[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

კრიტიკული ფემინისტური აზრი / თარგმანი

კვლავაც კაპიტალიზმის ნაწილი? მარქსისტულ-ფემინისტური პერსპექტივები ოჯახზე

სალომე ლაცაბიძე 

14997284_10210134769021405_1550746914_n

ილუსტრაციის ავტორი: ედიტ ვონეგუტი

1970-80-იან წლებში ქალთა ჩაგვრის შესახებ მარქსისტულ-ფემინისტური მიდგომის ანალიზი მნიშვნელოვნად იცვლება. ავტორები ცდილობდნენ, ზუსტად განესაზღვრათ ის გზები, რომლითაც კაპიტალიზმი აყალიბებს ქალების ჩაგვრას როგორც ზოგადად საზოგადოების, ასევე კერძოდ, შრომის ბაზრის შიგნით. თუმცა, ასევე, შედარებით ვიწროდ განმარტავდნენ, თუ რატომ ინარჩუნებს კაპიტალიზმი ბირთვული ოჯახს და მასში ქალების ჩაგვრას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ავტორი აღიარებდა ქალების ავტონომიური მოძრაობის საჭიროებას, მათი შეხედულებები განსხვავდებოდა იმის შესახებ, თუ რამდენად უწყვეტადაა ქალთა ჩაგვრა კაპიტალიზმთან გადაჯაჭვული ან რამდენად წარმოადგენს განცალკევებულ სისტემას, რომელიც გადახლართულია კაპიტალიზმთან; ამასთანავე, რამდენად ხედავდნენ ისინი პატრიარქატის მატერიალურ საფუძვლებს. უმრავლესობა ხედავდა პატრიარქატს და კაპიტალიზმს, როგორც ერთმანეთთან შერწყმულს და ამ უკანასკნელს ყველა უდავოდ დომინანტ თანამონაწილედ აღიქვამდა.

შესაბამისად, ავტორების უმრავლესობა, რომელიც თავს მარქსისტ ფემინისტად ან სოციალისტ ფემინისტად მიიჩნევდა, განაგრძობდა ქალების ჩაგვრის და/ან ოჯახის ახსნას იმის მიხედვით, თუ რა როლი აქვს ამ ინსტიტუტებს კაპიტალიზმის შენარჩუნებაში ან პატრიარქალური იდეოლოგიების კვლავწარმოებაში.

ბოლო 50 წლის განმავლობაში მსჯელობის საგანი გახდა, რა გზებით და რამდენად განამტკიცებს ოჯახი კაპიტალიზმს.

