[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

სახელმწიფომ ეფექტურად უნდა გამოიძიოს ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარა სოციალურ სივრცეში

„კოალიცია თანასწორობისთვის’’ ეხმიანება 2017 წლის 16 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში’’ ქალის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს სათანადო ზომები მის აღსაკვეთად და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დასაყენებლად.

ჯგუფური გაუპატიურების და არასათანადო მოპყრობის მუქარა მოჰყვა გაეროში ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის თათია დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კრიტიკულ მოსაზრებებს 2017 წლის 14 ივლისს თბილისში ჩატარებულ ე.წ. „ქართულ მარშთან“ მიმართებით.[1]მკვეთრად ქსენოფობიური, რასისტული შინაარსისა და აგრესიული სენტიმენტების მქონე ე.წ. „ქართული მარშის’’ მიზანი იყო ხელისუფლების მოწოდება დაუყოვნებლივ დაატოვებინოს საქართველოს ტერიტორია ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრებ აზიური წარმოშობის პირებს.[2]

მიგვაჩნია, რომ სოციალურ ქსელში დაფიქსირებული კომენტარები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს - მუქარა (სსკ 151-ე მუხლი) ან წამების მუქარა (სსკ 1442-ე მუხლი). ჯანმრთელობის დაზიანება, რაც 151-ე მუხლის შემადგენელი ნაწილია, მოიცავს არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც. ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევაში გარდაუვალია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანება. რაც შეეხება წამების მუქარას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, სექსუალური ძალადობა ექცევა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა) ფარგლებში.[3] შესაბამისად, გაუპატიურების მუქარა ქმნის სსკ 1442-ე მუხლს.

კოალიცია აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დანაშაულის გამოძიება უნდა დაიწყოს მის შესახებ ნებისმიერი ფორმით (მათ შორის მას-მედიის მეშვეობით) ინფორმაციის მიღების შემთხვევაში.[4] დაზარალებულის მიერ დანაშაულის შესახებ მიმართვა არ არის განმსაზღვრელი გამოძიების დასაწყებად.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა და სექსუალური ძალადობის მუქარა ქალთა გასაგნების, მათი სექსუალურ ობიექტად დასახვის პრაქტიკაა. იგი გამოიყენება  საჯარო სივრცეებიდან ქალების  განდევნის და მათი კონტროლის ინსტრუმენტად, საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხებზე პოზიციების გაჟღერებისგან თავის შეკავების იძულების და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან  მათი გამორიცხვის მიზნით. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა და შევიწროვება, საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ამგვარი ფაქტების გამოძიებას და უზრუნველყოს არამხოლოდ გამოძიების დაწყება, არამედ მისი სწრაფად, მიუკერძოებლად და ყოველმხრივ ჩატარება. სახელმწიფოს მიერ ამგვარი დანაშაულის არასათანადო გამოძიება დისკრიმინაციული იქნება ქალთა მიმართ, მოახდენს ძალადობის არსებული პრაქტიკის ლეგიტიმაციას და წაახალისებს ძალადობის ახალ კერებს.

შესაბამისად, მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  1. უზრუნველყოს თათია დოლიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე დაწყებული გამოძიების სწრაფად, მიუკერძოებლად და გენდერული ხედვით ჩატარება;
  2. სისხლისსამართლებრივი დევნაზე გადაწყვეტილების მიღებისას ამოსავალი წერტილი იყოს ქმედების დამაზიანებელი ეფექტი ქალებისთვის და საჯარო ინტერესი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სექსტიტურ და დანაშაულებრივ განცხადებებს, ისევე როგორც მარშის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ქსენოფობიურ, რასისტულ მოწოდებებს, პოლიტიკური ხელისუფლება მკაცრად გაემიჯნოს და მოხდინოს თანასწორობასა და ადამიანის უფლებების იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების ღია მხარდაჭერა და გავრცელება.

კოალიცია თანასწორობისთვის

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის წევრები არიან: „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),  ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“,, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და „იდენტობა“.

 

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] http://www.tabula.ge/ge/story/122038-qartvelta-marshis-organizatorebi-tatia-dolidzes-jgufuri-gaupatiurebit-emuqrebian

[2] https://www.facebook.com/events/147796982453991/

[3] იხ. მაგ. I.G. v. the Republic of Moldova (no. 53519/07).

[4] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი N100 და 101.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“