საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2016 წლის 30 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ. კ. დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი განაჩენები, რომლებიც ლ .კ.-ს ქმედებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - აუცილებელი მოგერიების უფლების რეალიზებად აფასებდა.
წინამდებარე საქმე ტრანსგენდერი ქალის პირველ გახმაურებულ მკვლელობას ეხებოდა, რომელზეც ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ აუცილებელი მოგერიების არსებითად დაბალი სტანდარტის გამოყენებით მიღებულმა განაჩენებმა სრულიად გამორიცხა დამნაშავის ბრალეულობა აღნიშნულ საქმეზე, რითაც არსებითად შეარყია საზოგადოების, და განსაკუთრებით ლგბტ თემის ნდობა მართლმსაჯულების სისტემისადმი. მართალია, უზენაესმა სასამართლომ არსებითად შეცვალა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები, თუმცა ტრანსფობიური მოტივის მსჯელობის მიღმა დატოვებით, სასამართლომ ტრანსგენდერი თემის სისტემური ჩაგვრა კვლავ უხილავ სოციალურ პრობლემად დატოვა.
საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, წინამდებარე სტატიაში კრიტიკულად შეფასდება საბი ბერიანის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების თავსებადობის პრობლემა საქმის სამართლებრივ ასპექტებთან, რაც მეტ სიცხადეს შემოიტანს ზემოაღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების პროცესის განხორციელებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით დადგინდა, რომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლ. კ. ქმედების განხორციელების დროს საბი ბერიანის მხრიდან მომდინარე საფრთხისგან იცავდა თავს და შესაბამისად მისი მოქმედება გამართლებული იყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით.
ორივე ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები და ამავდროულად, ბრალდებულის სხეულზე დაზიანების არსებობა, რომელიც ბრალდებულის ვერსიით, საბი ბერიანის მოულოდნელი თავდასხმით მიიღო, ლ. კ.-ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში აყენებდა და თავდაცვის უფლებას აძლევდა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ბრალდებული საბი ბერიანთან მისი კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად მივიდა, თუმცა, მას შემდეგ რაც ვალის გადახდაზე უარი მიიღო, გარდაცვლილის ბინაში, ტუმბოზე დადებული დანა აიღო, დაემუქრა, დანა ქამარზე, ზურგის მხრიდან დაიმაგრა და კარისკენ წავიდა, რა დროსაც საბი ბერიანმა ზურგიდან დანით მიაყენა დაზიანებები, რის შემდეგაც ლ. კ. დანის წართმევას შეეცადა, თუმცა ვერ მოახერხა და ჭიდილის დროს, ორივე მათგანი საწოლზე დაეცა, ხოლო ფიზიკური დაპირისპირების ბოლო მომენტში საწოლიდან გადმოვარდნენ, რა დროსაც ლ. კ.-მ შეძლო, მისკენ მიმართული დანა, რომელიც საბი ბერიანს ეჭირა ხელში, მიეტრიალებინა მისი სხეულისკენ, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს მიიღო დაზარალებულმა მუცლის ღრუში შემავალი სასიკვდილო დაზიანება.
მომხდარი შემთხვევის შესახებ ბრალდებულის მიერ განვითარებულ ვერსიაში საყურადღებო იყო რამდენიმე გარემოება, რაც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ბრალდებულის ყოფნას პრობლემურს ხდიდა. კერძოდ, ბრალდებულის ვერსიით, დაზიანებები მას ჯერ კიდევ ბინაში ყოფნის პერიოდში მიაყენეს. ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა, რომ ბრალდებულის ტანისამოსი არ იყო დაზიანებული და მისი სისხლის კვალი მხოლოდ სადარბაზოში ფიქსირდებოდა, მაშინ როცა დაზიანების ბინაში მიყენებისა და ფიზიკური დაპირისპირების გათვალისწინებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისხლის კვალი ბინაშიც უნდა დარჩენილიყო და ბრალდებულის ტანსაცმელიც დაზიანებული უნდა ყოფილიყო.
შემთხვევის ადგილზე მოვლენათა განვითარების შესახებ ბრალდებულის ვერსიაში, საკმაოდ ბუნდოვანი იყო ორივე მხარისთვის დაზიანებების მიყენების იარაღის წარმომავლობის საკითხი. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ დანა საბი ბერიანის ბინაში მდგომი ტუმბოდან აიღო, კარიდან გასვლის მომენტში კი გარდაცვლილმა ამოაცალა და დაზიანება მიაყენა. აღნიშნული სასამართლომ ავტომატურად გაიზიარა, არ შეაფასა საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომელიც იარაღის სხვაგვარ წარმომავლობაზე უთითებდა და ამით საკითხი ბუნდოვანი გახადა.
