[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / თარგმანი

ნულოვანი ტოლერანტობის კულტურული და სიმბოლური რეზონანსი თანამედროვე სისხლის სამართლის სისტემაში

მთარგმნელი: ნინო კარანაძე

ნულოვანი ტოლერანტობა არის „პოპულარული ლოზუნგი პოლიტიკოსთათვის, რომლებიც სიმკაცრით გამოირჩევიან“. ის ასევე წარმოადგენს ლოზუნგს ადვოკატირებისათვის საერთაშორისო დონეზე. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკოსები ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან იწონებენ ამ აგრესიულ საპოლიციო მიდგომას. მართალია, ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, თუ როგორი სიმარტივით ვრცელდება იდეები თანამედროვე მსოფლიოში, თუმცა მხოლოდ ეს არ ხსნის ამ იდეის ასეთ დიდ პოპულარობას. ასევე, ამით არ აიხსნება ის, თუ რატომ აღაფრთოვანა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ ამდენი ადამიანი 1990 წლების შუაში და ბოლოს.

იმისათვის, რომ ამ კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა შევძლოთ, მნიშვნელოვანია ნულოვანი ტოლერანტობის იდეის ახსნა ფართო სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში. ეს სტატია ამტკიცებს, რომ ნულოვანი ტოლერანტობა რეალიზდება თანამედროვე კულტურაში, რადგან იგი სიმბოლური გამოხატულებაა საზოგადოებაში არსებული  მრავალმხრივი დაძაბულობისა და შფოთვისა. ეს შფოთვები ვლინდება სამართლისა და წესრიგის ხშირად არამდგრადი და წინააღმდეგობრივი პოლიტიკის საშუალებით, საზოგადოებაში მარგინალური მოსახლეობის რუტინული კონტროლით და ამ ორი მოვლენის მიმართ საზოგადოებრივი ტოლერანტობის მაღალი დონით.

ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ თავისუფალი ბაზრის, ნეოლიბერალიზმის და სოციალური კონსერვატიზმის ზრდა დასავლეთის ინდუსტრიულ დემოკრატიებში მნიშვნელოვან ფონს ქმნის, სადაც ღვივდება საზოგადოებაში არსებული შიშები. ნულოვანი ტოლერანტობის იდეა, რომელიც გაჟღენთილია პოპულისტური ხიბლითა და მნიშვნელობით, მთელი თავისი კულტურული და სიმბოლური რეზონანსით, თანამედროვე სისხლის სამართლის სისტემაში დამატებით გააზრებას საჭიროებს.

საძიებო სიტყვები: ნულოვანი ტოლერანტობა, საპოლიციო რეჟიმი, კრიმინოლოგია, სისხლის სამართალი, სოციალური კონტროლი, სოციალური გარიყვა.

 

შესავალი

ნულოვანი ტოლერანტობა არის ფრაზა, რომელიც სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში გამოიყენება. მათ შორის, განათლების პოლიტიკა ბულინგის წინააღმდეგ, ან დამსაქმებლის მიდგომა სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ნულოვანი ტოლერანტობა გულისხმობს წესრიგის დაწესებას პირდაპირი ინტერპრეტაციით და წესების მკაცრი შესრულებით. ეს ფრაზა გახდა საჯარო მოხელეთა, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მქონე პირთა და მედიის წარმომადგენელთა ყოველდღიური ლექსიკის ნაწილი.  სხვადასხვა ინსტიტუტები მათ მიერ აღქმულ პრობლემებსა თუ საკითხებს სწორედ ნულოვანი ტოლერანტობით პასუხობენ.

სისხლის სამართლის სფეროში ნულოვანი ტოლერანტობა ყველაზე ხშირად ასოცირდება საპოლიციო მიდგომასთან, რომელიც აგრესიულ რეჟიმში უპირისპირდება სამეზობლო-სათემო კანონდარღვევებს,  როგორიცაა ქუჩაში შემწეობის თხოვნა, სიმთვრალე (საჯარო ინტოქსიკაცია), ვანდალიზმი, გრაფიტი და პროსტიტუცია. ამ პროაქტიული, თავდაჯერებული და მტკიცე პოლიციური სტრატეგიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ უმნიშვნელო კანონდარღვევების უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში,  შესაძლოა შეიქმნას იმგვარი გარემო პირობები, რომლებიც წაახალისებს უფრო მძიმე დანაშაულებებს (ბურკე, 1998). ეს მიდგომა ყველაზე მკაცრად გამოყენებული იქნა ნიუ – იორკში, სადაც, 1994 წლიდან, პოლიციამ დაიწყო „ცხოვრების ხარისხის კამპანია“ წვრილმანი კანონდამრღვევების წინააღმდეგ.

ეს წამოწყება ხასიათდებოდა მცირე დანაშაულებების მიმართ  შეუწყნარებლობით (1993- 1998 წლებში წვრილმანი კანონდარღვევებისათვის პატიმრობა 66%-ით გაიზარდა), აქტიურად ხდებოდა უკანონო იარაღის ამოღების მიზნით გამვლელების გაჩერება და ჩხრეკა (ე.წ. stop-and-frisk), გახშირდა დაკავების ორდერების მიხედვით შემოწმება და თითის ანაბეჭდების შეგროვება (ჰარკურტი, 2001). დაფიქსირებული დანაშაულებრივი შემთხვევების დრამატულმა შემცირებამ, რომელიც ემთხვეოდა ზემოხსენებული კამპანიის მიმდინარეობას, თავდაჯერება შემატა პოლიციის წარმომადგენლებს და, შედეგად, 1998 წელს პოლიციის ხელმძღვანელობამ ლოზუნგი „ცხოვრების ხარისხის კამპანია“ შეცვალა „ნულოვანი ტოლერანტობით“ (სკოლნიკ 1999).

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის აგრესიულმა საპოლიციო მიდგომამ” გამოიწვია მწვავე კამათი კრიმინოლოგებს, ჟურნალისტებს, პოლიციის აღმასრულებლებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შორის” (ეკი & მაგვაიერი, 2000, გვ. 225). ზოგი ეჭვქვეშ აყენებდა აზრს, რომელიც 90-იანი წლების დანაშაულის შემცირებას პოლიციის განყოფილების მუშაობის შედეგად მიიჩნევდა (ბლუმსტეინი & ვოლმანი, 2000; კარმენი, 2000). სხვებს ჰქონდათ კითხვები იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ნულოვანი ტოლერანტობის საპოლიციო რეჟიმი ამცირებს მძიმე დანაშაულს (ჰარკურტი, 2001 ა). დებატებს დაემატა ის აზრიც, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა წარმოადგენს ჰიპერ-აგრესიულ პრაქტიკას, რომელიც უსამართლოდ გამოიყენება იმ ადამიანების გაძევებისათვის ქალაქის საზოგადოებრივი/საჯარო სივრცეებიდან, რომლებიც არ ექცევიან ზოგად ნორმებში (მაკარდლი, 2001). ბევრს ასევე აღელვებდა ის, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ გამოიწვია ინდივიდუალური უფლებების დარღვევა, ნდობის ეროზია პოლიციისადმი და საზოგადოების დაყოფა ეკონომიკური და რასობრივი ხაზების მიხედვით. როგორი მნიშვნელოვანი და მრავალმხრივიც არ უნდა ყოფილიყო ეს დებატები, მათ ხელი ვერ შეუშალეს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ინსტიტუციონალიზებას და მისი წამყვანი როლის აღიარებას ნიუ–იორკში დანაშაულის შემცირებაში.

