[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

NGO-ები იზიარებენ სახალხო დამცველის პოზიციას სკოლებში სეკულარული და თანასწორი პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ ორგანიზებულ შეკრებას, სადაც სასულიერო პირების ნაწილი საჯარო სკოლებში არასეკულარული და დისკრიმინაციული გარემოს შესახებ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილ კრიტიკულ შეფასებებს აპროტესტებდა. მანამდე ანგარიშს სხვადასხვა ექსტრემისტი პირები სიძულვილის ენის გამოყენებით გამოეხმაურნენ.

მიგვაჩნია, რომ ექსტრემისტული რელიგიული ჯგუფების მხრიდან საგანმანათლებლო და საჯარო სივრცეების კონტროლის მცდელობები, რომელსაც სამწუხაროდ, სახელმწიფო ეფექტიან და გაბედულ პოლიტიკას ვერ უპირისპირებს, სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოში დემოკრატიული, პლულარული და სოლიდარული საზოგადოების განვითარების პროცესს. ამასთან, ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ მხარდაჭერას სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიმართ და მას საჯარო სკოლებში არსებულ სისტემურ პრობლემებზე აქტიური მუშაობის გაგრძელებისკენ მოვუწოდებთ.

საჯარო სკოლებში ინდოქტრინაცია, პროზელიტიზმი და დისკრიმინაცია სისტემურ ხასიათს ატარებს. ჩატარებული კვლევები, ისევე როგორც სახალხო დამცველისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშები, უთითებენ საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის მასობრივი დარღვევის ისეთ ფორმებზე როგორებიცაა: სკოლების ინფრასტრუქტურაში არააკადემიური მიზნით რელიგიური ატრიბუტიკის აქტიური გამოყენება (სამლოცველო ოთახები, საეკლესიო კუთხეები კლასებში.); გაკვეთილების მიმდინარეობისას სკოლის მოსწავლეების რელიგიურ საქმიანობაში ჩართვა (კოლექტიური ლოცვები, სასულიერო პირების მოწვევა და მოსწავლეების კურთხევა); სხვადასხვა საგნის მასწავლებლების მხრიდან რელიგიური ინდოქტრინაციისა და აკადემიური, სამეცნიერო აზრისგან დაცლილი სწავლება. მასწავლებლები საკუთარ პოზიციას ხშირად რელიგიური ქადაგებისთვის იყენებენ და ხელს უწყობენ შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და რელიგიური ფანატიზმის გაღვივებას. სასკოლო სახელმძღვანელოებში სხვა რელიგიები ზოგიერთ შემთხვევაში მტრულად არის წარმოდგენილი და დაკნინებულია მათი პოზიტიური როლი მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიაში.

აღნიშნული პრაქტიკები შეზრდილია საჯარო სკოლების ყოველდღიურ ცხოვრებაში და ტოტალურ ხასიათს ატარებს. საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა ერთი მხრივ ზიანს აყენებს ნებისმიერ, მათ შორის, მართლმადიდებლური რწმენის მქონე მოსწავლეს და მასში კრიტიკული, თავისუფალი და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებას უშლის ხელს, მეორე მხრივ კი, სხვა რელიგიური რწმენის მქონე მოსწავლეების მიმართ დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის, რაც მათ ხშირად აიძულებს საკუთარი რწმენა დაფარონ ან მუდმივად სტრესის, შიშისა და ჩაგვრის ქვეშ იყვნენ.

სახელმწიფოს პოლიტიკა კი ამ მიმართულებით არაეფექტურია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრობლემის სისტემურობას არ აღიარებს და შესაბამის ღონისძიებებსაც არ ატარებს, არასეკულარული, დისკრიმინაციული და მჩაგვრელობითი პრაქტიკების მასშტაბისა და ფორმების გამოსავლენად და მათ აღმოსაფხვრელად. სახელმწიფოს დემონსტრაციულად არაეფექტური პოლიტიკა საჯარო სკოლებში შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციას ახალისებს და საზოგადოებაში მის კვლავწარმოებას განაპირობებს. მეტიც, საგნის „მე და საზოგადოება“ პროექტის განხილვის დროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უსუსურობა გამოავლინა და საპატრიარქოსა და ცალკეული ქსენოფობიური ჯგუფების გავლენით, საგნიდან, კონსტიტუციისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიზნების შესატყვისი შინაარსები და კონცეპტები ამოიღო. სამინისტროს ეს უკანდახევა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ დონეზე კლერიკალური ჯგუფების გავლენაზე მიანიშნებს. აგრეთვე სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნების და გამბედაობის არ არსებობაზე, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება მოხდეს.

საჯარო სკოლებში არსებული მძიმე მდგომარეობა, ისევე როგორც კლერიკალური და ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან საჯარო სივრცეების ინდოქტრინაციისა და დაკავების სხვა მცდელობები (მათ შორის, 2013 წლის 17 მაისს და მასთან კავშირში შემდგომ წლებში განვითარებული მოვლენები, უნივერსიტეტებში გენდერის და ლგბტ საკითხებზე დაგეგმილი კონფერენციების ჩაშლა, საჯარო სივრცეში რელიგიური უმცირესობების რეპრეზენტაციის წინააღმდეგ დომინანტი რელიგიური ჯგუფის ძალადობის ფაქტები) და სახელმწიფოს შემხვედრი აშკარად არაეფექტური, სუსტი და შემწყნარებლური პოლიტიკა, არღვევს სამოქალაქო მშვიდობას და ხელს უშლის სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფების ემანსიპაციასა და განვითარებას.

ზემოთ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები ვაცხადებთ:

წინასაარჩევნო პერიოდში ექსტრემისტული ჯგუფების გაძლიერების ტენდენციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ჯეროვნად უპასუხოს მათ შესაძლო ძალადობრივ ინციდენტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიმართ თავდასხმის ფაქტებს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა;

არსებითია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სეკულარული, აკადემიურ სწავლებაზე და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პოლიტიკის გატარება უზრუნველყოს და ამ პროცესში, სრულად გაითვალისწინოს წლების განმავლობაში სახალხო დამცველის ანგარიშებში წარმოდგენილი რეკომენდაციები.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“