საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ დანერგოს მოქნილი, დროებითი სოციალური დაცვის მექანიზმები, რომელიც დაფარავს ყველას ვინც ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში დაკარგა ან დაკარგავს შემოსავალს. ამგვარი სოციალური პროგრამის შემუშავების დროს კი, იხელმძღვანელოს საერთაშორისო სტანდარტებითა და გამოცდილებით. კრიზისის დასაძლევად აქამდე შემუშავებული ზომების დიდი ნაწილი დამსაქმებლებისთვის გათვალისწინებულ შეღავათებს მოიცავს. მნიშვნელოვანია შემუშავდეს ისეთი სოციალური პროგრამებიც, რომლებიც პირდაპირ შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას მიემართება. ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, პოსტ-კრიზისულ ეტაპზე დაიწყოს უმუშევრობის შემწეობისა და დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნა, რომლის არარსებობა დღევანდელ კრიზისს ერთიორად აღრმავებს.
კორონავირუსის ეპიდემიამ, რომელიც მრავალმხრივ და ჯერჯერობით განუსაზღვრელ ეკონომიკურ რისკებს იწვევს, არსებული სოციალური დაცვისა და შრომის ბაზრის რეგულირების ჩავარდნები განსაკუთრებული სიმწვავით წარმოაჩინა. როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გლობალური პანდემია უმუშევრობის ახალ და მასშტაბურ ტალღას ქმნის. სოციალური დაცვის სისტემები მომავალი თვეების განმავლობაში ინტენსიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან, მათი მოუმზადებლობა კი შესაძლოა მასშტაბური სოციალური კრიზისის წინაპირობა გახდეს. სხვა გამოწვევებთან ერთად პრობლემად რჩება უმუშევრობის შემწეობისა და დაზღვევის სისტემების არარსებობა, ისე როგორც ზედაპირული და არაზუსტი საარსებო მინიმუმის დადგენის მეთოდოლოგია.
საქართველოში 2006 წლამდე უმუშევრობის შემწეობა ნომინალურად არსებობდა. 2001 წელს მიღებული საქართველოს კანონი “დასაქმების შესახებ” ადგენდა იმ პირობებს, რა შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქეს მისი მიღება შეეძლო. თუმცა უმუშევრობის შემწეობა საქართველოს არასდროს ყოფილა მშრომელთა დაცვის ეფექტური მექანიზმი - არსებობის განმავლობაში მისი ოდენობა თვეში 14-დან 20 ლარამდე მერყეობდა, ხოლო 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსი უმუშევრობის დაზღვევას საერთოდ აღარ ითვალისწინებდა.[1]
უმუშევრობის დაზღვევა და უმუშევრობის შემწეობა “შრომის ბაზრის ძირითადი ინსტიტუტებია,” რომლებიც, სხვა მექანიზმებთან ერთად, შრომით ურთიერთობებს არეგულირებენ. (დიაკონიძე, 2018[2]) პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათი არარსებობა დასაქმებულს კრიზისული მდგომარეობის წინაშე დაუცველს ხდის. იმ პირობებში როცა ქვეყნის მოსახლეობის 88%-ს დანაზოგი არ აქვს, უმუშევრობის დაზღვევისა ან შემწეობის გარეშე დასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის შემთხვევაში პირველადი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის რისკის ქვეშ ექცევიან. ასეთ ვითარებაში უმუშევრობის დაზღვევას და/ან უმუშევრობის შემწეობას სოციალური დაცვის ველის შექმნა შეუძლიათ, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მინიმალური საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა.
კორონავირუსი იმ უამრავი შესაძლო რყევის ერთი მაგალითია, რომელსაც მშრომელებისგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზებით მათი სამუშაო პირობებისა და შემოსავლის, ისევე როგორც მთლიანად შრომის ბაზრის მოულოდნელად და უმართავად შეცვლა შეუძლია. ასეთივე რყევებია ფინანსურ და სავალუტო კრიზისებთან, ომთან და მასობრივ მიგრაციასთან დაკავშირებული ეკონომიკური შოკები.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დღეს უმუშევრობის დაზღვევისა და უმუშევრობის შემწეობის მრავალფეროვანი სპექტრი ფუნქციონირებს. ეს სისტემები ერთმანეთისგან შემწეობის მოცულობით, ხანგრძლივობითა და მის მისაღებად დასაკმაყოფილებელი პირობებით განსხვავდებიან. არსებობს როგორც პირდაპირი საბიუჯეტო წესით დაფინანსებული უმუშევრობის სადაზღვეო სისტემები, ისე კერძო შენატანებით შევსებული ფონდები, ხოლო “უმუშევრობის შემწეობა/დახმარება, როგორც წესი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.”[3] მკვეთრად განსხვავდება უმუშევრობის შემწეობის თანაფარდობაც მთლიან შიდა პროდუქტთან: მაგალითად ბელგიაში ის მშპ-ს 3% პროცენტს აღემატება, ხოლო ლიეტუვაში ის 0.5%-ზე დაბალია.[4] საერთაშორისო გამოცდილებისა და სოციო-ეკონომიკური და შრომითი ბაზრის კონტექსტის გათვალისწინებით შესაძლებელია ისეთი უმუშევრობის შემწეობისა და/ან დაზღვევის სისტემის შექმნა, რომელიც ადგილობრივ საჭიროებებსა და გამოწვევებს გაითვალისწინებდა და კრიზისულ ვითარებაში მინიმალური სოციალური კეთილდღეობის მაქსიმალურ გარანტიებს უზრუნველყოფდა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სახელმწიფოთა ნაწილი უმუშევრობის სადაზღვევო ფონდებსა და შემწეობის პროგრამებს აფართოებს რათა მათ მოულოდნელად გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლონ. ამის მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც უმუშევართა შემწეობა დროებით $600-ით იზრდება, სახელმწიფო კი თითოეულ მოქალაქეს, რომელიც წელიწადში $75,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებს, ერთჯერადი დახმარების სახით $1,200-ს გადასცემს.
