საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს იმ პოლიტიკოსებთან, საჯარო მოხელეებთან და დიპლომატებთან, რომლებიც რამდენიმე წლის წინ კოალიციური წესით მოსული ხელისუფლების შემადგენლობაში შედიოდნენ. ამჯერად ისინი საკუთარ მიგნებებს, დაკვირვებებს და დასაბუთებას გაგვიზიარებენ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკურ კურსზე, მისი ანტიევროპული შემობრუნების მიზეზებსა და ლოგიკაზე.
წარმოდგენილ ინტერვიუში სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეკითხვებს შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს. პაატა ზაქარეიშვილი ქართული ოცნების კოალიციურ ხელისუფლებაში 2012 წელს რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა და ის 2012-2016 წლებში სახელმწიფო მინისტრის პოზიციას იკავებდა. 2016 წელს პაატა ზაქარეიშვილმა, კიდევ ერთ „რესპუბლიკელ“ მინისტრთან - თინა ხიდაშელთან ერთად (რომელიც იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა), თანამდებობა დატოვა.
1. როდიდან შეინიშნება ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის რადიკალური ანტიდასავლური შემობრუნება და რა სისტემური ახსნა აქვს ამას?
როდესაც რესპუბლიკური პარტიის წევრი ვიყავი, პარტიაში მუდმივად გვქონდა ეჭვი და ფიქრი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ თამაშობდა ივანიშვილი რუსულ თამაშს, ეს იყო ჩვენი მუდმივი შიში, რომ ის რაღაცას მალავდა, მაგრამ ამის მტკიცებულებები ჩვენ არ გვქონდა. პირადად ჩემთვის, არადამაჯერებელი იყო მისი ასეთი უცაბედი გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში. ინგლისურ ენაში არსებობს გამოთქმა “Dark Horse”(ბნელი ცხენი), ზუსტად ასე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ მისი გვარი მხოლოდ შორიდან გვქონდა გაგონილი, როგორ გამოიყურებოდა, ისიც კი არ ვიცოდით და ჩემთვის პირველი კითხვა სწორედ ეს იყო, საიდან გამოჩნდა იგი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა სააკაშვილს. სააკაშვილი დასავლური ორიენტაციის მმართველი იყო, რომელიც ანგარიშს უწევდა დასავლეთს და ებრძოდა რუსეთს, სააკაშვილი იყო ცალსახად ანტირუსი მმართველი, რომელსაც რუსეთიც ებრძოდა. შესაბამისად, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა და დაუპირისპირდა სააკაშვილს, ჩემთვის ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, ხომ არ იყო ის რუსული პროექტის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს ადამიანი სრულიად უცნობი იყო, შემდგომში, როცა გავაანალიზეთ, მივხვდით, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა კარგად დადგმული სცენარი იყო. ის ნელ-ნელა იმზადებდა ამისთვის სოციალურ კაპიტალს: რაღაც ააშენა, ინტელიგენციას დაეხმარა, ეკლესიების აშენება-რეაბილიტაციას აფინანსებდა, კარგად მომზადებული პიარკამპანიით შემოვიდა და ასე დაუპირისპირდა სააკაშვილს. ივანიშვილი არ იყო ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაზე იყო გაბრაზებული რაღაცის გამო და ამიტომ ჩაუდგა ოპოზიციაში. ჩემი აზრით, ივანიშვილი მრავალი წელი ამზადებდა თავის ძალაუფლებაში მოსვლას. ჩემი შიში სწორედ აქედან გამომდინარეობდა, რომ ეს შეიძლებოდა რუსეთიდან შემოსული ძალა ყოფილიყო, მაგრამ ხელმოსაჭიდი არაფერი მქონდა.
ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, წელიწადში ერთხელ იმართებოდა მთავრობის შეხვედრა დიპლომატებთან, სადაც საგარეო პოლიტიკის წარმატებებსა და წინსვლაზე ერთგვარ ანგარიშს ვაბარებდით დიპლომატებს. მე მაშინ სახელმწიფო მინისტრი ვიყავი და მაია ფანჯიკიძე კი - საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენს მოხსენებაში ორივემ ვისაუბრეთ ნატოში გაწევრიანების მიმართულებაზე. მოხსენებების შემდეგ ივანიშვილმა მიმიხმო თავისთან და მკითხა: პაატა, ამდენს რომ ლაპარაკობ ნატოზე, გჯერა, რომ მანდ მიგვიღებენო? მე ვუთხარი, რომ ამის ნიშნები ახლა არაა, 2008 წლის ომი ამიტომ მოხდა, რომ მაშინ ჩვენი გაწევრიანების შანსები დიდი იყო, მაგრამ თუ არ ვილაპარაკებთ ამაზე, აბა რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის ჩვენი მიმართულება და პოლიტიკოსების სიტყვას თავისი ძალა აქვს. პოლიტიკოსის მეტყველება ხშირად საქმის ნახევარია, ამიტომ ლაპარაკი საჭიროა. მან მიპასუხა, კარგად დაფიქრდით, თქვენს მეტყველებას დაუფიქრდით, თუ არ გვღებულობენ ამ ნატოში, ხალხს ნუ ატყუებთო... არაფერი უთქვამს მაშინ ევროკავშირზე. ამ ნათქვამმა მაშინ შემაშფოთა და დავფიქრდი. მიუხედავად იმისა, რომ კეთილგანწყობით მითხრა და არა აკრძალვით, მისი ეს პოზიცია მაინც დამაფიქრებელი იყო.
აშკარად ჩანს, რომ ივანიშვილი ცდილობდა ძალაუფლება შეენარჩუნებინა დემოკრატი ძალებით: მაგალითად, რესპუბლიკური პარტია, ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები. მან თავიდანვე შემოიკრიბა ლიბერალი ხალხი, ალასანია იყო თავდაცვის მინისტრი, მერე რაღაც მომენტში თინა ხიდაშელი ჩაენაცვლა, მე სულ ვიყავი ამ თანამდებობაზე, ბუკა პეტრიაშვილი იყო ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი. მან თავიდანვე შექმნა ანტურაჟი პროევრუპულობის, პროდასავლურობის. თუმცა ეს ჩვენი კოლაბორაცია დიდხანს ვერ გაგრძელდა, რადგან აღარ იყო ჩვენი პოლიტიკა და მიზნები თანხვედრაში. ასე ჩაგვანაცვლა ივანიშვილმა მოგვიანებით კობახიძეებით, მდინარაძეებით და სხვებით.
პრორუსული რეტორიკის მცირედი ნიშნები ყოველთვის იყოს, მაგალითად, როდესაც რუსეთი მავთულხლართებს ავლებდა და ჩვენ მკაცრი შეფასებით გამოვდიოდით (თუმცა ამაზეც კრიტიკას ვიღებდით ოპოზიციისგან, რადგან მეტს ითხოვდნენ ჩვენგან), ივანიშვილი ამბობდა, რომ ნუ რა მოხდა მერე, მავთულხლართებია, ამბობდა, ნუ ხმაურობთ, ხმაური საქმეს არ წაადგებაო. სულ მქონდა იმის განცდა, რომ ივანიშვილი მუდმივად ელოდა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს შეაჩერებდა, თითქოს ვიღაცას ელაპარაკებოდა იქით და რუსეთი ჰპირდებოდა, რომ ეს აღარ გამეორდებოდა. მას ჰქონდა განცდა, რომ რუსეთი ზომიერი უნდა ყოფილიყო საქართველოსთან მიმართებით, რადგან საქართველო კორექტულად იქცეოდა. ამიტომ, მას თითქოს უკვირდა ხოლმე, როდესაც „ბორდერიზაციის“ მორიგი შემთხვევა მოხდებოდა. ბიძინა ივანიშვილი არასოდეს ამბობდა, რომ მას ჰქონდა კონტაქტები მოსკოვთან, მაგრამ მას ჰქონდა მოლოდინები, რომ მოსკოვი უკეთესად მოიქცეოდა.
უფრო მკაფიო ნიშნები ანტიდასავლური და პრორუსული რეტორიკისა ჩანს უკრაინის ომის დაწყებისას, 2022 წელს, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ დემონსტრაციულად დაიწყო ანტიდასავლური პროპაგანდა. მანამდე იყო სიფრთხილე, ხოლო ომის დაწყების შემდეგ უკვე მკაფიო გახდა მათი პოზიცია, რუსული პოზიციების დაკავება აშკარად გამოჩნდა პროპაგანდაში, განცხადებებშიც და ქმედებებშიც.