ნულოვანი ტოლერანტობის ამგვარად აღქმულმა წარმატებამ იგი „პოპულარულ ლოზუნგად აქცია პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც მკაცრ მიდგომებზე აპელირებდნენ“ (დიქსონი, 2000, გვ. 1). ის ასევე იქცა ლოზუნგად საერთაშორისო ასპარეზზე. გარდა ამერიკელი პოლიტიკოსებისა, ამ აგრესიულ პოლიციურ სტრატეგიას იწონებდნენ წარმომადგენლები ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან, ჰონდურასიდან, იაპონიიდან, ახალი ზელანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, და დიდი ბრიტანეთიდან. მართალია, ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, თუ როგორი სიმარტივით ვრცელდება იდეები თანამედროვე მსოფლიოში (ბესტ, 2001), თუმცა მხოლოდ ამით მაინც არ აიხსნება ამ იდეის ასეთი დიდი პოპულარობა. ასევე, არ აიხსნება ის, თუ რატომ აღაფრთოვანა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ ამდენი ადამიანი 1990 წლების შუაში და ბოლოს.

ეს ნაშრომი არ შეაფასებს ნულოვანი ტოლერანტობის საპოლიციო მიდგომის წარმატებას, ან წარუმატებლობას; სტატია იკვლევს ნულოვანი ტოლერანტობის იდეის მნიშვნელობას აშშ–ს სისხლის სამართლის კონტექსტში, ამ ისტორიულ ჭრილში. ნათელია, რომ ნულოვანი ტოლერანტობა არის იდეა, რომელიც გაჟღენთილია პოპულისტური ხიბლითა და მნიშვნელობით,  მაგრამ, რატომ აქვს მას ასეთ რეზონანსი კულტურაში? რისი გამოხატულებაა ეს? რატომ არის  ნულოვანი ტოლერანტობის იდეა დღეს ასე გავრცელებული? იმისათვის, რომ ამ კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა შევძლოთ, მნიშვნელოვანია ნულოვანი ტოლერანტობის განთავსება ფართო სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში. ეს სტატია ამტკიცებს, რომ ნულოვანი ტოლერანტობა რეზონანსდება თანამედროვე კულტურაში, რადგან ეს სიმბოლური გამოხატულებაა იმ  მრავალმხრივი დაძაბულობისა და შფოთვისა,  რომელიც არსებობს თანამედროვე საზოგადოებაში[1]. ეს შფოთვა ვლინდება სამართლისა და წესრიგის ხშირად არამდგრადი და წინააღმდეგობრივი პოლიტიკის საშუალებით (გარლანდი, 1996; ომაილი, 1999); საზოგადოებაში მარგინალური მოსახლეობის რუტინული შემოწმებით; ამ ორი მოვლენის მიმართ საზოგადოებრივი ტოლერანტობის მაღალი დონით. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, თავისუფალი ბაზრის ნეოლიბერალიზმისა და სოციალური კონსერვატიზმის ზრდა  დასავლეთის ინდუსტრიულ დემოკრატიებში ქმნის მნიშვნელოვან ფონს, სადაც ღვივდება საზოგადოებაში არსებული შიშები (გარლანდი, 2001; მაკარდი & ერზენი, 2001; ომაილი, 1999). მსჯელობას სწორედ ამ არგუმენტით დავიწყებთ.

 

ნულოვანი ტოლერანტობის წარმოშობის თეორიული განხილვა

 

ნეოლიბერალიზმისა და სოციალური კონსერვატიზმის აღზევება

გარლენდმა (2001, გვ. 79) 1950-1973 წლების პერიოდი აღწერა, როგორც „განვითარებისა და ცხოვრების დონის ზრდის გასაოცარი პერიოდი“ განვითარებულ ინდუსტრიულ სამყაროში. ომისშემდგომი წლები ხასიათდებოდა პრაქტიკულად სრული დასაქმებით, თანდათანობით მზარდი ხელფასებით, პროგრესული დაბეგვრით, ეკონომიკური უსაფრთხოებით, ძლიერი პროფკავშირებით, მასობრივი ინფრასტრუქტურული ინვესტიციებით, სამომხმარებლო კაპიტალიზმის გავრცელებითა და კონსოლიდაციით და ზოგადი ნდობით კეინსიანული მოთხოვნის მართვისა და კეთილდღეობის სახელმწიფოსადმი. გაიზარდა საშუალო კლასი, ისევე როგორც კეთილდღეობის პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავდა სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებას. ამ პერიოდში დანაშაულის მზარდი მაჩვენებელი განიხილებოდა, როგორც სიღარიბის და რესურსების სიმწირის შედეგი. სისხლის სამართლის თეორია საბოლოოდ ეყრდნობოდა „ინდივიდის გაგებას, მისი დანაშაულთან მიმართების დაზუსტებას, ასევე გარემოსა და სოციალური ჭრილების გავლენის დადგენას ცალკეულ დამნაშავეებზე“ (გარლანდი, 2001, გვ. 43).

სისხლის სამართლის პოლიტიკის ძირითადი მიზანი იყო დამნაშავეების რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში. ციხეები მხოლოდ უკიდურეს მექანიზმად მოიაზრებოდა. ამრიგად, ეს პერიოდი ხასიათდებოდა ინტეგრაციულობით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სოლიდარობას, სოციალურ სამართლიანობას, პროგრესულ სოციალურ ცვლილებებს და საზოგადოების სოციალური ფენებად დაყოფის დაძლევაზე ზრუნვას (გარლანდი, 1996). გაბატონებული განწყობა იყო ის, რომ სახელმწიფოს შეეძლო, ყოფილიყო  როგორც წამყვანი, ისე შემსრულებელი ძალა (steering and rowing) (ბრაითვეიტი, 2000). შედაგად, გაჩნდა ნდობა საჯარო მოხელეებისა და ექსპერტების შესაძლებლობის მიმართ, ეწარმოებინათ პოლიტიკა და ხელი შეეწყოთ მდგრადი კეთილდღეობის განვითარებისთვის.

ეს ყველაფერი შეიცვალა 1970-1980 წლებში, როდესაც კეთილდღეობის სახელმწიფომ გაიარა ეკონომიკური რეცესიები, შრომის მენეჯმენტის კონფლიქტები და პოლიტიკური არასტაბილურობა.

ამ რეცესიის კონტექსტში, კეინსიანული მოთხოვნის მართვის ინსტრუმენტებმა ვერ დაალაგეს მიწოდება და მოთხოვნა. . . ათწლეულის განმავლობაში მასობრივმა უმუშევრობამ კვლავ იჩინა თავი, დაიშალა ინდუსტრიული წარმოება, პროფკავშირულ გაერთიანებებში წევრების რაოდენობა მასობრივად შემცირდა, და შრომის ბაზარმა თვითრესტრუქტურიზაცია მოახდინა, რამაც დრამატული სოციალური მნიშვნელობა შეიძინა მომდევნო წლებში (გარლანდი, 2001, გვ. 81).

დეინდუსტრიალიზაციისა და სამუშაო ადგილების შემცირების გავლენა საწარმოო სექტორში დღემდე იგრძნობა. დაბალკვალიფიციური და საშუალოკვალიფიციური სამუშაო ადგილების მოშლამ,  რომელიც სამრეწველო რევოლუციის დასაწყისიდან მუშათა კლასის დასაქმების ხერხემალი იყო, აიძულა მოსახლეობის დიდი ნაწილი მორგებოდა ახალ ბაზარს, სადაც ფასობდა მობილობა და მოქნილი უნარები. ასეთი უნარების არ/ვერ შეძენის შემთხვევაში კი  დასაქმების გზით მოპოვებული უსაფრთხოება ნაკლებად მიღწევადი გახდა.

