[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სახალხო დამცველმა EMC-ის საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა


საქართველოს სახალხო დამცველმა EMC-ის განცხადების საფუძველზე დასაქმების ადგილზე განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროებით გამოხატული დისკრიმინაცია დაადგინა.

EMC წარმოადგენდა შპს "კომპანია ბლექ სი გრუპის" ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს ამავე კომპანიის დირექტორის მოადგილის წინააღმდეგ, რომელიც განმცხადებლების მიმართ არაეთიკური კომუნიკაციის ფორმების გამოყენებით სამუშაო ადგილზე მტრულ, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ სამუშაო გარემოს ქმნიდა. განმცხადებლები დავობდნენ, რომ დასაქმების ადგილზე შექმნილი უთანასწორო სამუშაო გარემო შეუძლებელს ხდიდა შრომითი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებას..

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლები კომპანიის დირექტორის მოადგილის მხრიდან განსხვავებული შეხედულების ნიშნით დაექვემდებარნენ შევიწროვებას, რამდენადაც დირექტორის მოადგილე არაეთიკური ფორმითა და ზოგიერთ შემთხვევაში მესამე პირების თანდასწრებით შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა განმცხადებლებს და ქმნიდა მტრულ სამუშაო გარემოს. სახალხო დამცველმა გაითვალისწინა განმცხადებელთა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მტრული სამუშაო გარემო პირობების აღმოფხვრის მიზნით დირექტორისათვის არაერთი უშედეგო მიმართვის პირობებში კომპანიის დირექტორის მოადგილის პოზიცია უთანაბრდებოდა კომპანიის პოზიციას.

გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველმა დამსაქმებლის მხრიდან ზოგადად შექმნილ სამუშაო გარემოსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კომპანიაში ხმამაღალი საუბრისათვის და ჩაიდნის წყლის გარეშე დატოვებისათვის არსებული საჯარიმო სისტემა, ასევე განმცხადებლების მიმართ განხორციელებული შეურაცხმყოფელი კომუნიკაცია მესამე პირების თანდასწრებით არ ქმნის კომპანიაში დასაქმებული სხვა პირებისთვის ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა კომპანიის დირექტორის მოადგილეს მომავალში, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თავი შეიკავოს ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართვისგან და სამუშაო ადგილზე არ შექმნას მტრული გარემო.

რეკომენდაცია გაიცა ასევე კომპანიის დირექტორის მისამართით, რათა კომპანიამ რეაგირება მოახდინოს განმცხადებლების შევიწროვების ფაქტზე, დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს თანამშრომელთა მიმართ რაიმე ტიპის დისკრიმინაციის შემთხვევებზე, შეიმუშავოს და თანამშრომლებს გააცნოს თანასწორობის პრინციპის ამსახველი დოკუმენტი და კომპანიაში არსებული სამუშაო გარემო და ეთიკა შეუსაბამოს თანასწორობის პრინციპს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“