[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

რატომ მიდის ყიფშიძის საქმე სასამართლოში?

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ არ დაკმაყოფილდა მოსახლეობის საჩივარი ყიფშიძის N1-ში დაგეგმილი სადაო მშენებლობის შეჩერებასთან და მისი ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოში გაასაჩივრებს. სასამართლოს გზითვე, ხელახლა იქნება მოთხოვნილი მშენებლობის დაუყოვნებელი შეჩერებაც, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისში, ყიფშიძის N1-ში 25, 19 და 16 სართულიანი სამი ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენმა ორგანიზაციამ მისი ნებართვის გასაჩივრება „გუმბათი ჰოლდინგი+“ მიერ ამ ნებართვის მოპოვებიდან რამდენიმე კვირაში გადაწყვიტა, რამდენადაც ეს მშენებლობა თბილისის მერიის არასამართლიანი, კერძო და არა საჯარო ინტერესით ნაკარნახევი პოლიტიკის მანკიერი პრაქტიკის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად მიგვაჩნია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვრცელდება 2019 წლის მთავრობის გადაწყვეტილება სამშენებლო საკანონმდებლო მოთხოვნების მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან აქ 2007-8 წლებში შეჩერებული მშენებლობების განახლების გეგმა ხორციელდება. გარდა იმისა, რომ 2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დეველოპერთათვის შემუშავებული ჭარბი შეღავათები და დერეგულირების ეს წერტილოვანი გადაწყვეტილებები პრობლემურია ურბანული სოციოლოგიის თვალსაზრისით, მან ასევე გამოააშკარავა თბილისის არქიტექტურის სამსახურს არამართლზომიერი ქმედებებიც, რამდენადაც ამ ორგანომ, ნაცვლად იმისა, რომ დერეგულირების პირობებში, შენარჩუნებული საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრად შესრულება უზრუნველეყო, უგულებელყო ყველა არსებული საკანონმდებლო მოთხოვნაც.

ადგილობრივი მოსახლეობის საჩივარში დაყენებული იყო 8 პრეტენზია, საიდანაც ქ. თბილისის მერიამ მხოლოდ 1 პრეტენზიაზე იმსჯელა და ისიც არასწორად. იხილეთ ყველა ის მიზეზი, რის გამოც მერიის გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელი და გაუგებარია, და სასამართლოში საჩივრდება:

ქალაქდაგეგმარება და სატრანსპორტო რეგულირება:

  1. არასწორი ქალაქდაგეგმარება - არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების თანახმად, ქალაქთმშენებლობითი გეგმა ისე უნდა იქნეს შემუშავებული და განხორციელებული, რომ ხელი შეუწყოს დასახლების მდგრად განვითარებას, საზოგადოების კეთილდღეობას, სოციალურად სამართლიან მიწათსარგებლობას, ღირსეული და უსაფრთხო გარემოს შექმნასა და განვითარებას, არქიტექტურული, ქალაქთმშენებლობითი და ლანდშაფტური სახის ესთეტიკური ხარისხის შენარჩუნებასა და ამაღლებას. ჩვენ მიერ საჩივარში ნათლად იქნა მითითებული, რომ აღნიშნული მშენებლობა არ არის მიმართული, არც დასახლების განვითარებისკენ, არც უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ და არც ესთეტიკური ხარისხის შენარჩუნებისკენ. მშენებლობა მიმართულია ყველა ამ ფუნდამენტალური უფლებების გაუარესებისა და შეზღუდვისკენ. მიუხედავად დასაბუთებული პოზიციის წარდგენისა, გადაწყვეტილებაში მერიამ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობას თავი აარიდა.
  2. სატრანსპორტო რეგულირების სქემა - საქართველოს კანონმდებლობა ნებართვის მიმღებს ავალდებულებს მაღალსართულიანი კორპუსების განთავსების შესაბამისი სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენას რათა ნებართვის გამცემმა საჯარო ინტერესის შეფასება შეძლოს და იმსჯელოს უბნის სატრანსპორტო გადატვირთულობის შესახებ. თბილისის მერიამ აარიდა თავი ამ საკითზე მსჯელობასაც, ჩვენი მითითების მიუხედავად, რომ მშენებელ კომპანიას ეს გეგმა წარმოდგენილი არ ჰქონია, და რომ საპროექტო დოკუმენტაცია მხოლოდ მშენებლობის მიმდინარეობისას საჭირო სატრანსპორტო რეგულირების დროებით სქემას გულისხმობდა.
  3. საგანგებო მდგომარეობების დროს სათანადო რეაგირება - სივრცის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ემყარება მდგრადი განვითარების პრინციპებს. მიუხედავათ, იმისა, რომ ჩვენ საჩივარში ნათლად უთითებდით, რომ შენობის განლაგებითა და უბნის საგზაო მოძრაობის გადატვირთულობის გამო, შეუძლებელი იქნება სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფების მიერ სწრაფი რეაგირების განხორციელება, ქ. თბილისის მერიამ ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზეც საერთოდ არ იმსჯელა;

ხარვეზული საექსპერტო დასკვნები:

  1. გეოლოგიური ექსპერტიზა და გავლენა მომიჯნავე კორპუსებზე - ჩვენი ორგანიზაციის საჩივარში ხაზი ესმებოდა „გუმბათი ჰოლდინიგი+“-ის მხრიდან ხარვეზული საექსპერტო დასკვნების არსებობას გეოლოგიის და მომიჯნავე კორპუსებზე ზეგავლენის საკითხებზე. ჩვენ თბილისის მერიას მივუთითებდით ამ ორი კვლევის არასათანადოობაზე. სარჩელს ასევე თან ერთვოდა მოსახლეობის სახსრებით მომზადებული ინსოლაციის საექსპერტო დასკვნაც, რომელიც ადასტურებდა ახალი მშენებლობის უკიდურესად უარყოფით გავლენას მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსების დაჩრდილვის კუთხით. ჩვენი საჩივრის ამგვარი შინაარსი წარმოშობდა მერიის ვალდებულებას, რომ შეესწავლა სადაო დოკუმენტი, თუმცა მერიამ საერთოდ არ დააფიქსირა აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მას სადაო დოკუმენტი არ გამოუკვლევია.
  2. ასევე, ნებართვის გაცემისას არ მომხდარა მომიჯნავე შენობების მდგომარეობის და მათზე მშენებლობის ზეგავლენის გამოკვლევა, რაც ასევე აუცილებლად უნდა გამხდარიყო მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის საფუძველი.

საკანონმდებლო მოთხოვნების თანახმად, ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობის კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება. თუ ასაშენებელი ობიექტის მიმდებარედ არსებობს ავარიული საცხოვრებელი კორპუსი, საექსპერტო შეფასება უნდა მოიცავდეს აგრეთვე ავარიულ კორპუსზე მშენებლობის ზეგავლენის შეფასებასაც. მიუხედავათ იმისა, რომ მომიჯნავედ არაერთი ავარიული სახლია, ნებართვის გაცემისას აღნიშნული გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა. ასევე შეფასებული არ ყოფილა მშენებლობის გავლენა აღნიშნულ ავარიულ შენობებზე. მიუხედავად საჩივარში შესული მკაფიო მითითებისა ამ ფაქტებზე, თბილისის მერიამ, აქაც არასავალდებულოდ მიიჩნია ამ საკითხზე მსჯელობა.

მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში:

  1. ნებართვის გაცემის ეტაპზე დაინტერესებულ მხარეებს არ მიეცათ საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის ეტაპზე მონაწილეობის შესაძლებლობა. საკანონმდებლო მოთხოვნების თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.“ მიუხედავად საკანონმდებლო მოთხოვნისა, არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირებისა და ჩართვის გარეშე მიიღო. მიუხედავად საჩივარში აღნიშნულზე მითითებისა, ეს საკითხიც მსჯელობის გარეშე არის დატოვებული მერიის უარყოფით პასუხში ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის:

  1. ჩვენი ორგანიზაცია საჩივარში მივუთითებდით არქიტექტურის სამსახურის პასუხისმგებლობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოს მხრიდან ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტის ზრდის მიუხედავად, ამ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა ვალდებულება დაეცვა ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესების დაკმაყოფილებას შორის და არ დაეშვა სიმაღლის მაქსიმალური ათვისება სართულიანობის მომატებით ყიფშიძის უბნის აღნიშნულ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ თბილისის მერიამ საერთოდ არ იმსჯელა არქიტექტურის სამსახურის პასუხისმგებლობასა და ვალდებულებაზე დაეცვა ამ უბნის სოციალურ-ურბანული ინფრასტუქტურით მოსარგებლეთა და მაცხოვრებელთა ინტერესი.

დაბოლოს, მერიამ არასწორად და მიკერძოვებულად იმსჯელა ინსოლაცის გამოყენების ნორმების საკითხზე.

მოსახლეობამ საკუთარი სარჩელი ინსოლაციის შესახებ საექსპერტო დასკვნითაც დაასაბუთა, რომელიც ადასტურებდა, რომ სამი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მკვეთრად დაჩრდილავდა საცხოვრისებს მიმდებარე ნაგებობებში.

ინსოლაციის შესახებ მსჯელობის თავიდან არიდებისთვის მერიამ არასწორად მოიშველია 2007 წელს (როდესაც ერთ-ერთი სხვა მშენებლობის ნებართვა იყო გაცემული ყიფშიძის ამ ტერიტორიაზე) მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნები.

ყიფშიძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვაზე განცხადება შეტანილ იქნა 2006 წელს, ხოლო სამშენებლო ნებართვა გაიცა 2007 წელს. მოცემულ პერიოდში, მოქმედებდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 21 სექტემბრის ბრძანება N59 „ბუნებრივი განათებულობა და ინსოლაცია, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესახებ“ (ის გაუქმდა 2008 წლის ივლისში, ნებართვის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ). მერიამ გადაწყვეტილების მიღებისას მიუთითა და გამოიყენა 2006-2007 წელს მოქმედ ყველა კანონმდებლობა, გარდა N59 ბრძანებისა. თუმცა მერიამ გადაწყვეტილებაში სათანადოდ საერთოდ არ ახსნა და დაასაბუთა, თუ რატომ იმსჯელა მერიამ 2007-8 წლის პერიოდის რეგულაციებზე 2021 წლის ნებართვის შესახებ მსჯელობისას, და თუ იმსჯელა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული „ბუნებრივი განათებულობა და ინსოლაცია, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესახებ“ N 59 ბრძანება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის გადაწაყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია და თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“