2. თუ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას რეტროსპექტულად შევაფასებთ, სად ხედავთ ყველაზე მძიმე შეცდომებს? კარგი იქნება, თუ გაიხსენებთ კონკრეტულ ისტორიებს, დაკვირვებებს და გაგვიზიარებთ თქვენს დასაბუთებებს.
ჩემი აზრით, ყველაზე მძიმე, რაც ამ პერიოდში გააკეთეს, არის ლეგენდების და ტყუილების შეთხზვა, რომ თითქოს დასავლეთიდან ვიღაც აიძულებდათ ომში ჩართვას. ეს არის ცალსახა და ცხადი ტყუილი, რადგან დასავლეთს არ სჭირდება კავკასიაში ომი რუსეთთან, ეს იყო აბსურდული ბრალდება, თითქოს რუსეთს არ უნდა ომი, და დასავლეთი გვიბიძგებს, რომ ვიომოთ. რუსეთს რომ უნდოდეს ომი საქართველოსთან, ამის საფუძველს ის მარტივად იპოვის. რუსეთის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო საქართველო არ აიგივებდეს თავს უკრაინასთან და არ ამბობდეს, რომ ჩვენ უკრაინასთან ერთად რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ვართ. ამიტომ იყენებს ის იმ ნარატივს, რომ სააკაშვილი არის გიჟი, ზელენსკი ვიღაც ნარკომანი და ნაცისტი და ის, როგორც კეთილშობილების განსახიერება, იცავს აფხაზებს, ოსებს და დომბასელებს სააკაშვილების და ზელენსკებისგან.
თავის ბოლო გამოსვლაში, 29 აპრილს, ივანიშვილი საერთოდ ღრმად შეიჭრა და 2008 წლის ომი და უკრაინის ომი დასავლეთს დააბრალა, თითქოს გლობალური ომის პარტიამ დაგვაპირისპირა რუსეთს 2008 წელს და იგივე მოახერხეს უკრაინაშიც.
ეს ანტიდასავლური რეტორიკა გაგრძელდა ქმედებებში, საქართველომ არ დაუწესა სანქციები რუსეთს, აქედან ეკონომიკური მოგება იმდენად დიდი არაა, რამდენადაც პოლიტიკური ზარალია თვალშისაცემი. ცხადია, ჩემთვის სანქციების არდაწესებას უფრო პოლიტიკური ხასიათი აქვს, ვიდრე ეკონომიკური.
ოცნების მთავარი ამოცანაა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, რაც ძირითადად გამოიხატება საქართველოს მიერ დასავლურ დემოკრატიაზე უარის თქმაში.
საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, არ არის დსთ-ს წევრი, არც ევრაზიული კავშირის წევრი, საქართველოს არანაირი ინსტიტუციური თუ სამართლებრივი ვალდებულებები არ უკისრია რუსეთის წინაშე. ამიტომ, საქართველოს მიერ რუსეთის ინტერესების შესაბამი პოლიტიკური ნაბიჯები არის მხოლოდ ნებაყოფილობითი და საკუთარ ინიციატივაზე დაფუძნებული. სომხეთს, მაგალითად, აღებული აქვს ესეთი ვალდებულებები, რომელთა ნაწილსაც ის აღარ ასრულებს და შესაბამის გაკიცხვასაც ღებულობს რუსეთიდან და ბელორუსიიდან. მიუხედავად ასეთი ვალდებულებების არარსებობისა, საქართველოს ხელისუფლება მაინც ცდილობს ჩაეწეროს საერთო რუსულ კონტექსტში.
