საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში დღეს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის გაუქმებას. როგორც ცნობილია, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, დღეს, 28 ნოემბერს, დანიშნული იყო ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის პირველი განხილვა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რაც ჩვენთვის და პროცესის ყველა მხარდამჭერისთვის, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, აქტიური, ღია და ინტენსიური საკანონმდებლო პროცესის დაწყებას გულისხმობდა პარლამენტში.
გუშინ გვიან ღამით, ჩვენთვის მედიიდან გახდა ცნობილი, რომ დანიშნული საკომიტეტო განხილვა მოულოდნელად გაუქმდა, ისე რომ მიზეზების შესახებ განმარტება არავის გაუკეთებია. ასევე მედიიდან ხდება ცნობილი, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის გაუქმებას კანონპროექტზე პოზიციების შეუჯერებლობას უკავშირებს, რაც ჩვენთვის გაუგებარი და საგანგაშოა.
როგორც ცნობილია, კანონპროექტის ინიცირებიდან დღემდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ინტენსიურ სამუშაო შეხვედრებს მართავდა ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, ცდილობდა პოზიციების დაახლოებას და კომპრომისული ინიციატივის მიღებას, რის შედეგადაც კანონპროექტში შევიდა გარკვეული ცვლილებები. ამ პროცესში პლატფორმა წავიდა რიგ მნიშვნელოვან დათმობებზე, რომ მიღწეული ყოფილიყო შეთანხმება და საპარლამენტო განხილვების პროცესი დაბრკოლებების გარეშე დროულად დასრულებულიყო. ამ პროცესში ძირითადი წინააღმდეგობა გამოხატულია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომლებთანაც, როგორც პროფესიული დაინტერესების მქონე უწყებებთან, სრული კონსენსუსის მიღწევა რთულად წარმოსადგენია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შექმნის ამ ორგანოების განსხვავებული მუშაობის სტანდარტს და სამართლებრივ საფუძველს.
პლატფორმის წევრების მხრიდან არაერთ კომპრომისზე აღებული პასუხისმგებლობის სიმძიმის მიუხედავად, ჩვენთვის კომპრომისის გზით სიარული იყო საშუალება, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკის შედეგად უსამართლოდ დაზარალებული ადამიანების ნაწილს მაინც, უმოკლეს დროში, ეგრძნო რეფორმის შედეგები. სამწუხაროდ, პარლამენტის მხრიდან გუშინ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება ვერ ხედავს რეფორმის სასიცოცხლო მნიშვნელობას, მოგვიწოდებს ვიყოთ მოქნილები როგორც რეფორმის შინაარსში ასევე ფორმატში, თავად კი არ მიყვება გაცხადებულ გეგმებს და დაპირებებს, რაც პროცესის უსამართლობაზე მიუთითებს.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების და კანონპროექტზე უკვე მიღწეული შეთანხმებების მიღმა, პლატფორმა ვერ ხედავს კომპრომისის დამატებით რესურსს და საკანონმდებლო განხილვების გადავადების საფუძველს. ამის გათვალისწინებით, ვითხოვთ კანონპროექტის შეთანხმებული ვერსია დადგეს კენჭისყრაზე და პარლამენტმა ფორმალურ პროცესში დააფიქსიროს უჭერს თუ არა მხარს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულებას ქვეყანაში.
ინსტრუქცია