[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

პანდემიის პირობებში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ქვეყანაში უკიდურესად გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი საქართველოში „კოვიდ-19”-ით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით. ინფიცირებულების რიცხვის ზრდასთან ერთად, როგორც ჩანს, სახელმწიფოს სულ უფრო მეტად უჭირს კრიზისთან გამკლავება. ამ პირობებში საქართველოში დაახლოებით ორ კვირაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. დღევანდელი მდგომარებით მოცემულობა შემდეგია:

  • წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს თავს ვერ ავარიდებთ ხალხმრავალ შეკრებებს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ გამოცხადდა რეკომენდაციები ვირუსისგან თავის დაცვასთან დაკავშირებით, სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი არც პირბადის ტარების და არც დისტანციის დაცვის წესებს არ იცავს, რაც, ცხადია, მნიშვნელოვანი რისკის შემცველია.
  • პოლიტიკური პარტიები აგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას, თუმცა ზოგმა მათგანმა „კოვიდ-ინფექციის” გავრცელების თავიდან არიდების მიზნით მნიშვნელოვნად შეცვალა და ზოგ შემთხვევაში, შეზღუდა წინასაარჩევნო აქტივობები. შემცირებულია ე.წ „კარდაკარების“ ჩატარება და ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი თავს იკავებს ხალხმრავალი შეკრებებისგან.
  • მსგავსი ეპიდემიოლოგიური ვითარება შესაძლებელია გავლენას ახდენდეს ამომრჩეველზეც, რომელიც, თავის მხრივ, თავს არიდებს წინასაარჩევნო შეკრებებში მონაწილეობას.
  • ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების პირობებში შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა. ეს განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს ეხება.
  • დღეის მდგომარეობით, „კორონავირუსის” ინფექცია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერს დაუდასტურდა, რაც გარკვეულწილად გავლენას მოახდენს შესაბამისი პარტიების აქტივობებზე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს.
  • მნიშვნელოვანი გამოწვევები ექმნებათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგანან, სათანადო რაოდენობის დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მობილიზების კუთხით.
  • მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაც, რომლის ათეულ ათასობით თანამშრომელს თითქმის 24-საათიან რეჟიმში რეგულაციების დაცვით მოუწევს არჩევნების დღეს კომისიებში ყოფნა ან გადასატანი ყუთით, მათ შორის კარანტინში მყოფ ამომრჩეველთან კომუნიკაცია, რაც აჩენს კითხვებს როგორც მათი ჯანმრთელობისთვის რისკების შექმნის, ისე მუშაობის პროდუქტიულობის შესახებ.
  • არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, საკარანტინე ზონაში და თვითიზოლაციაში დარჩენილ ათასობით მოქალაქის ხმის მიცემის პროცესის დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ძალიან რთული იქნება.
  • ვინაიდან საჯარო დისკუსიაში „კოვიდ ინფექციასთან” დაკავშირებული საკითხები დომინირებს, პარტიები ნაკლებად ახერხებენ პროგრამულ პრიორიტეტებზე კონცენტრირებას.
  • სამწუხაროა, რომ მოსახლეობის ნაწილს „კოვიდ-19”-ის არსებობის არ სჯერა ან არასერიოზულად უყურებს ამ საკითხს, შესაბამისად, მოსალოდნელია მათ მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების უგულებელყოფა.

ამ გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებები მიიღოს „კოვიდ კრიზისის” დაძლევასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარის პირობებში რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. ამ მიზნით აუცილებელია:

  1. გაფართოვდეს კრიზისების საბჭოს ფორმატი, რომლის საქმიანობაში არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი აქტორის (მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის) ჩართვა იქნება შესაძლებელი;
  2. შემუშავდეს „კოვიდ ინფექციის” მართვის გეგმა მისი სხვადასხვა ტემპით გავრცელების სცენარების გათვალისწინებით;
  3. მნიშვნელოვანია, განისაზღვროს „კოვიდ ინფიცირებულთა” ის კრიტიკული რაოდენობა და ეპიდიმიის გავრცელების ტემპი და სიმძიმე, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, არჩევნების გადადებას და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს.

და ბოლოს, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ არჩევანის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შორის არ არის ინტერესთა დაბალანსების მართებული გზა. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობით, ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვითა და გამჭვირვალე პროცედურებით იქნას მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TI Georgia
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  4. ღია საზოგადოების ფონდი - OSGF
  5. საფარი
  6. საზოგადოება და ბანკები
  7. მედიის განვითარების ფონდი -MDF
  8. ადამიანის უფლებათა ცენტრი - HRIDC
  9. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  10. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
  11. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  12. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“