[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / კვლევა

ოჯახში ძალადობა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე - საკანონმდებლო ხარვეზები და პოლიტიკის გამოწვევები

Library Thumbnail Image

მკვლევრები:  ქეთი ჩუთლაშვილი

Domestic-violence-based-on-SOGI-final-2018_1544786801.pdf

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების რიცხვი გაიზარდა და მათი ანალიზი ძალადობის სტრუქტურულ ხასიათს წარმოაჩენს. ასევე გაიზარდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პოლიტიკური აღიარების პროცესი და შეიმჩნევა მასთან ბრძოლის პროცესის ინსტიტუციური გაუმჯობესების ნიშნები, თუმცა ოჯახში ჩადენილი დისკრიმინაციული დანაშაულები, რომლებიც ოჯახის შიგნით არსებულ სოციალურ იერარქიებს ეფუძნება, კვლავ არ არის სათანადოდ აღიარებული.  შესაბამისად, მიუხედავად პოზიტიური ნაბიჯებისა, სიძულვილით მოტივირებულ იმ დანაშაულებზე, რომლებიც ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდება სახელმწიფოს რეაგირება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის, დროულობის, ჯეროვნებისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს. სახელმწიფოს საკმარისად არ აქვს გააზრებული ოჯახში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ის უარყოფითი სოციალური ეფექტი, რომელიც შესაძლოა, არსებით საფრთხეს უქმნიდეს პირის ფიზიკურ/მენტალურ ჯანმრთელობას, პირის განვითარებას და უარყოფითად აისახებოდეს მის სოციოეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, „ლგბტი ადამიანები საქართველოში არიან სისტემური ძალადობის, შევიწროების, დევნის, შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ცხოვრების ყველა სფეროში. მათ მიმართ გამოვლენილი ძალადობა და უთანასწორო მოპყრობა ხშირად ვლინდება ოჯახში, საჯარო სივრცესა თუ სხვადასხვა ინსტიტუციაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, მარგინალიზაციის, ბულინგისა და სოციალური გარიყვის სახით.“[1] ლგბტ თემის წევრების მიმართ არსებული ინსტიტუციური ჰეტეროსექსიზმი, ჰომოფობიის მაღალი ხარისხი და სოციალური გარიყულობა, რომელსაც ისინი ოჯახს გარეთ განიცდიან, მათ მეტად მოწყვლადს ხდის ოჯახში ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ და ძალადობის განგრძობით ციკლში ამყოფებს, რაც კრიტიკულად აისახება მათ სოციალურ სტატუსზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და სუიციდალურ-თვითდესტრუქციულ ქცევებზე. ლგბტ ჯგუფის წევრების მიმართ ოჯახის წევრებისა და პარტნიორის მხრიდან გამოვლენილი ძალადობა ბევრად უფრო მტკივნეულია, რადგან მოძალადესა და მსხვერპლს შორის ძლიერი ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა არსებობს, შესაბამისად, მისგან თავის დაღწევა და ძალადობის შეჩერება თითოეული ჯგუფის წევრისთვის იმ ერთადერთი უსაფრთხო სოციალური სივრცის დაკარგვის რისკს წარმოშობს, სადაც ჰეტეროსექსიზმის, ჰომოფობიისა და ჩაგვრის გარე ფაქტორებთან გამკლავებისათვის მხარდამჭერი გარემო უნდა არსებობდეს.

საზოგადოებასა და ინსტიტუციებში არსებული ჰომოფობიისა და მჩაგვრელი დამოკიდებულების გამო, ლგბტ ჯგუფის წევრებს ისეთ შემთხვევაშიც არ აქვთ ადეკვატური დაცვის გარანტიები, თუ ისინი შეძლებენ, დაძლიონ ოჯახის წევრების მიმართ არსებული ემოციური კავშირი და მათგან დაცვა მოითხოვონ. შესაბამისად, ოჯახში ჩადენილი დანაშაულის მიმართ ლგბტ ჯგუფის წევრები სრულიად დაუცველები არიან, რაც მათ აიძულებთ, დატოვონ საშინაო – ოჯახის სივრცე. ეს კი ასევე დაკავშირებულია განათლების მიღების შესაძლებლობების დაკარგვასთან, ეკონომიკური დახმარების შეწყვეტასა და უსახლკარობის რეალურ რისკთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახური დანაშაული ლგბტ მსხვერპლისათვის არა მხოლოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, არამედ არსებითად შეაფერხოს ადამიანის ინდივიდუალური განვითარება და მისი კეთილდღეობისთვის რეალური ბარიერები შექმნას.

