საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ, შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის მიერ 2017 წლის 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას. კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ პრეს-კონფერენციაზე წარადგინა, რამდენიმე პირობას მოიცავდა, მათ შორის: სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის სოფელ მოხეში მდებარე 1400 (1)* კვ.მ მიწის ნაკვეთის ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის გადაცემას; სადავო საკულტო ნაგებობის ამავე (სადავო) სტატუსით მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემას, ამასთან შენობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში შეტანას; ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის ძეგლის დაცვის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამმართველოსთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის პროცესის ხელშეწყობას. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კოორდინაციის პასუხისმგებლობა იკისრა და ამავდროულად კომისია გაუქმებულად გამოაცხადა. ზაზა ვაშაყმაძემ ასევე მიუთითა, რომ მომავალში ანალოგიური წესით განხორციელდება სხვა მსგავსი შემთხვევების გადაწყვეტა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს, არაფერი უთქვამს, სადავო შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის შესწავლის პროცესის შესახებ. თუმცა, მედიასთან ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით, წარმომავლობის საკითხის შესწავლას სწორედ ძეგლთა დაცვის სააგენტო, და არა კომისია გააგრძელებს. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება არსებითად იმეორებს 2016 წლის 3 ნოემბერს მის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს. მოხის ადგილობრივი მუსლიმი თემი გამოეხმაურა კომისიის გადაწყვეტილებას და მიუთითა, რომ ის მთელი ამ დროის განმავლობაში და ეხლაც უნდობლობას უცხადებს კომისიას და არ აპირებს ღია ცის ქვეშ სადავო ისტორიული შენობის წინ ლოცვის შეწყვეტას.
EMC მიიჩნევს, რომ კომისიის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე კონფლიქტის კონსერვირების მცდელობას წარმოადგენს და ის სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით პრობლემურია შემდეგი ძირითადი მოსაზრებების გამო:
- კომისიის გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ სახელმწიფომ რეალურად ვერ მოახერხა სადავო ისტორიული შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის შესწავლა და მისი ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნების/რესტიტუციის პროცესის დაწყება. სახელმწიფომ დავის გადაწყვეტა იმთავითვე გაიყვანა სამართლებრივი მოწესრიგების სფეროდან და პოლიტიკური მოლაპარაკებების საგნად აქცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის უზენაესობის პრინციპთან და ადამიანის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების, რელიგიის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების სავარაუდო დარღვევას წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული სადავო საკულტო შენობა-ნაგებობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი კანონმდებლობისა და სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებას, მათ შორის, ამ მიმართულებით რესტიტუციის შესახებ კანონის მიღებას საჭიროებს. თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ისტორიული შენობების დიდ ნაწილზე პრეტენზიას დომინანტი რელიგიური ეკლესია გამოთქვამს, სახელმწიფო წლების განმავლობაში ვერ ბედავს სეკულარული და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემური პოლიტიკის განხორციელებას. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უზრუნველყო საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, იგივე პოლიტიკის განუხორცილებლობა არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას უფრო თვალსაჩინოს ხდის. ცხადია, პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით, იმთავითვე არათანაბარ პირობებში მყოფ მხარეებს შორის კონსენსუსის პრინციპით საკითხის გადაწყვეტა დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის პრივილეგირების და დისკრიმინაციის საფრთხეებს შეიცავს. მოხეს შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყენებული მიდგომა, ცალსახად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება სადავო საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხი სისტემურად, სამართლებრივი საფუძვლებითა და პროცედურებით მოაწესრიგოს.
- რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლების გაცხადებების კონტრავერსიულობის გათვალისწინებით, ბუნდოვანია, საბოლოოდ სახელმწიფო გეგმავს თუ არა სადავო შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის საკითხის შესწავლას. ამის მიუხედავად, ცალსახაა, რომ სახელმწიფოს სადავო შენობის ისტორიული მესაკუთრისთვის გადაცემის მიზანი, ასეთი საკითხის დადგენის შემთხვევაშიც კი, არ გააჩნია. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის მოხეში ახალი მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ შეთავაზებას, სახელმწიფომ სადავო საკულტო ნაგებობის ერთგვარ ალტერნატივად, კომპენსაციად აქცევს და ამ გზით ხელოვნურად, მუსლიმი თემის ინტერესებისა და მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ცდილობს ისტორიული შენობის დაბრუნების სამართლებრივი მოთხოვნის პროცესის შეჩერებას. აღსანიშნავია, რომ მუსლიმი თემისთვის ისტორიული შენობის დაბრუნებას საკუთარი კოლექტიური ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების, საკუთარი იდენტობისა და ღირსების აღიარების მნიშვნელობა ჰქონდა და ის არასდროს იყო მიმართული სოფელში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნისკენ.
- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია არ იყო სათანადოდ რეპრეზენტაციული და გამჭირვალე და ადგილობრივი მუსლიმი თემის ხმა და ინტერესები კომისიაში არ ისმოდა. კომისიაში მხოლოდ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები შედიოდნენ, რომელთა მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა დაბალია, რასაც არა ერთი განცხადება აჩვენებს. მუსლიმი თემის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ არ უზრუნველყო ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირების შეყვანა კომისიაში. სწორედ ამ მიდგომით, სახელმწიფომ კიდევ უფო გააღრმავა ოფიციალურ რელიგიურ ინსტიტუციასა და მუსლიმ თემს შორის უნდობლობა და დღეს მუსლიმი თემის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ კომისიის გადაწყვეტილებას, ცალსახაა რომ არსებული კონფლიქტი ჩიხში შევიდა და ის მეტი ესკალაციის რისკებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მთელი ამ დროის განმავლობაში არაფერი გაუეკეთებია მოხეში ადგილობრივ თემებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების მიზნების მისაღწევად.
- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო მიდგომებისა და დაბალი ნდობის პირობებში, ადგილობრივი მუსლიმი თემისა და სხვა ორგანიზაციების განცხადებები, რომ მოხეს საკითხის გადაწყვეტა მთავრობას, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობიდან გაეტანა და უფრო მაღალი პოლიტიკური მონაწილეობით დაეგეგმა პრობლემის მოგვარება, მთავრობამ არ გაიზიარა, რითაც მუსლიმი თემის უნდობლობა სახელმწიფო უწყებების მიმართ კიდევ უფრო გააღრმავა. ბოლო პერიოდში მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციის ფაქტებისა (მათ შორის, 11 მაისს ბათუმის მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილების ფონზე) და სახელმწიფოს ცალსახად არაეფექტიანი პოლიტიკის გათვალისწინებით, თვალსაჩინო ხდება, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ სისტემური დისკრიმინაციის ტენდეციას ატარებს და ის მუსლიმი თემის პოლიტიკურ და სოციალურ ექსკლუზიას უწყობს ხელს.
EMC აგრძელებს კომისის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების პროცესის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაშიმ მუსლიმ თემს შესაბამის სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენს.
EMC სოლიდარობას უცხადებს მოხეს ადგილობრივ მუსლიმ თემს და ორგანიზაციის მანდატისა და მის ხელთ არსებული საშუალებებით ყველა სათანადო ზომას მიიღებს მუსლიმი თემის უფლებების სრულყოფილი რეალიზების ხელშეწყობისთვის.
როგორც მოგვიანებით ადგილობრივი მედიის, სამხრეთის კარიბჭის მიერ გამოქვეყნებული მასალით გახდა ცნობილი, მოხეში მეჩეთის ასაშენებლად საკუთარი ბაღი ადგილობრივმა მუსლიმმა ოთარ მიქელაძემ დათმო; მან 2000 მეტრი მიწის ფართობი მუსლიმთა სამმართველოს უსასყიდლოდ გადასცა.
ინსტრუქცია