საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
16 არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო სექტორის ნაწილი "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებს:
შეშფოთებას გამოვთქვამთ სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის მიერ კომპანიაში ასოციაციის თავისუფლების უხეშად დარღვევის ფაქტების და 2014 წლის 3 დეკემბერს გაფიცვის შედეგად მიღწეული შეთანხმების შეუსრულებებლობის გამო. მოვითხოვთ, შეწყდეს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ლიდერების, აქტივისტებისა და წევრების დევნის, უსამართლო დისციპლინური დასჯის და დისკრიმინაციის პოლიტიკა.
მოვუწოდებთ:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიოს სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასა და რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს შორის 2014 წლის 3 დეკემბერს გაფიცვის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას, კომპანიაში სოციალური დიალოგის კანონის ფარგლებში წარმართვას და დისკრიმინაციის პოლიტიკის შეწყვეტას;
- საქართველოს საპარტნიორო ფონდს, მკაცრად გააკონტროლოს სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის მოქმედებები კომპანიაში ასოციაციის თავისუფლების შეზღუდვის შემდგომი არდაშვების მიზნით და უზრუნველყოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულ და ეფექტური შესრულება;
- საქართველოს მთავრობას და მის მრჩეველს ადამიანის უფლებების საკითხებში, შესაბამისი, დროული და ეფექტური მონიტორინგის გზით ხელი შეუწყოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ მისდამი გაგზავნილ კორესპონდენციებში აღწერილი ასოციაციის თავისუფლების დარღვევის ფაქტების შესწავლას და რეაგირებას.
ვთხოვთ:- საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მიმართ მიმდინარე დისკრიმინაციული და დევნის პოლიტიკის შესახებ საკითხი განიხილონ საქართველოს მთავრობასთან ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის ფორმატსა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემატურ დისკუსიებში.
საქართველოს სამოქალოქო სექტორი სოლიდარობას უცხადებს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს და მის წევრებს მათი დემოკრატიული სამოქალაქო და შრომითი უფლებების სრულად რეალიზების საქმეში.
ხელისმომწერები:1. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)3. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CIPDD);4. ადამიანის უფლებათა ცენტრი;5. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);6. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;7. იდენტობა;8. ახალგაზრდა სოციალ – დემოკრატები;9. თბილისის ფაბიანური საზოგადოება;10. საფარი;11. სტუდენტური მულტიმედია ჯგუფი რეაქტორი;12. მწვანე მუშტი;13. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები;14. სტუდენტური თვითმართველობის ქსელი;15. მოძრაობა სტუდენტური სოლიდარობა;16. საქართველოს პროფესიული კავშირების ახალგაზრდული ორგანიზაცია (Youth GTUC).
ინსტრუქცია