[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / თარგმანი

რა არის “სამართლიანი ტრანზიცია” რაფაელ ჰეფრონი და დარენ მაკკოლი

ნინო ხელაია 

პროექტის „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომლის მიზანია შეისწავლოს და გააანალიზოს ბუნებრივი რესურსების თუ წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხები, გთავაზობთ თარგმანების სერიას. იმისთვის, რომ თარგმაების მნიშვნელობა და მათი კავშირი ქართულ რეალობასთან უფრო ცხადი გამხდარიყო, პროექტში ჩართულმა მკვლევარებმა მოამზადეს თარგმანების სინთეზური შესავლები. 
 
გთავაზობთ რაფაელ ჰეფრონის და დარენ მაკკოლის სტატიას "რა არის „სამართლიანი ტრანზიცია?". სტატიისთვის სინთეზური შესავალი მოამზადა ნინო ხელაიამ.
 

 

 

სინთეზური შესავალი

სამართლიანობის ირგვლივ არსებულ ინტერდისციპლინურ ლიტერატურაში “სამართლიანი ტრანზიციის” ცნება შედარებით ახალი, მაგრამ სულ უფრო აქტიურად გამოყენებული კონცეფციაა. “სამართლიანი ტრანზიცია” გულისხმობს ნორმატიულ იდეას, რომ მსოფლიო  ეკონომიკური წარმოების არსებული წესისა და ცხოვრების სტილიდან უნდა გადავიდეს დაბალი ნახშირბადის (ე.წ. “low-carbon”) მოხმარებაზე, ანუ დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე, ხოლო ეს პროცესი აუცილებლად უნდა განხორციელდეს სამართლიანობისა და თანასწორობის იდეებზე დაფუძნებით. კლიმატის ცვლილების ეპოქაში კი, სამართლიანობის მნიშვნელობის გაგება საჭიროებს იმ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, თუ რა არის სამართლიანობა, რა ტიპის ტრანზიცია გვჭირდება, ვისი ინტერესები უნდა გატარდეს და რა საშუალებებით.

“რა არის სამართლიანი ტრანზიცია” (2018) - ამ ტექსტის ავტორები, რაფაელ ჰეფრონი და დარენ მაკკოლი სწორედ იმ თეორიულ დისკუსიაში შედიან, თუ როგორ შეიძლება განვმარტოთ სამართლიანი ტრანზიციის იდეა ისე, რომ ტერმინმა ცვლილებისკენ სწრაფვის შინაგანი პოტენციალი არ დაკარგოს.

საკუთარი კრიტიკის სამიზნედ ავტორები იმ სამეცნიერო საზოგადოებას მიიჩნევენ, რომელმაც მათი აზრით, სამართლიან ტრანზიციაზე საუბარი ფრაგმენტებად დაყო და “სამართლიანობისა” თუ “ტრანზიციის” განსხვავებული იდეები და ხედვები შემოგვთავაზა. დისკუსიის ფრაგმენტაციამ კი საბოლოო ჯამში ფართო საზოგადოებისთვის გაართულა სამართლიანი ტრანზიციის არსის გაგება და მიმღებლობა. ცნების მიმართ განსხვავებული ხედვების არსებობა განსაკუთრებულ პრობლემად შეიძლება მივიჩნიოთ იმ მიზეზით, რომ კონცეფცია, რომელიც თავის დროზე ამერიკის შრომით მოძრაობებში დაიბადა სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის დღის წესრიგიდან და შემდგომ, გარემოსდაცვითი სამართლიანობის თუ საერთაშორისო პროფესიული კავშირების ლექსიკაშიც დამკვიდრდა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს პოლიტიკურ მობილიზაციას და შედეგად პოლიტიკური ცვლილების განხორციელებას. “სამართლიანი ტრანზიციის” კონცეფციის ირგლივ წარმოებულ დებატებში ივარაუდება, რომ ამ იდეით წარმართულმა კოლექტიურმა მობილიზაციამ საზოგადოებაში იმედის ნაპერწკალი უნდა გააჩინოს და სათავე დაუდოს ხელშესახები ალტერნატივების მოძიებას. ხოლო სამართლიანობის ცნების ერთიანი გაგების გარეშე, ამ ცნებას მობილიზაციის პოტენციალი დაეკარგება და შესაბამისად, პოლიტიკური წარმატების შესაძლებლობა ნაკლები ექნება, ან შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს.