სერვისისა და მაღალტექნოლოგიური სექტორის გაფართოება გულისხმობდა, რომ დასაქმების შესაძლებლობების მზარდი წილი ძირითადად უნდა განაწილებულიყო ორ კატეგორიაში: ნახევარ განაკვეთზე პოზიციები, რომლებიც დიდწილად იყო მიმართული ქალებზე, ან მაღალკვალიფიციური პოზიციები, რომლებიც გამიზნული იყო ახალ კურსდამთავრებულებზე (Garland, 2001). ამ ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის შედეგად გაჩნდა მზარდი უფსკრული ახალ ეკონომიკაში მაღალი და დაბალი შესაძლებლობებისა და უნარების ფენებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი საბოლოო ჯამში მაინც ჩაერთო მეინსტრიმულ ეკონომიკაში, მნიშვნელოვანი ნაწილი - ვისაც ანდერსონი (1999) „ჩაძირულ მეათედს“ უწოდებს, უფრო მეტად დამოკიდებული გახდა კეთილდღეობის შემწეობაზე. კეთილდღეობის სერვისები შემცირებასთან ერთად ეს დაუცველი ჯგუფი საერთოდ გარიყული აღმოჩნდა საერთო სოციალური ინსტიტუტებისაგან, რამაც სერიოზული გამოწვევები შეუქმნა სახელმწიფოს (ანდერსონი, 1999). ამრიგად, 1970-1980 წლებში სოლიდარობის პროექტი დაიშლა, კეთილდღეობის სახელმწიფოს დასუსტდა და მნიშვნელოვნად შეირყა ექსპერტებისა და თანამდებობის პირების შესაძლებლობის მიმართ საზოგადოების ნდობა.

ამ პერიოდის ეკონომიკურ რესტრუქტურიზაციას თან ახლდა მთელი რიგი სოციალური და კულტურული გარდაქმნები, რომლებიც უნდა განვითარებულიყო სხვადასხვა ინსტიტუტების საშუალებით (გარლანდი, 2001). ცვლილებები შეეხო ოჯახის ცნებასა და ოჯახის სტრუქტურას - რომელსაც აყალიბებდა კეთილდღეობის სახელმწიფოს სერვისები და ეკონომიკური უსაფრთხოება - იკლო შვილადობის მაჩვენებელმა,  გაიზაირდა განქორწინებების რიცხვი, გაჩნდა მარტოხელა მშობლების შინამეურნეობები და ამასთან, გაიზარდა ტოლერანტობა ალტერნატიული ოჯახის ფორმების მიმართ. მოსახლეობის გარეუბნებში მასობრივმა გადასვლამ და ელექტრონული მასმედიის გავრცელებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სოციალურ ურთიერთობებზე, სამომხმარებლო კაპიტალიზმზე, საჯარო სერვისებზე და მთავრობის გამჭვირვალობაზე. და ბოლოს, სოციალური ცხოვრების და კულტურის ზოგადმა დემოკრატიზაციამ გამოიწვია თანაბარი უფლებებისადმი მოთხოვნილებების ზრდა, ხელი შეუწყო პლურალისტული და იდენტობის პოლიტიკის ჩამოყალიბებას, და შექმნა „მორალური ინდივიდი.“ კოლექტიური მოთხოვნებისა და აბსოლუტისტური მორალისგან გათავისუფლებულმა ინდივიდმა უფრო მეტი მნიშვნელობა დაუთმო ორმხრივ მიმღებლობას და თავისუფლებას, მათ შორის თვითგამოხატვის თავისუფლებას კონსუმერულ საზოგადოებაში (გარლანდი, 2001).

ყველა ამ ძვრას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა როგორც დანაშაულის, ასევე დანაშაულის კონტროლის მიმართულებით. მზარდმა სამომხმარებლო კულტურამ შექმნა ახალი შესაძლებლობები კრიმინალისთვის, რაც, თავის მხრივ, უფრო მიმზიდველი გახდა სოციალური ეკოსისტემისა და კულტურის ცვლილებების შედეგად, რამდენადაც შესუსტდა როგორც სიტუაციური, ისე არაფორმალური კონტროლი. ამ ყველაფერს „ბეიბი ბუმერების“ თაობის ბიჭების დიდი ჯგუფი დაემატა, რომელიც დანაშაულის ზრდის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი გახდა. მოკლედ რომ ვთქვათ, „ახალმა სოციალურმა და კულტურულმა შეთანხმებებმა გვიანი თანამედროვე საზოგადოება დანაშაულისკენ მიდრეკილად“ გადააქცია (გარლანდი, 2001, გვ. 91).

1970-1980 წლების ეკონომიკურმა და სოციალურმა რყევებმა, ერთგვარი წინააღმდეგობა წარმოშვა საზოგადოებაში დესტაბილიზაციის გამომწვევად აღქმულ კეთილდღეობის სახელმწიფოსა და ნებადართულ, ეგოისტურ კულტურას შორის. იმის მიუხედავად, რომ კეინსიანური ეკონომიკისა და მორალური ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკური მოძრაობა ჯერ კიდევ 1960-იანებში არსებობდა (ბეკეტი, 1997),  1970-1980 წლებში მან პიკს მიაღწია. ახალმა საშუალო კლასმა, რომელიც ბიუროკრატიას და კეთილდღეობის სახელმწიფოს რესურსის განიავების მექანიზმად უყურებდა, გააძლიერა ეს რეაქციული მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სწორედ ის ჯგუფია, რომელიც სარგებელს იღებდა კეთილდღეობის სახელმწიფოს სერვისებით, ელექტორატის ეს დიდი ნაწილი ახლა უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამდა შემცირებული მოგებებით. ამ კონტექსტში ნეოლიბერალურმა, თავისუფალი ბაზრის იდეამ მოიცვა მთავრობა და საზოგადოება.[2] მაგრამ, პოლიტიკური ლიდერების, როგორიც იყვნენ ტეთჩერი, რეიგანი და ბუში, მოტივაცია იყო არამარტო იდეოლოგიური საჭიროება, შეექმნათ ვალდებულებებისგან თავისუფალი ბაზარი, არამედ მათი უარყოფითი განწყობა იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც, მათი აზრით, გახდა ზედმეტად ურჩი, მიმღებლური და კეთილდღეობაზე დამოკიდებული. თავისუფალი ბაზრის ლიბერალიზმითა და ნეოკონსერვატიული ავტორიტარიზმის შერწყმით (,,ქორწინებით“) წარმოიშვა „ახალი მემარჯვენეობა.“ ამან კი შექმნა გარემო, სადაც დაინერგა კანონიერებისა და წესრიგის ახალი პოლიტიკა, სისხლის სამართლის სისტემის ისეთი პრაქტიკები, როგორიცაა ნულოვანი ტოლერანტობა და დღეს არსებული ფართომასშტაბიანი სოციალური გარიყულობის პროექტი.

 

კანონიერებისა და წესრიგის პოლიტიკა

დანაშაულის ზრდა, როგორც გვიანდელი თანამედროვე საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ნორმალური სოციალური ფაქტი ერთგვარი ტესტს წარმოადგენდა სახელმწიფოსთვის იმის გამოსარკვევად, შეძლებდა თუ არა იგი თითოელი მაცხოვრებლის სათანადო დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეს გამოწვევა განსაკუთრებით ყურადსაღები იყო 1970-იან წლებში დანაშაულის მუდმივი და მზარდი  შიშის გამო (გარლანდი, 1996). მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ზოგიერთი ამ შიშთაგანი იყო რაციონალური, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცხოვრობდა გაღატაკებულ ურბანულ ცენტრებში, ტელევიზიებმა და მასმედიამ მაინც ჩამოაყალიბეს, გააძლიერეს და გაავრცელეს ფართო საზოგადოებაში ეს შეშფოთება დანაშაულებების მიმართ.  მედია ხშირად წარმოადგენდა დანაშაულის დამახინჯებულ სურათს, რაც შიშს უფრო მეტად აძლიერებდა კონკრეტულ ქვეჯგუფებში - განსაკუთრებით, ხანდაზმულებში და მდიდრებში, რომელთა ვიქტიმიზაციის ობიექტური რისკი, განსაკუთრებით ძალადობრივი ვიქტიმიზაციის, შედარებით დაბალი იყო. ამ პირობებში ლიბერალური დანაშაულის პოლიტიკამ დიდი დარტყმა მიიღო და, შედეგად, მისი პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა შეირყა.  სისხლის სამართლის პოლიტიკის ექსპერტების მიმართ პატივისცემა, რითაც ისინი ტრადიციულად სარგებლობდნენ, სწრაფად შემცირდა, რადგან ზოგი ამტკიცებდა, რომ რეაბილიტაციისადმი რწმენა უსარგებლო იყო, ზოგი კი მიიჩნევდა, რომ სისტემის ნდობა რეფორმირების მიმართ კრიტიკას იმსახურებდა.

