საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
მსოფლიოს გარშემო ინტერნეტისა და ციფრული აქტივობების ექსპანია თავდაპირველად ანტი-ავტორიტარული მომავლის დაპირებად იყო აღქმული. თუმცა, ეს ე.წ. „განთავისუფლების ტექნოლოგიები“ არა მხოლოდ ინფორმაციის თავისუფალი ბრუნვისა და პროგრესული ცვლილებების, არამედ არადემოკრატიული რეჟიმების იარაღად იქცნენ (Kerr 2019, 62-63). თავის მხრივ, „ციფრული ავტორიტარიანიზმი“ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი კონცეპტი ხდება პოლიტიკური ძალაუფლების დინამიკისა და სოციალური პროცესების აღწერა-ანალიზისთვის.
ციფრული ავტორიტარიანიზმი ინფორმაციის კონტროლის რეჟიმების ერთ-ერთი გამოვლინებაა. ტერმინი „ინფორმაციის კონტროლი“ აღწერს „ტექნიკებს, პრაქტიკებს, რეგულაციებს ან პოლიტიკებს, რომელიც სოციალური, პოლიტიკური, ეთიკური ან ეკონომიკური მიზნებისთვის ელექტრონული ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ძლიერ გავლანს ახდენს“ (Maréchal 2017, 31). როგორც ტექნიკური და სამართლებრივი, ასევე სოციო-პოლიტიკური მახასიათებლები აყალიბებს ინფორმაციის კონტროლის სპეციფიკურ ფორმებს. ავტორიტარული მმართველები ციფრულ მექანიზმებსა და ტექნოლოგიას იყენებენ „რეჟიმის გამოწვევების სწრაფად გამოსავლენად და ჩასახშობად“ (Sherman 2021, 107).
საქართველო რუსუთის გავლენების გავრცელების მუდმივი სამიზნეა, რაც გასაკვირი არაა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მისი პოლიტიკური ინტერესებისა და იმპერიალისტური ზრახვების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ საქართველო რუსული ციფრული ძალის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდა 2008 წელს, როცა ფიზიკური თავდასხმის პარალელურად, რუსეთმა მიზანში ამოიღო ქართული ონლაინ მედია და სამთავრობო საიტები (Deibert and Rohozinski 2010a, 8). თუმცა, საქართველოზე რუსეთის ციფრული მმართველობის გავლენები როგორც წესი ვიწროდ, დეზინფორმაციის კამპანიების ფარგლებში განიხილება. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ საქართველო მიიჩნევა დემოკრატიულ ქვეყნად ინტერნეტ თავისუფლების მაღალი ინდექსით, რაც, ციფრული ავტორიტარიანიზმის კონცეპტს, ერთი შეხედვით, ნაკლებად რელევანტურს ხდის. ამ გაგებით, ზოგიერთი ავტორი მიუთითებს, რომ რუსული საინფორმაციო კონტროლის რეჟიმის ელემენტების ექსპორტი ხორციელდება ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში, სომხეთის, საქართველოსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გამოკლებით (Howells and Henry 2021, 3).
წინამდებარე სტატიის მიზანია აჩვენოს, რომ საქართველოში შეინიშნება რუსული ციფრული ავტორიტრიანიზმის რამდენიმე ფუნდამენტური მახასიათებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერ კიდევ ხასიათდება ინტერნეტის თავისუფლების შედარებით მაღალი ხარისხით, ის ცხადად ირეკლავს რუსული სტილის ავტორიტარულ პრაქტიკებს. ამ მხრივ, მასობრივი მიყურადების სამართლებრივი რეჟიმი და პრაქტიკა, ე.წ. აგენტებისა და ანტი-ლგბტ კანონმდებლობით დაწესებული ცენზურისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის მექანიზმები, ხელისუფლების კონტროლს ქვეშ მოქცეული დეზინფორმაციის ინსტრუმენტების ბუნება და მოცულობა, საგანგაშო სიგნალებად უნდა იქნას მიჩნეული.
იმის გამო, რომ ზოგიერთ საკითხზე ინფორმაციები საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, ზოგ შემთხვევაში კი დამატებითი კვლევების განხორციელბა შეიძლება იყოს საჭირო, საქართველოზე რუსული მოდელის გავლენების სრული მასშტაბის აღქმა ჯერ კიდევ რთულია. თუმცა, სტატია ამტკიცებს, რომ რუსული ციფრული ავტორიტარიანიზმის 4 ცენტრალური კომპონენტიდან 3 მაინც, სულ მცირე ნაწილობრივ, საქართველოშიც გვხვდება. ბოლო დროის პოლიტიკურ ტრაექტორიასა და საკანონმდებლო ცვლილებებს კი ამ მიმართულებით ნეგატიური განვითარების მხოლოდ და მხოლოდ დაჩქარება და გაძლიერება შეუძლია.
ციფრული ავტორიტარიანიზმის კონცეპტი
„ციფრული ავტორიტარიანიზმი“ მიემართება სახელმწიფოს მართვის ტექნიკებსა და მექანიზმებს, სადაც ონლაინ ინფორმაციის ნაკადი აკრძალული, შეზღუდული, მანიპულირებული ან ძალაუფლების სტრუქტურების მიერ სხვაგვარად გამოყენებულია საზოგადოების კონტროლისა და ზედამხედველობისთვის (Sherman 2021, 107; Howells and Henry 2021, 1-2). პრეფიქსი „ციფრული“ გულისხმობს, რომ ძალაუფლებრივი მიმართებები უმთავრესად ან ნაწილობრივ მაინც ეფუძნება ციფრულ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა კომპიუტერები, კომუნიკაციის აპარატები, ინტერნეტი, დიდი მონაცემები (big data) და ა.შ. (Wright 2019, 25). „ციფრულის“ ნაცვლად, ზოგჯერ იყენებენ ტერმინს „ქსელური“ (networked) (MacKinnon 2011, 32; Maréchal 2017, 30). აკადემიურ ლიტერატურაში ციფრული ავტორიტარიანიზმი უმთავრესად განიხილება ინტერნეტის მართვის ჩინურ და რუსულ მაგალითებზე.
ციფრულ სივრცეში სახელმწიფოების ავტორიტარიანული მისწრაფებების ანალიზისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჩარჩო, „ინფორმაციის კონტროლის რეჟიმების“ ფარგლებში მათი განხილვაა. ეს უკანასკნელი მოიცავს სამ მსხვილ კატეგორიას - ხელმისაწვდომობის ბარიერებს, შინაარსობრივ შეზღუდვებს და მომხმარებლების უფლებების ხელყოფას. ამ მიდგომას ეყრდნობა „ფრიდომ ჰაუსი.“ პირველი მიემართება ინფრასტრუქტურულ, ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ბარიერებს, და სახელმწიფოს მიერ ინტერნეტისა და მობილური სერვისის მიმწოდებლების კონტროლს. მეორე გულისხმობს ცენზურის ფორმებს, ვებსაიტების ბლოკირებასა და ფილტრაციას, კონტენტის მანიპულაციას და ა.შ. მესამე კი ზომავს „ონლაინ აქტოვობაზე სამართლებრივ გარანტიებსა და შეზღუდვებს; ზედამხედველობას; პირადი ინფორმაციის დაცულობას; და ონლაინ საქმიანობის თანმდევ შესაძლო შედეგებს, როგორიცაა სამართლებრივი დევნა, თავისუფლების აღკვეთა, ფიზიკური თავდასხმები ან შევიწროვების სხვაგვარი ფორმები“ (Karlekar and Cook 2009, 5). ინფორმაციის კონტროლის კონცეპტუალიზების მცირედით განსხვავებული მიდგომა, რომელიც დიდწილად ეყრდნობა ზემოთ განხილულს, გულისხმობს მის დაყოფას პირველ, მეორე და მესამე თაობებად (Deibert and Rohozinski 2010a, 6-7; Deibert and Rohozinski 2010b, 24, 27).
