საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ავტორი: აირის მერიონ იანგი
საყოველთაო მოქალაქეობის იდეალი თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ემანსიპატორული ბიძგი გახდა. როდესაც ბურჟუაზია, მოქალაქეებისთვის თანასწორი პოლიტიკური უფლებების მოთხოვნით, არისტოკრატიას პრივილეგიებს შეედავა, ქალები, მუშები, შავკანიანები, ებრაელები და სხვანი, მოქალაქეობის სტატუსის გარეშე დარჩნენ. თანამედროვე პოლიტიკური თეორია აცხადებს, რომ მორალურად ყველა ადამიანი ერთნაირად ღირებულია, როგორც ჩაგრულთა სოციალურმა მოძრაობებმა მოიაზრეს, ყველა ადამიანისთვის სრული მოქალაქეობრივი სტატუსის მინიჭება და კანონის თანაბარი მფარველობა.
მოქალაქეობა საყოველთაოა. ყველა მოქალაქეა. თანამედროვე პოლიტიკური აზროვნება გულისხმობდა, რომ მოქალაქეობის საყოველთაოობა გულისხმობს საყოველთაობას იმ გაგებით, რომ მოქალაქეობის სტატუსი სცდება რაიმე ტიპის განსაკუთრებულობასა და განსხვავებულობას. როგორიც უნდა იყოს ადამიანებს შორის სოციალური ან ჯგუფური განსხვავება _ უთანასწორობა სიმდიდრეში, სტატუსსა თუ ძალაუფლებაში, ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების ყოველდღიურ საქმიანობაში, მოქალაქეობა ყველას აძლევს თანაბარ სტატუსს _ როგორც ტოლს, სწორს. თანასწორობა, როგორც ერთგვარობა, საყოველთაო მოქალაქეობის იდეალი, მოქალაქეობის ყველა ადამიანზე გავრცელების გარდა, მოიცავს, როგორც მინიმუმ, ორ მნიშვნელობას: ა) საყოველთაოობა განისაზღვრება როგორც განსაკუთრებულის საპირისპირო _ რა აქვთ მოქალაქეებს საერთო, უპირისპირდება იმას, თუ რა აქვთ მათ განსხვავებული ბ) საყოველთაოობა კანონებისა და წესების მნიშვნელობით, რაც ერთსა და იმავეს ამბობს და ერთნაირად მოქმედებს ყველაზე; კანონები და წესები, რომლებიც ბრმაა ინდივიდუალური და ჯგუფური განსხვავებულობების მიმართ.
მრისხანე, ზოგჯერ კი სისხლიანი პოლიტიკური ბრძოლის დროს მე-19 და მე-20 საუკუნეში, ვინც გარიყულ და არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ფიქრობდა, რომ სრული მოქალაქეობრივი სტატუსი, ანუ თანასწორი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მოპოვება, თავისუფლებასა და თანასწორობამდე მიიყვანდა. თუმცა ახლა, მე-20 საუკუნის ბოლოს, როდესაც ლიბერალურ კაპიტალისტურ საზოგადოებებში სამოქალაქო უფლებები ყველას აქვს, ზოგიერთი ჯგუფის წევრი კვლავ მეორეხარისხოვან მოქალაქედ მიიჩნევს თავს. ახლახან ჩაგრული და გარიყული ჯგუფების სოციალურმა მოძრაობებმა საკითხი დასვეს, რატომ არ მოიტანა სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა საყოველთაო სამოქალაქო უფლებებმა. პასუხის ნაწილი სწორხაზოვნად მარქსისტულია: სოციალური აქტივობები, რომლებიც ყველაზე მეტად განსაზღვრავს ინდივიდისა თუ ჯგუფის სტატუსს, ანარქიული და ოლიგარქიულია. ეკონომიკური ცხოვრება არ არის საკმარისად კონტროლირებადი მოქალაქეების მიერ ისე, რომ ზეგავლენა იქონიოს ჯგუფების არათანაბარ მოპყრობასა და სტატუსზე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი და სწორი შეფასებაა იმის შესახებ, თუ რატომ არ აღმოფხვრა თანასწორმა მოქალაქეობამ ჩაგვრა, მაგრამ ამ სტატიაში სხვა მიზეზებზე შევჩერდები, რომელიც უფრო პოლიტიკისა და მოქალაქეობის მნიშვნელობისათვის არის მახასიათებელი და ასახვას თანამედროვე აზროვნებაში ჰპოვებს.
