[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

კოალიციის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით

cms-image-000045857

კოალიცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოლო პერიოდში უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენის პროცესს. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კანონმდებლობა კანდიდატების შერჩევის სპეციალურ პროცედურას არ იცნობს.

მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის მიმართ განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, რაც მოითხოვს აღნიშნული პროცესის ღიად და გამჭვირვალედ, ისევე როგორც განსაკუთრებული სიფრთხილით წარმართვას. სასამართლო სისტემაში დღეს არსებული კრიზისი ზრდის თითოეული ახალი მოსამართლის მიმართ მოლოდინს და აორმაგებს იმ სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობას, რომლებიც სასამართლო სისტემის დაკომპლექტებას უზრუნველყოფენ.

სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება გვარწმუნებს, რომ დღეს სისტემას სჭირდება თავისუფალი, პროფესიონალი, აქტიური და გაბედული წევრები, რომლებიც შეძლებენ გარდამტეხი როლი ითამაშონ საქართველოში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარებაში, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მოსამართლეთა დაცვაში როგორც გარე, ასევე სისტემის შიგნით არსებული, კონკრეტული დომინანტური ჯგუფებისა თუ ინსტიტუტების არაჯანსაღი გავლენებისაგან, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაში.

კოალიციის მუდმივი კრიტიკის ადრესატია იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საბჭოს წევრები მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა დანიშვნის პროცესში უმცირესობათა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მათ მიერ გამოვლენილი არასერიოზული და არაეთიკური დამოკიდებულებების გამო. პრეზიდენტი კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტია. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას, მათ შორის, სასამრთლოს დაკომპლექტების პროცესში, მან იხელმძღვანელოს კონსტიტუციით განმტკიცებული ისეთი პრინციპებით, როგორიცაა თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

ამდენად, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი წარიმართოს ყველა შესაბამის ჯგუფთან აქტიური კომუნიკაციით და კონსულტაციების გზით, რაც უზრუნველყოფს სწორად შეფასდეს და გაიზომოს თითოეული კანდიდატის დამოკიდებულება დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებისადმი. სასამართლო სისტემაში თითოეული წევრი სწორედ ამ ღირებულებების უპირობო ერთგულების ნიშნით უნდა იყოს შერჩეული.

სამწუხაროდ, 28 მარტს პრეზიდენტის მიერ დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატის ნონა თოდუას დამოკიდებულებების და ღირებულებების მიმართ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა, მათ შორის, გავრცელდა წყაროები, რომელიც მის ჰომოფობიურ განწყობებზე, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად დაზარალებული ადამიანების დამატებით მარგინალიზაციის მცდელობაზე და არაეთიკურ პოზიციებზე მიუთითებს. კერძოდ, 2011 წელს გამოცემული სისხლის სამართლის კერძო ნაწილის კომენტარებში ნონა თოდუა განმარტავს, რომ “მამათმავლობა და ლესბოსელობა სრულწლოვან პირებს შორის დანაშაულს არ წარმოადგენს, თუმცა ამგვარი ქმედება ზნეობრივი და მორალური თვალსაზრისით უკიდურესად გასაკიცხია.” ნარკოტიკული დანაშაულის თავის განხილვაში კი მიუთითებს, რომ “ნარკოტიკული საშუალებების პოტენციური მომხმარებლები არიან უნებისყოფო, სასოწარკვეთილი ადამიანები ან სიამოვნების მაძიებელი ეგოისტები.” ნონა თოდუა კომენტარებში ასევე აკრიტიკებს მოქმედ კანონმდებლობას და მიაჩნია, რომ თუ სრულწლოვანი პირი ფაქტობრივად დაქორწინებულია 16 წლამდე მიუღწეველ პირთან, ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გარკვეული გამონაკლისები და სრულწლოვან პირს არ უნდა ეკისრებოდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 16 წლის მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის გამო, რადგან ეს არასრულწლოვნის მდგომარეობისთვის შეიძლება უარესიც აღმოჩნდეს.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტურობას და თანამიმდევრულობას ეჭქვეშ დააყენებს სასამართლო სისტემის უმაღლეს თანამდებობებზე ისეთი პირების დანიშვნა, რომლების შეხედულებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების იდეას. კოალიციამ არაერთხელ აღნიშნა და პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ღიად და სათანადო ჩართულობით მიმდინარეობდა. თუმცა, წევრების ნომინირების ბოლო ფაქტებიც ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის ღიაობა და მონაწილეობითი ფორმატის შექმნა ინსტიტუციურ დონეზე იყოს გამყარებული და სისტემური ხასიათი ჰქონდეს.

სასამართლო სისტემაში დღეს არსებული კრიზისის შესუსტების, ვითარების გაჯანსაღებისა და რეფორმების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის პროცესში გათვალისწინებულ იქნას შემდეგი რეკომენდაციები:

  • განხორციელდეს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების შერჩევის პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის ინსტიტუციონალიზაცია, ერთგვაროვანი კარგი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით;
  • კანდიდატების შერჩევა მოხდეს ღია და გამჭვირვალე პროცესით, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და დისკუსიას აღნიშნულ საკითხზე, რათა განხორციელდეს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის იდეების პატივისცემის განმტკიცება მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციაში;
  • მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტები, რაც ერთ-ერთი ნომინირებული კანდიდატის შესახებ საზოგადოებაში გავრცელდა;

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“