საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) საკასაციო საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილში, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვა დაავალა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში წარდგენილ საკასაციო საჩივარში პანსიონატის ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და ბენეფიციარების სახელით EMC შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობას ორი მიმართულებით აყენებდა:
1. პანსიონატის საქმიანობისთვის მესამე პირების მხრიდან გამოვლენილი ხელშეშლის პრაქტიკებზე პოლიციის უმოქმედობისა და გულგრილობისა გამო, პოლიციისთვის ეფექტყრი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დავალების მოთხოვნა;
2. პოლიციის უმოქმედობის დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტად შეფასება და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მისთვის სიმბოლური ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინებით დააკმაყოფილა EMC-ის საკასაციო საჩივარი მხოლოდ პირველი მოთხოვნის ნაწილში, დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის ნაწილში კი მიიჩნია, რომ კასატორებმა ვერ დაადასტურეს, რომ პოლიციის უმოქმედობა რელიგიური სიძულვილით იყო განპირობებული. უზენაესი სასამართლოს შეფასებით ის გარემოებები, რომ ქობულეთში სხვა მუსლიმური პანსიონატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, ასევე აჭარაში მუსლიმი თემი ახერხებს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას, დისკრიმინაციული მოპყრობას გამორიცხავს და არსებითად პოლიციის არაეფექტიანი მუშაობის პრობლემაა.
EMC უზენაესი სასამართლოს აღნიშნულ შეფასებას არ იზიარებს, მათ შორის, ქართველი მუსლიმი თემის მიმართ 2012 წლის შემდეგ გამოვლენილი არაერთი რელიგიური კონფლიქტის დროს (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე, ადიგენი) პოლიციის აშკარა უმოქმედობისა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ გამოვლენილი ლოიალობის პრაქტიკის გათვალისწინებით. EMC აღნიშნულ საკითხზე დავას მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს. თუმცა, აღნიშნული კრიტიკის მიუხედავად, ცალსახად პოზიტიურად უნდა შეფასდეს უზენაესი სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობის და მის მიერ მიღებული ზომების არაეფექტიანად და არაპროპორციულად შეფასება.
სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად სააპელაციო სასამართლოში კასატორთა მიერ არაერთი მითითებისა პანსიონით შეუფერხებელი სარგებლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე, სააპელაციო სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ქმედებების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა. უზენაესი სასამართლო უთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს, რომ მოთხოვნის ხელახალი განხილვის პროცესში ყურადღება გაამახვილოს დღეის მდგომარეობით პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობის რეალურობასა და შსს-ს დავალდებულების აუცილებლობაზე.
EMC მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების გზით მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში განიხილავს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დაბრუნებულ საკითხს. ამასთან მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და ვადის გახანგრძლივების ნაცვლად მიიღოს კომპლექსური ზომები ქობულეთის პანსიონატის ადმინისტრაციის და ბენეფიციარების უფლებების აღდგენისა და დაცვის მიზნით, რათა უფლების დარღვევის მსხვერპლებს 4 წლის შემდეგ მაინც მიეცეთ შესაძლებლობა დაასრულონ 2014 წლიდან დაწყებული პანსიონატის მშენებლობა და შეძლონ მისი დანიშნულების შესაბამისად გამოყენება.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ადგილობრივი მუსლიმი თემის უფლებების აღდგენის მიზნით EMC რამდენიმე პარალელურ დავას აწარმოებს. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ამ დრომდე რაიმე შედეგი არ მოჰყოლია და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში EMC-მ არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს ქობულეთში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის განგრძობადი ფაქტების აღმოფხვრის მოთხოვნით, რაიმე პოზიტიური ცვლილება უწყების მხრიდან არ ჩანს. უზენაესი სასამართლოს ზემოთ განხილული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია მუსლიმი თემის უფლებების აღდგენის ნაწილში[1], თუმცა არსებითია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებს რეალური შედეგი მოჰყვეს და მუსლიმმა თემმა მოახერხოს პანსიონატის გახსნა და ამუშავება. სხვა შემთხვევაში, პროცესის გაჭიანურებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების იგნორირების პირობებში, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა არსებითად სუსტდება და არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მარგინალიზაცია და გარიყულობა ღრმავდება.
[1] მათ შორის, აღნიშნულ საქმეზე კერძო პირების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი ეროვნულმა სასამართლოებმა დაადასტურეს და მათ მსგავსი მოპყრობისგან თავის შეკავება და სიმბოლური ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ. ამავე საქმეზე სახალხო დამცველმა ასევე დაადგინა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი ქობულეთის მერიის მხრიდან, კანალიზაციის სისტემასთან შენობის დაერთების შეფერხების გამო. ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქობულეთის მერიის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო, ქმედების განხორციელების დავალდებულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლომ.
ინსტრუქცია