკოლით
მიწათმფლობელებით
მდიდრული ძონძებით
თავისი საცოდავი ჩონჩხით
ნაყიდი უსაფრთხოებით
და თავდაცვაში ხარჯვით
დამპყრობელი მიზნებისათვის
ჩრდილოეთია,
ვინც წესებს ადგენს.

აქ კი, მის ქვემოთ
ქვემოთ
თავშესაფრებში
თითოეულმა
ქალმა თუ კაცმა
იცის როგორ უნდა გადარჩეს
მეტი მიიღოს მზისგან
როგორც მისი დაბნელებისგან
განარჩიოს უსარგებლო
და მოიხმაროს აუცილებელი.

ომგამოვლილი რწმენით,
სამხრეთიც არსებობს.

ფრანგული ვალტორნებით
შვედური აკადემიით
ამერიკული სოუსით
და ინგლისური იარაღებით
მთელი თავისი რაკეტებით
და ენციკლოპედიებით
ვარსკვლავური ომებით
ამ მდიდრული სისასტიკით,
დაფნის გვირგვინით თავზე
ჩრდილოეთია ის
ვინც განაგებს.

ხოლო მის ქვემოთ,
ქვემოთ
ფესვებთან ახლოს
იქ სადაც ხსოვნა
ინახავს თითოეულ მოგონებას
არიან მკვდრები,
მაგრამ არიან ისეთებიც
აქ რომ იცოცხლეს
და მოახერხეს შეუძლებელი:

დაე, გაიგოს მთელმა სამყარომ
რომ სამხრეთიც,
სამხრეთიც არსებობს.

პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის "სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს" ფარგლებში, რომელიც Open Society Foundations-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“