ციფრული რეჟიმების კლასიფიცირების სხვა მიდგომით გამოიყოფა 5 მთავარი ელემენტი: 1. ციფრული ტექნოლოგიების რეგულირების სამართლებრივი ჩარჩო - რამდენადაა დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, და როგორია მასობრივი ზედამხედველობის პრაქტიკა „ნორმალურ შემთხვევებში“?; 2. საიდუმლო და საპოლიციო საქმიანობა - რამდენად ძლიერი და ყოვლისმომცველია ზედამხედველობის პრაქტიკა და მექანიზმები ეროვნული უსაფრთხოებისა და კონტრ-დაზვერვითი ზომების ფარგლებში, და როგორ იყენებს მას პოლიტიკური ელიტა?; 3. კომერციული სექტორის ინფორმაციული რეგულირება; 4. ინფორმაციის ნეგატიური (მაგ.: ცენზურა) და პოზიტიური (მაგ.: პროპაგანდა) კონტროლი; და 5. ინფრასტრუქტურა (Wright 2019, 26-27). ეს მიდგომა განსაკუთრებით ღირებულია რეგულარული და სპეციალური ზედამხედველობის რეჟიმების გამიჯვნის გამო, რამდენადაც ის ამარტივებს ჰიბრიდული რეჟიმების ანალიზს, სადაც პოლიტიკური ელიტები ძალაუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის დიდწილად ეყრდნობიან უსაფრთხოებისა და საპოლიციო აპარატს.
კიდევ ერთი ანალიტიკური ჩარჩო ფოკუსირდება მმართველობის სამიზნეებზე. ინტერნეტის თავისუფალი დინებისა და კონტროლის დიქოტომიის, ან შინაარსობრვი შეზღუდვის ფორმების ანალიზის ნაცვლად, ზოგიერთი ავტორი მხედველობაში იღებს მმართველობის ოთხ სამიზნეს: ინტერნეტის ინფრასტრუქტურა; ინტერნეტ სერვის პროვაიდერები (ისპ); ონლაინ პლატფორმები და ვებსაიტები; და ინტერნეტ მომხარებლები („იუზერები“) (Howells and Henry 2021, 3). თითოეულ შემთხვევაში გამოიყოფა კონტროლის სპეციფიკური მექანიზმები, რომელსაც ქვეყნები ციფრულ სფეროზე ძალაუფლების მოსაპოვებლად ეყრდნობიან. სახელმწიფოები შეიძლება იყენებდნენ მექანიზმებს რამდენიმე სამიზნის ერთდროულად მართვისთვის, ეს უკანასკნელნი კი განსხვავებული გზებით რეგულირებას ექვემდებარებიან (Howells and Henry 2021, 4). ეს ფაქტი სახელმწიფოებს ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავებლად წარმოაჩენს. მეტიც, მმართველობის სამიზნეების მიდგომა „შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ შემთხვევის ან რეჟიმის ტიპის ანალიზისთვის“ (Howells and Henry 2021, 4).
ზემოთ აღწერილ თითოეულ მიდგომას აქვს თავისი უპირატესობები, და ისინი ღირებულ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ შესაბამისი კვლევის მიზნების, კონტექსტისა და სამიზნე ქვეყნების გათვალისწინებით. პრინციპულ დონეზე, ავტორები აანალიზებენ ინტერნეტის მართვის მეტ-ნაკლებად იდენტურ მახასიათებლებს, თუმცა განსხვავებული პერსპექტივებითა და ინდივიდუალური თეორიული კონცეპტუალიზებით. რუსეთის შემთხვევაში, ზოგიერთი ავტორი ამჯობინებს ტერმინ „ციფრული ჰიბრიდული რეჟიმის“ გამოყენებას (Wright 2019, 21). წინამდებარე სტატია ციფრული ავტორიტარიანიზმის კონცეპტს იყენებს ფართო გაგებით, რადგან ის უფრო გასაგებს ხდის ციფრულ სფეროში ავტორიტარული ტენდენციების ლოგიკას განსხვავებული პოლიტიკური რეჟიმების მაგალითზე. ციფრული ავტორიტარიანიზმი არაერთგვაროვნად ვლინდება სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ სივრცეებში. მკვლევარები მიუთითებენ, რომ ის „ყოველდღიურად გამოიცდება დემოკრატიულ და არადემოკრატიულ კონტექსტებში (Yayboke and Brannen 2020, 5). დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, ციფრული ავტორიტარიანიზმის მექანიზმებისა და სტრატეგიების აპროპრიაცია ხდება პოლიტიკური პარტიების ან სხვა სოციალური ჯგუფებისა და კომპანიების მიერ სპეციფიკური მიზნებით (Yayboke and Brannen 2020, 2).
რუსული ციფრული ავტორიტარიანიზმის ელემენტები
ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, რუსული ციფრული ავტორიტარიანიზმი გამორჩეულ სახეს 2010-იანი წლებიდან იძენს. ჩინურ მოდელთან შედარებისას ერთ-ერთი ავტორი აღნიშნავს, რომ „მოსკოვმა შეიმუშავა განსხვავებული მიდგომა, რომელიც ეფუძნება ნაკლებად აშკარა, ლეგალისტურ, და ხშირად არა-ტექნიკურ მექანიზმებს ინფორმაციული ნაკადისა და ნარატივების მანიპულირებისთვის, საჯარო აზრის ფორმირებისა და მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით“ (Kerr 2019, 65). ამ პროცესის კატალიზატორი 2011-2012 წლების „ბოლოტნაიას მოდენის“ პროტესტები გახდა, როცა პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო პოლიტიკური მობილიზაცია დიდწილად სოციალური პლატფორმების მეშვეობით ხორციელდებოდა (Howells and Henry 2021, 8; Howells 2020, 43). ამ პერიოდით თარიღდება პუტინის ცნობილი ფრაზა ინტერნეტის როგორც “CIA-ის პროექტის“ შესახებ, რომელმაც გზა გაუხსნა ციფრულ სივრცეში არაკონფორმული საჯარო აზრის დევნას და ამ მიზნით სპეციალური ზომების გატარებას (Howells and Henry 2021, 8; Sherman 2021, 113; Howells 2020, 38; Morgus 2019, 92).
სამეცნიერო ლიტერატურაში რუსული ციფრული ავტორიტარიანიზმის ოთხი არსებითი კომპონენტი გამოიყოფა, კერძოდ:
მომდევნო ქვეთავები თითოეულ ამ კომპონენტს მიმოიხილავს.
2012 წელს რუსეთში მიიღეს ე.წ. „აგენტების კანონი“, რომელმაც უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები და „პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული“ საზოგადოებრივი ორგანიზაციები დაავალდებულა, რომ თავად დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოეთის აგენტებად“ (Robinson 2020, 1086). მალევე, კანონი ასევე გავრცელდა მედია ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებზე (Rebo 2022, 283). რუსი მაღალჩინოსნები კანონის მიღებას ამართლებდნენ ამერიკულ რეგულაციებზე მითითებით და აღნიშნავდნენ, რომ ამით „იცავდნენ რუსეთს შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებისგან“ (Rebo 2022, 284). კანონის დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმები და, გარკვეულ შემთხვევებში, თავისუფლების აღკვეთაც კი (Robinson 2020, 1086). მომდევნო წლებში, კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პირების დევნა უფრო და უფრო გაძლიერდა, რაც, საბოლოოდ, მათი დახურვით ან დაფინანსების მიღების შეწყვეტით დასრულდა (Rebo 2022, 284-287; Robinson 2020, 1087).
იმავე წელს რუსეთის დუმამ ცვლილებები შეიტანა 2006 წლის კანონში „ინფორმაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის“ შესახებ. ცვლილებებით დაწესდა ახალი ე.წ. „შავი სიების“ შექმნის ვალდებულება „შეუსაბამო შინაარსის“ ციფრული და არაციფრული აქტივობების კონტროლის მიზნით (Howells 2020, 43). ერთი წლის შემდეგ, „შავი სიები“ გაფართოვდა და მოიცვა „პირატული საიტები, ექსტრემიზმის პროპაგანდა და არაავტორიზებული პროტესტები“ (Howells 2020, 43). 2014 წელს, „ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონის“ მიღებით, ამ რეგულირების ქვეშ მოექცა ქვიარ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. ოფიციალური განმარტებით, ამით სახელმწიფო „იცავს ახალგაზრდებს ბავშვთა პორნოგრაფიის, არალეგალურ ნარკოტიკებსა და სუიციდთან დაკავშირებული კონტენტისგან“ (Kerr 2019, 66).
