საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი, რა თქმა უნდა, არის სისტემური ხასიათის ჩავარდნა და არა ინდივიდუალური გადაცდომა, რომელიც თავისი ხარისხით და ბუნებით პრობლემის სისტემურობას ვერ აჩვენებს.
როდესაც სისტემური ხასიათის ჩავარდნა (შეცდომა, გადაცდომა, დანაშაული) ხდება, ეს ლეგიტიმაციას უკარგავს არა ერთეულ თანამშრომლებს, არამედ მთელ უწყებას. ლოგიკურია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დგება მაშინ, როცა მხოლოდ ერთეულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის, საკმარისი აღარ არის ინსტიტუტისთვის ლეგიტიმაციის დასაბრუნებლად.
მართლმსაჯულების გამართულ სისტემაშიც კი, სადაც სასამართლო, პროკურატურა, გენერალური ინსპექციები, ობიექტურად და მიუკერძოებლად მუშაობენ, მათ მიერ მიღებული ზომები ინსტიტუტის რე-ლეგიტიმაციისთვის საკმარისი აღარ არის. ანუ საზოგადოება არ ჯერდება მხოლოდ ერთეულების სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ხალხი მით უფრო ხისტი და სკეპტიკურია მაშინ, როცა ეს სისტემები პრაქტიკულად არ მუშაობს და საზოგადოების მეხსიერებაში სამართლიანი რეაგირების ფაქტები დალექილი არ არის.
პასუხისმგებლობას ძლიერი მორალური და ინსტიტუციური მხარე აქვს. მორალური თვალსაზრისით, პასუხისმგებლობის აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაზარალებულების მისამართით, გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია თავად მომხდარზე მძიმე ტვირთის მატარებელი მხარისთვისაც. პასუხისმგებლობის აღებით, სამართლიანობის ნიშნების ჩვენებით, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება შესაძლებელი ხდება.
თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობის ინსტიტუციური მხარე. უწყების ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, მათ შორის, ნიშნავს შანსს ამ ინსტიტუტისთვის, რომ ახლიდან შეიძინოს ლეგიტიმაცია, ახლიდან შევიდეს საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ამდენად, როცა ვითხოვთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მათ შორის, ვგულისხმობთ იმასაც, რომ არსებითი განახლების გარეშე, საპოლიციო სისტემას გაუჭირდება მოქალაქეებთან ნდობის თავიდან მოპოვება.
ჩავარდნის სისტემურობა გადაცდომების რაოდენობით ვერ გამოითვლება. არ არსებობს ფორმულა, რომელიც ზუსტად იტყვის რა შემთხვევაში, რა რაოდენობის და რა ხასიათის გადაცდომები შეიძლება აჩვენებდეს პრობლემის სისტემურობას. ფაქტია და ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს შეფასება კონკრეტულ საზოგადოებაში, კონკრეტულ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში კეთდება.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის სისტემურობის შეფასების უნივერსალური საზომი არ არსებობს, უდავოა, რომ უახლოეს წარსულში აქციების დაშლის ტრაგიკული გამოცდილებები და საზოგადოების მძიმე მეხსიერება, ამ ქვეყანაში იყო და იქნება ფაქტორი, რომელიც საპოლიციო ძალის არაპროპორციულობის შემთხვევაში, დელეგიტიმაციის უპირობო საფუძველს შექმნის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ანტისაოკუპაციო აქციის კონტექსტში ხდება.
20 ივნისის მოვლენებზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, აქ არ სრულდება. მომხდარის სამართლიანი შეფასება გაცილებით ვრცელია, მითუმეტეს, რომ ამ მოვლენების შედეგად დაზარალებულია აქციის ათეულობით მშვიდობიანი მონაწილე, ისევე როგორც არაერთი პოლიციელი. ამ მოვლენებში ყველა ჯგუფის მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დანახვა და მათზე რეაგირება აუცილებელი ამოცანაა. ისევე როგორც საჭიროა ვიფიქროთ კრიზისის მიზეზებზე, კრიტიკულად შევხედოთ რატომ ვერ მოხდა 20 ივნისის ღამეს სამთავრობო კაბინეტის, პარლამენტის და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან პოლიტიკური რესურსების და მექანიზმების გამოყენება მძიმე მოვლენების თავიდან ასაცილებლად, რატომ არ ეყო არავის კეთილგონიერება და არ აღმოაჩნდა გამბედაობა სიტუაციის განმუხტვის ტვირთი საკუთარ თავზე აეღო და კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა. ამ კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოთხოვნა საზოგადოების ღირსების, კეთილგონიერების და სიფხიზლის საქმეა.
ინსტრუქცია