[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

კონსტიტუციის 30-ე წელს მიტაცებული კონსტიტუციითა და მოშლილი დემოკრატიული სისტემებით ვხვდებით

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუცია, რომელსაც ფორმალურად უნდა უზრუნველეყო ქვეყნის დემოკრატიული მოწყობა, ძალაუფლების განაწილება და მოქალაქეთა უფლებების გარანტია. თუმცა, კონსტიტუციის 30-ე წელს, სამწუხაროდ ჩანს, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტი ვერ იქცა საზოგადოების ნამდვილი თანაცხოვრების ჩარჩოდ და სოციალურ კონტრაქტად, რომელსაც შეეძლო გაეძლო პოლიტიკური და სოციალური კრიზისებისთვის და დაეზღვია აგრესიული ავტორიტარიზმი.

კონსტიტუცია მხოლოდ ტექსტი არ არის, ის არის სიმბოლური და ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც სახელმწიფოს ლეგიტიმაციას განსაზღვრავს. კლასიკურ ლიბერალურ ტრადიციაში კონსტიტუციონალიზმი ნიშნავს ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვას, ინდივიდუალური თავისუფლებებისა და ავტონომიის დაცვას და პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას. თუმცა თანამედროვე, კრიტიკული კონსტიტუციონალიზმის თეორიები ხაზს უსვამენ იმას, რომ კონსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მის შინაარსზე და არქიტექტურაზე, არამედ მის სოციალურ-პოლიტიკურ საფუძველზე, იმაზე თუ კონსტიტუციის მიღების პროცესში რამდენად არის უზრუნველყოფილი საზოგადოების რეალური მონაწილეობა და სხვადასხვა კლასებისა და სოციალური ჯგუფების ნამდვილი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა. ამ გაგებით, კონსტიტუცია არის არა უბრალოდ იურიდიული ნორმების კრებული, არამედ ცოცხალი „საზოგადოებრივი შეთანხმება“. მისი ძალა და ლეგიტიმაცია გამომდინარეობს იქიდან, თუ რამდენად გრძნობენ მოქალაქეები თავს ამ შეთანხმების თანაავტორებად. თუ კონსტიტუცია იქმნება მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების გარიგებების გზით და არა ფართო დელიბერაციისა და საზოგადოებრივი გრძელვადიანი ინტერესების შედეგად, ის კარგავს პოლიტიკური და სოციალური კრიზისების პრევენციისა და პოლიტიკური სისტემის დაბალანსების უნარს.

საქართველოს კონსტიტუციის ისტორია სწორედ ამგვარი პრობლემებით არის დატვირთული. მისი მიღების პროცესში, ისევე როგორც შემდგომ რედაქციებში, არ არსებობდა რეალური საზოგადოებრივი დისკუსია, რომელიც ჩართავდა მოქალაქეებს, რეგიონულ და ეთნიკურ ჯგუფებს, პროფკავშირებს, აკადემიას და სამოქალაქო საზოგადოებას. კონსტიტუცია ყოველთვის იყო პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების გარიგების შედეგი, რომელსაც ნაკლებად ჰქონდა საერთო ფართო კონსენსუსთან. ამიტომაც, ის ვერ დამყარდა, როგორც საერთო პოლიტიკური თანაცხოვრების ინსტიტუციური და ღირებულებითი ჩარჩო. პოლიტიკური ჯგუფები ახდენდნენ მის მუდმივ ადაპტირებას საკუთარ ინტერესებთან: პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერება თუ დასუსტება, პარლამენტის როლის ტრანსფორმაცია, სასამართლო ხელისუფლების მოწყობა - ეს ყველაფერი განისაზღვრებოდა მმართველი ძალების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების პრაგმატული სტრატეგიებით და არა საზოგადოების ნამდვილი ინტერესებით.

საქართველოს კონსტიტუცია საფუძველშივე არ ითვალისწინებდა დეცენტრალიზაციის პრინციპს და ადგილებზე ხელისუფლების გადაცემას. ეს ხაზს უსვამს ელიტების ფუნდამენტურ უნდობლობას მოქალაქეებისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ. კონსტიტუცია, ფორმალურად განაწილების პრინციპის მიუხედავად, ფაქტობრივად არ ქმნიდა რეალურ ინსტიტუციურ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და მოქალაქეთა მონაწილეობისა და უშუალო დემოკრატიის გაძლიერებას. შედეგად, ძალაუფლება ყოველთვის ცენტრში იყო და არის კონცენტრირებული და იწარმოება ვერტიკალურად მმართველი ელიტების მიერ.

საქართველოს კონსტიტუცია ასევე ვერ უზრუნველყოფს სოციალური კეთილდღეობის პრინციპის სისტემურ დაცვას და სოციალური უფლებების ძლიერი კონსტიტუციურ გარანტირებას. სოციალურ-სამართლებრივი პრინციპები კონსტიტუციაში ხშირად რჩება განზოგადებული ფორმულირებების დონეზე, რაც არ ქმნის პრაქტიკულად რეალურ მექანიზმებს სოციალური უთანასწორობის, მოწყვლადი ჯგუფების დაცვისა და ბაზრის უმძიმესი სოციალური გავლენების შესამცირებლად.