სხვა სახელმწიფოები უმუშევრობის ზრდის თავიდან ასაცილებლად დამსაქმებლებს სახელფასო ხარჯების დასაფარად სტიმულირების პაკეტებს სთავაზობენ. ამის მაგალითია დანია, რომელიც დამსაქმებლებს ივნისამდე დასაქმებულების ხელფასების 90%-მდე დაფარვას სთავაზობს იმ შემთხვევაში თუ ისინი შემცირებებზე უარს იტყვიან. მსგავსი პროგრამები შეიმუშავეს დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდების სამეფოშიც.
იქიდან გამომდინარე, რომ ამგვარი სისტემა საქართველოში არ არსებობს, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაუყოვნებლივ შეიმუშავოს და დანერგოს დროებითი სოციალური შემწეობის მოქნილი, დროებითი პროგრამა, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს იმ შემოსავლით უზრუნველყოფს, რაც მათი პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სჭირდება.
ხაზგასასმელია, რომ დღეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი ბაზისური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი მინიმალური შემოსავლის სანდო მაჩვენებელს არ წარმოადგენს და ეს როგორც უმუშევრობის შემწეობის, ისე სხვა სოციალური დაცვის მექანიზმების ჩამოყალიბებასა და ეფექტური მინიმალური ხელფასის დადგენას ფაქტიურად გამორიცხავს.
“საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას სამომხმარებლო კალათას იღებს როგორც საარსებო მინიმუმის 70%- ს, ხოლო დანარჩენი 30% გამოყოფილია სხვა ყველა ხარჯისთვის, მათ შორის ტანსაცმლის, ტრანსპორტის, კომუნალური გადასახადების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, მედიკამენტებისა და სხვა ხარჯებისთვის.”[5] 2019 წელს საარსებო მინიმუმი 160 ლარითა და 50 თეთრით განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს დაანგარიშებით ერთი ზრდასრული პირის მინიმალური სასურსათო კალათა ყოველთვიურად დაახლოებით 112 ლარი ღირს, ხოლო ყველა სხვა საჭიროების დაკმაყოფილება დაახლოებით 48 ლარი.
საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაში პრობლემურია სასურსათო კალათის კალორიულობაც და მასში შემავალი პროდუქტების ერთგვაროვნებაც - ამ მხრივ დადგენილი სასურსათო კალათა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას არ შეესაბამება. ასევე, საარსებო მინიმუმის დაანგარიშება ითვალისწინებს არარეალისტურ შევაჭრების კომპონენტს, რომლის დაშვებითაც ადამიანები შევაჭრების საშუალებით სურსათში საბაზრო ფასზე 13.5%-ით ნაკლებს იხდიან. 2014 წელს USAID-ის მიერ ჩატარებული კვლევაში, რომელიც სასურსათო კალათის გამრავალფეროვნებას და მისი კალორიულობის ზრდას ითვალისწინებდა და სასურსათო/არა-სასურსათო ხარჯების უფრო გათანაბრებულ პროპორციას ეყრდნობოდა, ალტერნატიული მეთოდოლოგიით დათვლილი საარსებო მინიმუმი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულს ორჯერ აღემატებოდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით აშკარაა, რომ დადგენილი საარსებო მინიმუმი ვერ ასრულებს საორიენტაციო ფუნქციას და სოციალური პროგრამების შემუშავებას შეუძლებელს ხდის. საარსებო მინიმუმის გადახედვა გადაუდებელი აუცილებლობა ხდება კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული შესაძლო ინფლაციისა და გაზრდილი საჭიროებების პირობებში. სანდო საარსებო მინიმუმის გარეშე სახელმწიფო მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი შემოსავლის შესახებ საკვანძო ინფორმაციის გარეშე ჩნდება, რაც კრიზისულ ვითარებაში ეფექტურ ინტერვენციას ართულებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:
[1] უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა, ებერტის ფონდი, 2018
[2]„შრომისა და დასაქმების პოლიტიკა საქართველოში - ფასადური ინსტიტუტები, საერთაშორისო აქტორები და იდეების ბრძოლა“ ანა დიაკონიძე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2018.
[3] უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა, ებერტის ფონდი, 2018
[4] ^ibid.
[5] მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში; ებერტის ფონდი, 2016
ინსტრუქცია