[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე EMC შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს

11076734_818011604937468_691591177_n

ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შემაჯამებელ შეფასებას ავრცელებს. ამასთან EMC აქვეყნებს ამავე საქმეზე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის შესახებ კანონის საფუძველზე, ქობულეთის გამგეობისა და შპს „ქობულეთის წყლის“ წინააღმდეგ სახალხო დამცველის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმოხილვას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების  შეფასება

2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორწლიანი განხილვის შემდეგ ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმეს EMC, პანსიონატის ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და მოსწავლის მშობლის სახელით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე აწარმოებდა. საქმეში მოპასუხე მხარეებს პანსიონატის საქმიანობის ხელშეშლისკენ მიმართული ქმედებების განმახორციელებელი კერძო პირები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენდნენ. მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან კერძო პირების მიერ დისკრიმინაციული მოპყრობისა და პანსიონის საქმიანობისთვის განგრძობადი ხელშეშლის შეწყვეტის დავალდებულებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კი პოზიტიური ვალდებულებების სათანადო შესრულებასა და  მუსლიმი თემის უფლების შეზღუდვისა და დევნის ფაქტების ეფექტიან პრევენციასა და ეფექტური უსაფრთხოების ზომების გამოყენებით პანსიონის გახსნისა და საქმიანობის უზრუნველყოფას ითხოვდა. ორივე მოპასუხის ნაწილში EMC ასევე მოითხოვდა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღუარებას სიმბოლურად, 1 ლარის ოდენობით.  აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს ჯარიმას, რომლის შეფარდების საკითხი და ოდენობა  განისაზღვრება უშუალოდ მოსამართლის დისკრეციით.   მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრული იყო უშუალოდ მოსარჩელე მხარის მიერ,  რომელიც ემსახურებოდა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო საკუთარი ღირსების შელახვის სამართლებრივი აღიარების და არა ეკონომიკური სარგებლის მიღების ინტერესს.  აღსანიშნავია, რომ საქმეზე სასამართლო მეგობრის პოზიცია ჰქონდა წარდგენილი სახალხო დამცველს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კერძო პირების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა, არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია შსს-ს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ნაწილში.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქობულეთში მუსლიმი თემის დევნის ფაქტები 2014 წლის 10 სექტემბერს გამოვლინდა და ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა (რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს) მუქარის, იძულების გამოყენებით პანსიონატის შენობასთან გადაადგილების პროცესის კონტროლისა  და პერმანენტული არამშვიდობიანი შეკრებების ორგანიზებით მუსლიმ თემს პანსიონატის გახსნის საშუალებას არ აძლევს. კერძო პირების მხრიდან პანსიონატის საქმიანობის ხელშეშლა სხვადასხვა საშუალებებით ხორციელდება/ხორციელდებოდა, მათ შორის: პანსიონატის რემონტის პროცესისთვის ხელშეშლა, პანსიონატის შესასვლელის ბარიკადებით ჩახერგა, პანსიონატის კარზე დაკლული ღორის თავი მიჭედება, მუქარისა და იძულების გამოყენებით 15 სექტემბერს პანსინატის გახსნისთვის ორგანიზებული ხელის შეშლა და მუსლიმების განდევნა, პანსიონატის შენობასთან და უშუალოდ შენობაში გადაადგილების მკაცრი კონტროლი და ამ მიზნით ადგილზე 24-საათიანი შეკრებების ორგანიზება, პანსიონატის შენობაში წყალგაყვანილობის სისტემის გაყვანისთვის ხელშეშლა. პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტები დადასტურდა სასამართლოს მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროსაც. ყველა აღნიშნული ინციდენტის დროს ადგილობრივი მოსახლეობა ისლამოფობიურ და თურქოფობიურ რიტორიკას იყენებდა და საკუთარ ქმედებებს რელიგიური სენტიმენტებით ამართლებდა.

