[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების სტატისტიკა

122014 წლის 7 ივლისს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას და გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების თაობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების შედეგები არაეფექტურია, კერძოდ:

2013 წელს რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებზე გამოძიების დაწყების სტატისტიკური მონაცემები

გამოძიება დაიწყო 6 საქმეზე, ხოლო 3 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა (ბრალდებულად ცნობა). ერთ საქმეზე შეწყდა გამოძიება.

2014 წელს რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების სტატისტიკური მონაცემები

გამოძიება დაიწყო 7 საქმეზე, რომელთაგან 3 შემთხვევაზე გამოძიება შეწყდა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა (ბრალდებულად ცნობა) დაიწყო 3 პირის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ დევნის შეწყვეტის საფუძვლად, ძირითად შემთხვევაში, მითითებულია პროკურორის მიერ თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე ბრალდებაზე უარის თქმა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ‘’ი’’ ქვეპუნქტი).

აღსანიშნავია, რომ EMC-მ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოდანაც, იმის შესახებ თუ როგორ ხდება სსკ-ის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილით გათვალისიწნებული რელიგიური ნიშნის, როგორც სასჯელის დამამძიმებელი გარემოების გამოყენება პრაქტიკაში. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, მსგავსი ნიშნით არ ეწევიან მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებას და შესაბამისად, მათთვის უცნობია რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკა.

აღნიშნული სტატიტიკური მონაცემები მიუთითებს სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ხელისუფლების არაადეკვატურ პოლიტიკაზე. რეალობის გათვალისწინებით, სტატისტიკური მონაცემების შეუსაბამობისა და ხელისუფლების არაეფექტური რეაგირების მხოლოდ იეჰოვას მოწმეთა მიმართ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების ანალიზიც აჩვენებს.

2013 წლის განმავლობაში, იეჰოვას მოწმეთა მიმართ 45 ძალადობრივი შემთხვევა დაფიქსირდა. 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, იანვარი-მარტის პერიოდში იეჰოვას მოწმეთა მიმართ გამოვლინდა ძალადობის 25 შემთხვევა. 20 შემთხვევა გამოიხატა რელიგიური მსახურებისათვის ხელის შეშლაში, აქედან 9 ფიზიკური ძალადობით, ხოლო 11 რელიგიური გრძნობის სიტყვიერი შეურაცხყოფით.

იმის გათვალისწინებით, რომ რელიგიური ნიშნით მოტივირებული დანაშაულების დიდი ნაწილისთვის (სსკ-ის 142-ე, 155-ე, 156-ე, 166-ე მუხლები) სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალსწინებული, გამოძიების ხანდაზმულობის ვადაც ამ კატეგორიის საქმეებზე 2 წელია. შესაბამისად, არაეფექტური გამოძიების პრიობებში, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ უახლოეს მოავალაში დაწყებული გამოძიება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყდეს.

დაზარალებული პირების განმარტებით, მსგავს საქმეებზე პოლიცია ქმედების სუბიექტის მიმართ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება, რაც როგორც ბოლო პერიოდში რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ძალადობის მასშტაბი აჩვენებს, ეფექტურ და ადეკვატურ სამართლებრივ საშუალებას არ წარმოადგენს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“