დანაშაულის ზრდის შიშისა და სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის მკვეთრად გაუარესების გამო შექმნილ ვაკუუმში კანონიერებისა და წესრიგის მკვეთრად პოპულისტური პოლიტიკური დისკურსი გაჩნდა. ეს მიდგომა წარმოჩინდა, როგორც წარუმატებელი ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის ახალი მემარჯვენე ალტერნატივა. დანაშაულისადმი ეს დამოკიდებულება ხაზს უსვამდა ექსპრესიულ პოლიტიკას და სასჯელს, რათა ხელახლა დამკვიდრებულიყო სახელმწიფოს კონტროლი დანაშაულზე. კონსერვატორებისთვის, რომლებიც იწონებდნენ ამ მოდელს, ეს მკაცრი მიდგომა იყო ერთადერთი ადეკვატური პასუხი კეთილდღეობის სახელმწიფოსთვის, რომელიც იფარებდა დანაშულს, ხელს უწყობდა კეთილდღეობის სახელმწიფოს სერვისებზე დამოკიდებულებას და ძირს უთხრიდა ტრადიციულ სოციალური კონტროლის მექანიზმებს. ექსპრესიული პოლიტიკა პოპულარული მხოლოდ კონსერვატორებში არ გამხდარა. ყველა, ვისაც აშინებდა დანაშაული, აშფოთებდა კეთილდღეობის სახელმწიფოს სერვისებზე დამოკიდებულების გაზრდილი მაჩვენებელი და  კულტურული ცვლილების ფორმა, ამ იდეის პოტენციური მხარდამჭერი გახდა. აშშ – ში 1980-1990 წლებში, ელექტორატის მხარდაჭერის მოპოვებით, ახალი მემარჯვენეების სოციალურ-კონსერვატიულმა ფრთამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სისხლის სამართლის სისტემის მოწყობაში. ნულოვანი ტოლერანტობა, სავალდებულო სასჯელები, „სამი შეცდომის წესი,“ ვადაზე ადრე გათავისუფლების გაუქმება, საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენების ვალდებულება (community notification), ბანაკები, თავისუფლების აღკვეთის როგორც სასჯელის რუტინული გამოყენება და დამნაშავეთა მკურნალობისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემცირება - ის მიდგომებია, რომელიც ამ ძლიერი მოძრაობის მიერ იქნა ხორცშესხმული. ისინი ძალაში დარჩნენ, ზოგ შემთხვევაში კი გაფართოვდნენ კიდეც მეტად ლიბერალური მთავრობების არჩვის პირობებშიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოქმედებს სადამსჯელო ლოგიკა, მისი შეცვლის მცდელობით კი შეიძლება, საფრთხე შეექმნას მომავალი ელექტორატის მობილიზებას.

 ო’მეილი (1999) აღნიშნავს, რომ ექსპრესიული, სადამსჯელო სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის პარალელურად, ახალი მემარჯვენე მთავრობების მიერ მიღებული იქნა არაერთი, ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო, არასადამსჯელო ზომები, ისეთები როგორიცაა მედიაცია და რესტიტუცია. ამ პროგრამებს ხშირად მართავენ არასამთავრობო უწყებები, ეს მიდგომები კი შეგვიძლია ტრადიციული, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის თავისუფალ ბაზარზე გადაცემის მცდელობად მივიჩნიოთ. ამ პირობებში გარდაუვალია, რომ გაჩნდეს წინააღმდეგობრივი ახალი მემარჯვენე ხედვები; ეს არის მიმართულება, რომელიც არსებული თავისუფალი ბაზრისა და სოციალურ-კონსერვატიულ ძალაში წარმოქმნილი ურთიერთწინააღმდეგობის შედეგად არის ჩამოყალიბებული. სწორედ თავისუფალი ბაზარის არსებობით აიხსნება კერძო ციხეების, კერძო უსაფრთხოების სისტემების და მკურნალობის კერძო პროგრამების ზრდა.

ტრადიციული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის თავისუფალ ბაზარზე დელეგირებას თან ახლდა დანაშაულის პრევენციის პროგრამების ზრდა და სხვა ინიციატივები, რომლებმაც მკვეთრად გარდაქმნეს სახელმწიფოს როლი დანაშაულის კონტროლის მიმართულებით, რასაც  გარლანდი (2001, გვ. 124) სახელმწიფოს „პასუხისმგებლობის დაკისრების სტრატეგიას“ უწოდებს (“responsibilization strategy“).  კერძო სექტორთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, იზრდება სახელწიფოს წვდომის არეალი და იქმნება კონტროლის გაუმჯობესებული ქსელი, რომელიც ავსებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ფორმალურ სისტემას. ეს სტრატეგია არა მხოლოდ აღიარებს სუვერენული სახელმწიფოს შეზღუდულ შესაძლებლობებს, რომ გააკონტროლოს დანაშაული გვიანდელ თანამედროვე საზოგადოებაში (გარლანი, 1996), არამედ „წარმოადგენს მმართველობის ახალ ფორმას - დისტანციიდან მართვას - იგი ითვალისწინებს სახელისუფლებო პრინციპებსა და გზებს, რომლებიც ახლა უკვე კარგად არის ჩამოყალიბებული სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა სფეროებში“ (გარლანდი, 2001, გვ. 127). ამრიგად, რეკონსტრუქციული სახელმწიფო  დანაშაულის წინააღმდეგ ილაშქრებს გამოხატული და პოპულისტური სისხლის სამართლის პოლიტიკის საშუალებით, იმის დასამტკიცებლად, რომ იგი მართავს სიტუაციას და პარალელურად ცდილობს ამით მოიზიდოს ელექტორატი. იგი პასუხისმგებლობის დელეგირებას ახდენს და, ამავდროულად, ხელს უწყობს თანამშრომლობას კერძო და არაკომერციულ სექტორებთან, რაც მის შესაძლებლობებს აფართოებს, მაგრამ ასევე მიანიშნებს, რომ მას აქვს შესუსტებული შესაძლებლობები დანაშაულის კონტროლის მიმართულებით.

ეს ორივე იმპულსი აშკარად ჩანს ნულოვანი ტოლერანტობის ბოლოდროინდელ აღზევებაში. სახელმწიფოს საჭიროება, განახორციელოს კონტროლი დანაშაულზე ექსპრესიული ზომების საშუალებით, აძლიერებს და ავრცელებს ზოგად შეშფოთებას დანაშაულის შესახებ. პოლიტიკოსებმა გაიგეს, რომ შეშინებული საზოგადოება, როგორც წესი, მხარს დაუჭერს მათ, ვისაც აქვს მკაცრი ხედვა დანაშაულის მიმართ. ეს შეხედულებები სულ უფრო და უფრო სადამსჯელო და შეუწყნარებელია და  რეკლამირდება მედიასაშუალებებით, რომლებიც იყენებენ დანაშაულისა და დანაშაულის პოლიტიკის შესახებ ისტორიებს, რადგან ისინი მომგებიანია. დანაშაულის მიმართ აღშფოთებისა და შეუწყნარებლობის გამონათქვამები თავიანთი მუდმივი არსებობით კულტურაში, ლეგიტიმაციას უქმნიან საზოგადოებაში არსებულ შიშს და კიდევ უფრო ამყარებენ სადამსჯელო ლოგიკას. როდესაც იდეები, როგორიცაა ნულოვანი ტოლერანტობა, ხდება კონტროლის მისაღები ფორმა, მისი ლოგიკის დელეგირება ხდება სახელმწიფოს „პასუხისმგებლობის დაკისრების სტრატეგიის“ ფარგლებში. შედეგად ვიღებთ მეტად შეუწყნარებელ საზოგადოებას, რომელიც არის განსჯაზე და გარიყვაზე ორიენტირებული, ნაცვლად ინკლუზიური საზოგადოებისა, რომელიც დაფუძნებულია სოციალური სამართლიანობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპებზე.

