კვლევის ძირითადი მიგნებები
კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზმა გამოკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რაც სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიულ საქმიანობას ახლავს. ოპერატიული საქმიანობა არ შეესაბამება საპოლიციო საქმიანობის დემოკრატიულ მექანიზმებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
კვლევის ფარგლებში შემდეგი პრობლემური საკითხები გამოიკვეთა:
- ცალკეული ცვლილების მიუხედავად, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონი კვლავ შეიცავს იმგვარ ღონისძიებებს, რომლებიც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის მაღალი რისკით ხასიათდება და სასამართლოს შესაბამისი ნებართვის გარეშე ხორციელდება;
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონით, ოპერატიული საქმიანობისას საზოგადოებისგან საჭირო ინფორმაციის „ამოღება“ მარტივად, საპროცესო ვალდებულებების გარეშე ხდება, რაც პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას იწვევს;
- კანონით არ არის დადგენილი ოპერატიული საქმიანობის განხორციელების ერთიანი ვადა. ოპერატიული ღონისძიება ვადით მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შეზღუდული, როდესაც მისი ჩატარების დავალებას ორგანო პროკურორის ან გამომძიებლის მიერ იღებს. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი ოპერატიული ღონისძიება (ვიზუალური კონტროლი, კორესპონდენციის ცენზურა და სხვა) განუსაზღვრელი ვადით, შესაბამისი ორგანოების შეხედულების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს;
- ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, კანონმდებლობით არ არის დაზღვეული დანაშაულის პროვოცირების რისკები;
- სამართალდამცავი ორგანოები, ოპერატიული საქამიანობის განხორციელებისას აქტიურად იყენებენ ინფორმანტების ე.წ. კონფიდენტების მექანიზმს. კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს კონფიდენტის საქმიანობას;
- ოპერატიული უფლებამოსილება თითქმის ყველა საგამოძიებო ორგანოს და ძალოვან უწყებას აქვს. მათ შორის, ორგანოებს, რომელთა საქმიანობის სპეციფიკა არ არის აპრიორი დაკავშირებული საგამოძიებო, ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებთან;
- შესაბამის ორგანოებში საგამოძიებო და ოპერატიული უფლებამოსილებები ცხადად გამიჯნული არ არის არც სტრუქტურულ და არც თანამდებობრივ დონეზე, რაც იწვევს უფლებამოსილების აღრევას და კომპეტენციათა დუბლიერებას;
- კანონმდებლობა არ იცნობს ოპერატიულ საქმიანობაზე გარეშე კონტროლის შესაძლებლობას. ამასთან, სუსტია საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის მექანიზმები და მათ ძირითადად ფიქციური ხასიათი აქვთ.
EMC-ის ხედვით, აუცილებელია სახელმწიფომ დროულად დაიწყოს მსჯელობა ოპერატიული საქმიანობის ძირეულ რეფორმაზე და გადადგას ნაბიჯები, სამართალდამცავ სისტემაში ოპერატიული მოქმედებების, საპოლიციო საქმიანობის დემოკრატიული მექანიზმებით ჩანაცვლებისთვის.
კვლევას სრულად, შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
ასევე, მიმაგრებულ დოკუმენტში იხილეთ გერმანელი ექსპერტის, სამართლის პროფესორის რალფს ალლეველდტის სტატია. სტატიაში გაანალიზებულია ოპერატიული საქმიანობა ქართულ კანონმდებლობაში და კრიტიკულად არის შეფასებული მისი თავსებადობა ფარული საპოლიციო საქმიანობის, არსებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან.
ოპერატიული_საქმიანობის_კვლევა_Geo_1585733667.pdf
nalytical_Paper_-Prof._Ralf_Alleweldt_1585733846.pdf