საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს 51 მოქმედი მოსამართლის განცხადებას თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის შესახებ. ამ დღეებში მოსამართლეებთან გასაუბრების ეტაპი მიმდინარეობს, რა დროსაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ორგანიზებული მცდელობა ხელი შეუშალონ მოსამართლეთა დანიშვნას მათი წარსული საქმიანობისა და კომპეტენციის კრიტიკული გააზრების საფუძველზე. ამ პროცესში, ასევე, დაფიქსირდა კანდიდატების მხრიდან გასაუბრებების დახურვის ტენდენცია, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პირობებში, საფუძველს უთხრის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისადმი სანდოობას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 6 თებერვლის სხდომაზე საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცილებულ იქნა მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესისაგან. ანა დოლიძის აცილების ფაქტები ფიქსირდება საბჭოს 7 თებერვლის სხდომაზეც, რაც გვაფიქრებინებს, რომ საბჭოში წევრთა აცილების ასეთმა ფორმამ ტენდენციის სახე მიიღო.
აცილების საკითხის განხილვის ყველა შემთხვევაში საბჭოს სხდომა დაიხურა, რის გამოც დაინტერესებულ პირებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ საბჭოს სამართლებრივი არგუმენტაცია არამოსამართლე წევრის აცილების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, თავად საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მიერ მედიასთან გაკეთებული განმარტებების თანახმად, აცილების საფუძველი გახდა მის მიერ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის დაწყებამდე, საჯაროდ გაკეთებული კრიტიკული განცხადება.
მიგვაჩნია, რომ კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის გამო, ანა დოლიძის ჩამოშორება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესისგან, აზიანებს მიმდინარე პროცესის ხარისხს, ხელს უშლის საბჭოს წევრს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და კიდევ ერთხელ აჩვენებს განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობის პრობლემას სასამართლო სისტემაში. საბჭოს წევრის, ანა დოლიძის ზემოაღნიშნული საჯარო განცხადება არ იყო მიმართული რომელიმე კონკრეტული მოსამართლისადმი, რომელთა უვადოდ დანიშვნის საკითხიც განიხილება საბჭოს სხდომაზე. შესაბამისად, გაუგებარია როგორ შეიძლება დაესაბუთებინათ მოსამართლეებს, ან საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს ანა დოლიძის აცილებას, რომ ანა დოლიძე არ იქნებოდა ობიექტური ხსენებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას.
კანონით, საბჭოს წევრის აცილების საკითხზე მსჯელობს საბჭოს სრული შემადგენლობა (გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომლის აცილების საკითხიც განიხილება). აცილების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარის ნებისმიერ განცხადებას, რომ მის მიმართ საბჭოს წევრი არ იქნება ობიექტური, არამედ უნდა იყოს დასაბუთებული. თავის მხრივ, აცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სახეზე უნდა იყოს კონკრეტული გარემოება, რომელიც არა მხოლოდ ერთ-ერთი მხარის, არამედ ობიექტური დამკვირვებლის თვალში ეჭვქვეშ დააყენებს გადაწყვეტილების მიმღების ობიექტურობას. ანა დოლიძის მიერ გაკეთებული ზოგადი შეფასება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესში არსებული პრობლემების და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ვერ ჩაითვლება კონკრეტული მოსამართლის საკითხის გადაწყვეტისაგან ანა დოლიძის ჩამოცილების კანონიერი საფუძველად.
ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი ფართო განმარტება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ასევე, ეს პრაქტიკა საბჭოს კრიტიკულ წევრებს აყენებს ძალიან სახიფათო არჩევანის წინაშე - თავი შეიკავონ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისაგან ან ჩამოცილდნენ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს;
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე დასახელებულ შემთხვევაში, აცილების საკითხზე იმსჯელა დახურულ სხდომაზე. არც კანონი და არც საბჭოს მიერ დადგენილი რეგულაციები არ ითვალისწინებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის საკითხის საბჭოს დახურულ სხდომაზე განხილვას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მოსამართლე ითხოვს გასაუბრების პროცესის დახურვას, რაც უარყოფითად აისახება საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობაზე და ზიანს აყენებს საზოგადოების ნდობას მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების მიმართ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები წლებია უშედეგოდ მოვითხოვთ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეცვლოს მის მიერვე დადგენილი წესი, რომელიც უფლებას აძლევს საბჭოს დახუროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ერთადერთი ღია ეტაპი, კანდიდატებთან გასაუბრება.
მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და კონკურსში მონაწილე მოსამართლეებს:
ასევე, მოვუწოდებთ საბჭოში პარლამენტის კვოტით დაშნულ არამოსამართლე წევრებს, გააცნობიერონ საკუთარი მაღალი პასუხისმგებლობა, რაც ათეულობით მოსამართლეთის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას უკავშირდება და საკუთარი გადაწყვეტილებებით ხელი არ შეუწყონ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არაჯანსაღი ინტერესების განხორციელებას.
ინსტრუქცია