სასამართლოების განაჩენით არ იქნა შეფასებული გარდაცვლილისთვის მიყენებული დაზიანებების სიმრავლე და ლოკაცია. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის სხეულის სხვადასხვა ადგილზე აღინიშნებოდა მჭრელი- ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები, რომელთა განლაგება შეუსაბამო იყო ბრალდებულის ვერსიასთან, რომ თითოეული დაზიანება გარდაცვლილმა საკუთარი ხელით მასთან ჭიდილის პროცესში მიიღო. განსაკუთრებით საყურადღებო იყო გარდაცვლილისთვის ხერხემლის არეში მიყენებული ჭრილობა, რომლის პირდაპირი მიმართულება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად გამორიცხავდა შესაძლებლობას, რომ დანა გარდაცვლილს ეჭირა ხელში, ხოლო დაცვის მხარის მიერ დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, ამგვარი შესაძლებლობის კატეგორიულად გამორიცხვა შეუძლებელი იყო. ექსპერტთა დასკვნების რადიკალური განსხვავების პირობებში ორივე ინსტანციის სასამართლომ ისე გაიზიარა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომ უპირატესობის მინიჭების მიზეზებზე საერთოდ არ უმსჯელია.
სასამართლომ ასევე სათანადოდ არ შეაფასა და არ იმსჯელა ლ. კ. -ს მიერ კვალის დაფარვის მიზნით საბი ბერიანის მფლობელობაში არსებულ ბინაში ხანძრის გაჩენის, უშუალოდ ინციდენტამდე ბრალდებულის მიერ (საბი ბერიანის ტელეფონის ნომრის გაგების მიზნით) ბიანკა შიგუროვასთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფის მიყენებისა და საბი ბერიანის მკვლელობის კავშირზე. ამის საპირისპიროდ სასამართლომო სრულად გამიჯნა ბიანკა შიგუროვას ეპიზოდი, რითაც ხელი შეუშალა საქმეში ბრალდებულის განზრახვის გამოკვეთას.
სასამართლოების მიერ შეფასებული ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები - ბრალდებულის სისხლის კვალის საბი ბერიანის ბინაში არარსებობა, დაზიანების მიყენების იარაღის წარმომავლობა, გარდაცვლილის სხეულზე განვითარებული დაზიანებების ლოკაცია და სიმრავლე, ბიანკა შიგუროვასთან დაპირისპირება ბრალდებულის ქმედების წინასწარგანზრახულ ხასიათზე მიუთითებდა და ვერ აკმაყოფილებდა აუცილებელი მოგერიებისთვის დადგენილ სამართლებრივ სტანდარტებს.
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის სისხლისსამართლებრივი სტანდარტები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიების უფლება დაკავშირებულია არამართლზომიერი თავდასხმის პირობებში პირისთვის თავდაცვის უფლების მინიჭებასთან. ამასთან ერთად, აუცილებელი მოგერიების უფლება არსებობს, როდესაც სახეზეა უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თითოეული ამ ნიშნის გათვალისწინებით აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა გულისხმობს, რომ პირზე განხორციელებული თავდასხმა უნდა იყოს იმწუთიერი, რეალური, თავდაცვის ზომები კი თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან შესაბამისი (მომგერიებელს ეკისრება ვალდებულება მის ხელთ არსებული საშუალებებიდან ნაკლები ზიანის მომტანი მექანიზმი აირჩიოს და დაიცვას თავი), ხოლო მომგერიებლის მოქმედება თავდაცვის სურვილით განპირობებული.[1]
დასახელებული ნიშნების პირის ქმედებაში იდენტიფიცირების გზით დგინდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის ან მოგერიების ფარგლებს გადაცილების არსებობა. ნიშნების არსებობაზე რამდენიმე გარემოება შეიძლება უთითებდეს, მათ შორის, ქმედების განხორციელების განზრახვის, მოტივის არ არსებობა და თავდაცვისათვის მიღებული ზომების შესაბამისობა თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. შესაბამისა, თუ პირის ქმედებაში (რომელიც, ერთი შეხედვით, მოგერიებას წააგავს) განზრახვის ან მოტივის მაიდენტიფიცირებელი ელემენტები აღმოჩნდება ან თავდაცვისთვის საჭირო ზომები აშკარა შეუსაბამობაშია თავდასხმის ხასიათთან (შეუსაბამობა შესაძლოა გამოვლინდეს დაზარალებულისთვის მიყენებული მრავლობითი დაზიანებებითაც), დგინდება, რომ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა არ არსებობს და ქმედება სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შესაძლოა წარმოადგენდეს განზრახ დანაშაულს[2].