ტექსტის ავტორთა კრიტიკის მთავარი არსი, მეთოდურად შესაძლოა გავიგოთ როგორც თეზისი, რომ პოლიტიკური ცვლილების განხორციელებისათვის, ცვლილების წარმმართველი ცნებებისა და იდეების ერთიანი (და არა ფრაგმენტული) გაგებაა საჭირო.

“სამართლანი ტრანზიციის” კონცეფციის შემთხვევაში, ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან, პროცესში ჩართულ დაინტერესებულ აქტორებს, სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ კერძო სექტორს, როგორც წესი, განსხვავებული წარმოდგენები აქვთ იმაზე, თუ როგორ, ვის მიერ და რანაირად უნდა განხორციელდეს ტრანზიცია. მთავარი კითხვა კი რეალურად ის გახლავთ, თუ სინამდვილეში როგორი ტრანზიცია განხორციელდება იმ პირობებში, როდესაც კლიმატის ცვლილება შეუქცევად პროცესად არის ქცეული: იქნება ეს ზემოდან ქვემოთ განხორციელებული ელიტური და ტექნოკრატიული ტრანზიცია თავისი რთული ტექნიკური ნეოლიბერალური პოლიტიკებით (რომლის კონტრ-რეაქციადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ საფრანგეთის “ყვითელი ჟილეტების” მოძრაობა), საბაზრო ძალების მიერ მართული ტრანზიცია (რომელიც მაგალითად, ნახშირბადის ბაზრებს შექმნის და დააწესებს გარკვეულ საბაზრო სტიმულებს, ფასის სიგნალებისა თუ გადასახადების სახით), თუ სამართლიანი ტრანზიცია, რომელიც სოციალური სამართლიანობის იდეით, ტრანზიციის პროცესში გაითვალისწინებს და ჩართავს მშრომელებს, პროფკავშირებს და ასე შეიმუშავებს ალტერნატიულ პოლიტიკებს. ეს ყველაფერი, საბოლოოდ დაიყვანება პოლიტიკური ეკონომიკის კლასიკურ შეკითხვამდე “თუ ვინ მოიგებს, ვინ წააგებს, როგორ და რატომ” (Newell & Mulvaney, 2013 p.133).

ყველაფერი ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმ მიზეზითაც, რომ ისტორიულად, განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს - გლობალურ სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის არსებობს განსხვავებული წარმოდგენები კლიმატის ცვლილების შესახებ პასუხისმგებლობების გადანაწილებისა და ვალდებულებების აღების მხრივ. ეს საკითხი კლიმატის ცვლილების საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს ხოლმე და მას “საერთო, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხისმგებლობების” (“Common but Differenciated Responsibilities”) სახელით მოიხსენიებენ. სწორედ ამ კონტექსტში, ტექსტის ავტორები ეყრდნობიან იმ თეორიულ ტრადიციას, რომელიც სამართლიანი ტრანზიციის კვლევისას აუცილებლად მიიჩნევს ლოკალურის ნაცვლად გლობალური პერსპექტივის აუცილებლობას და არსებული მსოფლიო რეალობის გათვალისწინებას. ეს იმიტომაც, რომ ადგილობრივად განხორციელებული ცვლილებების ეფექტი, ამ შემთხვევაში, როგორც წესი, საერთაშორისო დონეზე დგება. 