 

გარიყვის კრიმინოლოგია

თუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდმა (თანამედროვეობა) ხაზი გაუსვა ინკლუზიურ სისხლის სამართალს, XX საუკუნის ბოლო მესამედმა (გვიანდელი თანამედროვეობა) ხაზი გაუსვა საპირისპიროს, გარიყვის სამართალს (Young, 1999). ინკლუზიური სულისკვეთება მოიაზრებდა იმ მიდგომას, რომ დამნაშავეებს, თუნდაც მათ, ვინც ძალადობრივი დანაშაულები ჩაიდინეს, შეეძლებოდათ რეაბილიტაცია და ისინი საზოგადოებაში ეფექტურ რეინტეგრაციას მოახდენდნენ. თავის მხრივ, გარიყვის სამართალს აღმოვაჩენთ სხვადასხვა სტრატეგიაში, რომელიც განვითარდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მათ გასაკონტროლებლად, ვინც განიხილება, როგორც არაცივილური, ან საშიში: „დაქვემდებარებული კლასის წარმომადგენლები, მარგინალიზებულები, დაუცველები, კრიმინალები“ (ვარდების, 2000, გვ. 331). მიუხედავად იმისა, რომ სამი შეცდომის წესი, პრევენციული დაკავება, სავალდებულო განაჩენი და პენიტენციური სასჯელების გამოყენების ზრდა ამ სტრატეგიებს შორისაა, ნულოვანი ტოლერანტობა არის ის მიდგომა, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს გარიყვის მეთოდით დანაშაულის კონტროლს.

შესაძლებელია, რომ მიმდინარე მოძრაობა, რომელიც მიმართულია ე.წ. საშიში კლასების უფრო დიდი კონტროლისკენ, მთლიანად პროგნოზირებადი იყო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი განვიხილავთ სოციალური და სისხლის სამართლის რეგულირების ისტორიას. დანაშაულის ზრდას ყოველთვის ჰქონდა პოტენციალი, რომ სიმბოლურად წარმოედგინა სოციალური ხარვეზები, რასაც მიყავდა სისტემა ფორმალური კონტროლისა და სასჯელის გამკაცრებისაკენ (დაუნსი, 2001). მელოსი (2000) ამტკიცებს, რომ ეს კრიმინალის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი ციკლური გზით ხდება. სოციალურ პერიოდებში, რომელსაც ახასიათებს დადებითი ეკონომიკური პირობები და ზოგადი ოპტიმიზმი, ჭარბობს უფრო ლიბერალური სოციალური დამოკიდებულება. ასეთ გარემოში პატიმრობის დონე დაბალია და იკვეთება სარეაბილიტაციო პროგრამების პრევალენტობა. ზოგჯერ დამნაშავეებს თანაგრძნობით ეკიდებიან, რადგან მათ აღიქვამენ, როგორც ვირტუალურ მეომრებს უსამართლო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლაში. კრიმინალის მიმართ რადიკალურად განსხვავებული შეხედულები ყალიბდება სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

ასეთი პერიოდების აშკარა მახასიათებელია კონსერვატიზმი და აქტიური კამპანია საზოგადოების დასაცავად იმ დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არსებულ მორალურ და სოციალურ წესრიგს. ამ დროს ასევე იკვეთება სოციალური შეუწყნარებლობა, პატიმრობის უფრო მაღალი მაჩვენებლები და უფრო მკაცრი სასჯელები. ამრიგად, საზოგადოება დამნაშავის მიმართ თანაგრძნობის ნაცვლად გმობს ბოროტმოქმედს, რაც არ არის შემთხვევითი და არაპროგნოზირებადი. თუ რეაბილიტაციის ბოლოდროინდელ კრიტიკას და ნულოვანი ტოლერანტობის იდეის პოპულარიზაციას მელოსის მიერ წარმოდგენილ ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ, შეუწყნარებლობა მათ მიმართ, ვინც მტერს სიმბოლურად გამოხატავს,  ნამდვილად არ არის შემთხვევითი. ამასთან, არსებობს თანამედროვე კონტროლის სტრატეგიების უნიკალური თვისებები, რომლებმაც შეიძლება მკვეთრად იმოქმედოს მოვლენების განვითარებაზე.

ზემოთ ვამტკიცებდი, რომ დღევანდელი გარიყვის კრიმინოლოგიის პოლიტიკის ფესვები შეგვიძლია აღმოვაჩინოთ იმ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებში, რომლებიც თან სდევს გვიან მოდერნულ პერიოდს. ამ ფონზე წარმოიშვა სოციალური მარგინალიზაციის მართვის ახალი რეჟიმები (ბეკეტი & ვესტერნი, 2001). ნულოვანი ტოლერანტობა გულისხმობს სოციალური კონტროლის გაცილებით ფართო და უფრო ღრმა ტრანსფორმაციას. იგი ასევე ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად არის სიღარიბის, უმუშევრობის და სოციალური გარიყვის პრობლემები დამახინჯებული საზოგადოებრივ დისკურსში „ახალი ტრიუმფალიზმით“, რომელიც „ამაყობს“ იმით, რომ დანაშაულის კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მეშვეობით (კურიე, 1999, გვ. 2).

 

სოციალური მარგინალობის მართვის ახალი მოდელები

ნულოვანი ტოლერანტობის ზრდა დაკავშირებულია სოციალური მარგინალობის მართვის რეკონსტრუქციასთან, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მოხდა. ბეკეტისა და ვესტერნის (2001) მიხედვით, ამ რეკონსტრუქციის ბუნება შეიძლება შევაჯამოთ, როგორც კეთილდღეობის იდეისაგან თავის დაღწევა სისხლისსამართლებრივ და სოციალურ სფეროებში:

თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსში წარმოდგენილი უსახლკარობის პრობლემა განხილულია, როგორც უსაფრთხოების საკითხ, და არა სოციალური პრობლემა. ასეთი მიდგომა საკმაოდ პესიმისტურია სოციალურად მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის შესაძლებლობის კუთხით, რადგან იგი ხაზს უსვამს ღარიბთა საშიშ და უღირს ბუნებას, უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო საუკუნის დასაწყისში (გვ. 46–47).