დღემდე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა მოწმობს, რომ ოჯახში ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა სახელმწიფოსთვის ორი ერთმანეთისგან გამიჯნული პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით, რაც პირველ რიგში, ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის თაობაზე“ ევროსაბჭოს კონვენციასთან (სტამბოლის კონვენცია) ჰარმონიზაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობაში 2017 წელს მასშტაბური ცვლილებებით აღინიშნა, მიღებული საკანონმდებლო ნორმები არ ითვალისწინებს სოგი-ს საფუძველზე არსებულ სპეციფიკას და ოჯახში ძალადობის მექანიზმების გამოყენება კვლავ ზოგადი რეგულირების ფარგლებში ხორციელდება.

სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და არასენსიტიური კანონმდებლობის გამო, ლგბტ თემის წევრებმა შესაძლოა, ნაკლებად მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს ან მის გარემოცვაში არსებულ ადამიანებს დახმარებისათვის, რადგანაც არსებობს არსებითი რისკი, რომ ისინი განმეორებით დაექვემდებარებიან ძალადობას ინსტიტუციების მხრიდან და სისტემა მათ ორმაგი დისკრიმინაციის წინაშე მარტო დატოვებს. აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო მძიმდება, თუ ძალადობის განგრძობით ციკლში მსხვერპლი არასრულწლოვანი ადამიანია, რომელთან გამკლავებაც და ბავშვის უპირატეს ინტერესზე მორგებული სერვისების გამოყენება ინსტიტუციების წარმომადგენლების სენსიტიურობის არსებითად მაღალ ხარისხს საჭიროებს.

ამასთან, ოჯახში ძალადობის პრაქტიკის თვალსაზრისით, სრულიად უყურადღებოდ არის დატოვებული ლგბტ პარტნიორებს შორის არსებული ძალადობა და ძალადობრივი ინციდენტები, რასაც ხელს არსებითად საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბარიერები უშლის. ოჯახში ძალადობის რეგულირება, რომელიც არ ფარავს პარტნიორებს შორის ჩადენილ დანაშაულებს, ხელს უწყობს აღნიშნული ტიპის დანაშაულების დაფარვას, რასაც ლგბტ თემის წევრების მიმართ გაზრდილი ძალადობის რისკი და (თვით)სტიგმა ემატება, რის საფუძველზეც თემის წევრები სიჩუმეს არჩევენ და განგრძობით ძალადობრივ ციკლში იკეტებიან.

წინამდებარე დოკუმენტი მრავალდისციპლინარული მიდგომის გამოყენებით ცდილობს ლგბტ ჯგუფის წევრების მიმართ ჩადენილი ჰომო/ბი/ტრანსფობიური ოჯახური დანაშაულების  წარმოჩენას და მის აღმოსაფხვრელად ერთიანი მიდგომის შემუშავებას. დოკუმენტი, ერთი მხრივ, შეიცავს ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან დაკავშირებული ოჯახური დანაშაულების  სტრუქტურული მიზეზების-შედეგების ახსნას და მის თეორიტიზებას. მეორე მხრივ, ტექსტში დეტალურად არის მიმოხილული ოჯახური დანაშაულის აღმოსაფხვრელად მიმართული სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩო და ხაზს უსვამს მის ხარვეზულობას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი ოჯახური დანაშაულების შემთხვევაში. დოკუმენტი პრაქტიკის მოშველიებით ცალკე აანალიზებს ოჯახური დანაშაულის ადმინისტრაციულსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ხარვეზებს, მათ შორის მოტივის იდენტიფიცირების, სტატისტიკის წარმოებისა და დანაშაულთა ანალიზის კუთხით. ამასთან, დოკუმენტი მიმოიხილავს მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფისა და მათთან მოპყრობის საკითხებს. ასევე, დეტალურად აღწერს დანაშაულთა პრევენციის საჭიროებას და მოძალადეთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის აუცილებლობას.

დოკუმენტი ცალკე თავს უთმობს ერთი და იმავე სქესის პარტნიორთა შორის დანაშაულებს და მისი რეგულირების გზებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებას. ანალიზის საფუძველზე, დოკუმენტი შეიმუშავებს რელევანტურ რეკომენდაციებს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ.

 

Domestic-violence-based-on-SOGI-final-2018_1544786801.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2016 წელი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“