[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის პატიმრობა სამაგალითო დასჯისა და პოლიტიკური შურისძიების ნათელი მაგალითია

22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული პირების საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. სასამართლო და პროკურატურა 14 მაისიდან საბა მეფარიშვილისა[1]  და ომარ ოკრიბელაშვილის[2] მიმართ მიზანმიმართულად იყენებს  ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას  - პატიმრობას, რაც ცალსახად მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზებისა და პოლიტიკური აქტიურობისთვის სამაგალითო უსამართლო დასჯას წარმოადგენს.

დაკავებულებს  ბრალი ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. ეს მუხლი ბოლო წლებია საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების მიმართ უკიდურესად პრობლემურად გამოიყენება. ამ საქმეზე ზიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა 400 ლარია, აქედან 250 ლარი მხოლოდ ჯებირის ღირებულებაა, 150 ლარი კი - მისი აღდგენისთვის საჭირო თანხა. შესაბამისად, მინიმალური ქონებრივი ზიანის პირობებში სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაუსაბუთებლად შეუფარდა ყველაზე მკაცრი - საპატიმრო ღონისძიება. რკინის ჯებირის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ამ ტენდენციის გაგრძელება იყო „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძის საქმეც,[3] რომელსაც 16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა და რომელიც პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.[4]

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებად ყველაზე მკაცრი ზომის, პატიმრობის გამოყენებას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ  მართლმსაჯულების განხორციელებისთვის საფრთხის შემქმნელი თითოეული მიზნის აბსტრაქტული გამოყენება არ უნდა მოხდეს და ის უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძველს.  მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულები გავლენას ვერ იქონიებენ პოტენციურ მტკიცებულებებზე, რაც შესაძლოა საქმეში არსებობდეს, პატიმრობის გამოყენების სხვა გარემოება კი არ დგინდება. ამგვარი ინფორმაციის არარსებობის პირობებში კი დაუსაბუთებელია პატიმრობის გამოყენება და  არაპროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

ნიშანდოვლივია, რომ  400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულების პროცესები 2 თვიანი შუალედებით ინიშნებოდა სასამართლოში, ბოლო ორი სხდომა კი მოსამართლის-ნათია გუდაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პროცესი 23 სექტემბერს ჩატარდა,  წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის კანონით დადგენილი მაქსიმალური ორ თვიანი ვადა სასამართლომ სრულად გამოიყენა, რადგან ეს ვადა 23 ნოემბერს იწურება.  სასამართლო განხილვების გადადება პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ემსახურება, ვინაიდან სხდომები არ დასრულდეს მანამ, სანამ პრეზიდენტისგან შეწყალების შესაძლებლობა არსებობს.  

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე  გამოცემული ფართო ამნისტია არ შეხებია სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების მუხლს. ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანება/განდაგურებისთვის პასუხისმგებლობა 2023 წლის ივნისში გამკაცრდა, რის შემდეგაც პატიმრობის მაქსიმალურმა ვადა 5 წლიდან 6 წლამდე გაიზარდა. თუმცა ცვლილებების მიზანშეწონილობა და დასაბუთება არც კანონის პროექტის განმარტებით ბარათში არის მოცემული და არც საჯაროდ გაკეთებულა. ეს მუხლი გამოიყენა პროკურატურამ რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე და სასამართლომ ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე მოძრაობა „ხმის“ აქტივისტების საქმეებზეც. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი მკაცრი და არაპროპორციული სასჯელის საფუძვლით გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოშიც.[5]

ეს საქმე კიდევ ერთხელ ააშკარავებს ერთი მხრივ უსამართლო სისხლის სამართლის პოლიტიკასა და არაპროპორციულად მკაცრ სასჯელებს, მეორე მხრივ კი ცხადად მიუთითებს პროკურატურისა თუ სასამართლოს პოლიტიზირებაზე.  “რუსული კანონის” აქციებზე დაკავებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების სრული სიმკაცრით გამოყენება კრიტიკული აზრის ჩახშობის დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა. რეჟიმი ლეგიტიმაციის შენარჩუნებას  და საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას სისხლის სამართლის არაპროპოციული და უსამართლო კანონმდებლობის გამოყენებით ცდილობს.

საქმის მიმდინარეობის ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ოპტიმალურ ვადაში გამოიტანოს  საბოლოო გადაწყვეტილება ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის მიმართ.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საბა მეფარიშვილის საქმე, პუბლიკა, ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3VqdDv9

[2]  ომარ ოკრიბელაშვილის საქმე, პუბლიკა, ხელმისაწვდომია:  https://publika.ge/video/omar-okribelashvilis-saqme/

[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური შურისძიების მაგალითია, 17.09.2024, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/4fHIlYM

[4] პუბლიკა - პრეზიდენტმა გიორგი შანიძე შეიწყალა, 20.09.2024, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/40ZnZ8C

[5] DRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა, 21.03.2024, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3OiZoUJ

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“