2014 წელსვე მიიღეს რუსეთში ე.წ. „ბლოგერების კანონი“, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ ონლაინ ვებგვერდს, პერსონალური ბლოგებისა და სოციალური მედიის ჩათვლით, რომელსაც დღეში 3.000-ზე მეტი ნახვა აქვს, დაუწესდა სპეციალურ სიაში რეგისტრირების ვალდებულება (Kerr 2019, 66; Maréchal 2017, 32; Howells and Henry 2021, 14; Howells 2020, 54). ამით ისინი ექცევიან ისეთივე ზედამხედველობისა და ფილტრაციის ჩარჩოს ქვეშ, როგორც სხვა მედია ორგანიზაციები. ამავდროულად, ე.წ. „რეტვიტის (retweets) საწინააღდეგო კანონი“ ითვალისწინებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას „ექსტრემისტული კონტენტისთვის“ (Maréchal 2017, 32). დამატებით, „დუმამ“ დაამტკიცა რამდენიმე ახალი რეგულაცია, როგორებიცაა 2013 წლის „ანტი-პირატული კანონი“ და 2014 წლის „ვებსაიტების წინასწარი (pre-trial) ბლოკირების კანონი“, რომლითაც კრიტიკული აზრის ჩახშობა და ცენზურა კიდევ უფრო გამარტივდა (Kerr 2019, 66).
„შავი სიების“ შედგენისა და აღსრულების ინსტიტუციური პრაქტიკა რუსეთში ეყრდნობა სახელმწიფო და კერძო (თუმცა სამთავრობო კონტროლს დაქვემდებარებული) სექტორის კოლაბორაციას. მთლიანობაში, ონლაინ წყაროს საბოლოო დაბლოკვაში ჩართულია სამი განსხვავებული აქტორი. პირველი, „შავი სიების“ ადმინისტრირებას ახდენს 11 სახელმწიფო ინსტიტუტი, საიდანაც უდიდესი წილი მოდის ფედერალურ საგადასახადო სამსახურზე, გენერალურ პროკურატურაზე, მოსკოვის საქალაქო და სხვა სასამართლოებზე, და „როსკომნაძორზე“[1] (Howells 2020, 44). მეორე, ფორმალურად დამოუკიდებელ არასამათავრობო ორგანიზაციებს - „ახალგაზრდობის უსაფრთხოების სამსახურს“ და „უსაფრთხო ინტერნეტის ლიგას“ - ევალებათ ვებსაიტების მონიტორინგი აკრძალული შინაარსის შემცველი მასალის აღმოსაჩენად და სახელმწიფო ორგანოებისთვის შესატყობინებლად (Howells 2020, 45; Howells and Henry 2021, 12). მათი სამიზნეა ე.წ. ლგბტ პროპაგანდა, საჯარო მორალისთვის შეურაცხმყოფელი კონტენტი, „პოსტები, რომელიც ლახავს რუსული კანონმდებლობით განმტკიცებულ კულტურულ, პოლიტიკურ ან სოციალურ სტანდარტებს,“ სახელმწიფოს, კონსტიტუციის ან საჯარო პირების მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი ქცევა და ა.შ. (Howells and Henry 2021, 12; Howells 2020, 54). მაგალითად, პუტინის კრიტიკა კიბერ-სივრცეში სამართლებრივი დევნის ერთ-ერთი გავრცელებული საფუძველია (Howells 2020, 57).
უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ფორმულირებები ხშირად, ერთი შეხედვით, არ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სახელმწიფოებში დამკვიდრებულ სტანდარტებს (მაგალითად, „ნარკოტიკების ტრეფიკინგის“, „ცხოველთა მიმართ სისასტიკის“, „ტეროროზმისა და ექტრემიზმის“, „რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის“ პრევენციის მიზნები). თუმცა, რუსული ციფრული ავტორიტარიანიზმის დამახასიათებელი ნიშანია, რომ კანონმდებლობის აღსრულების მოტივით შერჩევითად და წინასწარგანზრახულად ხდება პოლიტიკური ოპონენტების, კრიტიკული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინდივიდების დევნა (Maréchal 2017, 31; Morgus 2019, 91). ამდენად, სამართლებრივი ჩარჩო, პრაქტიკაში, ჩაგვრისა და დევნის ინსტრუმენტია.
ონლაინ კონტენტის აკრძალვის ბოლო ეტაპი ისპ-ების მიერ მისი აღსრულებაა (Howells 2020, 45). ინტერნეტის მიმწოდებლებთან დაკავშირებული საკითხები რუსული ციფრული ავტორიტარიანიზმის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია.
„შავ სიაში“ მოხვედრილი კონტენტის დაბლოკვის სამართლებრივი ტვირთი ისპ-ებს ეკისრებათ. მათ რეგულარულად უნდა შეამოწმონ ეროვნული სიები და მოხსნან აკრძალული მასალა კიბერ-სივრციდან. მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ჯარიმებს ან საქმიანობის აკრძალვას (Howells 2020, 45; 50).
ისპ-ების ლიცენზირებას ახდენს „როსკომნაძორი.“ 2021 წლისთვის, რუსეთში ოპერირებდა 4 წამყვანი პროვაიდერი: MTS, MegaFon, VEON, and Tele2 (Howells and Henry 2021, 10). მათგან ორის საკონტროლო პაკეტს სახელმწიფოს მიერ კუთვნილი „როსტელეკომი“ ფლობს (Howells and Henry 2021, 10). შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო ფორმალურად ბოლომდე არ იკავებს IP სექტორს, მთავრობა აკონტროლებს მის ოპერირებას. რუსული მოდელის სპეციფიკურობა (განსხვავებით ჩინურისგან) აქ იმაში მდგომარეობს, რომ ინტერნეტის ფიზიკური ინფრასტრუქტურა მეტწილად კერძო კომპანიების მიერ იქმნება და ფუნქციონირებს. თუმცა, სახელმწიფო გარანტიების გარეშე მათი საქმიანობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ინტერნეტის მართვის ამგვარი მოდელი, რომელიც de-jure კერძო სექტორის გავლით ფუნქციონირებს, „აღჭურავს სახელმწიფოებს საინფორმაციო ნაკადის კონტროლის ხშირად შენიღბული და ანგარიშვალდებულებას მოკლებული ახალი ფორმებით“ (Maréchal 2017, 31). აქაც, სამართლებრივი ჩარჩო გადამწყვეტია: ისპ-ები უნდა დაემორჩილონ არადემოკრატიულ კანონებს; წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ პასუხისგება. ამგვარად, ისინი ერთვებიან ჯაჭვში, რომელიც ინარჩუნებს ინფორმაციის კონტროლის ავტორიტარულ ბუნებას.
2014 წლის „მომხმარებლის მონაცემების შენახვის კანონის“ მიხედვით, ისპ-ებს ევალებათ შეგროვებული მონაცემების შენახვა 6 თვის ვადით. მეტამონაცემების (ე.წ. „მონაცემები მონაცემების შესახებ“) შემთხვევაში ეს დრო სამ წლამდე აღწევს (Kerr 2019, 66). ამ ვალდებულების შესასრულებად, ისპ-ებმა უნდა დაამონტაჟონ სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს აღჭურავს ინდივიდუალური მონაცემების მონიტორინგის, ზედამხედველობისა და შენახვის შესაძლებლობებით. სპციფიკური ტექნოლოგიური სისტემა რუსული მოდელისთვის დამახასიათებელი მესამე ფუნდამენტური კომპონენტია.
რუსეთის ციფრული ავტორიტარიანიზმი ეყრდნობა ტექნოლოგიას, რომელიც ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს („ეფესბე“) საშუალებას აძლევს, ჰქონდს წვდომა მომხმარებლის პერსონალური მონაცემებზე და აკონტროლოს ის (IPHR 2023, 23). 1995 წელს, რუსეთში დაინერგა ე.წ. „სორმ“[2]-ის ტექნოლოგია. თავდაპირველად, ის განკუთვნილი იყო სატელეფონო კომუნიკაციების მონიტორნიგისთვის, თუმცა ასევე იძლეოდა იმეილებისა და ვებ-ბრაუზინგის შემოწმების შესაძლებლობას (Howells 2020, 37; Maréchal 2017, 33). მას შემდეგ ტექნოლოგია ორჯერ განახლდა. ბოლო ვერსია, „სორმ 3“, 2014 წელს ჩაეშვა. ის აღჭურვილია ე.წ. “Deep Packet Inspection (DPI)”-ით, როგორც ისპ-ების, ასევე სოციალური მედია პლატფორმების დონეზე (Kerr 2019, 67; Maréchal 2017, 33).
