საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ეხმაურება 14 ნოემბერს, ქუთაისის აეროპორტში თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის ქეთა გაბუნიას და მისი თანმხლები პირების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებს. ზემოაღნიშნული პირების მიმართ სამართალდამცავებმა აეროპორტში განახორციელეს პირადი და ნივთების ჩხრეკა, რასაც მოჰყვა მოქალაქეების გადაყვანა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში და მათი სხეულის იძულებით ტომოგრაფიული გამოკვლევა. სამართალდამცავების ამ მოქმედებების მიზანი იყო მოქალაქეების უკანონო მფლობელობაში ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენა, თუმცა, ეს პროცედურები უშედეგოდ დასრულდა და ვერავითარი კანონსაწინააღმდეგო ნივთი აღმოჩენილი ვერ იქნა. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა უფლებებში უხეში ჩარევის საფუძველი იყო „ოპერატიული ინფორმაცია”, თუმცა რა რეალურ გარემოებებზე იყო დამყარებული პოლიციელთა მიერ გატარებული ღონისძიებები, ამაზე არც ჩხრეკის დროს და არც მის შემდეგ მოქალაქეებს არავითარი განმარტება არ მიუღიათ.
აღნიშნული პროცედურები წარიმართა ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვის პირობებში ისე, რომ ღონისძიების ადრესატებს არ მიეცათ საკუთარი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. მათ ხანგრძლივი პერიოდით შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილების თავისუფლება ისე, რომ არავითარი სამართლებრივი სტატუსი არ მინიჭებიათ და შესაბამისად, მოკლებულნი იყვნენ რიგი სამართლებრივი გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ იმავე ღამით, თბილისში, ტაქსით მოძრაობისას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა აგრეთვე უსაფუძვლოდ გააჩერა და ზედაპირული დათვალიერება ჩაუტარა თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტს, გიორგი კიკონიშვილს, რომელიც მიდიოდა თეთრი ხმაურის მოძრაობის წინასწარ დაანონსებულ საორგანიზაციო შეხვედრაზე.
აღნიშნული ფაქტები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შესაძლოა მოქმედებენ მიზანმიმართულად და მათ სამიზნეს წარმოადგენენ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც შესაძლოა მიზნად ისახადვეს პოლიციის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების დევნას და დაშინების მცდელობას.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი თქვას ისეთ ქმედებებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერების დაშინებას და დისკრედიტაციას.
აგრეთვე მოვუწოდებთ შსს-ს უარი თქვას ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა დევნაზე და სანაცვლოდ, მიმართოს თავისი რესურსები ძალადობრივი და სხვა სახის, საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.
მოვუწოდებთ საქართველოს ახალ პარლამენტს, უახლოეს ვადებში, განიხილოს საქართველოს ნარკოკანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები და მათ შორის, გააუქმოს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ინსტრუქცია