[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე ცვლილებები ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზაციის საგანგაშო რეალობას ქმნის

უსაფრთხოების სექტორში ბოლო კვირებში მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და პერსონალური ცვლილებები განხორციელდა, რომელიც მთლიანობაში სექტორის პოლიტიზაციისა და ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნებისთვის ძალოვანი უწყებების მობილიზაციის საგანგაშო ნიშნებს ატარებს. ეს ტენდენციები ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დასუსტებასა და მწვავე საფრთხეების მიმართ მედეგობის რღვევას გამოიწვევს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო კვირებში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო არა ერთი ახალი გადაწყვეტილება, რომელმაც ძირეული ცვლილებები გამოიწვია უსაფრთხოების სისტემის შიგნით, მათ შორის, შეიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაიწყო დაზვერვის სამსახურის სუს-თან გაერთიანების საკანონმდებლო პროცესი, და დაანონსდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება. ეს ყოველივე კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია დემოკრატიული უკუსვლის, ძალაუფლების კონსოლიდაციისა და არა-ანგარიშვალდებული ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერების გზაზე.

სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილი პარლამენტმა 4 აპრილს დაამტკიცა, რომელმაც თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა.[1] ანრი ოხანაშვილი იყო პარლამენტის მე-9 და მე-10 მოწვევის წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, სუს-ში გადანაცვლებამდე კი იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა.[2] საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მას მჭიდრო პერსონალური კავშირი აქვს ირაკლი კობახიძესთან და პრაქტიკულად არ აქვს უსაფრთხოების სისტემაში და საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. სულ მცირე ანრი ოხანაშვილის ბიოგრაფია დემოკრატიულ რეალობაში უკვე იქნებოდა მაღალი სამოქალაქო და საპარლამენტო შემოწმების წინაპირობა, რადგან აშკარაა, რომ ის ვერ იქნება პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილი. პოლიტიკური ნეიტრალობა კი სუს-ის საქმიანობის ფუნდამენტური სახელმძღვანელო პრინციპია, რომელიც კანონითაა განმტკიცებული.[3]

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სუს-ის პოლიტიზება ყოველთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა, თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის დამტკიცება ამ მხრივ ახალ შრეს იძენს. ერთპარტიული პარლამენტის მიერ „ქართული ოცნების“ წევრისა და ირაკლი კობახიძის პირადი კადრის სუს-ის ხელმძღვანელად დანიშვნა, ყოველგვარი კრიტიკული განხილვებისა და დელიბერაციის გარეშე, სუს-ს იმ მინიმალურ ინსტიტუციურ თუ პერსონალურ აგენტობასაც უკარგავს, რაც, უწყების წინამორბედ ხელმძღვანელებს შესაძლოა გარკვეული ხარისხით მაინც ჰქონოდა.

ზოგადად, სუს-ში არსებულ ინსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მისი გადაჭარბებული უფლებამოსილებების, დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის უკიდურესი სიმწირის პრობლემები წლებია სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების საგანია. ეს პრობლემები განსაკუთრებით ყურადსაღებია იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების სექტორში საქმიანობების უდიდესი ნაწილი გასაიდუმლოებულია. უსაფრთხოების სამსახურები ხშირად სარგებლობენ გამჭვირვალობის მოთხოვნებიდან გამონაკლისებით, ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ფართო დისკრეციით და ‘ეროვნული უსაფრთხოების’ დაცვის მოტივით ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების ტოტალური შეზღუდვის შესაძლებლობებით.

სუს-ის მანდატი, რაც მათ შორის მოიცავს კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლას, საგამოძიებო, პრევენციული და იძულების ღონისძიებების განხორციელებასა და პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსების უფლებამოსილებას, ამ უწყებას ანალიტიკური სტრუქტურის ნაცვლად საზოგადოების კონტროლის მექანიზმად აქცევს.[1] სუს-ის პირდაპირ დაქვემდებარებაშია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ადამიანებზე თვალთვალის ტექნიკურ შესაძლებლობებს ფლობს და პირადი ცხოვრების უფლების მასობრივი ხელყოფის წყაროა.[2] სააგენტოს ფართო უფლებამოსილებების დაბალანსებისა და კონტროლის მექანიზმი უპირველესად სასამართლოა, რომელიც ახდენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ავტორიზებას. თუმცა, კანონმდებლობაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზებისა[3] და სასამართლო ხელისუფლების ტოტალური კონტროლის პირობებში, მასობრივი მიყურადების საფრთხეების დაზღვევა ვერ ხერხდება.

საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს სუს-ის საპარლამენტო კონტროლიც. სუს-ის უფროსის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა პარლამენტში სრულად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს;[4] საქართველოში არ არსებობს სუს-ზე ზედამხედველობის ექსპერტული ორგანო, რომელიც უწყების დემოკრატიული ანგარიშვალდებულების პროცესში სამოქალაქო და პროფესიულ წრეებს ჩართავდა; ნდობის ჯგუფი, რომელიც სუს-ზე კონტროლის მთავარი წყარო უნდა იყოს, საფუძვლიანად ვერ ასრულებს მის ფუნქციებს - მას არ აქვს სრულყოფილი მანდატი, არ იკრიბება რუტინულ რეჟიმში, დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ წევრებით, ფაქტობრივად არ გააჩნია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის კონტროლის შესაძლებლობები და სხვა.[5]

ძალაუფლების დაბალანსების, პროფესიული და პრაქტიკული ამოცანების შესრულების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია დაზვერვის სამსახურის შეერთება სუს-თან. 2013 წლიდან სამსახური არის პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული უწყება და მის გარდა არც ერთ სხვა უწყებასთან ინსტიტუციურ ანგარიშვალდებულებაში არ იმყოფება. ახალი კანონპროექტით დაზვერვის სამსახური სუს-ის ერთ-ერთი სააგენტო ხდება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება სუს-ის უფროსის წინაშე.[4] დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ისევე როგორც მის მოადგილეებს, სუს-ის უფროსი დანიშნავს.[5] კანონპროექტი უკვე მიღებულია ორი მოსმენით.[6]

დაზვერვის სამსახურის სუს-თან შეერთება რამდენიმე მიმართულებით გააუარესებს მდგომარეობას: 1. გაზრდის სუს-ის გავლენებს, მის ისედაც დიდ ინსტიტუციურ სხეულსა და უფლებამოსილებებს კიდევ უფრო გააფართოებს. ეს, ბუნებრივია, გამოიწვევს საზოგადოებრივ პროცესებში სუს-ის უფრო ჭარბ შემოსვლას. 2. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები გაზრდის როგორც სუს-ის, ასევე დაზვერვის სამსახურის ეფექტიანობას იმ არგუმენტით, რომ ეს ორი უწყება „ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია“ და „რიგ შემთხვევებში ერთი და იმავე კანონისმიერი მიზნის მიღწევას ემსახურება“. თუმცა, საგარეო დაზვერვის ფუნქციური მოდუსები, საქმიანობის მეთოდები, ტექნიკები და სამოქმედო არეალები არსებითად განსხვავდება უსაფრთხოების სექტორში შემავალი სხვა უწყებებისგან. არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ ცვლილებები არათუ წაადგება, არამედ არსებითად გააუარესებს სადაზვერვო საქმიანობას და მას რესურსულად გამოფიტავს. 3. საექსპერტო წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ დაზვერვის სამსახურის ფუნქციონირებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია დასავლურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის, ინფორმაციის გაზიარების, კადრების გადამზადებისა და ნდობის ელემენტები. ამ ფონზე, სამსახურის სრულად სუს-ის ქვემდებარეობაში გადასვლა ამ უწყებას ბოლომდე სუს-ის პოლიტიკურ ინტერესებს დაუქვემდებარებს, რაც, დიდი ალბათობით, ნეგატიურად აისახება დასავლურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.[7] ეს, უსაფრთხოების დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ის 1-ლი სექტემბრიდან სრულად უქმდება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი ბიუროზე 23 ივნისს დარეგისტრირდა.[8] უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში უსაფრთხოების საბჭო პოლიტიკური მანიპულაციების საგანი იყო. 2013 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა იმჟამად მოქმედი უშიშროების საბჭოს პარალელური სტრუქტურა - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რადგან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომებს არ ესწრებოდა.[9] 2018 წლის კონსტიტუციური ცვლილებებით უშიშროების საბჭო გაუქმდა, 2019 წლიდან კი ჩამოყალიბდა უსაფრთხოების საბჭოს არსებული მოდელი.