პოსტსაბჭოთა პოლიტიკური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურებაა ფორმალური ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია. ამ ქვეყნებში კონსტიტუცია ხშირად გამოიყენება არა იმისთვის, რომ შეზღუდოს ხელისუფლება, არამედ იმისთვის, რომ მას ლეგიტიმაციის ფორმალური სახე შესძინოს. ეს წარმოადგენს ავტორიტარული ლეგალიზმის პრაქტიკას, როცა იურიდიული ფორმები და კონსტიტუციური ტექსტები ემსახურება ძალაუფლების კონსოლიდაციას, ქმნის “სამართლებრივ საბურველს”, მაგრამ შინაარსობრივად ანგრევს სამართლებრივ და დემოკრატიულ წესრიგს.

საქართველოშიც ამგვარი პროცესის ნიშნები აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია გარეგნულად ინარჩუნებს ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს, მისი პრაქტიკული ფუნქციონირება სულ უფრო მეტად ემორჩილება მმართველი ძალის ინტერესებს. სასამართლო ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და პოლიტიკურ დავებში ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს. პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტებად იქცა. პარლამენტი ფორმალურად ინარჩუნებს კანონმდებლობის ფუნქციას, მაგრამ ფაქტობრივად დაკნინებულია მმართველი პარტიის აპარატად.

განსაკუთრებით ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ სისტემატურად მოახდინა კონსტიტუციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება. ეს პროცესი ხორციელდებოდა არაფორმალური ლიდერისა და მმართველობითი ქსელებით.ბოლო 3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა რადიკალური და თვითნებური ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებმაც სრულად დაასუსტა სასამართლო სისტემა, გაანადგურა დამოუკიდებელი ორგანოები და ხელისუფლების განაწილების პრინციპი გააქრო.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პარლამენტის საკითხი, რომელიც მძიმე ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს. ერთპარტიული პარლამენტი დღეს აგრძელებს ავტორიტარული კანონების მიღებას და მრავალი წლის განმავლობაში ნაშენები დემოკრატიული სამართლებრივი სისტემის პრაქტიკულ დემონტაჟს. არსებულ პოლიტიკურ სისტემაში პლურალისტური დემოკრატიის მთავარი პრინციპები დაკნინებულია, პარლამენტში აღარ არსებობს პოლიტიკური მრავალფეროვნება და კონკურენცია და პოლიტიკური დებატები. პარლამენტი კი გადაიქცა მმართველი პარტიის პოლიტიკის ნოტარიუსად, რომელიც აღარ ატარებს საზოგადოების ნებას და სრულად დაკარგა დემოკრატიული ბალანსის ფუნქცია.

უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციონალიზმის ღრმა არსი უკავშირდება სუვერენიტეტის საკითხს. დემოკრატიული თეორიის მიხედვით, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს, ხოლო კონსტიტუცია სახალხო სუვერენიტეტის მატერიალიზაციაა ინსტიტუციურ წესებში. საქართველოში კი სუვერენიტეტი ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვთ მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ კონსტიტუციის დღეს მნიშვნელოვანია დისკუსიის გახსნა სუვერენიტეტის დაბრუნების იდეაზე, თუ როგორ შეიძლება დაუბრუნდეს ძალაუფლება ხალხს, როგორ შეიძლება აღდგეს დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და როგორ უნდა შეძლოს კონსტიტუციურმა წესრიგმა ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა.

ცხადია, რომ ამ პროცესში არსებითია, კონსტიტუცია აღიარებდეს და იცავდეს სუსტ ჯგუფებს, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით არაპრივილეგირებულს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, შშმ პირებს, ლგბტქი ადამიანებს და ა.შ.. მათ, ვისაც შეიძლება დომინანტური პოლიტიკური და კულტურული დისკურსი “სხვებად” მონიშნავდეს.

ამდენად დღეს კონსტიტუციის დღის აღნიშვნის პროცესი საქართველოში პარადოქსებს ატარებს. ერთი მხრივ, ჩვენ ყველანი აღვნიშნავთ სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის სიმბოლურ დღესასწაულს, მეორე მხრივ კი ყველანი ვხვდებით, რომ კონსტიტუცია ვერ ასრულებს იმ როლს, რაც უნდა ჰქონდეს. ის ვერ გვიცავს ხალხს ავტოკრატიისგან და ძალაუფლების მიტაცებისგან, ის ვერ უზრუნველყოფს ინსტიტუტების მდგრადობას და სამწუხაროდ, ვერ ქმნის დემოკრატიულ უსაფრთხოებას ჩვენთვის.

ამ ვითარებაში მთავარი კითხვა ასე შეიძლება ჟღერდეს: როგორ შეიძლება შეიქმნას საქართველოში ისეთი კონსტიტუცია, რომელიც იქნება ნამდვილი „საზოგადოებრივი კონტრაქტი“? ჩვენი აზრით, ამისთვის აუცილებელია 1. ფართო საზოგადოებრივი დელიბერაცია, სადაც სხვადასხვა სოციალური, ეთნიკური რეგიონული და პროფესიული ჯგუფები რეალურად მონაწილეობენ; 2. ისეთი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, რომლებიც არ მისცემს საშუალებას მმართველ ძალას ადვილად შეიტანოს ცვლილებები საკუთარი ინტერესების გასამყარებლად; 3. კონსტიტუციის გააზრება, როგორც საზოგადოებრივი თანაცხოვრების პოლიტიკური და ეთიკური საფუძვლის და არა მხოლოდ იურიდიული ნორმების კრებულის. მხოლოდ ასეთი კონსტიტუცია შეძლებს მომავალში ავტორიტარული ციკლის შეჩერებას, ავტოკრატიის წინააღმდეგ დემოკრატიული მედეგობის რესურსების შექმნას და დემოკრატიული თანაცხოვრების ახალი ჩარჩოების დაბადებას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“