  1. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ოჯახში ქალები ხელს უწყობენ ბავშვთა სოციალიზაციას, მორჩილი სუბიექტურობისა და ბურჟუაზიული ნორმების მიხედვით (უფრო კონკრეტულად კი, ბურჟუაზიული სექსუალური ნორმების ჩარჩოს ფარგლებში), რაც მათ არსებული ძალაუფლებრივი სტრუქტურების, საზოგადოებაში მათთვის გამოყოფილი ადგილისა და გამაუცხოებელი ანაზღაურებადი სამუშაოს მიღებას აიძულებს.
  2. არსებობს მოსაზრება, რომ კაპიტალი კლასობრივი ბრძოლის ძირის გამოსათხრელად ამყარებს ბირთვულ ოჯახს. ღირებულებები, რომელსაც ოჯახი განასახიერებს (პრივატიზებული საოჯახო ცხოვრება; ქმრის უმთავრესი ვალდებულება მასზე დამოკიდებული წევრების მიმართ), კლასობრივ სოლიდარობასთან მოდის წინააღმდეგობაში. ასევე, ქალები უფრო კონსერვატიულები არიან, ვიდრე კაცები და გაფიცულ ქმრებს სამსახურში დაბრუნებისკენ უბიძგებდნენ.
  3. იმასაც ამტკიცებენ, რომ ქალები მათი გაუცხოებული (პროლეტარი) ქმრების ბრაზს ისრუტავენ. ისინი ქმრებს ემოციურ მხარდაჭერას სთავაზობენ და ამდენად, სამუშაო ადგილით გამოწვეულ უკმაყოფილებას ახშობენ. სახლი მაინც არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც კაპიტალიზმისგან ჩაგრული კაცები გრძნობენ, რომ ისინი არიან ბოსები და სიტუაციას აკონტროლებენ.
  1. ალტერნატივის სახით, გამოითქვა მოსაზრება, რომ კაპიტალისტები მხარს უჭერენ მრავალი განცალკევებული, პატარა, ბირთვული საოჯახო მეურნეობის არსებობას (განსხვავებით, დიდი კომუნალური საოჯახო მეურნეობებისა), რადგან თითოეული ოჯახი ხანგრძლივი გამოყენების სამომხმარებლო საქონელს ყიდულობს, რაც მწარმოებლებს საქონლის დიდი რაოდენობით გაყიდვის საშუალებას აძლევს. ასევე აღინიშნა, რომ დიასახლისები, განსაკუთრებით კი სრული განაკვეთზე მომუშავეები, მნიშვნელოვან მომხმარებლებს და სარეკლამო სააგენტოების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ.
  2. ამბობდნენ, რომ ქმრების მიერ ქალების რჩენის ფაქტი არა მარტო ბოჭავს მათ ქმრებს (იხილეთ ზემოთ), არამედ იმასაც ნიშნავს, რომ ქალები თავად შეადგენენ დაქირავებული მუშების „სარეზერვო არმიას“, რომელთა რეკრუტირება და დათხოვნა მარტივია და რომლებსაც საარსებო მინიმუმზე ნაკლები შეუძლიათ გადაუხადონ. დაოჯახებული ქალები მუდმივად ქმნიან (კაცების) „სათანადო“ ანაზღაურების შემცირების საფრთხეს.
  3. იმასაც ამბობდნენ, რომ კაპიტალი ქალების აუნაზღაურებელ შრომას სახლში იყენებს, სამუშაო ძალის კვლავწარმოების ღირებულების შესამცირებლად. ქალების კონტრიბუცია შიდამეურნეობაში მათი ქმრებისთვის გადახდილი გასამრჯელოს შემცირების საშუალებას იძლევა, რადგან აუცილებელი აღარ არის, მარჩენალის გასამრჯელომ ყველა პირველადი საჭიროების საქონლისა და მომსახურების ხარჯი დაფაროს. ბევრი რამის ყიდვის საჭიროება აღარ დგას, იმიტომ რომ მათ სახლში აწარმოებენ.
  4. არსებობს მოსაზრება, რომ მუშათა კლასის ბრძოლამ, შეემცირებინათ ადრეული კაპიტალიზმის უხეში ექსპლუატაცია, განაპირობა ის, რომ გვიანდელი კაპიტალისტები და/ან კაპიტალისტური სახელმწიფო დასჯერდა მუშათა კლასის ისეთ ოჯახს, სადაც ცოლები სახლში რჩებიან, კაცები კი საოჯახო გასამრჯელოს იღებენ - როგორც საუკეთესო საშუალებას ზოგადად მუშათა კლასის კვლავწარმოებისა და სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ოჯახის მხარდაჭერა არის კომპრომისი ორ ინტერესს შორის: (ა) მუშათა კლასის ინტერესს - შეამციროს ერთად აღებული ყველა მშრომელის ჯამური სამუშაო საათები და, მაშასადამე, უზრუნველყოს იმ ბავშვების, ავადმყოფებისა და მოხუცების კარგი მოვლა, რომელთაც შრომა არ შეუძლიათ, ისევე, როგორც უფროსი მუშების ფსიქიკური ჯანმრთელობა და (ბ) კაპიტალის ინტერესს - ჰყავდეს ჯანმრთელი სამუშაო ძალა და მინიმუმამდე დაიყვანოს მუშების მღელვარება.

