საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2015 წლის 23 ოქტომბერს, საქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 2013 წლის 17 მაისს აქციის დარბევის გამო ბრალდებული სასულიერო პირი მამა იოთამი (ირაკლი ბასილაია) და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი (ბექა სალუქვაძე, ტარიელ დავრიშიანი და გიორგი ბასიაშვილი) გაამართლა. აღნიშნულ პირებს ბრალი ედებოდათ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გულისხმობს „შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.“
2013 წლის 17 მაისს გამოვლენილი ძალადობის მასშტაბისა და ბუნების გათვალისწინებით, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ორგანიზებით ჩატარებულ ძალადობრივ შეკრებაზე განხორციელდა ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ წესრიგთან ღია დაპირისპირება, ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური, შეუწყნარებლური დამოკიდებულებისა და ძალადობის კიდევ უფრო მეტად გზრდას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანხმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ „საქმეში არ მოიპოვება იმ პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტთან ერთად, პირთა დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურეს ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.“
აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლით ბრალი წაყენებული ჰქონდა კიდევ ერთ სასულიერო პირს, მამა ანთიმოზს (თამაზ ბიჩინაშვილი), თუმცა წინასასამართლო სხდომაზე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულება – ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს მამა ანთიმოზი 17 მაისის აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და იგინება - არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნია. ამასთან, 2013 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დარებავაში მონაწილე ოთხ პირს მინიმალური სახდელი, ადმინისტრაციული წესით 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა წვრილმანი ხულიგნობის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე) და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი).
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუქვეყნებია, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში იკვეთება ხელისუფლების არაეფექტური პოლიტიკა, რაც დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და 17 მაისის მოვლენების მიმართ ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულით უნდა აიხსნას. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 17 მაისის საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ აჩვენებს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას, მათ შორის:
1) არასათანადო კვალიფიკაციის პრობლემა, როცა არ ხდება სიძულვილის მოტივის სათანადო იდენტიფიციფრება და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დროს მისი გათვალისწინება. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნების მიუხედავად, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს დამამძიმებელ გარემოში ჩადენილ დანაშაულად განიხილავს, სამართალმდაცავი ორგანოები და სასამართლოები არ იყენებენ მოქმედ ნორმას და მეტიც, ამგვარ ქმედებებს ისინი უმეტეს შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით (მაგ. წვრილმანი ხულიგნობა) აკვალიფიცირებენ;
2) 2013 წლის 17 მაისს კონტრდემონსტრაციის დროს და მასთან კავშირში ჩადენილი დანაშაულების მასშტაბის გათვალისწინებით, გამოძიების მიერ არ მოხდა საკმარისი რაოდენობის სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის გამხორციელება;
3) სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას საქმეზე, რაც სავარაუდოდ სასულიერო პირების მიმართ ლოიალობით უნდა აიხსნას. აღნიშნულ ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ მიუხედავად უამრავი თვითმხილველისა თუ გავრცელებული კადრებისა, როგორც ჩანს, პროკურატურის მიერ ვერ მოხერხდა სასამართლოში იმ ხარისხისა და მტკიცებულებების წარდგენა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;
4) სასამართლომ სათანადოდ არ აფასებს და არ ითვალისწინებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს - მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან თვალნათვლივ ჩანს, რომ სასამართლოს მიერ გამართლებული პირები შეკრებაზე გამოირჩეოდნენ აგრესიული ქცევით, იმუქრებოდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლას.
საგულისხმოა, რომ 2015 წლის 12 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო 2012 წლის 17 მაისს გამართული ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციისათვის ხელისშეშლის აღმოფხვრა. სასამართლომ განმცხადებლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და ძალადობა და სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ფაქტების არაეფექტური გამოძიება, კონვენციის მე–3 მუხლისა და მასთან კავშირიში მე–14 მუხლის დარღვევად შეაფასა. სასამართლოს შეფასებით, განმცხადებლებს უნდა ეგრძნოთ იმ ხარისხის შიში და დაუცველობა, რომ მათ მიმართ განხორციელებულ მოპყრობას მესამე მუხლით დადგენილი დაუშვებელი სისასტიკის მინიმალური ზვარისთვის მიეღწია. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის აქციის დარბევა კიდევ უფრო მასშტაბურ და ძალადობრივ ხასიათს ატარებდა, სახელმწიფო კი დემონსტრაციულად არაეფექტური აღმოჩნდა კონტრდემონსტრანტებისგან მომდინარე ძალადობის პრევენციისთვის და ამ გზით ვერ შეძლო დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულება აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ხაზგასასმელია, რომ 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევა და მასზე სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მხრიდან[1].
ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებაში არსებობს ჰომოფობიის საკმაოდ მაღალი დონე, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გადადგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, რისი მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებთან ეფექტური ბრძოლა და შესაბამისი პირების ადეკვატური დასჯაა. შესაბამისად, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ პროკურატურას გამოიყენოს სააპელაციო გასაჩივრების მექანიზმი და გამოიყენოს ყველა რელევანტური სამართლებრივი მექანიზმი წარდგენილი ბრალდების მაღალი სტანდარტით დასაბუთების უზურნველყოფისთვის. ამასთან, უზრუნველყოს ყველა იმ პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, რომლებმაც 2013 წლის 17 მაისს აქციის დროს და მასთან კავშირში ჩაიდინეს სამართალდარღვევა.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI
მედიის განვითარების ფონდი MDF
კავშირი «საფარი»
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI
იდენტობა
ინსტრუქცია