[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

მწვანე ალტერნატივამ და EMC-იმ ნენსკრა ჰესის პროექტზე სასამართლოში დავა დაიწყეს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და მწვანე ალტერნატივამ, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, ნენსკრა ჰესის პროექტის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. დავა შეეხება სვანეთში, ჭუბერისა და ნაკრას ტერიტორიებზე დაგეგმილი 280 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს, რომელსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი და კორეული სახელმწიფო წყლის კომპანია K-water ახორციელებენ.  

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, EMC და მწვანე ალტერნატივა მოითხოვენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც ნენსკრა ჰესის განახლებული პროექტი,  მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი დოკუმენტის -  გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მომზადების ვალდებულებისგან გათავისუფლდა. ამ გადაწყვეტილებით, პროექტში არსებითი ხასიათის ტექნიკური, ტექნოლოგიური და რაც მთავარია, ადგილმდებარეობის ცვლილებების მიუხედავად, ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში გარემოსდაცვითი საფრთხეების შესაფასებლად საკმარისად ჩაითვალა 2015 წელს მომზადებული გზშ-ს ანგარიში.

 

ნენსკრა ჰესის პარამეტრების ცვლილების გარდა, 2018 წლის 5 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენის შედეგად, შეცვლილია საპროექტო არეალის და მთლიანად ჭუბერის ხეობის არსებული ბუნებრივი და სოციალური გარემო, რაც სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საერთოდ არ განუხილავს[1].

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე გასცა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის. თუმცა, დამფინანსებელთა მოთხოვნით (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი,  ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა), კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ იძულებული გახდა თავიდან შეესწავლა მთელი რიგი მნიშვნელოვანი კომპონენტები (ჰიდროლოგია, გეოლოგია, ბიომრავალფეროვნება და ა.შ). შედეგად, პროექტში შევიდა მნიშვნელოვანი ტექნიკური, ტექნოლოგიური და ადგილმდებარეობის ცვლილებები, მათ შორის კაშხლის ღერძის, სიმაღლისა და კონსტრუქციის ცვლილება, ნაკრას წყალგამტარი გვირაბის მდებარეობის ცვლილება და სხვა.

2015 წლიდან ჭუბერის მოსახლეობის ნაწილი და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები აპროტესტებენ სახელმწიფოს მიერ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც არასათანადოდ ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა. ეროვნული სასამართლოების გარდა, ნენსკრა ჰესის მშენებლობის თაობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დავას აწარმოებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებშიც, რომლებიც  პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მოთხოვნას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების გარდა, ასევე, სასამართლოს დავის დასრულებამდე, გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება წარმოადგენს.  

EMC და მწვანე ალტერნატივა იმედს გამოთქვამენ, რომ ეროვნული სასამართლო ადგილობრივი მოსახლეობისთვისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის იქნება ის მექანიზმი, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, განახორციელონ რეალური კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებურ პოლიტიკაზე, ჰიდროენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“