საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის პრაქტიკებზე საუბრისას განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გალსა და ახალგორში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისა და დე ფაქტო ადმინისტრაციების დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო, ორმხრივი უგულებელყოფის რეალობაში ცხოვრობენ. სამწუხაროდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის და საერთაშორისო, ასევე სამოქალაქო აქტორების დაშვების შეზღუდვის პირობებში, ცოდნა ამ რეგიონებში არსებულ უფლებრივ მდგომარეობაზე სუსტია და ფრაგმენტული. ეს ცოდნა ძირითადად ეფუძნება სხვადასხვა დროს ჩატარებულ კვლევებს, მედიით გავრცელებულ მასალებს და ინფორმაციას, სახელმწიფო უწყებებში დაგროვილ მონაცემებს, თუმცა ფიზიკური დაშვების შეზღუდულობიდან გამომდინარე, ყველა ეს წყარო დამატებით საჭიროებს ხოლმე დადასტურებას.
კვლევის მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ ცოდნის ვაკუუმის შევსებაში და კომპლექსურად აღწეროს გალსა და ახალგორში არსებული უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა. კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: რაიონების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, ადგილობრივ დე ფაქტო სისტემაში მოსახლეობის სამართლებრივი სტატუსი და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება და წვდომა აქ არსებულ სერვისებსა და პროგრამებზე; განათლების უფლება, ჯანდაცვის უფლება, პოლიტიკური მონაწილეობა და წარმომადგენლობა დე ფაქტო ადმინისტრაციის სისტემაში, ეკონომიკური მდგომარეობა და დასაქმება, საკუთრების უფლება, ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, უსაფრთხოება, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ჩართულობა, გამოხატვის თავისუფლება, თემთაშორისი ურთიერთობები, წვდომა ინფორმაციაზე, კულტურული უფლებები და რელიგიის თავისუფლება.
ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება ადგილობრივი მკვლევრების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რაც მათ ადგილზე მოსახლეობასთან ინტერვიუებისა და გალის და ახალგორის რაიონის სოფლების მონახულების გზით მოიპოვეს, ასევე, არსებული კვლევების, ანგარიშების და საჯარო ინფორმაციის ანალიზს.
ანგარიშში წარმოდგენილი მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ გაჭიანურებული კონფლიქტი მძიმედ აისახება აქ მცხოვრები ადამიანების ყოფაზე და მათი უფლებები განგრძობითად ირღვევა არაერთი მიმართულებით, როგორიც არის გადაადგილების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, უსაფრთხოება, და სხვა ფუმდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. გარდა ამისა, სისტემურად ირღვევა გალელების და ახალგორელების სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, წვდომა ხარისხიან ჯანდაცვასა და სოციალურ სერვისებზე. ამ უფლებების შეზღუდვა, წლებია, არაღიარების, უგულებელყოფისა და შევიწროების ფორმებს იღებს, რაც ადგილობრივ ნაციონალიზმებსა და დე ფაქტო პოლიტიკურ სისტემებში ეთნიკური ქართველების ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი აღქმებით და ადგილით არის განპირობებული. ახალგორისა და გალის მცხოვრებლები აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და პოლიტიკურ პროცესებში და მიმოსვლაზე პერიოდულად დაწესებული თვითნებური შეზღუდვები, ამ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისების გამომწვევია. ეს ბუნდოვანობა და მოწყვლადობა უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე და ახალი ტიპის კრიზისების და იმედგაცრუების მიზეზი ხდება. სუბიექტობისა და უფლებების არაღიარებისა და დარღვევის სისტემური პრაქტიკა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონთან ერთად, ადგილობრივ მცხოვრებლებს ხშირად აიძულებს დატოვონ საცხოვრებელი სახლები და ფაქტობრივად დევნილობის მძიმე რეალობა მიიღონ. კვლევა აჩვენებს, რომ ორივე რეგიონში, განსაკუთრებით კი ახალგორში, წლიდან წლამდე მცირდება ადგილობრივ სკოლებსა და ბაღებში ბავშვების რაოდენობა.
გარდა ამისა, ადგილობრივ დე ფაქტო სისტემებში მიმდინარე რთული ბიუროკრატიული პროცესები, რომლებიც ხშირად ნეპოტიზმსა და კორუფციაზეა დაფუძნებული, კიდევ უფრო ამძიმებს მოსახლეობის ისედაც რთულ ყოფას და მათ თვითნებური მმართველობისა და მოპყრობის პრაქტიკების წინაშე აყენებს.
გალის და ახალგორის მცხოვრებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დე ფაქტო ადმინისტრაციები არ ხედავენ მათ ინტერესებსა და საჭიროებებს. მაგრამ ეს წუხილები ასევე უხილავია საქართველოს დე იურე ხელისუფლებისთვისაც. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ისინი ვერ ხედავენ სპეციალურად მათზე ორიენტირებულ პროექტებს და ინიციატივებს, რაც საქართველოს მოქალაქის სტატუსს მიღმა, სახელმწიფოს მხრიდან დამატებით პოზიტიურ ღონისძიებებსა და მიდგომებში გამოიხატებოდა. დღეს გალისა და ახალგორის მოსახლეობაზე არაერთი პოლიტიკის მიმართულებით (მცირე გამონაკლისის გარდა), ვრცელდება იგივე პროგრამები, რაც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებზე და სახელმწიფო სათანადოდ ვერ აღიქვამს ოკუპაციასა და არაღიარებასთან დაკავშირებულ მრავალშრიან გამოწვევებს. დე ფაქტო სისტემებში ეთნიკური ქართველების მძიმე რეალობა საკმარისად კომპენსირებული და დაცული არ არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკებში, რაც მათ თბილისის მხრიდან მიტოვებულობის განცდას უჩენს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესშიც, მათი როლი სუსტად არიან დანახული, რაც ისევ მათი აღიარების პრობლემას უკავშირდება.
ანგარიშის დასასრულს წარმოდგენილია რეკომენდაციები როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე საერთაშორისო აქტორების მიმართ იმ ზომების შესახებ, რაც საჭიროა რომ მიიღონ გალში და ახალგორში არსებული მძიმე უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ინსტრუქცია