კეთილდღეობის პოლიტიკაზე თავდასხმის პირობებში, სერვისების მიმღებები აღმოჩნდნენ მამარგინალიზებელი განწყობების სამიზნე, რომლებიც წამლავდნენ პოლიტიკურ დისკურსს. უსაფრთხოების ზომების გამკაცრება აღარ ეხება მხოლოდ დანაშაულს და კრიმინალს; სოციალური კონტროლის, სოციალური გარიყვის და სოციალური მარგინალიზების ლოგიკა გავრცელდა როგორც სასჯელაღსრულების, ისე კეთილდღეობის ინსტიტუტებში (ბეკეტი & ვესტერნი, 2001). აშშ-ში, სისხლისსამართლებრივი და კეთილდღეობის პოლიტიკების ასეთი გადაკვეთა კიდევ უფრო რიყავს ჯგუფებს, რომლებიც იმთავითვე განიცდიან  შეუწყნარებლობას და სოციალურ გარიყულობას, მათი სიღარიბის და/ან უმცირესობის სტატუსის გამო.[3]  სივრცითი, ეკონომიკური და რასობრივი სეგრეგაცია, რომელიც შენარჩუნებულია აშშ-ს საზოგადოებაში ნიშნავს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის განხორციელება შეიძლება მოწესრიგდეს ისე, რომ ის მხოლოდ საზოგადოებისთვის საფრთხედ მიჩნეულებს შეეხოთ. ამ თვალსაზრისით, გაბატონებული სადამსჯელო სტრატეგია ერთ–ერთი არსებითი განსხვავებაა. როგორც დევიდ გარლენდმა (1996, გვ. 461) თქვა, „ეს სხვათა კრიმინოლოგიაა, რომელიც დამნაშავეებს განსხვავებული რასობრივი და სოციალური ჯგუფების საშიშ წევრებად წარმოადგენს, ისინი არიან სხვანი და ნაკლებად აქვთ რაიმე საერთო ჩვენთან.“ ამ კონცეფციის შედეგად წარმოქმნილი უკიდურესი მარგინალიზაცია აძლიერებს სადამსჯელო სტრატეგიას და უკვე შეშფოთებულ საზოგადოებას უადვილებს ისეთი პოლიტიკის მხარდაჭერას, როგორიცაა ნულოვანი ტოლერანტობა. შედეგი არის ზომიერი მიდგომის სრული გაუჩინარება,  რომელიც დამნაშავეს სახავს როგორც დაუცველ ან არასაკმარისად სოციალიზებულ მდგომარეობაში მყოფს, და მას უქვემდებარებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას როგორც სოციალურ, ასევე სისხლისსამართლებრივ პოლიტიკაში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებით“ (გარლენდი, 1996, გვ 462). სოციალური მარგინალიზაციის მმართველობა გულისხმობს უზარმაზარი უთანასწორობის არსებობას, უკიდურეს სოციალურ გარიყვას და ისეთი პოლიტიკის გამოყენებას, როგორიცაა ნულოვანი ტოლერანტობა, რათა ეფექტურად მოხდეს „მთელი ამ ამბის კონტროლი“ (კურიე, 1999, გვ. 12).

სოციალური მარგინალობის მარეგულირებელი ახალი მეთოდი განპირობებულია „დაზღვევითობის ლოგიკით“ (ფილი & საიმონი, 1994), რომელიც თანამედროვე პერიოდში წარმოიშვა. ინდუსტრიალიზაციიდან მოდერნიზაციამდე გადასვლას თან ერთვოდა ყოველდღიური რისკების ფართო სპექტრი -  დანაშაული, გარემოზე მავნე ზემოქმედება, ავტოსაგზაო შემთხვევები, ახალი დაავადებები, ტერორიზმი და ა.შ., რომელთაგანაც თავი უნდა დაეზღვიათ ინდივიდებს. შირინგი (2001, გვ. 209) აღნიშნავს: „რისკებთან დაკავშირებით, ცხოვრების ახალ სტილს მიეცა დასაბამი.  იმის ნაცვლად, რომ წავიდეთ და ის ვაკეთოთ, რაც გვინდა, შემდეგ კი გავუმკლავდეთ პრობლემებს, როდესაც ისინი წარმოიქმნება, ჩვენ ვცდილობთ, წინასწარ განვჭვრიტოთ პრობლემები და თავიდან ავიცილოთ ისინი.“ რისკების ასეთი აღქმა იწვევს წინმსწრებ ქმედებებს მათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის მორალურ და სოციალურ წესრიგს. ამ მოქმედებების მიზანია რისკების აღმოფხვრა ინდივიდებისა და ჯგუფების მართვისა და რეგულირების გზით. მაშინ, როდესაც დაზღვევითობის ლოგიკა გულისხმობს, რომ ცნება „სხვა“ ყველგან არის და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ კრიმინალებითა და „აუტსაიდერებით“ (იანგი, 1999). რისკის შემცირების სტრატეგიები, როგორიცაა ნულოვანი ტოლერანტობა, ყველაზე ხშირად მათ წინააღმდეგ გამოიყენება, რომელთაც ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა. გასაკვირი არ არის, რომ რისკიანი საზოგადოების ზრდა დაემთხვა კეთილდღეობის შემცირებას, როგორც პენიტენციურ, ისე სოციალურ სფეროებში. სოციალური მარგინალობის მართვის ახალ რეჟიმად კი ჩამოყალიბდა მეთოდი, რომელიც ცდილობს კონტროლი გაუწიოს ამ სწრაფად ცვალებად საზოგადოებას. გამოხატული და სადამსჯელო ნულოვანი ტოლერანტობის სტრატეგია, რომელიც დანაშაულისა და სოციალური კონტროლის ნაწილი გახდა, ერთდროულად ახერხებს მოსახლეობის დარწმუნებას და რისკის შემცველი ადამიანების მართვას. მაგრამ, როგორც ქვემოთ ავხსნი, ეს დარწმუნება არის ზედაპირული და, საბოლოოდ, საშიშიც.

 

ნულოვანი ტოლერანტობის საფრთხეები

ნულოვანი ტოლერანტობა და სხვა, დანაშაულისა და სოციალური კონტროლის სადამსჯელო სტრატეგიები ემყარება იმ აზრს, რომ დანაშაული შეიძლება „გაიწმინდოს.“[4] მაგალითად, ნულოვანი ტოლერანტობის საპოლიციო მიდგომა ირწმუნება, რომ დაბალი დონის დანაშაულების კონტროლი, თავის მხრივ, გამოიწვევს ნაკლები რაოდენობის მძიმე დანაშაულებს. პრაკტიკა კი აჩვენებს, რომ ამ სტრატეგიას ყურადღება გადააქვს სერიოზული დანაშაულებიდან ქუჩის დანაშაულებზე. გარდა ამისა, ეს მიდგომა სათანადოდ არ იაზრებს სრუქტურულ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს დანაშაულს. როგორც ელიოტ კური (1999, გვ.10), აღნიშნავს:

მკაცრი სასჯელების და მასკულინური საპოლიციო მიდგომის საპირწონედ ხდება სოციალური გავლენების როლის არასათანადო შეფასება ძალადობის შემცირების მიმართულებით და ამ შეფასების უკან დგას იდეოლოგიური მიზანი. ეს ხელს უწყობს მტკიცებას, რომ „ძირეულ მიზეზებს“ არ აქვს მნიშვნელობა და, ჩვენ, ვისაც გვჯერა, რომ ნაკლები ძალადობა გვექნება, თუ მკაცრად მოქცევის ნაცვლად, უკეთესად მოვეპყრობით ადამიანებს, ვართ ჩამორჩენილები.

რეპრესიულმა კონტროლმა, რომელიც სოციალური ლანდშაფტის შემადგენელ ნაწილად იქცა, ყურადღება გადაიტანა იმ როლიდან, რომელსაც ასრულებს სოციალური ინტეგრაციის განვითარებაში განათლება, საცხოვრისი, სამუშაო ადგილები, საზოგადოება, ოჯახური ქსელები და პოზიტიური სოციალური მიჯაჭვულობა (გარლანდი, 1998). „ნარკომანიის წინააღმდეგ ომის“ მსგავსად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა ადამიანის ბუნების გამარტივებული ხედვა და მთელი რიგი შინაარსებგამოცლილი ექსპრესიული კონტროლის მექანიზმები. ნაკროდამნაშავეების მიმართ მკაცრი მიდგომა, რაც გულისხმობს მათ ციხეში გამოკეტვას, „წმენდს საზოგადოებას“ და, ამავდროულად, აფრთხილებს ნარკოდამნაშავეს, რომ თუ იგი არ შეიცვლის ცხოვრების წესს, მას დიდი ხნით გაარიდებენ საზოგადოებას. საგულისხმოა, რომ ძალიან ცოტა ყურადღება ეთმობა ადიქციის, მისი წყაროების შესწავლას და იმ კომპლექსური მიზეზების გამოკვლევას, რითაც აიხსნებოდა თუ რატომაა, რომ ამდენი ამერიკელი არის ნარკოტიკებზე დამოკიდებული.