კანონმდებლობა ისპ-ებს ავალდებულებს, რომ დააინსტალირონ „სორმის“ ‘შავი ყუთები’. ეს უკანასკნელი იჭერს ნებისმიერ ინტერნეტ ტრეფიკს რუსეთის ტერიტორიაზე, ახდენს მის დუბლირებას, აგზავნის ორიგინალს დანიშნულების ადგილას, ხოლო ასლს - „ეფესბეს“ სერვერებზე (Morgus 2019, 91). უსაფრთხოების სამსახურის სერვერები იყენებენ DPI-ის პერსონალურ მონაცემებზე წვდომისთვის, სხვადასხვა რუსული და უცხოური კომპანიების ტექნოლოგიების დახმარებით (Morgus 2019, 91). „ეფესბე” იყენებს კიდევ ერთ ტექნოლოგიას (Semantic Archive Platform), რომლითაც ხდება ღია წყაროებიდან მოპოვებული ონლაინ მონაცემების (მედია, სოციალური ქსელები, ფორუმები და სხვ.) შეგროვება და ანალიზი (Morgus 2019, 92).
მას შემდეგ, რაც სამთავრობო უწყებები მოიპოვებენ სასამართლოს ნებართვას, პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და მისი დამუშავება “თითქმის შეუზღუდავია” (Morgus 2019, 91). მეტიც, სხვადასხვა ავტორები მიუთითებენ, რომ მოსმენა და კომუნიკაციების თვალთვალი შეიძლება დაიწყოს სასამართლოს ნებართვის ქონის ან თუნდაც მისი მოთხოვნის გარეშეც; არ არსებობს ნებართვის ვინმესთვის (კომუნიკაციების ოპერატორისთვის ან პირისთვის, ვის მიმართაც ხორციელდება ზედამხედველობა) წარდგენის სამართლებრივი ვალდებულება; ნებართვის წარდგენა საჭიროა მხოლოდ შეგროვებული კოუმინკაციების შინაარსის და არა მეტამონაცემების მოხსნისთვის (Maréchal 2017, 33; IPHR 2023, 20). ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, რომ კომპანიებს ევალებათ, ოფიციალურ სამსახურებს მიაწოდონ მომხმარებლის მონაცემები და მეტამონაცემები ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთვევაში, სასამართლო ორდერისგან დამოუკიდებლად (IPHR 2023, 21).
„სორმის“ ტექნოლოგიის გამოყენებით, „ეფესბე“ წარმატებით ახორციელებს მასობრივი თვალთვალისა და ზედამხედველობის პრაქტიკას. თუმცა, „სორმის“ სისტემების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციები ძალზე მწირია (Maréchal 2017, 33).
2021 წლიდან რუსეთში კიდევ უფრო გაძლიერდა კონტენტის ფილტრაცია და „ციფრული საზღვრების“ დაცვა. „როსკომნაძორის“ მიერ ახალი ტექნოლოგიის[3] ინტეგრირების ვალდებულების დაწესების შემდეგ, უწყებას შესაძლებლობა აქვს ისპ-ებისგან დამოუკიდებლად მოახდინოს ინტერნეტ ტრეფიკის ფილტრაცია (IPHR 2023, 23).
რუსეთში აკრძალულია VPN-ების უმრავლესობა და ონლაინ აქტივობის დაფარვის სისტემების ინსტალირება, როგორიცაა, მაგალითად, Tor (IPHR 2023, 25).
ე.წ. ტროლების (ან სხვაგვარად: „ფეიკ ნიუსების“) ქარხნები არსებით როლს თამაშობს რუსეთის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ონლაინ სივრცეში საინფორმაციო ნაკადის მანიპულირებისა და დეზინფორმაციის გზით (Godzimirski and Østevik 2018, 1). ტროლების აქტივობა კიბერ-სივრცეში ხშირად მორალურობის ან „ცუდი“ და „კარგი“ ადამიანების დიქოტომიიის დისკურსების ქვეშ განიხილება. თუმცა, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, საკითხი ბევრად კომპლექსურია და ეფუძნება კონკრეტულ ადგილობრივ (სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ) მახასიათებლებს (Grohmann and Ong 2024, 1-3).
ამ გაგებით, გამოყოფენ სამ ძირითად მიზეზს, თუ რატომ ერთვებიან ადამიანები ამგვარ საქმიანობაში. პირველი, ესაა დაცინვის/გამასხარავების მიზანი (Lulz; Schadenfreude). ტერმინი “Doing it for Lulz” აღნიშნავს სხვების წარუმატებლობისა თუ სხვაგვარად ცუდად ყოფნით მოგვრილ სიამოვნებას (Kurowska and Reshetnikov 2018a, 347). ამ გაგებით, ‘ნამდვილი’ ტროლ აქტივობა არ ატარებს პოლიტიკურ დატვირთვას, თუმცა ის ასევე არაა შემთხვევეითი მოქმედებების ერთობლიობა. ზოგიერთი ავტორისთვის, ტროლინგი დომინანტური სოციალური ინსტიტუტების მიერ ნაკარნახევი და მასში ჩაბეჭდილი კულტურული აქტივობაა, მისი აგენტები კი „შედარებით პრივილეგირებული, თვითორგანიზებული ინდივიდები“ არიან (Kurowska and Reshetnikov 2018a, 349). ტროლინგის სიმბოლური მნიშვნელობა გარკვეულწილად იცვლება, თუ ის ჩადენილია ‘სამართლიანობის’ სახელით, რისი აპროპრიაციაც ზოგჯერ ჰაკერული ჯგუფების ან აქტივისტების მიერ ხდება (Kurowska and Reshetnikov 2018a, 347). თუმცა, ასეთ შეთხვევაშიც კი, ის მჭიდროდაა დაკავშირებული ‘გამასხარავების’ იდეასთან და დაცლილია კომერციალიზაციის მიზნებისგან.
მეორე, ტროლინგი შეიძლება ჩაითვალოს პრეკარიულ შრომად, რომელიც დამახასიათებელია გვიანი კაპიტალიზმისთვის. ზოგიერთი ავტორი ამ პროცესს მოიხსენიებს როგორც „დეზინფორმაცია დაქირავებით“ (disinformation-for-hire). დღევანდელი შრომის ბაზრის ბუნება, რომელიც გაჯერებულია მსხვილი ტექ. კომპანიებით, სოციალური პლატფორმებით, მედიით, ფარმაცევტული, საალკოჰოლო და სხვა ტიპის ინდუსტრიებით, ქმნის მოთხოვნას სპეციფიკურ სამუშაო ადგილებზე. ამ პროცესში ყალიბდება ე.წ. „დეზინფორმაციის ინდუსტრიის“ კლასობრივად დანაწევრებული და იერარქიული მოდელი. მის სათავეში იმყოფებიან კომპანიები და მათი მფლობელები, „ელიტური ენტერპრენერები“, PR და პოლიტიკურ სტრატეგიაზე პასუხიმგებელი პირები და ა.შ.; შუა რგოლს წარმოადგენენ საშუალო კლასის „ციფრული მუშაკები“ (digital workers), მედია და პოლიტიკური მიმომხილველები (pundits), „ინფლუენსერები“ და სხვ.; პირამიდის ძირს კი ქმნიან ფეიკ ნიუსების ინდუსტრიებსა და ე.წ. click farms-ში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით ქირაობენ: „ზოგს სურს მეტი „მოწონება“ სურათებზე, ზოგს - ფინანსური ბენეფიტები სარეკლამო ინდუსტრიების წყალობით, სხვები არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ და ა.შ.“ (Grohmann and Ong 2024, 3-4).
„ტროლების ქარხნების“ რუსული მოდელი ნაწილობრივ ითავსებს ზემოთ აღნიშნული პრეკარიული შრომის კომპონენტს. თუმცა ის უფრო მტკიცე და ცენტრალურად ორგანიზებული ინსტიტუციური პროექტია, რომელიც ფუნდამენტურ როლს თამაშობს რეჟიმის სტაბილურობის შენარჩუნებაში და აყალიბებს ე.წ. პოლიტიკური ტროლინგის ფენომენს (Kurowska and Reshetnikov 2018b, 26). მისი მიზანია ძირი გამოუთხაროს ლიბერალური მმართველობის პრინციპებს, საარჩევნო პროცესის სამართლიანობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი ნდობას და სხვ. ამ მიზნით, რუსული მოდელი უნიკალურ სტრატეგიებსა და ტექნიკებს ეყრდნობა.
