საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: liberali.ge
2017 წლის 7 მარტს, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, გიორგი შარაბიძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ამავე განყოფილების გამომძიებელის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომ გიორგი შარაბიძე იმყოფებოდა ქ. თბილისში, ატენის ქ. N18ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება.
საქმის მასალების მიხედვით, გიორგი შარაბიძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებები. ჩხრეკის დასრულების შემდეგ იგი დააკავეს და გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში. მომდევნო დღეს, 2017 წლის 8 მარტს, გიორგი შარაბიძე ბრალდებულად ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. შემდგომში გამოძიება გაგრძელდა და საქმე სასამართლოში გადაიგზავნა აღნიშნული კვალიფიკაციით.
2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით გიორგი შარაბიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. დაცვის მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სასამართლო საჩივარი დასაშვებად ცნო და ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა.
წარმოდგენილი დოკუმენტით, EMC აფასებს კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს, რომელშიც მსჯავრდებული გიორგი შარაბიძე არ აღიარებს დანაშაულს და მისი დაკავების ფარულ მოტივებზე მიუთითებს.
საქმის სრული ანალიზი იხილეთ აქ ⇓
ინსტრუქცია