ანალოგიურად, ნულოვანი ტოლერანტობის საპოლიციო მიდგომაც საზოგადოების „გასუფთავებას“ გულისხმობს, რომ ქვეყანა „გაწმენდილი“ დაგვრჩეს ჩვენ, ვინც „პატივს ვცემთ წესიერების ბაზისურ ნორმებს“.[5] მწირი ყურადღება ექცევა იმ მიზეზების ახსნას, რომლებიც იწვევენ ნაკროდამოკიდებულებას. ასევე, არ არის განხილული ის სერიოზული შედეგები,  რომლებიც დგება კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანებისთვის, ვინც უკვე მიეკუთვნებიან საზოგადოების მოწყვლად ფენას. ასეთი მიდგომა ასევე პოტენციურად დამანგრეველია იმ თემისთვის, სადაც უკვე არსებობს სერიოზული სოციალური პრობლემები. მიერსი (1998) ამტკიცებს, რომ აგრესიულმა საპოლიციო მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოკლევადიან პერიოდში მოხდეს საზოგადოების გათავისუფლება დევიაციური ქცევისგან და დანაშაულისგან. თუ ჩავთვლით, რომ საზოგადოების სოციალური მოწყობა[6] განაპირობებს დანაშაულს, მივიღებთ, რომ ნულოვანი ტოლერანტობის საპოლიციო მიდგომა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სტრატეგია, რომელიც ემსახურება ამ მოწყობის მოშლას. „ამგვარი სტრატეგიის დადებითი მხარეები მეტწილად ვერ უძლებს კრიტიკას, ხოლო მისი მავნე შედეგები - ოჯახური კავშირების შეფერხება, ბარიერები შრომით ურთიერთობებში, გაუცხოების დონისა და უნდობლობის გაზრდა - შეიძლება თვითკრიმინოგენული აღმოჩნდეს” (გრინი, 1999, გვ. 182).

 

დასკვნა

ეს ნაშრომი ამტკიცებს, რომ სადამსჯელო სისხლისსამართლებრივი ზომების ზრდა, როგორიცაა ნულოვანი ტოლერანტობა, არის მთელი რიგი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მოვლენების შედეგი, რომლებმაც გარდაქმნეს დანაშაულის ბუნება და სოციალური კონტროლი აშშ-სა და დასავლეთის ინდუსტრიულ სხვა ქვეყნებში. ნულოვანი ტოლერანტობა ჩვენი დროის  მეტაფორაა. იმის გაცნობიერებამ, რომ დანაშაული გვიანდელი თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია, გამოიწვია შიშისა და შფოთვის დონის ამაღლება და სახელწიფოს დააკისრა  დამატებითი მოთხოვნები. ამ ფონზე, სახელმწიფოს რეაგირება ჩამოყალიბდა როგორც ანტიმოდერნული, აბსოლუტისტური და დასჯაზე ორიენტირებული. მაგრამ, ამასთან, ნულოვანი ტოლერანტობა ასევე წარსულის სიმბოლოა: იგი წარმოადგენს იმ დროის გულუბრყვილო და კოლექტიურ მელანქოლიას,  როდესაც ადამიანების ქცევაში განსხვავებები აშკარა იყო და ავტორიტეტი ფართო პატივისცემით სარგებლობდა. ეს იყო დრო, როდესაც ფორმალური და არაფორმალური სოციალური კონტროლი უფრო ეფექტური იყო, როდესაც ნაკლები რისკები იყო დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან, და როდესაც საზოგადოებაში არსებული შფოთვა დანაშაულის და დევიაციის სხვა ფორმებთან დაკავშირებით ბევრად ნაკლები იყო.

მაშინ, როცა ნულოვანი ტოლერანტობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში წარმოადგენს კოპლექსური და დანაშაულისკენ მიდრეკილი საზოგადოებისთვის წესრიგის დაკისრების მცდელობას, იგი ამას იმგვარად ახორციელებს, რომ აძლიერებს არსებულ უთანასწორობას და ხელს უწყობს ხალხის ჩამოშორებას იმ საზოგადოებიდან, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ეს უკანასკნელი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია ნულოვანი ტოლერანტობის და ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი დაშორებულია ეს მიდგომა წარსულს. როგორც გარლანდი აღნიშნავს: „რაც უფრო კარგად „გესმის“ დამნაშავის ... მით უფრო კარგად სჯი მას. დამნაშავის ხელახალი ინტეგრაციის პერსპექტივა სულ უფრო და უფრო არარეალისტურად აღიქმება, და, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო ნაკლებად ითვლება მორალურად მისაღებად“ (2000, გვ. 368). როდესაც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ვრცელდება და სცდება სისხლის სამართლის სფეროს, გარიყვაზე ორიენტირებული საზოგადოების არეალი ფართოვდება  და იქცევა სოციალური ქსოვილის იმ ნაწილად, რომელიც ჩვენი შიშებისა და შფოთვების სიმბოლური გამოხატულებაა.

ამავე თემაზე:

      

თარგმანი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მხარდაჭერით. თარგმანში სრულად არის შენარჩუნებული სტატიის შინაარსი და ავტორის სტილი. თარგმანზე პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).“ თარგმანის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

გამოყენებული ლიტერატურა

ანდერსონი, ე. (1999). ქუჩის კოდექსი: წესიერება, ძალადობა და ცხოვრების მორალი. ნიუ იორკი: ვ.ვ. ნორტონი  & კომპანია.

ბეკეტი, კ. (1997). საზღაური დაშაულისთვის: კანონი და წესრიგი თანამედროვე ამერიკულ პოლიტიკაში. ნიუ – იორკი: ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა.

ბეკეტი, კ და ვესტერნი, ბ. (2001). სოცილური მარგინალიზების მართვა: კეთილდღეობა, პატიმრობა და სახელმწიფო პოლიტიკის გარდაქმნა. სასჯელი და საზოგადოება, 3, 43–59.

ბესტ, ჯ.(2001). სოციალური პრობლემების ტრანს-ნაციონალური დიფუზია. Hawthorne, NY: Aldine de Gruyter.

ბლუმსტეინი, ა. და ვოლმანი, ჯ. (2000). დანაშაულის ვარდნა ამერიკაში. ნიუ იორჯი: კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესა.

ბოულინგი, ბ. (1999). მკვლელობების ზრდა და შემცირება ნიუ იორკში: ნულოვანი ტოლერანტობა თუ შემცირებული კოკანი. კრიმინოლოგიის ბრიტანული ჟურნალი, 39, 531–554.

ბრაითვეიტი, ჯ. (2000). ახალი მარეგულირებელი სახელმწიფო და კრიმინოლოგიის ტრანსფორმაცია. კრიმინოლოგიის ბრიტანული ჟურნალი, 40, 222–238.

ბურკე, რ. ჰ. (1998). ნულოვანი ტოლერანტობის საპოლიციო მიდგომის სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი. საპოლიციო საქმიანობა: საპოლიციო სტრატეგიებისა და მენეჯმენტის საერთაშორისო  ჟურნალი, 21, 666–682.

კურიე, ე. (1999). ათასწლეულების ანარეკლები დანაშაულსა და კრიმინოლოგიაზე. დასავლეთის კრიმინოლოგიის მიმოხილვა, 2 (1), 1–15. http://wcr.sonoma.edu/v2n1/currie.html

დიქსონი, ბ. (2000). ნულოვანი ტოლერანტობა: საპოლიციო მიდგომები თემში [ელექტრონული ვერსია]. აფრიკის უსაფრთხოების მიმოხილვა, 9, 1–55.

