[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

კოალიცია უარყოფითად აფასებს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსის გაუმჭვირვალედ მიმდინარეობას

წლებია არსებობს კითხვები, თუ რატომ არ დგება დღის წესრიგში მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც აშკარად იკვეთება მათ მიერ სავარაუდო გადაცდომის ნიშნები. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, მოსამართლეთა პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებული ზოგადი და არაგანჭვრეტადი საფუძვლები, ხოლო, მეორე მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური მექანიზმების შერჩევითად გამოყენების პრაქტიკა.

მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემისადმი ნდობის გაზრდის მიზნით და მოსამართლის სავარაუდო გადაცდომის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოკვლევისთვის სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღის” ცვლილებებით შეიქმნა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი.

აღსანიშნავია, რომ ინსპექტორის შესარჩევად საბჭოს მიერ 2017 წელს 8 მაისს გამოცხადებული პირველი კონკურსი ჩაიშალა. კონკურსის ჩაშლის მიზეზი და კონკურსში მონაწილე პირების ვინაობა საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის. ახალი კონკურსი 2017 წლის 23 ოქტომბერს გამოცხადდა.

საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად მიმდინარე მეორე კონკურსში მონაწილეთა ვინაობა. ასევე, დახურულ ფორმატში წარიმართა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ ამ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. ინსპექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულად დახურვა აჩენს ეჭვებს კონკურსის შედეგით საბჭოს არაჯანსაღი დაინტერესების თაობაზე და ამცირებს შერჩეული კანდიდატის მიერ საზოგადოების ნდობის მოპოვების პერსპექტივას.

არასამთავრობო სექტორის მხრიდან არაერთხელ გამოითქვა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად დამოუკიდებელი ინსპექტორის მნიშვნელოვანი როლისა, კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს მას დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიებით. მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, ინსპექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რაც ინსპექტორის ინსტიტუტს საბჭოზე სრულად დამოკიდებულს ხდის. კანონი არ არეგულირებს ინსპექტორის შერჩევის პროცედურას და კონკურსის ჩატარების წესს მთლიანად იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს. პრობლემურია ისიც, რომ ინსპექტორის ასარჩევად საკმარისია მხოლოდ საბჭოს მოსამართლე წევრების თანხმობა, და არა წევრების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა.

არსებული ხარვეზიანი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საბჭოს მიერ ინსპექტორის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა და ამ თანამდებობაზე ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელიც საზოგადოების მაღალი ნდობით ისარგებლებს. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს იმ კანდიდატების ვინაობა და მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, რომლებიც მონაწილეობენ გამოცხადებულ კონკურსში. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი უკვე დასრულდა, საბჭოს მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს კონკურსანტებთან გასაუბრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“