[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

ონლაინ სივრცეში გამოხატვისთვის მოქალაქეების დასჯა არაკონსტიტუციურია და ტოტალური ცენზურის დაკანონებას ისახავს მიზნად

12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოებს შეურაცხყოფის საფუძვლით დაწყებული 18 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე[1] განიხილა. სასამართლოში დაბარებულ პირთა შორის არიან 6 ჟურნალისტი, ოპოზიციური პარტიების 5 წარმომადგენელი და 7 აქტივისტი/სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. მათგან უმეტესობას სასამართლო პროცესის შესახებ წინა საღამოს, არასამუშაო საათებში, აცნობეს. [2]

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტებს, პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის, ლაშა ტალახაძისა და თეა წულუკიანის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტებისა და კომენტარების დაწერას ედავება. ზოგიერთი საქმეზე სამართალწარმოება სოციალურ ქსელში თვეების წინ დაწერილი პოსტის გამო დაიწყო.  მაგალითად, ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს შსს 25 თებერვლის პოსტით მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფას ედავება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამართალდარღვევის ჩადენის მთავარ მტკიცებულებას შსს-ის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს დეტექტივების მიერ შედგენილი მოქალაქეების სოციალური ქსელების დათვალიერების ოქმები წარმოადგენს.[3] სოციალური ქსელებში მოქალაქეების აქტივობის, მათ შორის თვეების წინ  დაწერილი პოსტებისა და კომენტარების, მონიტორინგი ტოტალური კონტროლისა და კრიტიკული მოსაზრებების მიმართ ცენზურის დაწესების ისახავს მიზნად.

ხაზგასასმელია, რომ სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდნენ “ქართული ოცნების” ის დეპუტატები, რომელთა "შეურაცხყოფის” საფუძველზე დაიწყო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოსამართლე, ლელა მილდენბერგერმა არ დააკმაყოფილა ადვოკატის (თავად ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ სხდომიდან გააძევა) შუამდგომლობა სხდომაზე ლაშა ტალახაძის მოწმედ გამოკითხვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ამის დრო არ იყო.[4] ამგვარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი დაუსაბუთებელია, რამდენადაც დეპუტატის განსახილველ საქმესთან შემხებლობა აშკარაა და, ამდენად, სწორედ მას უნდა განემარტა, რატომ მიიჩნია ან მიიჩნია თუ არა პასუხისგებაში მიცემული პირის გამოხტვა შეურაცხმყოფელად.

სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტების კონტროლი და „პოლიტიკოსის შეურაცხყოფის“ საქმეებზე სამართალწარმოების დაწყება „ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაანონსეს. ფრაქციის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ  6 ივნისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საჯარო სივრცეებში მომხდარ ინციდენტებს, არამედ სოციალურ ქსელებში პარტიის კრიტიკის შემცველი განცხადებების ავტორებსაც შეეხებათ.[5] 12 ივნისს კი, აქტივისტების სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, „ქართული ოცნების დეპუტატმა“ ნინო წილოსანმა განმარტა, რომ ეს პროცესი უნდა იყოს სამაგალითო, ჯარიმა მიაჩვევს ყველას, რომ ზრდილობა და კულტურა ჰქონდეს. წილოსანის თქმით, არავის არ დაიჭერენ, რადგან ამ ქმედებისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა.[6]

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად 2025 წლის თებერვლის რეპრესიული საკონონმდებლო ცვლილებებებით  იქცა.  ამ ქმედებისთვის არაპროპროპორციულად მაღალი სანქციაა (1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა) განსაზღვრული. ეს მუხლი, ისევე როგორც თებერვალში მიღებული  საკანონმდებლო ცვლილებების მთელი პაკეტი, კრიტიკულად შეაფასა არაერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, მათ შორის, ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა, მიმდინარე წლის მარტში.[7]

გარდა იმისა, რომ თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მუხლი არაკონსტიტუციურია, აქვს განჭვრეტადობის პრობლემები და არაპროპორციულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას,[8] განსაკუთრებულად შემაშფოთებელია მისი მოქმედების ციფრულ სივრცეზე გავრცელება. თანამედროვე სამყაროში სოციალური მედია პოლიტიკური აქტივიზმისა და საპროტესტო მოძრაობის ორგანიზების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. სოციალურ ქსელში პოლიტიკური გამოხატვისთვის მოქალაქეების დასჯა მასობრივი და ავტომატური კონტროლის განცდას აჩენს და მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებაზე.