სრულიად გაუმართლებელია ის, რომ ქართული ოცნება თავს არიდებს თანმიმდევრული, სისტემური ნაბიჯების გადადგას ნატოსა და ევროკავშირისკენ. ნატოში გაწევრიანების პროცესი საერთოდ შეჩერებულია. ჩვენ შევაჩერეთ პროაქტიული პოლიტიკა ნატოს მიმართ და დავტოვეთ მხოლოდ რეაქტიული. ვიზალიბერალიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა გააგრძელეს, რადგან სჭირდებოდათ, იმიტომ, მოქალაქეებს უშუალოდ შეხება ქონოდათ ევრაკავშირის სიკეთეებზე და ამავე დროს მოქალაქეთა დიდ ნაწილს სურდა დაეტოვებინა საქართველო ლეგიტიმური გზით. გახსოვთ ალბათ, ივანიშვილი პრინციპულად შეპირდა ქართულ საზოგადოებას, რომ ქართული ოცნების მთავრობა ხელს შეუწყობდა დაინტერესებულ მოქალაქეებს ადვილად შეძლებოდათ წასულიყვნენ სამუშაოდ უცხოეთში. არ გამოვრიცხავ, რომ ქართულ ოცნებაზე ყველაზე დიდი დარტყმა ევროკავშირის მხრიდან იქნება, თუ 6 თვით შეაჩეროს უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე დღემდე მიკვირს, ქართულმა ოცნებამ რატომ შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში, 78-ე მუხლის სახით, ნატო-ევროკავშირის შესახებ. ეს დაიწყო 2016 წელს, როცა ვიყავით კოალიციაში და ჩვენ რომ წამოვედით, მერე შეიტანეს ეს ცვლილებები კონსტიტუციაში. დღემდე ვერ ჩამოვყალიბებულვარ, რატომ გააკეთეს ეს. ეს იყო სწორი ნაბიჯი და ყოჩაღ, რომ გააკეთეს, მაგრამ ახლა, დარწმუნებული ვარ, რომ ნანობენ. ეხლა გაუხარდებათ, თუ მოახერხებენ და უკან წაიღებენ კანდიდატობის სტატუსს, თუ არ დაიწყებენ მოლაპარაკებებს წევრობაზე.
3. როგორ აღწერდით ქართული ოცნების ხელისუფლების ურთიერთობის დინამიკას რუსეთთან. როგორ იქცა რუსეთთან არგაღიზიანების და ნორმალიზების პოლიტიკა რუსეთის მიმართ ღია ლოიალობის პოლიტიკად?
ქართული ოცნების ურთიერთობა რუსეთთან თავიდანვე გაცხადებულად ფრთხილი პოლიტიკა იყო, რასაც პირადად მეც ვიზიარებდი და ვემხრობოდი. მე დღემდე მიმაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ძალიან უხეში, ხისტი პოლიტიკა რუსეთთან, და ჩვენ არაფერში გვჭირდებოდა აგრესიული ტონი, არაფერში გამოგვადგებოდა და უნდა შეგვერბილებინა რეტორიკა. ფრთხილი პოლიტიკის თანაავტორი მეც ვიყავი, მაგრამ ეს ფრთხილი პოლიტიკა გადაიქცა ურთიერთობების გაუმჯობესების პოლიტიკად, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო. ფრთხილი პოლიტიკა ნიშნავს, რომ არ გამოვიწვიოთ დარტყმა ოკუპანტი სახელმწიფოსგან, მაგრამ სახელმწიფოს, რომელსაც ჩვენს ტერიტორიაზე ჯარები უყენია, აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, და ასე შემდეგ. მასთან არ შეიძლება გამოვასწოროთ ურთიერთობა, ვიდრე ოკუპაცია არ დასრულდება.
სიფრთხილიდან გაუმჯობესებისკენ წასული პოლიტიკა იყო ჩემთვის წითელი ხაზი, და ეს პროცესი დაიწყო 2016 წელს, როცა ქართულ ოცნებას ჩამოშორდა დემოკრატიული ძალები და კოალიცია დაიშალა, რაც იმიტომ მოხდა, რომ ივანიშვილმა ვერ მოგვათვინიერა. ჩემი ღრმა რწმენით, მას ეგონა, რომ ჩვენ გავხდებოდით ის, რაც გახდნენ, მაგალითად, კობახიძე, მდინარეძე, ოხანაშვილი და სხვები. სწორედ ამიტომ, სანამ ჩვენ ვიყავით კოალიციაში, მას არ გამოუვიდოდა რუსეთთან დაახლოება. ჩვენი ჩართულობით მომზადდა, მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონი, უზენაესი სასამართლოს რეფორმაშიც ვმონაწილეობდით რესპუბლიკური პარტია, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაშიც და ასე შემდეგ. ცხადია, ყველაფერი იდეალურად არ იყო, მაგრამ ჩვენ გვქონდა ხელი პულსზე. კრიტიკულ სიტუაციებში ჩვენს სიტყვას ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს დღევანდელი გადმოსახედიდან, ივანიშვილი, როგორც წესი, რეფორმების მომხრე უფრო იყო ვიდრე