დაუნსი, დ. (2001). მასკულინური სასჯელაღსრულების ეკონომიკა: აშშ-ში მასობრივი დაპატიმრებები - ევროპული პერსპექტივა. სასჯელი და საზოგადოება, 3, 61–80.

ექ, ჯ. და მაგუაირი, ი. (2000). საპოლიციო ცვლილებებმა გამოიწვია ძალადობრივ დანაშაულის შემცირება? მტკიცებულებების შეფასება. ა. ბლუმსტეინი & ჯ. ვოლმენი (რედაქტორები), დანაშაულის დონის ვარდნა ამერიკაში (გვ. 207–265). ნიუ იორკი: კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესა.

ფილი მ. and საიმონ ჯ. (1994). აქტუარიალური სამართალი: ახალი სისხლის სამართლის კანონი. დ. ნელკინის (რედ.), კრიმინოლოგიის მომავალი (გვ. 173–200) ლონდონი: Sage.

გარლანდი, დ. (1996). სუვერენული სახელმწიფოს ლიმიტაციები: დანაშაულის კონტროლის სტრატეგიები თანამედროვე საზოგადოებაში. კრიმინოლოგიის ბრიტანული ჟურნალი, 36, 445–471.

გარლანდი, დ. (1998). კრიმინოლოგია, დანაშაულის კონტროლი და ”ამერიკული განსხვავება”. კოლორადოს უნივერსიტეტის სამართლის მიმოხილვა, 69, 1137–1162.

გარლანდი, დ. (2000). მაღალი დანაშაულების დონის საზოგადოებების კულტურა: ბოლოდროინდელი ‘კანონის და წესრიგის’ პოლიტიკის წინაპირობები. კრიმინოლოგიის ბრიტანული ჟურნალი, 40, 347–375.

გარლანდი, დ. (2001). კონტროლის კულტურა. ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის პრესა.

გრინი, ჯ. ა. (1999). ნულოვანი ტოლერანტობა: პოლიციური პოლიტიკის და პრაქტიკის შესწავლა ნიუ იორკში. დანაშაული და დელიკვენტურობა,  45, 171–187.

ჰარკურტი, ბ. (2001, 11 სექტემბერი). გატეხილი ფანჯრების მითი. ნიუ იორკ თაიმსი, A23.

ჰარკურტი, ბ. (2001 ა). წესრიგის ილუზია: ჩატეხილი ფანჯრების საპოლიციო მიდგომის ყალბი დაპირება. კემბრიჯი: ჰარვარდის უნივერსიტეტის პრესა.

კარმენი, ა. (2000). ნიუ – იორკის მკვლელობების საიდუმლო: 1990-იანი წლების დანაშაულის შემცირების ნამდვილი ისტორია. ნიუ იურკის უნივერსიტეტის პრესა.

მაკარდლი, ა (2001). შესავალი. მაკარდლი, ა და ერზინი, თ. (2001). ნულოვანი ტოლერანტობა: ცხოვრების ხარისხი და პოლიციის სისასტიკე ნიუ იორკში. (გვ. 1–16). ნიუ იურკის უნივერსიტეტის პრესა.

მაკარდლი, ა და ერზინი, თ. (2001). ნულოვანი ტოლერანტობა: ცხოვრების ხარისხი და პოლიციის სისასტიკე ნიუ იორკში. ნიუ იურკის უნივერსიტეტის პრესა.

მიერს, თ. ლ. (1998). სოციალური ორგანიზაცია და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. ამერიკის სისხლის სამართლის მიმოხილვა, 35, 191–227.

მელოსი, დ. (2000). კრიმინალზე წარმოდგენების შეცვლა. კრიმინოლოგიის ბრიტანული ჟურნალი, 40, 296–320.

მილერი, დ. ვ. (2001, 9 თებერვალი). გატეხილი ფანჯრების თეორია. უმაღლესი განათლების ქრონიკა, A14 – A16.

ო’მაილი, პ. (1999). არასტაბილური და წინააღმდეგობრივი სასჯელი. თეორიული კრიმინოლოგია, 3, 275–196.

როზე, ნ. (2000). მთავრობა და კონტროლი. კრიმინოლოგიის ბრიტანული ჟურნალი, 40, 321–339.

შირინგი, კ. (2001). სასჯელი და მართველობის სახე ცვილილება. სასჯელი და საზოგადოება, 3, 203–220.

სკოლნიკი, ჯ. (1999). ურბანული დანაშაულის კონტროლის თეორია. თეორიული კრიმინოლოგია, 3, 231–238.

იანგი, ჯ (1999). კანიბალიზმი და ბულიმია: გვიანი თანამედროვეობის სოციალური კონტროლის ნიმუშები. თეორიული კრიმინოლოგია, 3, 387–407.

ბიოგრაფია

ქარიმ ისმაილი არის სისხლის სამართლის ასოცირებული პროფესორი წმ. ჯონის უნივერსისტეტში და სოციალური სამართლიანობის ვინცენტის ცენტრის  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. იგი იკვლევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა რასობრივი, კლასობრივი და გენდერული მიკერძოება სისხლის სამართლის სისტემაში; მასობრივი პატიმრობის მიზეზები და შედეგები; დანაშაული და ძალადობა ქალაქის ცენტრალურ დასახლებებში; კრიმინოლოგიური თეორია და საჯარო პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება. ამჟამად სწავლობს საიმიგრაციო პოლიტიკაში განხორციელებულ ცვლილებებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ.

[1] ეს პერიოდი მოიცავს მე-20 საუკუნის ბოლო მესამედს (იანგი, 1999)

[2] იხ. ო’მაილი (1999, გვ. 183-184) ნეოლიბერალიზმზე

[3] 1975-1995 წლებში აშშ-სკეთილდღეობის სერვისების ხარჯებისა  და პატიმრობის მაჩვენებლების ანალიზზე დაყრდნობით, ბეკეტი და ვესტერნი (2001, გვ. 54) ამტკიცებს, რომ „შტატები, სადაც მეტი შავკანიანი მოსახლეობა ცხოვრობს, ნაკლებს ხარჯავენ სოციალურ კეთილდღეობაზე და ასეთ შტატებში უფრო დიდია  პატიმრობის მაჩვენებელი”.

[4] მილერმა (2001) განიხილა რობერტ ჯ. სამსონის კვლევა ჩიკაგოში, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ფიზიკური და სოციალური აშლილობა დანაშაულთან მხოლოდ სუსტ კორელაციაში მოდის. ორივე - მძიმე დანაშაული და აშლილობა - შეიძლება იყოს  სიმპტომები ღრმა სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის.

[5] ბოულინგი (1999, გვ. 548) ამტკიცებს, რომ „გატეხილი ფანჯრების ცნება. . . სინამდვილეში, ეს არის ეფემიზმი „კანონდამრღვევი“ ხალხის „გამოსწორებისთვის“ აგრესიული საპოლიციო მიდგომის გამოყენებით. . . .თუმცა, აგრესიული აღსრულება ვერ უზრუნველყოფს სიღარიბის, ძალადობის, ნარკომანიის, ცეცხლსასროლი იარაღის ფართო გავრცელების შედეგად დაზარალებული თემის გამოსწორებას. პირიქით, ეს წარმოადგენს ზედაპირულ პალიაციურ მიდგომას ფუნდამენტურ სოციალური პრობლემებთან დაკავშირებით. საუკეთესო შემთხვევაში, ეს საპოლიცო სტრატეგიები გავლენას არ ახდენენ საზოგადოებაში არსებულ პრობლემზე და, უარეს შემთხვევაში, ხელს უწყობენ მათ გამწვავებას.“

[6] სოციალურად ორგანიზებულ საზოგადოება ხასიათდება სამეგობრო ქსელებით, სოციალური ერთიანობით, საერთო ღირებულებებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და დაწესებულებებში გაერთიანებით და ზოგადი ზრუნვით თემზე (გრინი, 1999).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“