[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

პოლიციის მაღალჩინოსნის მიმართ მიმდინარე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა წარმართოს

რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია მთავარში გავიდა სიუჟეტი სადაც სასულიერო პირი საუბრობს სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, რასაც მის მიმართ უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა მოჰყვა. სიუჟეტის ეთერში გასვლიდან მოკლე დროში, საქართველოს პროკურატურამ დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელსაც ბრალი წარედგინა განზრახ უკანონო დაკავებისთვის, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. ,[1]

აღნიშნული საქმის მნიშვნელობიდან და მასში პოლიციის მაღალჩინოსნების შესაძლო ჩართულობიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, მასზე გამოძიება აწარმოოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომლის უმთავრესი კომპეტენცია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულების გამოძიებაა. ამავდროულად, გამოძიება უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად და ეფექტიანად.

როგორც პროკურატურის ოფიციალური განცხადებიდან[2] ირკვევა, საქმეზე ამ დრომდე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის სსსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დაზარალებული პირადი ღირსების შეურაცხყოფით). აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოძიების წარმოება კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უწყებრივ ქვემდებარობაშია.[3]  შესაბამისად, პროკურატურა ვალდებულია, აღნიშნული დანაშაულის ფარგლებში ცალკე წარმოებად გამოყოს სისხლის სამართლის საქმე და გადასცეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოსაძიებლად, ან საქმე სრულად გადასცეს გამოსაძიებლად ინსპექტორის სამსახურს,[4] რათა ეჭვქვეშ არ დადგეს საქმის ობიექტურად და სრულყოფილად გამოძიების სანდოობა.

სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება, წლებია ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. არსებული გამოწვევების, მიმდინარე გამოძიების და მისი შედეგების მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის ფონზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის  სახით  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩამოყალიბება.

ამ სამსახურის ძირითადი იდეა სწორედ, დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოებაა, სამართალდამცავის სისტემის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ თავის დროზე სამსახურს არ მისცა საკმარისი მანდატი და უწყებრივი დამოუკიდებლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

არსებული შემთხვევა კი ხაზს უსვამს იმას, რომ ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგაც, გენერალური პროკურატურა ვერ ხედავს საკითხის სიმწვავეს და პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ობიექტურად დად მიუკერძოებლად გამოძიების აუცილებლობას.

მოცემულ საქმეზე ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების წარმოების მიზნით და იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ პროკურატურამ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული შესაძლებელობა საქმე სრულად ან ნაწილობრივ გადაეცა ინსპექტორის სამსახურისთვის, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს

  • მიმართოს საქართველოს პროკურატურას დასაბუთებული წინადადებით, - მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ;

გენერალურ პროკურატურას

  • დააკმაყოფილოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართვა, მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ;

საქართველოს პარლამენტს

  • დაიწყოს მუშაობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გასაძლიერებლად. ინსპექტორის სამსახურის მანდატი უნდა გაფართოვდეს, სამსახურის კანონმდებლობით უნდა ჰქონდეს საკმარისი გარანტიები უწყებრივი დამოუკიდებლობისთვის.
  • აუცილებელია, დანაშაულის ერთობლიობის შემთხვევებში, როდესაც ერთი საქმე მაინც ინსპექტორის ქვემდებარეა, საგამოძიებო სამსახური არ იყოს დამოკიდებული პროკურორის დისკრეციაზე და ჰქონდეს უპირატესი იურისდიქცია სრულად სისხლის სამართლის საქმეზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ტელეკომპანია მთავარი, 11 აპრილის სიუჟტი: https://www.facebook.com/107065540663565/videos/437588544209518

[2]  მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://pog.gov.ge/news/prokuraturam-shs-saministros-dmanisis-raionuli-sammarTvelos-ufrosis-moadgiles-braldeba-warudgina

[3] სახელმწიფომ ინსპექტორის სამსახურის შესახებ, საქართველოს კანონი, მუხლი 19

[4] იქვე, ნაწილი 3.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“