[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სახელმწიფო არ მონაწილეობს მაღაროელთა სოციალურ-ეკონომიკური გარანტიებით უზრუნველყოფაში

26EMC ეხმიანება მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, ჭიათურაში მადნის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის ოთხი თვის ვადით შეჩერების თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ბუნდოვანება, რაც ახლავს კომპანიის საქმიანობის შეჩერების წარმოდგენილ დასაბუთებას, გადაწყვეტილების მიღებისას, დასაქმებულთა ინტერესების დამცველთა მონაწილეობის გამორიცხვა და სახელმწიფოს პასიური როლი მიმდინარე პროცესში, ქმნის დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის რეალურ შესაძლებლობას, ხოლო ჭიათურას შესაძლო სოციალური და ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე ტოვებს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ საქმიანობის დროებით შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, დასაქმებულებისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისათვის ცნობილი გახდა 2016 წლის 11 იანვარს, საწარმოს ოფიციალური წერილიდან. წერილის თანახმად, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე უკანასკნელ პერიოდში შექმნილმა უაღრესად რთულმა ეკონომიკურმა ვითარებამ, პირდაპირი გავლენა იქონია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობაზე, რის გამოც, ორგანიზაცია იძულებული გახდა, 2016 წლის 20 იანვრიდან 20 მაისამდე, გადასულიყო სპეციალურ სამუშაო რეჟიმზე. კომპანიის მიერ დასაქმებულებისათვის შეთავაზებული პირობების თანახმად, სპეციალური სამუშაო რეჟიმის განმავლობაში, დასაქმებულებს მიეცემათ ხელფასების სატარიფო განაკვეთის სამოცი პროცენტი, შეუნარჩუნდებათ დაზღვევა და შეუჩერდებათ საავანსო დავალიანებების გამოქვითვა. კომპანია ასევე სთავაზობს დასაქმებულებს ბანკებთან შუამდგომლობას, სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებით. ამავე წერილში, კომპანია ხაზს უსვამს მის ნებას, სპეციალური სამუშაო რეჟიმის დასრულების დროისათვის, ყველა ღონე იხმაროს, რათა დასაქმებულებს შეუნარჩუნდეთ სამუშაო ადგილები. შრომითი პირობების ცვლილების ტექსტს მუშების ნაწილმა ხელი მოაწერა.

გადაწყვეტილების მიღება წარმოების შეჩერების თაობაზე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით, წარმოების შეჩერების საჭიროების დასაბუთების, თანმდევი რისკების შეფასების და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულებისა და რეგიონის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის გარანტიების შექმნის პირობებში უნდა მომხდარიყო. თუმცა, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის სავარაუდოდ შემდგარი კომუნიკაცია, დახურულად, მნიშვნელოვანი აქტორების ჩართულობის გარეშე წარიმართა. საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე კრიზისის რეალური გავლენა და მისი მასშტაბი ჭიათურის მანგანუმის საწარმოს საქმიანობაზე, ასევე დასაქმებულთა უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე, არც ერთ სახელმწიფო ფორმატში, მათ შორის, სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე ღია განხილვის საგანი არ გამხდარა, რაც აჩვენებს სახელმწიფოს პასიურობას და მის უმოქმედობას. ამასთან, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შეფასება არ გაუკეთებია არც ერთ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეკონომიკურ საბჭოსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.

საწარმოს საქმიანობის დროებითი შეჩერება ყველაზე მძიმედ დასაქმებულთა სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, ამცირებს მათ ხელფასებს და მათ საბანკო სესხების გადასახდელად შესაბამისი რესურსების გარეშე ტოვებს. მიუხედავად ამისა, საწარმოს შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი დასაქმებულთა ინტერესების სათანადო წარმოდგენის გარეშე წარიმართა, რამდენადაც მასში არც პროფკავშირული გაერთიანება და არც საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ იყვნენ ჩართულნი. პროცესში აღნიშნული ორგანიზაციების ჩართვა უზრუნველყოფდა დასაქმებულთა ინტერესების სრულად და სამართლიანად წარმოდგენას.