ავტორები მხარს უჭერენ “სამართლიანი ტრანზიციის” ისეთ კონცეპტუალიზაციას, რომელიც გააერთიანებს კლიმატის, ენერგო, და გარემოსდაცვითი სამართლიანობის სფეროებში შემუშავებულ სამართლიანობის პერსპექტივებს. ამ ინტერდისციპლინურ ქაოსში, გამოყოფენ სამართლებრივი გეოგრაფიის სფეროს, რომელიც დროითი და სივრცითი კატეგორიების გათვალისწინებით, აერთიანებს სამართლიანობის განსხვავებულ გაგებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “სამართლიანი ტრანზიციის” კონცეფცია, თავისი შინარსით ეწინააღმდეგება იმ გავრცელებულ დაშვებას, რომ თითქოს ერთდროულად შეუძლებელი იყოს, ერთის მხრივ, გარემოს დაცვისთვის ზომების მიღება, და მეორეს მხრივ, სამუშაო ადგილების შენარჩუნება. სამუშაო ადგილებსა და გარემოს დაცვას შორის მსგავს შეპირისპირებას, სამართლიანი ტრანზიციის ირგვლივ წარმოებულ პოლიტიკურ დებატებში ხშირად შეხვდებით. თუმცა სამართლიანი ტრანზიციის იდეა გულისხმობს, რომ უმუშევრობას გამოიწვევს არა გარემოს დაცვისკენ მიმართული კლიმატის პოლიტიკები, არამედ სოციალური პოლიტიკებისა და სახელმწიფო ინვესტიციების არარსებობა, შესაბამისად, ასეთი ტიპის გარდაქმნა მოითხოვს სოციალური კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდის ცნებების გადახედვას და ისეთი ტიპის დასაქმების პოლიტიკის შექმნას, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულ მშრომელთა უფლებებს სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიული მონაწილეობის კუთხით გაითვალისწინებს.

როგორც ავტორები მიუთითებენ, დღეისათვის მთავრობები ძირითადად ამ აუცილებელი ცვლილების აღსანიშნად იყენებენ ტერმინს - “დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლა.” ტექსტის ავტორთა აზრით, კი ამგვარი ფორმულირება, გარდა იმისა, რომ შესაძლებლობას ტოვებსეს “გადასვლა” ძალიან ნელა განხორციელდეს, ასევე ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული მზარდი უთანასწორობების შენარჩუნებას, რომლებზეც სხვადასხვა ავტორები (Piketty 2015; Atkinson 2016; Stiglitz 2012;) ინტენსიურად წერენ. სამართლიანი ტრანზიციის კონცეფცია კი იმით გამოირჩევა, რომ ის თანამედროვე საზოგადოებებში არსებულ უთანასწორობებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად აღიქვამს და მიზნად მის შემცირებას ისახავს. ეს ავტორებს შესაძლებლად მიაჩნიათ იმ ფონზე, როდესაც ტომას პიკეტიმ თავის კოლეგებთან ერთად, დაადასტურა კარბონ დიოქსიდის (CO2) გამოყოფასა და საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობებს შორის კავშირის არსებობა (Chancel and Piketty, 2015).

ზემოთხსენებული თეორიული და პრაქტიკული დებატების ცენტრალური შეკითხვა ის გახლავთ, თუ განვითარების რა გზა, ანუ განვითარების რომელი პოლიტიკური იდეოლოგია უნდა უნდა აირჩიონ საზოგადოებებმა და როგორ უნდა იქნას ის გაჯერებული სოციალური სამართლიანობის იდეით. საქართველოს შემთხვევაში, ეს ერთ-ერთი ცენტრალური პოლიტიკური შეკითხვაა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული და გააზრებული დისკუსიის ფონზე იქნეს შემუშავებული.

 

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გთავაზობთ თარგმანებების და სინთეზური შესავლის ტექსტების ციკლს, რომელიც მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. 

რა-არის-სამართლიანი-ტრანზიცია_1554910966.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

Atkinson, A. B. (2016). Inequality: what can be done?. PRACTICE, 40(2), 289-292.

Chancel, L., & Piketty, T. (2015). Carbon and inequality: from Kyoto to Paris. Paris School of Economics, 1-4.

Heffron, R. J., & McCauley, D. (2018). What is the ‘just transition’?. Geoforum, 88, 74-77.

Newell, P., & Mulvaney, D. (2013). The political economy of the ‘just transition’. The Geographical Journal, 179(2), 132-140.

Piketty, T. (2015). The economics of inequality. Harvard University Press.

Stiglitz, J. E. (2012). The price of inequality: How today's divided society endangers our future. WW Norton & Company.

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“