[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

სახელმწიფომ დაუყოვნებლივ, პროაქტიურად უნდა გადაიყვანოს უსახლკარო პირები დროებით თავშესაფარში

გუშინ, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, დელისის მეტროსთან, მოხუცი, უსახლკარო მამაკაცის ყინვის შედეგად გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაცვალების ამ ვერსიას არ ადასტურებს და შემთხვევას ბუნებრივ სიკვდილს უკავშირებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო და  გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა ექსპერტიზა.

უსახლკაროთა საკმაოდ მაღალი რაოდენობისა და მათი მწვავე საჭიროებების მიუხედავად, ამ დრომდე, სახელმწიფოს  არ გააჩნია უსახლკარო პირთა საკითხებზე მუშაობის თანმიმდევრული და ადეკვატური სტრატეგია. ერთადერთი ღონისძიება, რომელსაც იგი უკანასკნელი წლებია ახორციელებს, რამდენიმე ქალაქში, დროებითი თავშესაფრების, კარვების განთავსებაა. ღია ცის ქვეშ მცხოვრები პირებისათვის განკუთვნილი კარვები უმძიმეს საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს ბენეფიციარებს და სრულიად გამოუსადეგარია უსახლკარო ოჯახებისათვის, სადაც არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

კარვები თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში, 2013-2014 წლების ზამთარში, ყინვისაგან ქუჩაში გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევის საპასუხოდ შეიქმნა, მიუსაფარი პირების უსახლკარობისაგან დაცვის და მათთვის დროებითი თავშესაფრების უმოკლეს ვადებში მოწყობის მიზნით. თუმცა, 4 იანვარს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა აჩვენებს, რომ უსახლკარო პირების მყისიერ საჭიროებებზე სახელმწიფო ადეკვატურად ვერ რეაგირებს და ისინი კვლავ სიცივით სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე დგანან.

სახელმწიფო არათუ ვერ პასუხობს უსახლკაროთა მწვავე საჭიროებებს, არამედ არ გააჩნია მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის გრძელვადიანი ხედვა, ადეკვატური კანონმდებლობა და ინსტიტუციური სისტემა. კერძოდ, უსახლკარო პირის არსებული ცნება არაადეკვატურია და ის არ ფარავს უსახლკარობის სხვადასხვა ფორმას, არ არსებობს უსახლკარო პირთა საცხოვრებლის უფლების სტანდარტი, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უსახლკარო პირთა რეგისტრაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირსა და რეგისტრაციის პროცედურას.[1] კანონმდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებას მოიცავს შეზღუდულად  და მათ მხოლოდ თავშესაფარში მყოფი უსახლკარო პირების რეგისტრაციას ავალდებულებს; სახელმწიფო არ აფასებს ქვეყანაში უსახლკარობის მასშტაბს, მათ საჭიროებებს, უსახლკარობის ფორმებსა და მიზეზებს. არ არის დანერგილი და განვითარებული საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაბამისი სერვისები და მომსახურება. ამ დრომდე, არ აღრიცხულა უსახლკარო პირთა რაოდენობა და არ არსებობს შესაბამისი რეესტრი, რაც შეუძლებელს ხდის უსახლკარობასთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტურ და თანმიმდევრულ გადაწყვეტას.

შედეგად, არ არსებობს უსახლკარო პირების პრობლემებისა და საჭიროებების საპასუხოდ სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგია და სისტემური მიდგომა; ამასთან, ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში ამ პირების საცხოვრებლით დაკმაყოფილებისა და სხვა სახის მიზნობრივი დახმარებისთვის საერთოდ არ არის გათვალისწინებული თანხა ან არსებული თანხა არ არის საკმარისი.

2014 წელს სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში (2014-2020 წლებისთვის) ასახა ადეკვატურ საცხოვრებელზე უფლების რეალიზებისთვის გასატარებელი ღონისძიებები. თუმცა, ეს არ გახდა ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) სამუშაო თემა და ეს საკითხი არც 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილად მოიაზრება.

უსახლკარობის, როგორც გამოწვევის არაღიარებისა და ამ პრობლემის მასშტაბის გაუაზრებლობის პირობებში, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ვერ უზრუნველყოფს მყისიერი საჭიროების მქონე, უსახლკარო პირების ადეკვატურ და დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას დროებითი თავშესაფრით და მეორე მხრივ, არ მუშაობს უსახლკარობის პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შექმნის მიზნით.

4 იანვარს, უსახლკარო პირის გარდაცვალების ფაქტისა და ქუჩაში მცხოვრებ უსახლკაროთა თავშესაფრით დაუყოვნებლივ უზრუნველყოფის საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევთ გარდაცვალების შემთხვევის სათანადო გამოძიებას და სახელმწიფოს მიერ, შესაბამისი ზომების მიღებას მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.

შესაბამისად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებთ:

  • უზრუნველყონ ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების პროაქტიური იდენტიფიცირება და მათი მყისიერი დაკმაყოფილება დროებითი თავშესაფრით საქართველოს ყველა რეგიონში. სახელმწიფოს პროაქტიური და ეფექტური მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაცრი ზამთრის პირობებში, რაც ზრდის ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების სიცოცხლის ხელყოფის რისკებს და წარმოშობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას მიიღოს სპეციალური და განსაკუთრებული ზომები, უსახლკაროთა სიცოცხლის უფლების დაცვის მიზნით;
  • საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც დროებითი თავშესაფრები არ არსებობს, შეიქმნას ამგვარი სერვისები დაუყოვნებლივ;
  • უსახლკაროთა იდენტიფიცირებისა და მათი სერვისში განთავსების ეფექტური სისტემის არარსებობის ფონზე, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს კოორდინირებული მუშაობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისმა სამსახურებს შორის, რაც გულისხმობს როგორც პატრულის, ასევე სოციალური სამსახურების ერთობლივ და სპეციალურ მუშაობას უსახლკაროთა პირველადი საჭიროებების გამოვლენისა და დაკმაყოფილების მიზნით,
  • მოხდეს თბილისში, მოსკოვის გამზირზე არსებულ კარვებში მცხოვრები ბენეფიციარების დაუყოვნებლივ გადაყვანა ახალაშენებულ დროებით თავშესაფარში, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში შეიქმნას უსახლკაროთა დროებითი და ღირსეული ცხოვრებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა;
  • შეიქმნას უსახლკარობის პრობლემაზე მუშაობის გრძელვადიანი ხედვა, რომელიც გაითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებებს, ინსტიტუციური მექანიზმების ამოქმედებას, უსახლკარო პირთა საჭიროებების მუდმივ შესწავლასა და შეფასებას, ადეკვატური/სათანადო სერვისების განვითარებას და უსახლკარობის პრევენციას.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] გამონაკლისია თბილისის მუნიციპალიტეტი, რომელმაც 2015 წლის 27 ნოემბერს დაამტკიცა უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და უსახლკარო პირთა თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“