2014 წლის 10 სექტმებრის, კიდევ უფრო ინტენსიურად კი 15 სექტემბრის შემდეგ პანსიონატის შენობასთან პოლიცია  მუდმივად იყო მობილიზებული და მონიტორინგს აწარმოებდა. პანსიონატის ადმინისტრაციისა და მოსწავლეების დევნისა და საკუთრებისა და სხვა უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტები პოლიციის თანამშრომლების თვალწინ ხებოდა და მათ იცოდნენ/უნდა სცოდნოდათ გამოვლენილი სამართალდარღვევის თაობაზე,  თუმცა პოლიციის თანამშრომლებს უფლების შეზღუდვის არცერთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ. პანსიონატის საქმესთან დაკავშირებით გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შსს-ს აშკარად უმოქმედო პოლიტიკა, ასევე დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირების მიმართ მისი ლოიალობა და შემწყნარებლობა, მიუთითებს სამინისტროს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მოტივების გაზიარებასა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების შეუსრულებლობაზე. რელიგიური შინაარსის მქონე სხვა ინციდენტებში შსს რეპრესიული პოლიტიკა მუსლიმების მიმართ, და სამინისტროს სრული უმოქმედობა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების დროს განსახილველ და სხვა მსგავსი შემთხვევებში, უწყების დისკრიმინაციულ პოლიტიკის მტკიცებას აძლიერებს.[1]

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო პირების მიერ განხორციელებული განგრძობადი დისრკიმინაციული მოპყრობის დადგენის პარალელურად, შსს-ს მხრიდან დისკრიმინაციული უმოქმედობის გამო მისთვის პასუხისმგებლობის არ დადგენის ნაწილში, წინააღმდეგობრივი და პრობლემურია. მუსლიმი თემი თავისი უფლებებით სარგებლობას უკვე ორი წელია სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრიმინაციულად უმოქმედო პოლიტიკის გამო ვერ ახერხებს. ცხადია სახელმწიფოს მიერ საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში კერძო პირების მიერ განხორციელებული დისრკიმინაციული ქმედებები და მუსლიმი თემის უფლებების განგრძობადი შეზღუდვის ფაქტები აღკვეთილი იქნებოდა.

დისკრიმინაციის თაობაზე დავის პარალელურად საქმეზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობა

აღსანიშნავია, რომ შსს-ს დისკრიმინაციულ პოლიტიკას თავის მხრივ ასევე ადასტურებს, ქობულეთის პანსიონატის საქმეზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არაეფექტური გამოძიება. EMC პროკურატურისგან ითხოვდა მუსლიმი თემის დევნისა და ასევე შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას. თუმცა, პროკურატურამ ფაქტობრივად უარი თქვა შსს-ს თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის შეფასებაზე. შსს-ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის  (მუქარა) საფუძველზე დაწყებული გამოძიების პროცესი კი არ აკმაყოფილებს ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების სტანდარტებს, მათ შორის, საქმეში არ ა არის დაცული გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტები, არაადეკვატურია ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია, EMC-ის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად უფლების დარღვევის მსხვერპლებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, ამ დრომდე პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ დევნა არ აქვს დაწყებული.

ქობულეთის გამგეობისა და შპს ქობულეთის წყლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებზე  სახალხო დამცველის რეკომენდაცია  

უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების პარალელურად, ქობულეთის პანსიონატის საქმესთან დაკავშირებით 2016 წლის 19 სექტემბერს ასევე გამოქვეყნდა სახალხო დამცველის გადაწყვეტილება, რომლითაც მან დააკმაყოფილა EMC-ის განაცხადი შპს „ქობულეთის წყლისა“ და გამგეობის მიერ პანსიონატის შენობაში წყალკანალის გაყვანის მიზნით დისკრიმინაციული უმოქმედობის ნაწილში და შპს „ქობულეთის წყალს“ (რომლის 100 %-იან წილს ქობულეთის გამგეობა ფლობს), მიმართა რეკომენდაციით, რათა მან დაუყოვნებლივ ჩაატაროს პანსიონატის წყალარინების სისტემაზე მიერთებისთვის საჭირო სამუშაოები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას კი მოსთხოვა, რომ მან სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება მოახდინოს და ხელი შეუწყოს აღნიშნული სამუშაოების განხორციელებას. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისად სახალხო დამცველმა ზოგადი რეკომენდაციით მიმართ მუნიციპალიტეტს, რომ მან უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საშუალებით.

მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მსჯელობა დეტალურად მიმოიხილავს, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების არსს შიდა თუ საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით და მიიჩნევს, რომ „ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობას შორის მშვიდობის შენარჩუნების არჩეული საშუალება არ არის მიზნის მიღწევის პროპორციული ღონისძიება, რადგან აღნიშნულით მხოლოდ მუსლიმი თემის წარმომადგენლები ზარალდებიან, რამდენადაც, დომინანტი რელიგიური ჯგუფის სურვილის საფუძველზე, საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით, თემი სრულიად მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინონ რელიგიის თავისუფლების რეალიზაცია სწავლების გზით.“ სახალხო დამცველი დამატებით აღნიშნავს, რომ „2 წლის განმავლობაში, ხელისუფლებას არ ჰქონია კონფლიქტის მოგვარების მიზნით პოზიტიური ღონისძიებების გატარების მცდელობა“ და მაგალითისთვის ადგილობრივი მოსახლეობის სწორად ინფორმირების ან სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულებაზე უთითებს.

მაშინ, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პოზიტიური ღონისძიებების განუხორციელებლობა, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულების დარღვევა დისრკიმინაციული მოპყრობის შემადგებლობას ქმნის, ცხადია, შსს-ს ძირითადი ფუნქციის, მოსახლეობის ყველა სექტორის განურჩევლად დაცვის პირდაპირი ვალდებულების დარღვევა კიდევ უფრო მკვეთრი საფუძველია ამ თვალსაზრისით. თუმცა, სახალხო დამცველს კონკრეტული რეკომენდაციით არ მიუმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რადგან როგორც თავად განმცხადებლები უთითებდნენ, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შსს-ს პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა სცდებოდა სახალხო დამცველის კომპეტენციას. კერძოდ, მითითებული ნორმის შესაბამისად, სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო დავას სასამართლო განიხილავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის ფარგლებში კი მოსარჩელეები შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის შეფასებას მოცემულ ეპიზოდთან მიმართებითაც ითხოვდნენ.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს შპს ქობულეთის წყალს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად, რათა როგორც ეს სახალხო დამცველის რეკომენდაციაშია მითითებული, ქობულეთში მცხოვრებმა მუსლიმმა თემმა რელიგიური პანსიონატის შენობით სარგებლობა სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეძლოს

აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სახლახო დამცველის რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახლახო დამცველს აქვს სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დავისა და მისი რეკომენდაციის აღსრულების უზრუნველყოფის სამართლებრივი ბერკეტი.

მომავალი გეგმები საქმესთან დაკავშირებით

ქობულეთის პანსიონატის საქმესთან დაკავშირებით შსს-ს პასუხისმგებლობის ნაწილში EMC გეგმავს დავის გაგრძელებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

კერძო პირებისთვის დისკრიმინაციული მოპყრობის შეწყვეტის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მათ დაეკისრებათ ვალდებულება შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში მათი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობაში მოექცევა. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოპასუხე კერძო პირების განცხადებები მკვეთრად დისკრიმინაციულ და მუქარის შემცველ განცხადებებს შეიცავდა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ქცევა და განზრახვები კანონის მოთხოვნებს დაუქვემდებაროს და მშვიდობიანი სამოქალაქო თანაცხოვრების ჩარჩოში მოექციონ, პოლიციამ კი ადგილზე მშვიდობისა და წესრიგის დაცვის ღონისძიებები მიიღოს.

სამართლებრივი დაცვის შიდა მექანიზმების არაეფექტურობის შემთხვევაში, EMC დაზარალებული პირების სახელით გეგმავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის განაცხადით მიმართვას.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შენიშვნა: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და სამართლებრივი შეფასება სახალხო დამცველის 2014 და 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშებში ვრცლად არის მოცემული. აღნიშნულზე ფაქტებზე საუბრობს რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიაც საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში (ანგარიში (პარაგრაფები 49; 50; 59-61; 74; 50; 59; 71; 102) ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-ENG.pdf )

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“