[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / განცხადება

მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს

მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო დღეებში სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომელშიც ისინი მათი აქტიურობის ფონზე ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.

მედიასა და საჯარო სივრცეებში სტუდენტების მხრიდან გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, მარტისა და აპრილის თვეში, “აუდიტორია 115”-ის გააქტიურების პარალელურად, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან მოძრაობის არაერთ წევრზე ინფორმაციის სხვადასხვა ფორმით მოძიების მცდელობას, მათ შორის, აქტივისტების ოჯახის წევრებთან უშუალო კომუნიკაციის, ან ახლობლების გამოკითხვის ფორმით.

როგორც მოძრაობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ცალკეულ შემთხვევებში ასევე ადგილი ჰქონდა მათ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან უხეში ფორმებით კომუნიკაციას, რაც გამოხატული იყო, მათ შორის, საჯარო სამსახურის დატოვების მუქარით.

სტუდენტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული კომუნიკაციების დროს, პირები არ მალავდნენ საკუთარ ვინაობას და ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს ეცნობოდნენ როგორც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები. ცალკეულ შემთხვევებში, მათი იდენტიფიცირება ასევე შესაძლებელი იყო ოფიციალური დოკუმენტაციისა და ტანსაცმლის (სამსახურებრივი ფორმის) მიხედვით.

გასათვალისწინებელია ის ერთგვაროვანი ხელწერაც, რაც სტუდენტების მიერ დასახელებულ შემთხვევებს ახასიათებს. კერძოდ, მოძრაობის აქტიური წევრების იმ ნაწილის მიმართ, რომელთა ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში საქმიანობენ გამოყენებულია უფრო მეტად მუქარის ან/და შეთავაზებისა და დაყოლიების ფორმები. სხვა შემთხვევებში კი, სახეზეა ინფორმაციის შეგროვების და კონტროლის ფორმები. ერთ-ერთ გახმაურებულ შემთხვევაში, სტუდენტის მითითებით, ასევე ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლის მხრიდან განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, მის შესახებ ახლობლისგან ინფორმაციის მოპოვების მიზნით (პოლიციელი მიუთითებდა, რომ “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენელი მუშაობის დაწყებას სამართალდამცავ სისტემაში აპირებდა, რის გამოც საჭირო იყო მასზე ინფორმაციის შეგროვება).

სტუდენტების მიერ დასახელებული შემთხვევები გამოხატულად ემთხვევა “აუდიტორია 115”-ის გააქტიურების ეტაპებს. პირველ ასეთ გახმაურებულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა მარტის თვის დასაწყისში, როდესაც მოძრაობა აქტიურ ფაზაში გადადიოდა, ხოლო შემდგომი ფაქტები უკვე აპრილში მოძრაობის ხელახალი გააქტიურების ეტაპებს ემთხვევა.

გასათვალისწინებელია, რომ სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების მოტივით ერიდება ფაქტებზე საჯაროდ საუბარს, თუმცა, ამ დროისთვის გავრცელებული არაერთი ინფორმაცია საკმარისია ამ პრობლემის მასშტაბების და ფორმების წარმოდგენისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ “აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნა და წინააღმდეგობა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიემართებოდა და ის უნივერსიტეტიდან “ოდეერის” გათავისუფლებას გულისხმობდა. სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნები, პროტესტის შინაარსი და ადრესატი (სამართალდამცავი სისტემა), სტუდენტების მიერ დასახელებულ გარემოებებთან ერთად, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ადგილი ჰქონოდა ამ ტიპის საპასუხო მოქმედებას და სტუდენტურ პროტესტის მსგავსი ფორმებით შეკავების მცდელობას.

მიგვაჩნია, რომ გავრცელებული ინფორმაცია უნდა გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის უშუალო დაინტერესების საფუძველი. ამასთან, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს სამსახურებრივი მოკვლევა ხსნებულ ფაქტებზე, ვინაიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კონკრეტული პირების მხრიდან საკუთარი სტატუსისა და უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებას. საკმაოდ მსგავსი და ერთგვაროვანი ხელწერის პირობებში, ასევე დასაგენია რამდენად ჰქონდა ადგილი აღნიშნული პროცესის ორგანიზებას ხელმძღვანელი/ზემდგომი პირების მხრიდან.

დროული და ობიექტური რეაგირება ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანი და უსაფრთხო წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის. პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ დაცულობის განცდა. ამისათვის კი საჭიროა, რომ სახელმწიფო აპარატი ფუნქციონირებდეს სრული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პირობებში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებულად. სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკური პროცესების კონტროლსა და მართვას და არ უნდა იქცეს საზოგადოებრივი პროტესტის შეკავების და განეიტრალების მექანიზმად.

გამომდინარე აქედან, მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს გამოეხმაურონ გავრცელებულ ფაქტებს და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია რას გეგმავენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სამართალდამცავი და უსაფრთხოების ორგანოების ჩარევის თავიდან აცილების მიზნით;
  • შესაბამისი სამსახურების გენერალურ ინსპექციებს დაიწყონ სამსახურებრივი მოკვლევა ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით და დროულად გაასაჯაროვონ მოკვლევის შედეგები;
  • საქართველოს პარლამენტს განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი აღნიშნული ორგანოების საქმიანობაზე და განიხილოს “ოდეერების” საკითხის შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (OSGF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“