იმის მიუხედავად, რომ ეს უწყება წლების განმავლობაში უკიდურესად ფრაგმენტულად ასრულებდა თავის მოვალეობას,[10] საგანგაშოა თუ როგორ ხდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მისი როლის დაკნინება დღეს,[11] განსაკუთრებით მძიმე გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში. დემოკრატიულად გამართულ მდგრად ინსტიტუციურ რეალობაში უსაფრთხოების საბჭოს როლი ცენტრალურია - ის განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ახდენს საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი თავიდან აცილებისა და აღკვეთისთვის საჭირო ზომების მიღების შესახებ; აანალიზებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, სწავლობს და აფასებს საერთაშორისო და რეგიონულ კონფლიქტებსა და მათ გავლენას საქართველოზე;  ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, გადახედვასა და განახლებას; განიხილავს შესაბამის კანონპროექტებს, თავდაცვის ძალებთან დაკავშირებულ საკითხებს, ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხებს და სხვა.[12] ამგვარ საკითხებზე მუშაობა ორგანიზაციულ სხეულსა და უწყებათაშორის კოორდინაციას მოითხოვს. ამ ფონზე, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა საბჭოს მუშაობის გაძლიერებასა და მისი შემადგენლობის ინკლუზიაზე ზრუნავდეს, სრულად აქრობს ამ უწყებას, რაც ისედაც ჰომოგენიზებულ და პოლიტიზებულ უსაფრთხოების სექტორს კიდევ უფრო მეტად დაუქვემდებარებს პარტიულ ინტერესებს.

ამდენად, აშკარაა, რომ ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთპარტიული კონტროლის ქვეშ და უსაფრთხოების სისტემაში კადრების შერჩევა პარტიული ლოიალურობის საფუძველზე არღვევს პროფესიული ნეიტრალობის პრინციპს და საბოლოოდ, ასუსტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურების სტაბილურობას. ამ პირობებში უსაფრთხოების უწყებები კარგავენ თავიანთ პრინციპულ ფუნქციას ემსახურონ დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და გადაქცეულნი არიან მმართველი პარტიის ხელისუფლების შენარჩუნების მექანიზმად. ეს ტენდენციები ქმნის საპოლიციო სახელმწიფოს (Surveillance State) იმ მოდელს, სადაც ძალოვანი სტრუქტურები სამოქალაქო სივრცის კონტროლის, წინააღმდეგობათა ჩახშობისა და საჯარო ცხოვრების ტოტალური მონიტორინგისთვის და ზედამხედველობისთვის გამოიყენება და ზღვარი ეროვნული უსაფრთხოებისა და რეჟიმის პოლიტიკურ უსაფრთხოებას შორის წაშლილია.

უნდა ითქვას, რომ ასეთ რეალობაში თავად უსაფრთხოების კონცეფცია კარგავს  ლეგიტიმურ ფუნქციას, ემსახუროს საზოგადოებრივ კეთილდღეობას, საგარეო და შიდა საფრთხეებზე სისტემურ რეაგირებას და გარდაიქმნება მმართველობის ინსტრუმენტად და ტექნოლოგიად, რომელიც თავად განსაზღვრავს, ვინ არის საფრთხე, როდის და რატომ. ასეთ რეჟიმში, უსაფრთხოების სახელით შესაძლოა დისკრედიტირდეს კრიტიკული მედია, სამოქალაქო აქტივიზმი, პოლიტიკურად განსხვავებული აზრი, რადგან ისინი თავსდებიან სახელმწიფოს სტაბილურობისთვის მავნე“ ძალების კატეგორიაში და უსაფრთხოების სისტემის დაუბალანსებელი და ტოტალური ძალაუფლება სწორედ მათი კონტროლისთვის და მარგინალიზაციისთვის გამოიყენება.

გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის რღვევის ფონზე, საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, მათ შორის რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, ჰიბრიდულ თავდასხმებს, რეგიონალურ კრიზისებს და ომებს, ეკონომიკურ კრიზისებს, სჭირდება ძლიერი, კოორდინირებული და სტრატეგიული უსაფრთხოების სისტემა. ამ ფონზე, უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება და დაზვერვის სამსახურის პოლიტიზებული სტრუქტურის ქვეშ მოქცევა წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მედეგობის მეთოდური შესუსტების გზას. დემოკრატიულ სისტემებში უსაფრთხოების მექანიზმები ეფუძნება ინკლუზიურობას, უწყებათაშორის კოორდინაციასა და პროაქტიულ ანალიზს, ხოლო საქართველოში, არსებული ცვლილებების შედეგად, ეს მექანიზმები უფრო მეტწილად კონტროლისა და იზოლაციის ინსტრუმენტებად ყალიბდება, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მედეგობის მოშლის მძიმე რეალობას ქმნის.  საქართველოსთვის, რომელიც გეოპოლიტიკურად მოწყვლადია, ექვემდებარება საგარეო ზეწოლას და რჩება ჰიბრიდული გავლენების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ, უსაფრთხოების სექტორის დეპროფესიონალიზაცია და ინსტიტუციური დასუსტება მხოლოდ ამძაფრებს გარე მანიპულაციის რისკს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] რადიო თავისუფლება. 2025. „ანრი ოხანაშვილი სუსის უფროსად დაამტკიცეს - მან კომიტეტს უწყების პრიორიტეტები გააცნო.” ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33373551.html

[2] საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ბიოგრაფიული ლექსიკონი - ანრი ოხანაშვილი. ხელმისაწვდომია: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007594/

[3] საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ,” მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2905260?publication=20

[4] საქართველოს კანონი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მე-6 მუხლი. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/391393

[5]იქვე, მე-9 და მე-10 მუხლები.

[6] საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“ ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/legislation/30741

[7] On.ge. 2025. „ჯეოქეისი: დაზვერვის სამსახურის სუს-ისთვის დაქვემდებარება წარმოადგენს საგანგაშო ქმედებას.“ ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3HSojP8

[8] საზოგადოებრივი მაუწყებელი. 2025. „ბიუროს სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის გაუქმების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტი დაინიცირდა.“ ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/news/biuros-skhdomaze-erovnuli-usafrtkhoebis-sabchosa-da-misi-aparatis-gauqmebis-taobaze-sakanonmdeblo-paketi-dainicirda/

[9] რადიო თავისუფლება. 2025. „რატომ აუქმებს უსაფრთხოების საბჭოს "ოცნების" მთავრობა.” ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ZJsOBC

[10] მარიამ გობრონიძე და თამთა წვერაიძე. 2023. „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა.” სოციალური სამართლიანობის ცენტრი. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/44uLszO

[11]იქვე.

[12] საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ”, მე-192-ე მუხლი. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2764463?publication=14

[1] ლიკა საჯაია და სხვები. 2018. უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები, თბილისი, გვ. 26-46. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3CAFPEJ

[2] მარიამ გობრონიძე და თამთა წვერაიძე. 2023. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თბილისი, გვ. 18. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DoVO9D

[3] იხ.: თორნიკე გერლიანი და თამარ სამხარაძე. 2021. ფარული მიყურადება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში - ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თბილისი. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3W1CiHi; ლიკა ჩხეტიანი და თამთა წვერაიძე. 2024. კონტროლი, იერარქია და ძალაუფლება: თვალთვალის არქიტექტურის სასამართლო ზედამხედველობა საქართველოში. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თბილისი. ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90_GEO_1729511697.pdf

[4] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI). 2024. უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები, გვ. 44. ხელმისაწვდომია: https://www.democracyresearch.org/geo/1404/

[5] ვახუშტი მენაბდე და სხვები. 2020. საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, გვ. 60-67. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3YZvtFV

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“