ნაგულისხმევი კავშირი, ერთი მხრივ, „მოქალაქეობა ყველასთვის“ გაგებასა და, მეორე მხრივ, მოქალაქეობის ორნაირ მნიშვნელობას შორის _ გქონდეს ისეთივე ცხოვრება, როგორიც სხვებს და გექცეოდნენ ისე, როგორც სხვებს _ თავისთავად პრობლემაა. ჩაგრულთა თანამედროვე სოციალურმა მოძრაობებმა შეასუსტა ეს კავშირი. ისინი, ასიმილაციის გაიდეალების საწინააღმდეგოდ, ჯგუფის განსაკუთრებულობასა და ღირსებას ამტკიცებენ. მათ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რამდენად სამართლიანია, კანონი და მმართველობა ყველა ჯგუფს ერთნაირად ეპყრობოდეს. ამ გამოწვევებში ჩანასახობრივი დიფერენცირებული მოქალაქეობის ცნებაა, როგორც საუკეთესო გზა _ სრულყოფილად მოხდეს მოქალაქეობაში ყველას ჩართვა და მონაწილეობა.
ამ სტატიაში ვაცხადებ, რომ საყოველთაო მოქალაქეობა ყველას მონაწილეობისა და ჩართულობის გაგებით, ეწინააღმდეგება საყოველთაობის ორ სხვა გაგებას, რომელშიც თანამედროვე პოლიტიკური იდეებია ჩაშენებული და არ ნიშნავს ერთსა და იმავეს. საყოველთაობა, როგორც განზოგადებულობა და საყოველთაობა, როგორც თანაბარი მოპყრობა. პირველ რიგში, საზოგადო ნების გამომხატველი სამოქალაქო მოქმედებათა იდეალი, რომელიც სცდება რომელიმე კონკრეტული ჯგუფის, ვითარების, ინტერესის განსხვავებულობას, პრაქტიკულად, გამორიცხავს იმ ჯგუფებს, რომელთაც ვერ შეძლეს საერთო ხედვის მიღება. მოქალაქეობის იდეა, როგორც საყოველთაო ნების გამოხატულება, მიმართულია მოქალაქეების ჰომოგენიზაციისკენ. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მოქალაქეობის ხელახლა გააქტიურებული მომხრეები ინარჩუნებენ საზოგადო ნებისა და საყოველთაო ცხოვრების იდეებს. ისინი ბრმად ისევ ემხრობიან იმავე ექსკლუზიასა და ჰომოგენურობას. აქედან გამომდინარე, ვაცხადებ, რომ ყველას მონაწილეობა და ჩართვა გადაწყვეტილების მიღებასა და საზოგადობრივ ცხოვრებაში მოითხოვს მექანიზმებს ჯგუფების წარმომადგენლობითობისთვის. მეორეც, იქ, სადაც ჯგუფებს შორის არსებობს სხვაობა კულტურაში, შესაძლებლობებში, ღირებულებებსა და ქცევაში და ამ ჯგუფებს შორის ზოგიერთი პრივილეგირებულია, თანაბარი მოპყრობის პრინციპის მკაცრად დაცვა ხელს შეუწყობს ჩაგვრისა თუ არაპრივილეგირებული მდგომარეობების შენარჩუნებას. ასე რომ, ყველას ჩართვა და მონაწილეობა სოციალურ და პოლიტიკურ ინსტიტუციებში, ხანდახან მოითხოვს განსაკუთრებული უფლებების არტიკულირებას, რომელიც ერგება ჯგუფთა განსხვავებულობას ჩაგვრისა და არახელსაყრელი პირობების აღმოსაფხვრელად.
თარგმანი მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ პროექტის „პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგებში გენდერის საკითხების შეტანა 2016 წლის არჩევნებში ქალი კანდიდატების გაძლიერების გზით” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს მხარდაჭერით. თარგმანში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ის და ევროპის საბჭოს პოზიციას.
ინსტრუქცია