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის დასადგენად მეტ-ნაკლებად მსგავს გარემოებების შეფასებას ეყრდნობა საქართველოს სასამართლო პრაქტიკა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე განაჩენში[3] აღნიშნულია, რომ მომგერიებლის მიმართ გამოვლენილი აგრესიისთვის (მათ შორის მოკვლის განზრახვით განხორციელებული თავდასხმის პირობებში) საწყის ეტაპზე თავის არიდების მცდელობა აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობას აკმაყოფილებს, ხოლო თავდამსხმელისთვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ხასიათი შექმნილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში ან საერთოდ გამორიცხავდეს აუცილებელ მოგერიებას ან წარმოადგენდეს ფარგლებს გადაცილებას[4]. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სასამართლო პრაქტიკა თავდამსხმელთან შედარებით მომგერიებლის აშკარა ფიზიკური სისუსტის მიუხედავად, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებად მიიჩნევს მის მიერ მიღებულ თავდაცვის ზომებს .
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენით არსებითად გამოასწორა საბი ბერიანის მკვლელობის საქმეში არსებული სამართლებრივი ხარვეზები და დაადგინა რომ ბრალდებულმა განზრახი დანაშაული ჩაიდინა. განზრახვის გამოსაკვეთად სასამართლომ რამდენიმე გარემოებაზე მიუთითა. კერძოდ, ერთი მხრივ, გაითვალისწინა გარდაცვლილის სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებები, ბრალდებულის სხეულზე მხოლოდ ერთი დაზიანების არსებობა და მეორე მხრივ, კი დაზიანების მიყენების იარაღის წარმომავლობის საკითხი.
სასამართლომ მიუთითა, რომ ბრალდებულის ვერსია საბი ბერიანის მიერ მისთვის დაზიანების მიყენების შესახებ ეწინააღმდეგებოდა ფაქტობრივ გარემოებას და ექპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც ბრალდებულისთვის დაზიანების ბინაში მიყენების შემთხვევაში სისხლის კვალი ბინაში უნდა დარჩენილიყო. ამასთან ერთად, სასამართლომ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილისთვის ხერხემლის არეში ჭრილობის მიყენება გარდაცვლილის ხელით შეუძლებელი იყო, შესაბამისად გამოირიცხებოდა მსჯავრდებულის ვერსია - ჭიდილის პროცესში საბი ბერიანის ხელის შეტრიალების შედეგად სხეულზე განვითარებული დაზიანებების შესახებ.
ბრალდებულის წინასწარ განზრახული ქმედება სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გარდაცვლილისთვის დაზიანების მიყენების იარაღის (დანის) წარმომავლობაშიც ამოიკითხა. სასამართლომ მსჯავრდებულის მითითების, რომ დანა საბი ბერიანის ბინიდან წაიღო, ნაცვლად გაიზიარა საგამოძიებო ექსპერიმენტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვითაც დგინდებოდა, რომ მსჯავრდებულმა დანა გარდაცვლილის ნახვამდე შეიძინა. სასამართლომ აღნიშნა :
,, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულმა ლ. კ-მა უარყო საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ყველა აღიარებითი ჩვენება, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მისგან მიიღეს ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მთლიანად დაუშვებელი მტკიცებულებაა და მასში ასახული სხვა მონაცემები და ფაქტები საერთოდ ვერ იქნება მტკიცებულებად გამოყენებული.[5] ამ შეფასების შედეგად სასამართლომ დაადგინა რომ მსჯავრდებულმა იარაღი წინასწარ შეიძინა, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ქმედების წინასწარგანზრახულობას.
უზენაესი სასამართლოს სწორი სამართლებრივი შეფასების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა საქმეში შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივის არსებობაზე, მაშინ როცა მსხვერპლს ტრანსგენდერი ქალი წარმოადგენდა.