„ინტერნეტის კვლევის სააგენტო“, ცნობილი როგორც „ტროლების ქარხანა“, რუსეთში 2013 წელს დაარსდა (Kurowska and Reshetnikov 2018a, 346). პრო-კრემლისტურ ტროლებს წარმოადგენენ კოორდინირებული ჯგუფები, რომლებიც იყენებენ განსხვავებულ ინტერნეტ პროფაილებს, წერენ პოსტებსა და კომენტარებს რეჟიმის პროპაგანდისტული მიზნებისთვის. მიუხედავად ამისა, მათი პირდაპირი მიზანი ადამიანთა იდეოლოგიური ან პოლიტიკური მოსაზრებების ცვლილება არაა. საპირისპიროდ, ისინი ცდილობენ ონლაინ სივრცის დისკრედიტირებასა და დაბინძურებას, რათა ის უვარგისი გახდეს რეალური პოლიტიკური დისკუსიებისთვის, თესავენ ნიჰილიზმს და ქმნიან „აბსურდის თეატრს“ (Kurowska and Reshetnikov 2018b, 26). შედეგად, კიბერ-სივრცეში ადამიანები „ხდებიან დეზორიენტირებულნი და პოლიტიკას აღიქვამენ შეურიგებელი წინააღმდეგობებისა და მორალური ჭუჭყის ტერიტორიად“ (Kurowska and Reshetnikov 2018a, 348). პრო-კრემლისტური ტროლები განსაკუთრებით აქტიურები არიან საზოგადოებისთვის სენსიტიურ საკითხებზე (Kurowska and Reshetnikov 2018a, 348).
ტროლები აბინძურებენ ონლაინ სივრცეს სპეციფიკური მესიჯებით, გავლენას ახდენენ ადამიანთა განწყობებზე და არსებითად პოლიტიკური მანიპულაციისა და დეზინფორმაციის მექანიზმებს წარმოადგენენ. მათი დამსაქმებელი თავად პოლიტიკური რეჟიმია, ხოლო მათი შრომა არ ხროციელდება არც გართობის/ გამასხარავების (თუმცა პოლიტიკური ტროლინგის შინაარსი ირეკლავს ამ ფენომენს, ახდენს მისი ეფექტების აქტუალიზებას) და არც სამართლიანობის სახელით. ტროლების სამუშაო პოლიტიკურია, თუმცა მათი საბოლოო მიზანი კიბერ-სივრცის ანტიპოლიტიკურ ტერიტორიად ქცევაა (‘politics without telos’). ზოგიერთი ავტორის თქმით, ამ პროცესის საბოლოო შედეგი პოლიტიკის „ნეიტროლიზაციაა” (neutrollisation), რომელიც საზოგადოებაში ცინიზმის გამუდმებული კვლავაწარმოებითაა დაკავებული (Kurowska and Reshetnikov 2018a, 358; Kurowska and Reshetnikov 2018b, 26).
რუსული ციფრული ავტორიტარიანიზმის ნიშნები საქართველოში
Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო კლასიფიცირდება როგორც „თავისუფალი“ და მინიჭებული აქვს 76 ქულა (Freedom House 2024). შედარებისთვის, ამ რეიტინგით ის უსწრებს იტალიას (75), უთანაბრდება ავსტრალიას, საფრანგეთს და აშშ-ს (76), და 1 ქულით ჩამორჩება გერმანიას (77) (Freedom House 2024). სახელმწიფოს არ აქვს სამართლებრივი ან ტექნიკური კონტროლი ინტერნეტის ინფრასტრუქტურაზე. კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებულია 150-ზე მეტი ინტერნეტ სერვის პროვაიდერი - ყველა მათგანი არის კერძო კომპანია (Freedom House 2024). 2023 წლის მონაცემებით, „ორი კერძო ისპ აკონტროლებს ბაზრის ¾-ზე მეტს; მაგთიკომს უკავია 47.7%, ხოლო სილქნეტს - 30.9%“ (Freedom House 2024).
გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც მედია და ინტერნეტ თავისუფლება, გარანტირებულია კონსტიტუციით (Noorlander 2023, 7). კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ფუნდამენტურ დონეზე ეყრდნობა ამერიკულ მოდელს, რითაც საქართველო, სულ მცირე ფურცელზე, რეგიონში მოწინავე ქვეყნად წარმოჩინდება (Noorlander 2023, 7). მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელი პოლიტიკური სიტუაცია, ახალი საკანონმდებლო პაკეტები, სასამართლო ხელისუფლების ტოტალური კონტროლი და მასობრივი თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკები, საგანგაშო სიგნალად უნდა ჩაითვალოს. თანდათანობით ცხადი ხდება, რომ საქართველოს მთავრობა ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენს რუსული ტიპის ციფრული ავტორიტარიანიზმის ელემენტების იმპლემენტირებას. შემდგომი ქვეთავები ამ კომპონენტების ქართულ კონტექსტს მიმოიხილავს.
2021 წლის 12 სექტემბერს, ანონიმურმა წყარომ სხვადასხვა მედიას ათიათასობით (ჯამში 58.000-მდე) ფაილი (ცნობილი როგორც „კრებსები“) მიაწოდა (Civil.ge 2021a). უსაფრთხოების სამსახურის ფაილები შეიცავს პერსონალურ ინფორმაციებს სამღვდელოების, სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და სხვათა შესახებ (გერლიანი და სამხარაძე 2021, 4; Civil.ge 2022). გაჟონილი ფაილები 2013-2021 წლებით თარიღდება, ხოლო მათი ავთენტურობა არაერთი პირის მიერ დადასტურდა. ფაილების შინაარსი ფაქტობრივად შეუზღუდავია: ის მოიცავს ინფორმაციებს პერსონალური კომუნიკაციების, ბიზნეს აქტივობების, ნარკოტიკების მოხმარების, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური პოზიციებისა და ა.შ. თაობაზე (Civil.ge 2021b). აღსანიშნავია საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადება, რომ „მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი“ (Radio Liberty 2021). ამით მან ფაქტობრივად დაადასტურა ფაილების ავთენტურობა. ორგანიზაციამ „რეპორტიორები საღვრებს გარეშე“ ეს მოვლენა შეაფასა, როგორც არალეგალური, მიუღებელი და უპრეცედენტო (Radio Liberty 2021); სხვადასხვა კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, „უკანონო მოსმენა-მიყურადების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაზარალებულების არასათანადო ჩართულობა, ინფორმაციული ვაკუუმი, პროკურატურის მხრიდან რიგ შემთხვევაში მსხვერპლთა გამოკითხვის უგულვებელყოფა და სხვა გარემოებები მიუთითებს, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური დანაშაულის გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი დასჯის ინტერესი არ ამოძრავებს“ (Civil Society Foundation 2022). საზოგადოებრივი ორგანიზაციები მომდევნო წლებშიც მიუთითებდნენ ტოტალური კონტროლის პრაქტიკის უწყვეტობაზე (Social Justice Center 2023).
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს განეკუთვნება ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემებიდან, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა, საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლი, ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა, ფოტოგადაღება და ელექტრონული თვალთვალი (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1431-ე მუხლი). ეს პროცედურები შეიძლება განხორციელდეს ორი სამართლებრივი რეჟიმის ფარგლებში, კერძოდ დანაშაულის გამოძიების მიზნებისთვის სსსკ-ის საფუძველზე, და კონტრდაზვერვითი მიზნებისთვის „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მიხედვით (გერლიანი და სამხარაძე 2021, 4-5). „კრებსების“ შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოებმა არ დაადასტურეს დასახელებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი გამოძიების მიმდინარეობის ფაქტი. შესაბამისად, ამ მასშტაბის ფარული მიყურადება ხორციელდებოდა კონტრდაზვრევითი კანონმდებლობის საფუძველზე (გერლიანი და სამხარაძე 2021, 5).
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყაფი, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც, ამავდროულად, „მთავრობისთვის კიბერ-უსაფრთხოების საკითხებში მთავარი კოორდინატორი, ზედამხედველი და რეგულატორია“, ხოლო „მისი უფლებამოსილების ფარგლები ვრცელდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფართო წრეზე, საჯარო ინსტიტუტებისა და ტელეკომუნიკაციების კომპანიების ჩათვლით (Freedom House 2024). „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის (მე-81 მუხლის 1-ლი პუნქტი) თანახმად, ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს აქვს „ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.“ თუმცა, პრაქტიკულად შეუძლებელია, შეფასდეს ამ ინფრასტრუქტურის არქიტექტურისა და ინტერფეისის მახასიათებლები, ასევე ის, თუ რეალურად როგორ ხდება ინფორმაციის მოპოვება, რადგან მისი მარეგულირებელი ნორმატიული აქტები საჯარო არაა (გერლიანი და სამხარაძე 2021, 8). საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს ელექტრონული კომუნიკაციების ქსელურ ან სასადგურე ინფრასტრუქტურაზე განათავსოს ე.წ. გადაჭერის სისტემები, შესაბამისი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.
