საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2022 წლის 17 მაისს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, პანკისის ხეობიდან ადგილობრივი აქტივისტისა და ჟურნალისტის სულხან ბორძიკაშვილის სახელით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და "რუსთავი 2"-ის თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართა და არაზუსტი, მანიპულაციური და ეთნიკური/რელიგიური უმცირესობების მიმართ სტერეოტიპული შინაარსის მასალის შესწორებას ითხოვს.
უფრო ზუსტად საჩივრის საფუძველი 7 მაისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვებაში პანკისის ხეობიდან ადგილობრივი აქტივისტის, სულხან ბორძიკაშვილის აქტივობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება გახდა, სადაც ის სრულიად დაუსაბუთებლად „პროვოკაციული დაჯგუფების” ლიდერად, მის მიერ სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტი კი იჩქერიის (დამოუკიდებელი ჩეჩნეთის) დროშის დარიგებისა და გამოფენის იდეის შესახებ "საფრთხის შემცველ" ქმედებად იყო წარმოჩენილი. სიუჟეტამდე "კურიერის" წამყვანის მიერ გაკეთებული შესავალი აუდიტორიას გასაშუქებელი საკითხის მიმართ იმთავითვე ნეგატიურ განწყობას აღვივებდა და წარმოშობდა ძლიერ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს სულხან ბორძიკაშვილის "დაჯგუფების" წევრები პანკისის ხეობაში პროვოკაციულ ქმედებებს ახორციელებენ და საჯარო სივრცეებში მოხატულ საქართველოს დროშებს შლიან და სანაცვლოდ იჩქერიის დროშებს ხატავენ, რაც მოსახლეობაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. აღნიშნული ინფორმაცია ფაქტობრივ უზუსტობებს და არასრულ ინფორმაციას შეიცავს, რადგან იჩქერიისა და უკრაინის დროშების დახატვა საქართველოს დროშის წაშლის ხარჯზე არ მოხდა. მეტიც, ფაქტების თანმიმდევრობა პირიქით იყო. ამასთან არც ერთი ეს აქტივობა საერთოდ არ უკავშირდებოდა სულხან ბორძიკაშვილს.
საინტერესოა ისიც, რომ სიუჟეტში სულხან ბორძიკაშვილი მცდარად ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლად იყო მოხსენიებული და ზოგიერთი რესპოდენტი მომხდარზე პასუხს სოციალური სამართლიანობის ცენტრს სთხოვდა, ისე რომ ჟურნალისტს ჩვენთან ეს საკითხი არც კი გადაუმოწმებია. სუხლან ბორძიკაშვილთან ჩვენს ორგანიზაციას ნამდვილად აკავშირებს ხანგრძლივი პროექტული თანამშრომლობის გამოცდილება, თუმცა, ის ბოლო წლებში ჩვენი ორგანიზაციის სახელით არ მუშაობს. ამის მიუხედავად, ჩვენ სოლიდარულები ვართ სულხან ბორძიკაშვილისა და მისი საქმიანობის მიმართ.
სინამდვილეში საჯარო სივრცეში დროშების განთავსებასთან დაკავშირებული გარემოებები ამგვარი იყო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის, პანკისის ხეობაში ჩეჩნეთში რუსეთის სასტიკი ომის ტრავმატულმა მეხსიერებამ გაიღვიძა. ამ ფონზე უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, ადგილობრივებმა სოფელი ომალოს საჯარო სივრცეში იჩქერიის (დამოუკიდებელი ჩეჩნეთის) დროშა დახატეს. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული დროშა 27 მარტს პოლიციამ გადაღება. ამ ადგილას კი ადგილობრივებმა ისევ დახატეს იჩქერიისა და უკრაინის დროშები, რომელიც სავარაუდოდ ისევ პოლიციამ გადაღება და მათ ადგილას საქართველოს დროშა დახატა. საქართველოს დროშა კი უკვე დაუდეგენელმა პირებმა გადაშალეს. სწორედ სავარაუდოდ პოლიციის მიერ იჩქერიის დროშის თავდაპირველი გადახატვის ფაქტს მოჰყვა 28 მარტს სულხან ბორძიკაშვილის საჯარო სტატუსი იჩქერიის დროშების დაბეჭდვისა და დარიგების ინიციატივის შესახებ.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ დროშების გადაშლისა და გადახატვის ქმედებებთან სულხან ბორძიკაშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონია და დაუშვებელი იყო დაუდგენელი ფაქტების კონკრეტული ადამიანისთვის მიწერა და მისთვის გარკვეული საფრთხეების შექმნა. მით უფრო მიუღებელია ფაქტების თანმიმდევრულობის პრინციპული დამახინჯება, რომელიც მომხდარს მთლიანად უცვლის შინაარსს და ადგილობრივი მოსახლეობის ნამდვილ მოტივაციებს არ აჩვენებს.
ამასთან, ამ კონტექსტში დროშების გადახატვისა და სულხან ბორძიკაშვილის საჯარო საქმიანობის პროვოკაციული მოვლენის მანიპულაციურად მიწოდება შეიცავს ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივების მცდელობასაც. ამ პროცესში ტერმინების - "დაჯგუფება", "პროვოკაცია" გამოყენება აძლიერებს სტიგმას და აღრმავებს ეჭვებსა და უნდობლობას ადგილობრივი ქისტების მიმართ, რაც მათ საფრხედ მონიშვნასთან დაკავშირებულ დომინანტურ წინასწარგანწყობებს აძლიერებს.
ჟურნალისტის მიერ ფაქტების გადაუმოწმებელი და მანიპულაციური მიწოდებით ობიექტური გარემოებები იძლევიან დასაბუთებულ ვარაუდს, რომ არასწორი ფაქტების განზრახ გავრცელებით მომხდარიყო სულხან ბორძიკაშვილის საქმიანობის დისკრედიტაცია და დაშინება.
ამდენად, სიუჟეტის წარდგენის, ჟურნალისტური მასალით შექმნილი კონტექსტისა და აქცენტების, ასევე წარმოდგენილი ფაქტობრივად არასწორი და მანიპულაციური ინფორმაციის გამო, სულხან ბორძიკაშვილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანოს შესაბამის რეაგირებას, მათ შორის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის საფუძველზე, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორებას სთხოვს.
ინსტრუქცია