ასეთი შეხედულებები კაპიტალისტური წარმოების წესის, სახელმწიფოს, ოჯახისა და შრომის სქესობრივი დაყოფის ურთიერთმიმართების (რომელთაგან თითოეულის რამდენიმე ვარიანტი არსებობს) შესახებ ღირებულ ფუნქციონალისტურ ჰიპოთეზებს წარმოადგენს, რომლებიც შემდგომ კვლევას საჭიროებს, თუმცა ამჟამად ეს შეხედულებები ხშირად ტელეოლოგიური და არაისტორიულია, რადგან იმ ვარაუდის გარშემო იგება, რომ ჩაგვრის ფორმა, რომელზეც ყველა სხვა ფორმის ჩაგვრა უნდა იყოს მიბმული (პირდაპირ თუ არაპირდაპირ) კაპიტალისტური ჩაგვრაა. მაშინაც კი, როდესაც ისინი არ გულისხმობენ, რომ ყველა სახის წარმოება შიდამეურნეობის გარეთ ხდება (იხ. 1-ლი და მე-4 თავები), ან რომ ექსპლუატაციის ერთადერთი ფორმა კაპიტალის მიერ ზედმეტი ღირებულების ან შრომის მითვისებაა (იხ. მე-2 თავი), მათ მაინც სჯერათ, რომ ნებისმიერი ჩაგვრის გასაგებად საჭიროა კავშირის პოვნა წარმოების კაპიტალისტურ წესსა და იმ ინსტიტუტს შორის, რომელშიც ჩაგვრა ხორციელდება. ისინი ამაზე აგებენ მსჯელობას.

ამის ილუსტრაცია შეგვიძლია ასეთი არგუმენტების ორი ფორმის დეტალური განხილვით: ერთი ცნობილია, როგორც დებატები საშინაო შრომის შესახებ და მეორე, წარმოებასა და რეპროდუქციას შორის ხშირად გავლებული დიქოტომია. დებატები საშინაო შრომის შესახებ 1970-იან წლებში გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში განვითარდა, რაშიც წვლილი ასევე (სულ მცირე) საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და შეერთებულ შტატებში მოღვაწე ავტორებმაც შეიტანეს. ზოგიერთი ავტორი აცხადებს, რომ ჩვენ ეს დებატები გადავლახეთ (მაგალითად მაქინ მალინო 1979 წელს), მაგრამ უიღბლო სტუდენტები მაინც ადგებიან ხოლმე ამ გზას და ეს თემა ხშირად, გაპრიალებული სახით, ხელახლა ჩნდება ხოლმე საკონფერენციო ნაშრომებში. მეორე მხრივ, ანალიზი, რომელიც დაპირისპირებულ წარმოებასა და რეპროდუქციას ეყრდნობა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრჯერ ამოტივტივდა და ნამდვილად ცოცხალი და ჯანსაღია.

ოჯახში ქალების ჩაგვრის კაპიტალიზმთან დაკავშირების ეს ორი კონკრეტული მცდელობა მარქსისტულად მიჩნეული მიდგომების ყველაზე ცუდ მახასიათებლებს ამხელს. საშინაო შრომის დებატებში იყო მცდელობა, „სათანადო მარქსისტული თეორეტიზება“ 100 წლის ტერმინოლოგიის მექანიკურ გამოყენებამდე დაეყვანათ, თითქოს ის მარადიული და ესენციური ყოფილიყო. ამისგან განსხვავებით, წარმოება/რეპროდუქციის დებატს ტერმინების განმარტებისას განსკუთრებული ბუნდოვანება ახასიათებს და მასში გაუგებარია, თუ რას რა იწვევს კაპიტალიზმში და რატომ. ამასთან, მას თავიდან შემოაქვს პატრიარქალური იდეოლოგიები პირდაპირ ანალიზის ცენტრში.

თარგმანი მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ პროექტის „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

კვლავაც_კაპიტალიზმის_ნაწილი_მარქსისტულ-ფემინისტური_პერსპექტივები_ოჯახზე.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“