კანონი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ ეყრდნობა რამდენიმე ფუნდამენტურად პრობლემურ მიდგომას, რაც სუს-ს მასობრივი თვალთვალის განხროციელების შესაძლებლობას აძლევს. კანონი არ ითვალისწინებს ელექტრონულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ დანაშაულთა სახეების კონკრეტულ ჩამონათვალს. ის მხოლოდ მიუთითებს (მე-10 მუხლი) ისეთ ბუნდოვან საფუძველზე, როგორიცაა „მონაცემები ფაქტებისა და მოვლენების (ან მათი ნიშნების) შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან რომლებსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.“ ასევე განუსაზღვრელია ელექტრონულ თვალთვალს დაქვემდებარებულ პირთა წრე და, სისხლის სამართლის გამოძიებისგან განსხვავებით, არ არსებობს „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტი (გერლიანი და სამხარაძე 2021, 11).
ფარული მიყურადება და თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს სასამართლო ოდერით ან მის გარეშე („გადაუდებელი აუცილებლობის“ შემთხვევა, რომელიც სასამართლოს post factum ნებართვას საჭიროებს 48 საათში). სასამართლოსთვის გაგზავნილ შუამდგომლობაში აუცილებელია მიეთითოს ინფორმაცია ინდივიდებისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების შესახებ. თუმცა, ამ ინფორმაციების მითითება არ არის სავალდებულო, თუ თვალთვალი ხორციელდება პირის ინდენტიფიცირების მიზნით (გერლიანი და სამხარაძე 2021, 13). პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ საკომუნიკაციო არხიდან ინფორმაციის მოხსნა და ჩაწერა შეძლება მიმდინარეობდეს პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ შეუზღუდავი ფარგლებით, რაც მას მასობრივი მიყურადებისა და თვალთვალის ინსტრუმენტად აქცევს. აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა რუსული სტილის სამართლებრივი რეგულირების მსგავსია, რომელიც „ეფესბეს“ სასამართლოს ნებართვის გარეშე მეტამონაცემების შეგროვების უფლებამოსილებით აღჭურავს. დამატებით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არაა ვალდებული, ისპ-ებს აცნობოს ელექტრონული თვალთვალის დაწყების შესახებ (გერლიანი და სამხარაძე 2021, 8).
2023 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ რომელიც იზიარებდა 2012 წლის ანალოგიური რუსული კანონის ყველა ძირითად, ფუნდამენტურ ელემენტს (Human Rights Watch 2023). კანონპროექტმა საქართველოში მასობრივი პროტესტები გამოიწვია, რამაც, საბოლოოდ, ხელისუფლებას მისი უკან გაწვევა აიძულა (The Guardian 2023). თუმცა, ერთი წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ იდენტური კანონპროექტი წარადგინა შეცვლილი სახელით („აგენტი“ შეიცვალა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“). ადგილობრივი და საერთაშორისო წინააღმდეგობის მიუხედავად (Civil.ge 2024a; Civil.ge 2024b), საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი 2024 წლის 14 მაისს მიიღო.
„აგენტების კანონით“ სახელმწიფო ცდილობს კრიტიკული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინდივიდების წნეხის ქვეშ მოქცევასა და მათი ხმის ჩახშობას: ის აწესებს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას (შდრ. რუსულ „შავ სიებს“) ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის დაფინანსების 20% ან მეტი უცხოური დონორებისგან მომდინარეობს; ადგენს ფინანსური ანგარიშების წარდგენის ახალ მოთხოვნებს; იუსტიციის სამინისტროს აძლევს ორგანიზაციების მონიტორინგისა და პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ფაქტობრივად შეუზღუდავ უფლებამოსილებას; აწესებს მკაცრ ადმინისტრაციულ სანქციებს არა მხოლოდ იურიდიული პირების, არამედ, ბოლო მომენტში „შეცურებული“ ცვლილებებით - ინდივიდებისთვისაც (ICNL 2023; Civil.ge 2024c).
არა მხოლოდ კანონია რუსული, არამედ მმართველი პოლიტიკური კლასის მიერ გამოყენებული არგუმენტაცია და ნარატივები. „ქართული ოცნების“ წევრები მუდმივად იმეორებენ კრემლის პროპაგანდას, რომ „აგენტების კანონი“ ამერიკული FARA-ს ანალოგია (IDFI 2023) მაშინ, როცა ამ ორ კანონმდებლობას ფუნდამენტურად განსხვავებული მიზნები, მოქმედების სფერო და ობიექტები ყავს (Jonas 2024; ჩიხლაძე 2023). ქართველი და რუსი კოლეგები აპელირებენ, რომ ეს კანონები მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენებისგან სახელმწიფოს სუვერენული ინტერესების დაცვის ინტერესებს ემსახურება. აღსანიშნავია, რომ რუსმა მაღალჩინოსნებმა (როგორებიცაა „დუმის“ თავმჯდომარე ვოლოდინი, ყოფილი პრეზიდენტი მედვედევი და კრემლის პრესსპიკერი პესკოვი) საჯაროდ შეაქეს „ქართული ოცნება“ მათი მეთოდებისა და კანონმდებლობის კოპირებისთვის (Civil.ge 2024d).
კიდევ ერთი რუსული სტილის კანონმდებლობა, რომელიც მიზანში უმცირესობებს იღებს და ცენზურას აწესებს, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 17 სექტემბერს მიიღო (Radio Liberty 2024). „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი ლგბტ ადამიანებს მათთვის ისედაც არარსებულ უფლებებს „ართმევს“, კერძოდ ქორქინების, ბავშვის აყვანისა და სქესის შეცვლის უფლებებს (კანონის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები). ანტი-ლგბტ კანონი ცდილობს სექსუალ უმცირესობებს მიკუთვნებული ადამიანები განდევნოს საჯარო ცხოვრებიდან, აწესებს შეზღუდვებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე როგორც ფიზიკურ, ისე ვირტუალურ სივრცეში. ის კრძალვს ლგბტ ადამიანების ცხოვრების (არსებობის?) შესახებ ინფორმაციის მედიით გავრცელებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტეგრირებას, და შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარებას (კანონის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები). მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ იმავე შინაარსის კონსტიტუციური კანონის მიღება სცადა (Civil.ge. 2024e), თუმცა პარლამენტში ასაკმარისი ხმების გამო მისი მიღება შეუძლებელი იყო.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („ისფედი“) წლებია მიუთითებს ციფრულ პლატფორმებზე (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი, ტელეგრამი) კოორდინირებული ანგარიშების ფართო ქსელზე (ISFED 2023). ამ გაგებით, ტროლების აქტივობის ორი მსხვილი ჯგუფი გამოიყოფა: პირველი, რუსეთთან უშუალოდ დაკავშირებული და უცხოეთიდან ადმინისტრირებული; და მეორე, რუსული სტილის კოორდინირებული ანგარიშები, რომლებიც „ქართული ოცნების“ სასარგებლო პროპაგანდას ავრცელებენ.
რუსული დეზინფორმაციის კამპანიები სამხრეთ კავკასიაში ვრცელდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ისინი იყენებენ ე.წ. “clickbait” სათაურებს და გასართობ კონტენტს სამიზნე აუდიტორიამდე მისაღწევად. 2020 წელს, „ისფედმა“ აღმოაჩინა კოორიდნირებული ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც ფეისბუქზე ავრცელებდა რუსული მედია სააგენტო „სპუტნიკის“ ციფრულ მატერიალებს (ISFED 2020a). მათი შინაარსი ძირითადად ფოკუსირდებოდა პოზიტიურ და სკანდალურ ნიუსებზე, რაც რუსული სტილის ტროლების აქტივობის კლასიკური ნიმუშია. მისი მიზანია დეზინფორმაციის კამპანიისთვის საბაზისო ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნა. კერძოდ, შესაბამის ბმულზე დაკლიკების შემთხვევაში, მომხმარებელი გადამისამართდება რუსულ პროპაგანდისტულ პოსტებსა და სტატიებზე (ISFED 2020a).