წინააღმდეგ. შეიძლება სწორედ აქ ჩანდეს მისი ფარისევლური პოლიტიკის გატარების მცდელობაც. ფაქტია, რომ კოალიციის დაშლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ჩვენ ვერ მივცემდით იმ გარანტიებს, რასაც, მაგალითად, კობახიძის გუნდი აძლევს დღეს. ამიტომ, მიხვდა, რომ ჩვენში აღარ იყო ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიები და შავბნელ ძალებს უფრო მეტად შეეკრა. მანდ დაიწყო ხელისუფლების შენარჩუნებისთვის სხვა საყრდენების ძიება. ამიტომ, 2016 წლამდე არ ჩანს მკვეთრად რუსეთისკენ შემობრუნების პოლიტიკა. 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის კანდიდატურის დაყენებაც ასევე პროევროპული ნაბიჯი იყო, რადგან ზურაბიშვილი იყო პროევროპელი კანდიდატი, ქართულ ოცნებას შეეძლო უფრო პრორუსის დაყენება. თუმცა, ჩემი აზრით, მეორე ტურამდე როცა მივიდა საქმე, მან იგრძნო ამომრჩევლის უარყოფითი განწყობა ქართული ოცნების მიმართ. ივანიშვილი არ ელოდა, რომ ზურაბიშვილი ანუ ქართული ოცნება პირველ ტურში ასეთ სავალალო შედეგებს დადებდა. რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი ზურაბიშვილს დააბრალეს, მაგრამ უკვე იგრძნო ხალხის სუნთქვა, ქართველი ხალხი დაიღალა ოცნებისგან. მეორე ტურმა აჩვენა ივანიშვილს, რომ მისი უსაფრთხოება და ძალაუფლებაში ყოფნის გარანტიები არ იყო შეუქცევადი და მდგრადი. ვფიქრობ აქედან იწყება დაახლოება რუსეთთან. მე ასე შევაფასებდი ამ სიტუაციას. ივანიშვილმა ამჯერად უკვე ის ხალხი შემოიკრიბა, ვინც მისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ ნაბიჯს გადადგამდა. ეს გუნდი არ იყო დემოკრატიის დამცველი და მე მგონია, რომ რუსეთიდანაც წამოვიდა მხარდამჭერი მესიჯები. შემდეგ გაძლიერდნენ კონსერვატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტელევიზიები „ობიექტივი“ და „ალტინფო“, აშკარად იგრძნობოდა პრორუსული იდეების და ნარატივების გამყარება საქართველოში, რუსეთმა მასირებული შეტევა დაიწყო პრურუსული და ანტიდასავლური პროპაგანდით, და ამ ფონზე ივანიშვილიც მკაფიოდ პრორუსი გახდა.
4. დღეს რა შანსები აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით (მათ შორის, შეცვლილი რეგიონალური კონტექსტის გათვალისწინებით) და რა შანსებს არ იყენებს ქართული ოცნების მთავრობა, თქვენი აზრით?
ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ შეუძლია პოლიტიკის რადიკალურად შეცვლა იმისათვის, რომ დღეს არსებული შანსები გამოიყენოს, რაც ჯერ კიდევ არსებობს მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ჩემი აზრით, მან რუსეთს უნდა მოსთხოვოს ჯარების გაყვანა და 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება, უნდა დაიწყოს ინტენსიური მუშაობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად, უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობები თურქეთთან, რომელიც არის ნატოს წევრი ქვეყანა, და ოცნებას შეუძლია თურქეთი გამოიყენოს უსაფრთხოების და თავდაცვის მიზნებისთვის. ჩვენ არჩევანი გვაქვს ოკუპანტ რუსეთს და კეთილმეზობლურად განწყობილ, ნატოს წევრ თურქეთს შორის. ეს არ არის იდეალური არჩევანი, მაგრამ ასე ჯობს, იმ ფონზე, როცა ნატოში გაწევრიანების შანსები დაბალია ამ ეტაპზე. ღიად უნდა განვაცხადოთ, რომ ნატო გვჭირდება უსაფრთხოებისთვის, რუსეთის ექსპანსიისგან თავის დასაცავად, ხოლო ევროკავშირი გვჭირდება სამოქალაქო ღირებულებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასამართად. ეს არის გასაკეთებელი, მაგრამ ოცნება, ამას, ცხადია, რომ არ გააკეთებს.
ამიტომ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ახლა შეუძლიათ, ის არის, რომ დროულად და უსისხლოდ დათმონ ძალაუფლება.
ინსტრუქცია