დაზარალებულის იდენტობისა და ტრანსგენდერ პირების მიმართ არსებული რეპრესიული, ტრანფობიური სოციალური და უფლებრივი მდგომარეობისა და მათ მიმართ არსებული ჩაგვრის დოკუმენტირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა საქმეში შესაძლო ტრანსფობიური მოტივისა და შესაბამისად, სსკ–ის 53–ე მესამე პრიმა მუხლის გამოყენების რელევანტურობაზე,[6] რა დროსაც, ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეუწყნარებლობის მოტივი გაგებული უნდა იქნას წინასწარგანწყობის, დისკრიმინაციის და არა სიძულვილის კლასიკური მნიშვნელობით, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში მსხვერპლის მიმართ სიძულვილის ძლიერი ემოციური გრძნობის გამოვლენას გულისხმობს და დისკრიმინაციული დანაშაულების გაგებას გაუმართლებლად ავიწროებს და მის მტკიცებასაც ართულებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის საქმეში სხვა შესაძლო მოტივის არსებობა, თუნდაც ანგარება, არ არის საკმარისი საფუძველი კიდევ სხვა მოტივის არსებობაზე ეჭვის გასაქარწყლებლად.
ამასთან, საქმეში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა სიძულვილის შესაძლო მოტივის პირდაპირ გავლენას განზრახვაზე, რაც თავის მხრივ, იმთავითვე გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენებას განსახილველ საქმეში. აღნიშნულისათვის, სასამართლოს უნდა ემსჯელა მოტივის იმგვარ ინდიკატორებზე, როგორიცაა მსხვერპლისა და ლ.კ–ს განსახვავებული იდენტობები, ასევე საბი ბერიანისთვის მიყენებული დაზიანების სისასტიკე, რაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით, წარმოადგენს ძლიერ ინდიკატორს, იმის მისანიშნებლად, რომ დანაშაული შეუწყნარებლობის მოტივით იქნა ჩადენილი. იმ ადამიანთა დეჰუმანიზებისა და ღირსების შელახვის მიზნით, რომელთა წინააღმდეგაც სავარაუდო დამნაშავე ფლობს ნეგატიურ წინაწარგანწყობებს, დანაშაულის სწორედ ექსტრემალურ და არსებითად სასტიკ ფორმას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი[7].
ამასთან ერთად, გასათვალისწინებელი საბი ბერიანისა და ლ. კ. -ს ნაცნობობა და ის ფაქტი, რომ საბი ბერიანის გარდაცვალებამდე ლ. კ. ასევე ტრანსგენდერ ქალს, ბიანკა შიგუროვას ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც თან ერთვოდა სიძულვილის ენის გამოყენება[8], შესაბამისად, სასამართლოს შეეძლო ბიანკა შუგუროვასა და საბი ბერიანის ეპიზოდების შეკავშირების შედეგადაც ასევე ამოეკითხა მინიშნება შესაძლო ტრანსფობიურ მოტივზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო უზენაესს სასამართლოს ემსჯელა საქმეში ტრასფობიური მოტივის არსებობაზე, რაც საქმეს მეტ სამართლებრივ სიცხადეს შეძენდა და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციას მოახდენდა.
[1] მერაბ ტურავა, დანაშაულის მოძღვრება, 2011, გვ. 343-360
ირინე ხერხეულიძე, აუცილებელი მოგერიება ქართულსა და საერთო (ანგლო-ამერიკული ტიპის) სამართალში, 2008, გვ. 61-65
[2] ირაკლი დვალიძე, მოტივისა და მიზნის ზეგავლენა ქმედების კვალიფიკაციასა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, 2008 წ.
[3] განაჩენები, პერსონალური მონაცემების დაფარვით მოგვაწოდა თბილისის საქალაქო სასამართლომ.
[4] იმ შემთხვევაში როცა თავდაცვისათვის შერჩეული ზომა თავდასხმის ხასიათისა და საშიშროებასთან არაპროპორციულია, ქმედება წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებას და მისი დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსით.
[5] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება №424აპ-16 ხელმისაწვდომია: http://prg.supremecourt.ge/DetailViewCrime.aspx
[6] აღნიშნული გაზგასმული იყო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მიერ უზენაესი სასამართლოსადმი წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში, იხ: https://emc.org.ge/2016/12/29/emc-197/
[7] OSCE/ODIHR, Prosecuting Hate crimes: A Practical Guide, გვ. 48
[8] OSCE/ODIHR, Prosecuting Hate crimes: A Practical Guide, გვ. 49
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება №424აპ-16 ხელმისაწვდომია: http://prg.supremecourt.ge/DetailViewCrime.aspx
ინსტრუქცია