2019 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე დაფუძნდა ფეიკ ნიუსების სააგენტო News-Front Georgia, რომელიც მოსკოვიდან იმართებოდა. „სპუტნიკისგან“ განსხვავებით, „ნიუს ფრონტ საქართველო“ არა მხოლოდ რუსული და ანტი-დასავლური, არამედ გამიზნულად პრო-სახელისუფლებო პროპაგანდის წარმოებით იყო დაკავებული (ISFED 2020b). მისი ‘მშობელი’ კომპანია, „ნიუს ფრონტი“ 2015 წელს „როსკომნაძორმა“ დააფუძნა (ISFED 2020b). პრო-რუსული და პრო-„ქართული ოცნების“ დეზინფორმაციის კამპანიები ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული და ხშირად ერთი და იმავე ანგარიშებით ვრცელდება (ISFED 2024). კოორდინირებული ტროლ აქტივობის მიზანი საზოგადოებაში ანტაგონიზმის, აგრესიისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებაა. ფეისბუქმა არაერთხელ წაშალა როგორც „სპუტნიკის“, ასევე „ნიუს ფრონტის“ არაავთენტური ქსელი, მაგრამ სხვადასხვა ქართული ნიუს სააგენტოს გამოყენებით ისინი კვლავაც ახერხებენ ოპერირებას (ISFED 2024).
ხელისუფლების მიერ კონტროლილებადი მედიები, „იმედი“ და „პოსტივი“, რომლებიც სოციალურ და მედია სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, პრო-სამთავრობო დეზინფორმაციისა და მანიპულაციის მთავარი ინსტრუმენტები არიან. მათ ხელისუფლების სასარგებლოდ საინფორმაციო ნაკადის კონტროლის დაუფარავი დღის წესრიგი აქვთ. დამატებით, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა სოციალური მედია ანგარიშების ადმინისტრირების პროცესში (ISFED 2021). ზემოთაღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ დეზინფორმაცია საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების განუყოფელი ნაწილია.
დასკვნითი დებულებები
რუსული ციფრული ავტორიტარიანიზმი ინფორმაციის კონტროლის რეჟიმის სპეციფიკური, არადემოკრატიული ფორმაა, რამდენიმე ფუნდამენტური მახასიათებლით. ის მოიცავს სამართლებრივად დაფუძნებულ და პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებულ ცენზურის მექანიზმებს; უნიკალურ ტექნოლოგიურ საშუალებებს საზოგადოებაზე მასობრივი კონტროლისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად; ისპ-ების მართვისა და რეგულირების თავისებურ მიდგომებს კიბერ-სივრცეში კრიტიკული ხმების ჩასახშობად; და საინფორმაციო ნაკადის მანიპულირებისა და მართვისთვის ჩამოყალიბებულ პოლიტიკური ტროლინგის სისტემას.
ქართული მოდელი რუსული ციფრული ავტორიტარიანიზმის ზუსტ ასლს [ჯერ კიდევ] არ წარმოადგენს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსული მოდელი ათწლეულებია ვითარდება და ყოველწლიურად უფრო და უფრო მკაცრ ავტორიტარულ ფორმებს იძენს. ინტერნეტ მმართველობის „რუსული იდეა“ ადგილობრივ კონტექსტში ღრმად ჩაჭედილი ინსტიტუციონალიზებული ფენომენია. მეტიც, ზოგიერთი ავტორი მიუთითებს, რომ ბოლო ხანებში რუსული მოდელი დაუახლოვდა ჩინური სტილის ცენტრალიზებულ ციფრულ ავტორიტარიანიზმს, განსაკუთრებით უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მაგალითად სახელდება რუსული სუვერენული ინტერნეტის “Ru.net”-ის განვითარება; სახის ამომცნობი კამერებისა და ე.წ. უსაფრთხო ქალაქების პროგრამების დანერგვა; ინტერნეტის რეგიონალური ჩახშობის მაგალითები (IPHR 2023, 15-17, 22-23; Howells and Henry 2021, 9); სხვადასხვა დასავლური ონლაინ პლატფორმების დაბლოკვა, როგორებიცაა ფეისბუქი, ინსტაგრამი, X (ტვიტერი) და სხვა (The Guardian 2022). საინფორმაციო კონტროლზე გადამწყვეტ გავლენას პოლიტიკური რეჟიმის თავისებურებები, ასევე სოციალური, კულტურული და გეოპოლიტიკური ფაქტორები ახდენს, რაც ქართულ და რუსულ კონტექსტში გარკვეულ განსხვავებებს ჯერ კიდევ ქმნის.
მიუხედავად ამისა, სტატიაში განხილული მაგალითები და ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რუსული ციფრული ავტორიტარიანიზმის არაერთ კომპონენტს, ან პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. კერძოდ, პარლამენტმა უკვე მიიღო ე.წ. აგენტებისა და ანტი-ლგბტ კანონები, რომლებიც რუსულის ანალოგია და მიზნად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ცენზურის დაწესების ისახავს, როგორც ფიზიკურ ისე ონლაინ სივრცეში.
წინა წლებში ასევე გამოვლინდა მასობრივი თვალთვალისა და პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების სისტემური პრაქტიკა. კანონები, რომლებიც ამ საკითხს არეგულირებს პრინციპულად რუსული სტილისაა და სუს-ს ინდივიდებისა და ორგანიზაციების ციფრულ და ტელეკომუნიკაციებზე ფაქტობრივად შეუზღუდავი წვდომის შესაძლებლობებს ანიჭებს.
საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის თქმა, იყენებს თუ არა უსაფრთხოების სამსახური „სორმის“ ან მის მსგავს ტექნოლოგიას. თუმცა, საინტერესოა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი რუსული კომპანია „პიტერ სერვისი (Peter-Service)“ (დღესდღეობით ოპერირებს ახალი სახელის “Nexign” ქვეშ) (Nexign 2018), რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კრემლთან (Morgus 2019, 95), სერვისებს აწვდის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ისპ-ს საქართველოში - „სილქნეტს“ (Nexign 2024). კიდევ ერთ კომპანია „პროტეისთან (Protei)“ ერთად, „პიტერ-სერვისი ლოკალურ ისპ-ებზე „სორმის“ ტიპის ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა“ (Morgus 2019, 95).
და ბოლოს, საქართველოში დეზინფორმაციის მექანიზმების ანალიზი აჩვენებს, რომ ტროლებისა და ანონიმური ანგარიშების საქმიანობა ან პირდაპირ რუსეთიდან იმართება, ან მას იყენებს საქართველოს ხელისუფლება საინფორმაციო ნაკადის მუდმივი კონტროლისა და მანიპულირებისთვის. კიბერ-სივრცეში მათი მოქმედების ლოგიკა, მიზნები და მოტივაციები ფუნდამენტურად რუსული სტილისაა (პოლიტიკური ტროლინგი). ამდენად, რუსეთის მსგავსად, დეზინფორმაცია საქართველოშიც პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრალური კომპონენტი ხდება.
Civil Society Foundation. 2022. „პროკურატურის გამოძიება ე.წ. მოსმენების საქმეზე ეფექტიანად არ მიმდინარეობს.“ https://bit.ly/3Y4p8Zk [01.10.2024].
Civil.ge. 2021a. “Alleged Security Files: Russian Ties of Georgian Clergy, Patriarchate.” https://civil.ge/archives/441568 [10.10.2024].
Civil.ge. 2021b. “Alleged Security Service Files on Clergy Leaked.” https://civil.ge/archives/440008 [10.10.2024].
Civil.ge. 2022. “Probe Into Alleged Mass Wiretapping Ineffective, Watchdogs Say.” https://civil.ge/archives/491014 [10.10.2024].
Civil.ge. 2024a. “120 CSOs Call for “Unconditional Withdrawal” of Agents Law.” https://civil.ge/archives/607660 [05.10.2024].
Civil.ge. 2024b. “International Reactions to Final Adoption of Foreign Agents Law.” https://civil.ge/archives/606480 [05.10.2024].
Civil.ge. 2024c. “Adopted “Agents Law” Differs from the Original, Foresees Personal Fines – Experts.” https://civil.ge/archives/607875 [05.10.2024].
Civil.ge. 2024d. “Russian State Duma Chairman Praises Georgian Dream’s Foreign Agents Bill.” https://civil.ge/archives/600194 [01.10.2024].
Civil.ge. 2024e. “GD Pushes for Anti-LGBT Constitutional Law.” https://civil.ge/archives/588748 [01.10.2024].
