საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: გურამ მურადოვი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2024 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე, თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებას აფასებს. ორგანიზაცია იცავს როგორც გაზაფხულის, აგრეთვე შემოდგომის აქციებზე დაზარალებულ 60-მდე ადამიანის ინტერესებს ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლოების დონეზე და აქვს წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე. ქვემოთ წარმოდგენილი შეფასება სწორედ საქმის მასალების ანალიზს ეფუძნება.
როგორც ცნობილია, 2024 წლის 2024 წლის აპრილსა და მაისში, ე.წ. ,,რუსული კანონის” მიღების საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობრივად, ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენებით, შესაბამისი კანონიერი საფუძვლის გარეშე, დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას მასიურად იყენებდნენ და მოქალაქეებს დემონსტრაციულად, ფიზიკურად უსწორდებოდნენ.[1] 2024 წლის აპრილსა და მაისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ნახევარზე მეტი სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა.[2] არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება და ამ მომენტისთვის, გაზაფხულის აქციების მონაწილე 43 პირს მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.
2024 წლის 28 ნოემბერს, ი.კობახიძის განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, მოქალაქეთა მასობრივი პროტესტი მოჰყვა და 2024 წლის 9 დეკემბრამდე გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არაპროპორციული ძალას იყენებდნენ.[3] სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი ქმედებები,[4] არაერთ შემთხვევაში მისი ბუნებით, ინტენსივობითა და სისასტიკით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასა და დასჯას უტოლდება. ამაზე მიუთითებენ როგორც საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები, ისე საქართველოს სახალხო დამცველი.[5] იგივე მიგნებებია დაფიქსირებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში.[6] ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშის თანახმად, დოკუმენტირების ფარგლებში გამოკითხული 117 რესპონდენტიდან 77.7% მიუთითებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან 19 ნოემბრიდან 28 იანვრის პერიოდში მიმდინარე პროტესტის კონტექსტში. ძალადობის მასშტაბი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების კოორდინირებული მონაწილეობა, წამების მსხვერპლთა ჩვენებების თანხვედრა, სხვადასხვა თარიღში განხორციელებული იდენტური ქმედებები, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე რეაგირების არარსებობა და, ზოგ შემთხვევაში, მისი წახალისება მიუთითებს წამების სისტემურობასა და ამ დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე.[7]
2024 წლის 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 400-ზე მეტი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ შემთხვევაშიც ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე უთითებდა, რის გამოც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება. მხოლოდ სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფ 20 პირს აქვს დაზარალებულის სტატუსი.
დაზარალებულის სტატუსის არსებობის მიუხედავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს არც გაზაფხულის აქციებზე და არც შემოდგომის აქციებზე გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე არცერთი დამნაშავე პირის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენია და მათ მიმართ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, როგორც გაზაფხულის, აგრეთვე შემოდგომის აქციების დროს მოქალაქეთა მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ფორმალურად აწარმოებს და მხოლოდ ამ დროისათვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დამნაშავე პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია.
2024 წლის აქციებზე ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება, რამდენიმე არსებითი ხარვეზით ხასიათდება. პრობლემურია როგორც დანაშაულთა კვალიფიკაციის საკითხი, ისე ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა, ან არასათანადო მოცულობით ჩატარება. კერძოდ, იკვეთება,
მითითებული ხარვეზების იდენტიფიცირების შემდგომ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დამატაებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით არაერთი შუამდგომლობით მიმართა როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აგრეთვე გენერალურ პროკურატურას, თუმცა, ყველა შემთხვევაში გაგვეცა შაბლონური პასუხი, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მიმდინარეობის პროცესში ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. გაცემული პასუხის მიუხედავად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი თვლის, რომ გამოძიება არსებითად ფორმალურია და იგი მიზნად არ ისახავს სამართლებრივი შედეგის დადგომას.
ცხადია, რომ ეს გარემო დაუსჯელობის კლიმატს და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ შიშის, დაუცველობის გარემოს ქმნის. რეპრესიის სისტემურობა და დაუსჯელობა და ამ ფონზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც მათ შორის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის მკვეთრ შეზღუდვას და დასუსტებას, პოლიტიკური პარტიების გაუქმების მუქარას, შეკრების თავისუფლების დრამატულ შეზღუდვას და პრაქტიკულ კრიმინალიზებას, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზირებას უკავშირდება წარმოშობს კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმზე ტრანზიციის საგანგაშო რეალობას.
[1] არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, „მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამაცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/krhSY4Nv. ასევე, „30 აპრილი - 1 მაისის აქციის დარბევის სამართლებრივი შეფასება“ ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/drhSIktp.
[2] საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, 17.05.2024, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/XrhSPTJf; ასევე იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 77, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/drhNi6IF.
[3] რადიო თავისუფლების კადრები, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/RrhNtWkn.
[4] ზვიად მაისაშვილის ცემის კადრები, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/RrhNtZo6.
[5] საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული პირებიდან, არასათანადო მოპყრობის თაობაზე 79.5% უთითებდა. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 77, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/drhNi6IF.
[6] Amnesty International, Georgia: Brutal crackdown on protestors and journalists in Georgia: “They may have broken our bones, but they won’t break our spirits”, December 13, 2024, Available at: https://cutt.ly/ZrjchcnD; Human Rights Watch, Georgia: Government Creating Rights Crisis, New, Repressive Laws, Violence against Peaceful Protesters, Available at: https://cutt.ly/PrjcPVzA.
[7] ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, 2025, ანგარიში ხელმისაწვდომია:
[8] რადიო თავისუფლება, 13.05.2024, „წიხლები და მუშტები ხელებშეკრულ დემონსტრანტებს - წახალისებული ძალადობა?“ ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/yeIUA4pi.
ინსტრუქცია