საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მალე სამოცდაჩვიდმეტი წელი შესრულდება მას შემდეგ რაც, სამხრეთ საქართველოდან გადასახლებული მოსახლეობა ელის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, საბჭოთა ხელისუფლების უნდობლობის გამო გადასახლებული[1] მესხების, ქურთების, ჰემშინების (მუსლიმი სომხები) შთამომავლები გაფანტული არიან მსოფლიოს არა ერთ ქვეყანასა და კონტინენტზე: შუა აზიაში, კავკასიაში, რუსეთში, უკრაინაში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. ამ ადამიანების კრიტიკულად მცირე რაოდენობამ მოახერხა ამ ათწლეულების განმავლობაში საქართველოში დაბრუნება. დაბრუნების პროცესში მათ უწევდათ გეოგრაფიული დაბრკოლებების გარდა ეკონომიკური სირთულეების და საქართველოს ხელისუფლების არაკეთილგანწყობის გადალახვაც. რეპატრიანტი მესხების ბედი საუკუნეების განმავლობაში არა ერთხელ შეცვლილა რადიკალურად პოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით და ეს ცვლილებები როგორც წესი მათთვის ხელსაყრელი არ იყო.
წინამდებარე ტექსტი მიმოიხილავს საქართველოში რეპატრიანტი მესხების დაბრუნების პროცესის თანმდევ დაბრკოლებებს. გაანალიზებულია ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპები, დაბრუნების პროცესის ძირითადი შემაფერხებელი გარემოებები და საქართველოს ხელისუფლების მიდგომები რეპატრიაციის პროცესის მიმართ. თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგიდან მესხების დაბრუნების საკითხი გამქრალია, რასაც თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს. შესაძლოა ეს ტექსტი გახდეს ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ განახლდეს მსჯელობა უსამართლოდ გადასახლებული ადამიანების მიმართ მისაღები გადაწყვეტილების შესახებ.
სტატიას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ მიაგრებულ ფაილში
სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი . ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.
[1] 1944 წლის 31 ივლისის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის № 6279сс დადგენილების თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადასახლებას დაექვემდებარა სამხრეთ საქართველოს 200 სოფლის მაცხოვრებელი, 86,000 ადამიანი და ასევე 41,000 სამხედრო, რომელიც მეორე მსოფლიო ომში წინა ხაზზე იბრძოდა. გადასახლებულების მიმართ ბრალდება ასე ჟღერდა: „მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც მოსაზღვრე თურქეთის რაიონების მოსახლეებთან ნათესაობა აკავშირებდათ, დაკავებული იყვნენ კონტრაბანდით, ავლენდნენ ემიგრაციულ განწყობებს და თურქეთის სადაზვერვო ორგანოებისათვის წარმოადგენდნენ ჯაშუშურ ელემენტებად გადმობირებისა და ბანდიტური შენაერთების ფორმირების წყაროს.“ 1944 წლის ოფიციალური დოკუმენტები მესხეთში მცხოვრები მუსლიმების (ე.წ. „თურქი მესხების“ და სხვა ეროვნებების) გადასახლების თაობაზე. ხელმისაწვდომია: https://idfi.ge/public/upload/Blog/official_documents_of_1944_on_the_deportation_of_ethnic_minorities_living_in_southern_georgia.pdf გადასახლებულ ადამიანებს ოფიციალურად სამშობლოში დაბრუნების უფლება მხოლოდ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1992 წელს მიიღეს.
ინსტრუქცია