Deibert, Ronald and Rafal Rohozinski. 2010a. “Beyond Denial: Introducing Next-Generation Information Access Controls.” In Access Controlled: The Shaping of Power, Rights, and Rule in Cyberspace, ed. Ronald Deibert, John Palfrey, Rafal Rohozinski, and Jonathan Zittrain. Cambridge, MA: MIT Press.
Deibert, Ronald and Rafal Rohozinski. 2010b. “Control and Subversion in Russian Cyberspace.” In Access Controlled: The Shaping of Power, Rights, and Rule in Cyberspace, ed. Ronald Deibert, John Palfrey, Rafal Rohozinski, and Jonathan Zittrain. Cambridge, MA: MIT Press.
Freedom House. 2024. “Internet Freedom Scores.” https://bit.ly/4d74EWS [03.10.2024].
Godzimirski, Jakub M. and Malin Østevik. 2018. “How to understand and deal with Russian strategic communication measures?” Norwegian Institute for International Affairs (NUPI). https://bit.ly/3UigJ42 [07.10.2024].
Grohmann, Rafael and Jonathan Corpus Ong. 2024. “Disinformation-for-Hire as Everyday Digital Labor: Introduction to the Special Issue.” Social Media + Society (January-March): 1-9.
Howells, Laura and Laura A. Henry. 2021. “Varieties of digital authoritarianism: analyzing Russia’s approach to internet governance.” Government Faculty Publications 20. https://bit.ly/4aMgTGj [10.10.2024].
Howells, Laura H.C. 2020. “Digital Authoritarianism in China and Russia: A Comparative Study.” Honors Projects 166. https://bit.ly/3JlLtL2 [10.10.2024].
Human Rights Watch. 2023. “Georgia: ‘Foreign Agents’ Bill Tramples on Rights.” https://www.hrw.org/news/2023/03/07/georgia-foreign-agents-bill-tramples-rights [10.10.2024].
Institute for the Development and Freedom of Information (IDFI). 2023. “Law on Agents of Foreign Influence: European Practice and Georgia.” https://bit.ly/484TsYo [10.10.2024].
International Center for Not-for-Profit Law (ICNL). 2023. “Draft Law of Georgia on Transparency of Foreign Influence.” https://bit.ly/3A2tVCD [10.10.2024].
International Partnership for Human Rights (IPHR). 2023. Russia’s Digital Authoritarianism: The Kremlin’s Toolkit. https://iphronline.org/articles/russias-digital-authoritarianism-the-kremlins-toolkit/ [27.09.2024].
International Society for Fair Elections and Democracy (ISFED). 2023. “Russian Information Operation in the South Caucasus. Account Operating in Social Networks and their Messages.” https://bit.ly/3zVcAeY [10.10.2024].
International Society for Fair Elections and Democracy (ISFED). 2020a. “Russian Information Operation in Georgia – Sputnik’s Coordinated Network on Facebook.” https://bit.ly/3zJ7wKN [10.10.2024].
International Society for Fair Elections and Democracy (ISFED). 2020b. “Russian Information Operation on Facebook Encouraging Political Polarization in Georgia and Inauthentic Accounts Involved in it.” https://bit.ly/4dHOUZa [10.10.2024].
International Society for Fair Elections and Democracy (ISFED). 2024. “Facebook and Telegram Network Connected to the “News-front” New Tactics and Messages.” https://bit.ly/4h3JUBo [10.10.2024].
International Society for Fair Elections and Democracy (ISFED). 2021. “The Link Between Covert Information Campaign and Government Agencies.” https://bit.ly/4eJBjSQ [10.10.2024].
Jonas, Ted. 2024. “US FARA vs. Georgian Foreign Agents Law: Three Major Differences.” Civil.ge [blog], https://civil.ge/archives/591175 [10.10.2024].
Karlekar, Karin Deutsch and Sarah G. Cook. 2009. Access and control: A growing diversity of threats to internet freedom. Washington, DC: Freedom House. https://bit.ly/3VX7O9x [10.10.2024].
Kerr, Jaclyn. 2019. “The Russian Model of Digital Control and Its Significance.” In Artificial Intelligence, China, Russia, and the Global Order, ed. Nicholas D. Wright. Air University Press.
Kurowska, Xymena and Anatoly Reshetnikov. 2018a. “Neutrollization: Industrialized trolling as a pro-Kremlin strategy of desecuritization.” Security Dialogue 49(5): 345-363.
Kurowska, Xymena and Anatoly Reshetnikov. 2018b. “Russia’s trolling complex at home and abroad.” In Hacks, Leaks and Disruptions: Russian Cyber Strategies, ed. Nicu Popescu and Stanislav Secrieru. European Union Institute for Security Studies (EUISS).
MacKinnon, Rebecca. 2011. “China’s Networked Authoritarianism.” Journal of Democracy 22(2): 32-46.
Maréchal, Nathalie. 2017. “Networked Authoritarianism and the Geopolitics of Information: Understanding Russian Internet Policy.” Media and Communication 5(1): 29-41.
Morgus, Robert. 2019. “The Spread of Russia’s Digital Authoritarianism.” In Artificial Intelligence, China, Russia, and the Global Order, ed. Nicholas D. Wright. Air University Press.
Nexign. 2018. “Peter-Service launches its international business strategy under a new brand – Nexign.” https://nexign.com/newsroom/press-releases/Peter-Service-launches-its-international-business-strategy-under-a-new-brand-Nexign [10.10.2024].
Nexign. 2024. “Nexign Solution.” https://nexign.com/nexign-solutions [10.10.2024].
Noorlander, Peter. 2023. “Strengthening Media Freedom, Internet Governance and Personal Data Protection in Georgia (SMIP-GE): Law and Practice in Georgia with Regard to the Protection and Safety of Journalists.” Council of Europe. https://bit.ly/3U2D4Bh [07.10.2024].
Radio Liberty. 2021. “A Massive Purported State Surveillance Leak Rocks Georgia Ahead Of Key Elections.” https://www.rferl.org/a/state-surveillance-georgia-leaks/31487781.html [10.10.2024].
Radio Liberty. 2024. „შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს.“ https://www.radiotavisupleba.ge/a/33144424.html [01.10.2024].
Rebo, Samuel. 2022. “FARA in Focus: What can Russia’s Foreign Agent Law tell us about America’s?” Journal of National Security Law & Policy 12(2): 277-325.
Robinson, Nick. 2020. “Foreign Agents” in an Interconnected World: FARA and the Weaponization of Transparency.” Duke Law Journal 69(): 1075-1147.
Sherman, Justin. 2021. “Digital Authoritarianism and Implications for US National Security.” The Cyber Defense Review 6(1): 107-118.
Social Justice Center. 2023. „სუს-ის მხრიდან ტოტალური კონტროლი გრძელდება.“ https://socialjustice.org.ge/ka/products/sus-is-mkhridan-totaluri-kontroli-grdzeldeba [01.10.2024].
The Guardian. 2022. “Russia blocks access to Facebook and Twitter.” https://bit.ly/3ZVh4gj [10.10.2024].
The Guardian. 2023. “Georgia drops bill on ‘foreign agents’ after two nights of violent protests.” https://bit.ly/3ZZvHiB [10.10.2024].
Wright, D. Nicholas. 2019. “Artificial Intelligence and Domestic Political Regimes.” In Artificial Intelligence, China, Russia, and the Global Order, ed. Nicholas D. Wright. Air University Press.
Yayboke, Erol and Sam Brannen. 2020. “Promote and Build A Strategic Approach to Digital Authoritarianism.” Center for Strategic and International Studies (CSIS). https://bit.ly/3PYIBro [10.10.2024].
გერლიანი, თორნიკე, და თამარ სამხარაძე. 2021. „ფარული მიყურადება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში - ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზი.“ სოციალური სამართლიანობის ცენტრი. https://bit.ly/3W1CiHi [10.10.2024].
ჩიხლაძე, ნინა. 2023. „FARA: რა უნდა ვიცოდეთ ამერიკულ კანონზე?“ კომენტარი. https://komentari.ge/article/fara-ra-unda-vitsodeth-amerikul-kanonze/ [01.10.2024].
[1] Федеральная служба по надзору в сфере связи, информационных технологий и массовых коммуникаций / Federal Service for Supervision of Communications, Information Technology and Mass Media.
[2] Система оперативно-разыскных мероприятий / System for Operative Investigative Activities.
[3] “Technical equipment for counteracting threats to stability, security, and the functional integrity of the internet on the territory of the Russian Federation” (TSPU).
ინსტრუქცია