საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოში რესტიტუციასთან დაკავშირებული პოლიტიკა დისკრიმინაციულია. 90-იანი წლების შემდეგ არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციები კვლავ ვერ ახერხებენ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული ქონების დაბრუნებასა და დაცვას. ეს პროცესი სახელმწიფომ მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით მოაწესრიგა და მას, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და სარგებლობის მიზნით, ყველა სამართლებრივი და პრაქტიკული გარანტია შეუქმნა. მეტიც, ეკლესიის მიმართ რესტიტუციის პროცესმა პრეფერენცირების და ჭარბი ლოიალობის ფორმა მიიღო და მის ხელში დიდი რაოდენობით ქონებრივი და ფინანსური რესურსების თავმოყრა განაპირობა. ამ პირობებში კი, არადომინანტური რელიგიური ჯგუფები თავიანთი ისტორიული და ფაქტობრივად მოქმედი შენობა-ნაგებობის საკუთრებაში რეგისტრაციასაც კი ვერ ახერხებენ, რომ აღარაფერი ითქვას, უფუნქციოდ დარჩენილ და სადავოდ გამხდარ ისტორიულ საკულტო შენობებზე, რომლებიც განადგურების და დაზიანების პირასაა. ცხადია, რომ ამგვარი მიდგომები დისკრიმინაციულია და რელიგიური უმცირესობების ისტორიისა და ინტერესების სუსტ აღიარებაზე მეტყველებს. ეს მოცემულობა დღის წესრიგში აქტიურად აყენებს რესტიტუციის სამართლიანი და თანასწორი პოლიტიკის შემუშავების და მისი საკანომდებლო რეგულირების აუცილებლობას.
წინამდებარე კვლევის მიზანია რესტიტუციასთან დაკავშირებული რელევანტური საერთაშორისო სტანდარტებისა და მსგავსი კონტექსტის მქონე ქვეყნების გამოცდილებების შესწავლა და მათ შუქზე ადგილობრივი პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაანალიზება. ეროვნულ სისტემებში რესტიტუციის საკითხის სხვადასხვაგვარი გადაწყვეტის მიუხედავად, წინამდებარე დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს იმ საერთო ძირეულ პრინციპებსა და მიგდომებზე, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის რესტიტუციის კანონმდებლობა ეყრდნობა.
შესწავლისთვის გამოყენებულია შემდეგი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები: სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების და მეორადი წყაროების ანალიზი; სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივ სისტემებში რესტიტუციის პრაქტიკის და ამ კუთხით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება. რესტიტუციის კანონმდებლობის შესახებ მეორადი წყაროების სახით კვლევის ფარგლებში დამუშავდა რელევანტური ანალიტიკური ტექსტები და პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც ერთი მხრივ, აღწერს რესტიტუციის კანონმდებლობის მიღებამდე არსებულ პოლიტიკურ გარემოს და წინაპირობებს, მეორე მხრივ, კი მიმოიხილავს არგუმენტებს რესტიტუციის შესახებ კანონმდებლობის მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე.
ამ თავის პირველი ნაწილი კრიტიკულად შეაფასებს რესტიტუციასთან დაკავშირებით არსებულ ქართულ კანონმდებლობას და რესტიტუციის საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მეორე ნაწილი კი, მიმოიხილავს საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობების ძირითად მახასიათებლებს და საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენას შეეცდება.
საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენის მიზნით, არჩევანი გაკეთდა რამდენიმე ქვეყანაზე, რომლებიც რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების სხვადასხვა მოდელს წარმოადგენენ და შესაბამისად, რესტიტუციის კანონმდებლობის შემუშავების განსხვავებული კონტექსტის ფონზე საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევენ. რუმინეთი და პოლონეთი ის ქვეყნებია, სადაც რელიგიის საჯარო და სოციალური როლი ყველაზე მეტად არის აღიარებული. ჩეხეთი ამ სპექტრუმის მეორე მხარეს, სახელმწიფოსა და რელიგიის მკაცრი გამიჯვნის მაგალითია. უნგრეთი კი, რელიგიის საჯარო როლის აღიარების კუთხით, საშუალო ადგილს იკავებს.[1] მოცემული კვლევა შეზღუდულია, ის არ შეეხება განხილულ ქვეყნებში ნაცისტური გერმანიის მმართველობის დროს ჩამორთმეული ქონების რესტიტუციას და მხოლოდ იმ რესტიტუციის კანონმდებლობებით შემოიფარგლება, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული რელიგიური დანიშნულების ქონების/რელიგიური ჯგუფების საკუთრების დაბრუნებას ისახავს მიზნად. კვლევა ასევე არ ეხება საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეულ ქონებაზე ინდივიდუალურ მოთხოვნებს.
[1] Zrinščak, Siniša. “Church, State and Society in Post-Communist Europe” In Religion and the State: A Comparative Sociology, edited by Jack Barbalet, Adam Possamai, and Bryan Turner, Anthem Press, 2011: 175-176.
ინსტრუქცია