საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონის პროექტს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ.“ კანონპროექტის თანახმად, იქმნება ახალი სამსახური, რომელიც გააერთიანებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფუნქციებს.
წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა კოალიციისა და უცვლელ მოთხოვნად რჩებოდა. მხოლოდ, ბოლო წლების შიდა სტატისტიკით, 90-ზე მეტი შესაძლო დანაშაულია დაფიქსირებული, აქედან არცერთ შემთხვევაში არ დამგდარა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ფონზე, საგამოძიებო მექანიზმის შექმნა არის იმგვარი აუცილებლობა, რომელსაც ადგილობრივთან ერთად მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციაც ადასტურებს.
სამწუხაროდ, მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი, არ ითვალისწინებს არცერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას, რომელიც კოალიციამ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის საბჭოს წარუდგინა. სახელმწიფომ არ გაითვალისიწნა სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილების ინსპექტორის სამსახურისათვის მინიჭების აუცილებლობა.
ამიტომ, "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საქართველოს პარლამენტს სთავაზობს რეკომენდაციების ალტერნატიულ ვერსიებს, რომელთა გათვალისიწნების გარეშე რეფორმა ვერ მიაღწევს ეფექტიანი საგამოძიებო სისტემის შექმნის გაჟღერებულ მიზანს:
აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის იურისდიქცია გავრცელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე.
შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტორი ვერ შეძლებს გამოიძიოს დანაშაულები, თუ ისინი ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ. აღნიშნული თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ სამართალდამცავ ორგანოებს, მათ რეალურად გააჩნიათ შესაძლებლობა ათასობით დაქვემდებარებულ პირს მისცენ მითითება, ბრძანება და დაავალონ კონკრეტული ქმედების განხორციელება. შესაბამისად, ალოგიკურია მექანიზმის მანდატის შეზღუდვა იმ პირთა მიმართ, ვის ხელშიც ყველაზე მეტად არის კონცენტრირებული ძალაუფლება. ეს უკანასკნელი, პირთა გარკვეული წრისთვის გაამყარებს დაუსჯელობის სინდრომს.
ინტერესთა კონფლიქტის რისკების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ინსპექტორს ჰქონდეს უპირატესი იურისდიქცია.
დანაშაულთა ჩამონათვალი, რომლის გამოძიების უფლებამოსილებასაც კანონი ინსპექტორს ანიჭებს, ნამდვილად წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც არაადამიანური მოპყრობის ნაცვლად გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების გადამეტების ან სხვა მუხლით, რაც გამორიცხავს ინსპექტორის მონაწილეობას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, სამართალდამცავთა მიერ ჩდენილი ნებისმიერი დანაშაული, სადაც წარმოიშობა არაეფექტიანი გამოძიების რისკები ექვემდებარებოდეს ინსპექტორის უპირატეს იურისდიქციას.
მიგვაჩნია, რომ მსხვერპლის მიმართვის ან საკუთარი ინიციატივით ინსპექტორის სამსახურს, უნდა ჰქონდეს უფლება გაეცნოს საქმის მასალებს და თავად გადაწვიტოს ექცევა თუ არა საქმე მის იურისდიქციაში.
მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ეტაპები და ინსპექტორის სამსახურს მიეცეს საშუალება ყველა საგამოძიებო მოქმედება განახორციელოს დამოუკიდებლად
საქართველოში არსებული საგამოძიებო სისტემისა და კანონმდებლობის მიხედვით, საპროკურორო ზედამხედველობის შინაარსის გათვალისწინებით, გამოძიებას პრაქტიკულად მთლიანად წარმართავს პროკურორი და ყველა საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელი ერთნაირი ხარისხით ექვემდებარება პროკურორის მითითებებს გამოძიების პროცესში.
რთულად წარმოსადგენია, რას შეცვლის ახალი სამსახურის შექმნა მხოლოდ საგამოძიებო ფუნქციით, მაშინ როდესაც მის მიერ წარმართულ გამოძიებას კვლავაც ის უწყება უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა და რომლის მიმართაც ყველაზე მეტი პრეტენზია არსებობს. ამ რეფორმის პირობებშიც, გამოძიების ფარგლებში ყველა კრიტიკულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება კვლავაც პროკურატურას ან მთავარ პროკურორს ექნება.
ამიტომ, აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპები. ინსპექტორის აპარატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ყველა საგამოძიებო მოქმედება განახორციელოს დამოუკიდებლად და მხოლოდ ამის შემდგომ მიმართოს პროკურატურას.
საქართველოს პარლამენტი უნდა დაფიქრდეს პერსონალური მონაცემების მონიტორინგისა და საგამოძიებო მექანიზმის ერთ უწყებაში გაერთიანების მიზანშეწონილობაზე.
გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების პროაქტიულად კონტროლი ერთმანეთთან თავსებადი ფუნქციები არ არის და აღნიშნული ორი კომპეტენციის ერთი უწყების ქვეშ მოქცევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამოუკიდებლობას, გააჩინოს ინტერესთა კონფლიქტი უწყების შიგნით და დაუკარგოს ნდობა ამ სამსახურის საქმიანობას. ინსპექტორის ინსტიტუტი დღეს არის სამართალდაცვითი პროცესისგან დამოუკიდებელი, მაკონტროლებელი ორგანო, მაშინ როდესაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს უნდა იძიებდეს საგამოძიებო ბუნების მქონე უწყება. მაგალითად, ერთი მხრივ ინსპექტორს მოუწევს გააკონტროლოს პროკურატურის მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერება, ხოლო მეორე მხრივ ეთანამშრომლოს/დაემორჩილოს პროკურატურას გამოძიების პროცესში.
ინსტრუქცია