საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ადგილობრივი მუსლიმების სახელით, მოხის ისტორიული მეჩეთის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს - გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს[1] საჩივრით მიმართა. EMC კომიტეტს არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიმართ რესტიტუციის დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის შესაბამისი მუხლების დარღვევის დადგენას სთხოვს.
მოხეში მდებარე ისტორიული შენობის გადმოცემას სახელმწიფოსგან ადგილობრივი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვდა. 2014 წლის 18 ოქტომბერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ შენობაზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი მუსლიმების პროტესტი მოყვა, რაც პოლიციამ 14 მათგანის დაკავებით შეწყვიტა. აღნიშნული მოვლენების შემდეგ საპატრიარქომ შენობის კონფესიურ კუთვნილებაზე პრეტენზია პირველად გამოთქვა. საპატრიარქო შენობის ქრისტიანულ წარმომავლობის მტკიცების დროს სხვადასხვა ვერსიას იყენებდა, რომლებიც ვალიდური ისტორიული წყაროებით გამყარებული არ იყო. შესწავლის გარეშე, მხოლოდ საპატრიარქოს დაუსაბუთებელი და ამავდროულად კონტრავერსიული განცხადების საფუძველზე, შენობა მთავრობამ სადავო ნაგებობად მიიჩნია. 2014 წლის დეკემბერში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც შენობის კონფესიური წარმომავლობა უნდა შეესწავლა. თუმცა, 2 წლის შემდეგ, 2017 წლის 11 მაისს კომისიამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც უარი თქვა შენობის კონფესიური წარმომავლობის შესწავლაზე, შენობას სადავო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა და ადგილობრივ მუსლიმ თემს, სოფელში ახალი მეჩეთი აუშენა. მუსლიმი თემის ნაწილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და ისტორიული შენობის გვერდით ღია ცის ქვეშ ამ დრომდე აგრძელებს ლოცვას.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინაშე წარდგენილ საჩივარში EMC რესტიტუციასთან (საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნება) დაკავშირებულ დისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და პოლიტიკას აკრიტიკებს. საჩივარში EMC სოფელ მოხეში ისტორიული შენობის წარმომავლობაზე დავის გადაჭრის მიზნით სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის, როგორც დავის გადაჭრის მექანიზმის არაეფექტიანობაზე უთითებს.
სახელწიფოს მიერ სათანადო შესწავლის გარეშე ისტორიული შენობის სადავო ნაგებობად გამოცხადება და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ სამართლებრივი მოწესრიგების გვერდის ავლით, პროცესის პოლიტიკური პერსპექტივით გადაჭრის მცდელობა, სახელმწიფოს პოლიტიკის თვითნებურობაზე უთითებს და სხვა მსგავსი დავების გადაჭრის ნეგატიურ პრეცედენტს ქმნის. საჩივარში EMC უფრო ფართედ მიმოიხილავს რესტიტუციის კუთხით სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წინაშე მდგარ გამოწვევებს და ცდილობს კომიტეტს პრობლემის სისტემურობა და მისი სოციალური და უფლებრივი ეფექტი აჩვენოს. საჩივარში მიმოხილულია მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზები. მათ შორის, ოფიციალური რელიგიური ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პრობლემა, რაც მოხის „სადავო ნაგებობასთან’’ დაკავშირებით შექმნილი კომისიის საქმიანობაში კარგად გამოჩნდა, როცა ადგილობრივი მუსლიმების ნდობით აღჭურვილი პირების კომისიაში შეყვანა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ არ დაუშვა და თემი წუხდა, რომ მათი ფორმალური წარმომადგენლები კომისიაში მათ რეალურ საჭიროებებს და მოთხოვნებს არ ატარებდნენ.
მოხის მეჩეთთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინაშე მოსარჩელეები დავობენ პაქტის მე-2 მუხლის პირველი (პაქტში აღიარებულ უფლებების თანასწორად დაცვის ვალდებულება) და მესამე პუნქტების (სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე უფლება), მე-18 (რელიგიის თავისუფლება), 26-ე (თანასწორობის უფლება) და 27-ე (უმცირესობების მათ შორის რელიგიურის დაცვის უფლება) მუხლების დარღვევაზე. აღსანიშნავია, რომ სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად[2] გაეროს შესაბამის პოლიტიკურ[3] და სამართლებრივ[4] მექანიზმებს არა ერთხელ აქვს დაფიქსირებული კრიტიკული პოზიცია რესტიტუციის პოლიტიკის დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით.
კომიტეტის წინაშე დავის მოსარჩელეების სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიეცემა მითითება შეიმუშავოს თანასწორობის დაცვის პრინციპებზე დაფუძნებული რესტიტუციის პოლიტიკა და ასევე ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოს რელიგიურ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სამართლიანი მექანიზმის ფუნქციონირება.
ამავე თემაზე:
EMC მოხის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას აფასებს
1] ადამიანის უფლებების კომიტეტი შექმნილია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის 28-ე მუხლის საფუძველზე და მისი მიზანია, ზედამხედველობა გაუწიოს პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. ამ მიზნით, პაქტის ფაკულტატიური ოქმის თანახმად, კომიტეტი იღებს და განიხილავს ინდივიდუალურ საჩივრებს პაქტის მონაწილე სახელმწიფოს მიერ მის იურისდიქციაში მყოფ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ და განხილულ საქმეებზე სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს გამოსცემს.
[2] http://www.ombudsman.ge/ge/reports/saparlamento-angarishebi
https://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-ENG.pdf
https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=0900001680590fb5
[3] United Nations High Commissioner for Human Rights, Navi Pillay 21 მაისი 2014 შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან თბილისში, ვიდეო ხელმისაწვდომია: https://www.youtube. com/watch?v=DEQ8IeWddFs
[4]ანგარიში ხელმისაწვდომია: http://docstore.ohchr.org/SelfServices/FilesHandler.ashx?enc=6QkG1d%2FPPRiCAqhKb7yhstNBq%2BgKf4e%2FR1Jt%2FY5Toy%2BU%2FbEAk%2FX4tZ65giu9PzQqwRC7MtpShIzystTq3yLBBf%2Bix6QBHzEtA8hztY5Lzc2bkL%2Fc92pt5MWgAYP%2FSTpa
ინსტრუქცია