პოლიტიკოსის  (და მით უფრო, სოციალურ ქსელში) მისამართით კრიტიკული, თუნდაც შეურაცხმყოფელი გამოხატვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Özlü v. Türkiye  თურქეთის ხელისუფლების მიერ სოციალური მედიის საშუალებით გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა დაადგინა, რადგან ჟურნალისტის მიერ პლატფორმა - Twitter-ზე (ახლანდელ X-ზე) გამოქვეყნებული მკვეთრად კრიტიკული პოსტები, მიუხედავად სიმწვავისა, არ შეფასდა ძალადობის წამახალისებელ მოწოდებად ან სიძულვილის ენის გამოვლინებად. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები მიემართებოდა სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირებს - ოფიციალურ წარმომადგენლებს, ხოლო პოსტების შინაარსი უკავშირდებოდა პოლიტიკურ და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელზეც არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი.[9]

ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში გაუსვამს ხაზი ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ფარგლებზე. საქმეში Ahmet Hüsrev Altan v.Turkey ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ადამიანის უფლებების კომისრის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტებისთვის ცენზურის დაწესება მედია სივრცესა და მთელ საზოგადოებაში საჯარო მნიშვნელობის საკითხებზე კრიტიკული ინფორმაციის გავრცელებისთვის მსუსხავ და დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. სასამართლოს შეფასებით, არაძალადობრივი შეხედულებების გამოხატვისთვის ჟურნალისტებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მათ გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს.

აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებისა და დევნისთვის, საჯარო და კერძო ფიზიკური სირცეების მიღმა, აქტიურად იყენებს ინტერნეტ სივრცეში ცენზურის დაწესების მექანიზმსაც. ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო სრულად უგულებელყოფს ადამიანის უფლებების სტანდარტებსა და პასუხისგებაში მიცემული პირების საპროცესო უფლებებს.

სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებისთვის საქმის წარმოების თვეების შემდეგ დაწყება ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეალური მიზანი არა კანონდარღვევაზე რეაგირება და საზოგადოებრივი ინტერესების, ან სახელმწიფო უწყებების ავტორიტეტის დაცვა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების დევნა და საზოგადოებაში საინფორმაციო და ციფრული სივრცის მასობრივი კონტროლის აღქმის შექმნაა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ აქტივისტს შსს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება.

[2], Publika English, 12.06.2025. პოსტი ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/xrQsZBCw 

[3] პუბლიკა - 12.06.2025. Ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/6rQnOi0r

[4] ტვ პირველი, ვიდეო ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/arQfduIH

[5] On.ge -"ქართული ოცნება" იმ მოქალაქეებს უჩივის, რომლებიც სოციალურ ქსელში პარტიას აკრიტიკებენ. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/4rmdH2KD

[6] ნინო წილოსანის გამოხმაურება, 12.06.2025. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/HrQsXHRb

[7] Georgia: Urgent Opinion on the Amendments to the Law on Assemblies and Demonstrations, the Code of Administrative Offences and the Criminal Code of Georgia (as adopted on 6 February 2025), 98-104. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/rrmdLVfF

[8] ვრცლდ იხ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი - სოციალური სამართლიანობის ცენტრი - „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკული ანალიზი.ხელმისაწვდომია:  https://cutt.ly/RrmTVZpI

[9] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ციფრულ სივრცეში ცენზურის დაწესება გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად გააუარესებს. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/xrQdc4qY

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“