კომპანიის მტკიცებით, სპეციალური რეჟიმის დასრულების შემდეგ, მისი საწარმოო სიმძლავრეების აღდგენა პროდუქციის საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებზეა დამოკიდებული. მოვლენების ამგვარმა განვითარებამ კი, შესაძლოა, სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენოს ჭიათურაში დასაქმებულები. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს არ წარმოუდგენია ხედვა რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გარანტიების შესაქმნელად, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ჭიათურის შემთხვევაში რამდენადაც, მისი მოსახლეობა და ეკონომიკა საწარმოზე მჭირდოდაა დამოკიდებული და განსაკუთრებით მგრძნობიარეა კომპანიაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების მიმართ. ჭიათურაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ალტერნატიული დასაქმების ადგილი. იმ მცირე საწარმოებისთვისაც, რომლებიც რეგიონში მოიპოვებენ წიაღისეულს, ერთადერთი მსხვილი მომხმარებელი ისევ „ჯორჯიან მანგანეზია.“ შედეგად, საწარმოს საქმიანობაზე დამოკიდებული ხდება არა მხოლოდ „ჯორჯიან მანგანეზის“ 3700-მდე დასაქმებული და მათი ოჯახის წევრები, არამედ, კონკურენტ საწარმოებში დასაქმებული პირები და მათი ოჯახის წევრებიც, რაც საბოლოო ჯამში ჭიათურისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. რისკების მასშტაბებს ამძიმებს, ისიც, რომ ჭიათურის მანგანუმის საქმიანობის შეჩერებამ, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს მის წარმოებაზე დამოკიდებულ, სხვა კომპანიებში დასაქმებულებსა და რაიონებზე. კერძოდ, „ჯორჯიან ამერიკან ელოიზის“-ის საკუთრებაში არსებული, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანის დასაქმებულებზე, რომელიც ამუშავებს ჭიათურაში მოპოვებულ ნედლეულს; ასევე ჰიდრო ელექტრო სადგურ „ვარციხე 2005“-ის საქმიანობაზე, რომელიც ზესტაფონისა და ჭიათურის საწარმოებს ელექტრო ენერგიით ამარაგებს.

ამასთან, საწარმოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივი ხარვეზებითაც ხასიათდება. პროფკავშირული გაერთიანების ინფორმაციით, დასაქმებულებს არ ეძლევათ ვადა, კვალიფიციური იურიდიული დახმარების მისაღებად და შემოთავაზებული შეთანხმების პირობების გასაანალიზებლად, ვინაიდან, ორგანიზაცია, დაუყოვნებლივ ითხოვს ყველა დასაქმებულის მხრიდან შეთანხმების დაუყოვნებელ ხელმოწერას. სამართლებრივი კონსულტაციისა და პირობებზე თანხმობის გამოხატვისათვის, დასაქმებულთათვის მიცემული ადეკვატური დრო მნიშვნელოვანია რამდენადაც, საქართველოს კანონმდებლობით, საწარმოს ბრალეულობით გამოწვეული იძულებითი მოცდენა, ანაზღაურდება სრული მოცულობით. შეთანხმებაზე ხელმოწერით კი, დასაქმებულები თმობენ კანონმდებლობით მინიჭებულ ამ გარანტიას და უფლებას აძლევენ დამსაქმებელს, საკუთარი ბრალეულობით გამოწვეული მოცდენა აანაზღაუროს კანონით დადგენილ სტანდარტზე უფრო ნაკლები ტარიფით.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქმიანობის შეჩერების შესახებ, შესაძლოა ჭიათურა ეკონომიკური კრიზისის რისკის წინაშე დააყენოს და ნეგატიური გავლენა იქონიოს ჭიათურაში დასაქმებული მუშების და მთლიანად რაიონის ეკონომიკურ მდგომარებაზე. ამასთან, სრულიად გაურკვეველი ხდება ჭიათურის და წიაღისეულის წარმოებაზე დამოკიდებული სხვა რეგიონების არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის შენარჩუნების პერსპექტივა. შესაბამისად, EMC მოუწოდებს სახელმწიფოს:

- დაუყოვნებლივ განიხილოს ჭიათურის მანგანუმის საწარმოს საქმიანობის შეჩერების საკითხი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში, რათა სრულყოფილად შეფასდეს საწარმოს შეჩერების რეალური მიზეზები და შემუშავდეს ღონისძიებები დასაქმებულთა სოციალური და ეკონომიკური გარანტიების შესაქმნელად. ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტრომ, წარმოადგინოს საწარმოს შეჩერების მიზეზების ობიექტურობის შეფასება, წიაღის მოპოვებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

- სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა, წარმოადგინონ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სტრატეგიები, სპეციალური სამუშაო რეჟიმის განმავლობაში, დასაქმებულთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის დაცვის კუთხით, ხოლო სპეციალური სამუშაო რეჟიმის ამოწურვის შემდეგ, დასაქმებულთა მუშაობის პერსპექტივებისა და საწარმოზე დამოკიდებული რეგიონების ეკონომიკური და სოციალური კრიზისის რისკების შეფასების, მისი პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შესახებ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“