საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელმომწერი ორგანიზაციები კრიტიკულად ვაფასებთ ნარკომანიის ჩანაცვლებითი პროგრამის მკურნალობის წესში[1] შეტანილ ცვლილებებს. ახალი რეგულაციით, პროგრამის ბენეფიციარებს წაერთვათ უფლება, ეპიდემიის, პანდემიის, ან ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს წინასწარ მიეღოთ მათი მკურნალობისათვის საჭირო ნივთიერების მაქსიმუმ 5 დღის ულუფა. ამგვარი მიდგომა უარყოფითად აისახება ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული მწირი სამედიცინო და სოციალური პროგრამების პირობებში, მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას ნარკოტიკის მომხმარებლებისთვის, ეფექტიანად მართონ წამალდამოკიდებულება და შეამცირონ ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული პოტენციური ზიანი. სამწუხაროდ, პროგრამაში ჩასართავად დღემდე არაერთი სამართლებრივი თუ სხვა ტიპის ბარიერი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მწვავე გამოწვევაა აბსოლუტური უნდობლობა პროგრამის ბენეფიციარების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა 2005 წლიდან მოქმედებს ქვეყანაში, 2020 წლამდე არ არსებობდა ფორმალური შესაძლებლობა, რომ მასში ჩართულ ადამიანს, სათანადო ყოფაქცევის და დისციპლინის გამოვლენის შემთხვევაში, წინასწარ მიეღო ჩანაცვლებითი პრეპარატის რამდენიმე დღის დოზა.
მიმდინარე წელს, ქვეყანაში პანდემიის გავრცელების გამო, ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა, ცვლილება შეეტანა პროგრამის განხორციელების წესში, რათა თავიდან აცილებულიყო შესაბამის დაწესებულებებში დიდი რაოდენობით პაციენტების თავმოყრა. შედეგად, მინისტრის ზემოაღნიშნულ ბრძანებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „ეპიდემიის, პანდემიის, ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს, დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით, გამონაკლისის სახით, ჩამანაცვლებელი პრეპარატის პაციენტის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ, 5 დღის ოდენობის მიწოდება/გაცემა ხორციელდება პროგრამის თანამშრომლის, ოჯახის წევრის, მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ.“[2] აღნიშნული ცვლილება გამართლებული იყო როგორც პროგრამის ბენეფიციარების უფლებების დაცვის, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებისთვის, რადგან ნარკოტიკების მომხმარებლები წარმოადგენენ ინფექციური დაავადებებისადმი მაღალი რისკის ჯგუფს. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი, ჯანდაცვის მინისტრმა სწორედ ზემოაღნიშნული ჩანაწერი გააუქმა ისე, რომ არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია უშუალოდ ნარკოტიკის მომხმარებლებთან და დარგის ექსპერტებთან. შესაბამისად, დღეს პროგრამის ბენეფიციარები იძულებულნი არიან, ყოველდღიურად ესტუმრონ შესაბამის დაწესებულებას დღიური ოდენობის ნივთიერების მისაღებად.
აღნიშნული ცვლილების ლეგიტიმური მიზანი და რაციონალურობა ბუნდოვანია. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ. მსგავსი მნიშვნელობის საკითხზე ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მიღება, ისე რომ არავითარი წინასწარი კომუნიკაცია და კონსულტაცია არ ყოფილა იმ ადამიანებთან, ვისაც უშუალოდ ეხება ეს ცვლილება, ნათლად მეტყველებს სახელმწიფოს დაბალ სოციალურ მგრძნობელობაზე. გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებარია იმ ფონზე, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში საგრძნობლად იზრდება COVID 19-ის შემთხვევები ქვეყანაში და ეპიდემიოლოგებისგან სულ უფრო ხშირად გაისმის რეკომენდაცია, რომ თავი შევიკავოთ ერთ სივრცეში დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრისგან. კიდევ უფრო მძიმეა ეს ცვლილება იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის რეფორმა შეჩერებულია, ნარკოტიკის მომხმარებლები კი სხვადასხვაგვარ სტიგმას და დისკრიმინაციას განიცდიან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ
ჯანდაცვის სამინისტროს:
საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ინსტრუქცია