საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას,[1] რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან დაკავებული მოქალაქის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს. მიმდინარე წლის 26 სექტემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაავრცელა განცხადება,[2] სადაც უთითებდა რამდენიმე დღით ადრე თბილისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მოქალაქე ს. მ.-ს მიმართ სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. განცხადებით ორგანიზაცია დაუყოვნებლივ მოითხოვდა პროკურატურისგან შესაბამისი კვალიფიკაციით გამოძიების დაწყებას. მომდევნო დღეს, 27 სექტემბერს, იმავე საქმეზე სპეციალური განცხადება[3] გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმაც და აგრეთვე მოუწოდა პროკურატურას, გამოძიების დაწყებისკენ.
ორივე შემთხვევაში, განცხადების ავტორები ეყრდნობოდნენ მათი წარმომადგენლების პირად შეხვედრებს ს. მ.-სთან, რა დროსაც ნათლად გამოვლინდა დაკავებულის სხეულის სხვადასხვა არეში არსებული არაერთი მძიმე ფიზიკური დაზიანება. აგრეთვე გამოვლინდა, რომ დაკავებულს ამ დრომდე (22 სექტემბრიდან დაახლოებით 5 დღის განმავლობაში) არ ჰქონდა ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, მოსამართლემაც უშუალოდ იხილა ბრალდებულის დაზიანებები, რაც მიუთითებდა მის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ განცხადებებს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც სახალხო დამცველს მოუწოდა, მის უწყებაში გადაემოწმებინა მსგავსი საკითხები, რადგან „ბრალდებულისგან ასეთი ჩვენებები... არც პირველი და არც ბოლო არ იქნება“. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში შესული განცხადება გადაგზავნილია მთავარ პროკურატურაში და იქვე მიმართა სახალხო დამცველს, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი არ უნდა გადაიქცეს „კრიმინალების გამპრავებელ კანტორად”.
სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების პრობლემა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება, წლებია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს ინსტიტუციური გარანტიები, რაც უზრუნველყოფა მსგავსი ფაქტების პრევენციას, გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას. განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიციის დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ზრდა, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშები მიუთითებს.[4]
ამ კონტექსტში, აღსანიშნავია მიმდინარე წლის განმავლობაში გახმაურებული რამდენიმე შემთხვევა ნარკოტიკის შესაძლო ჩადებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, რაც ცალსახად მიუთითებს სამართალდამცავ სისტემაში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და სისტემური რეფორმების საჭიროებაზე.[5] სამწუხაროდ, არც ამ და არც ბოლო წლებში გახმაურებულ ფაქტობრივად არც ერთ საქმეზე არ წარმართულა ეფექტიანი გამოძიება, არ მომხდარა დამანაშავეთა გამოვლენა და მათი სათანადოდ დასჯა.
დაუსჯელობის პრობლემასთან ბრძოლის მიზნით ხელისუფლებას ამ დრომდე არ გადაუდგამს სისტემური ნაბიჯები. ამის საპირისპიროდ, პოლიციის სისტემაში არსებულ პრობლემებზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირი, უწყების ხელმძღვანელი, ცდილობს, დისკრედიტაცია გაუკეთოს კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და დააკნინოს საზოგადოების თვალში ამ ინსტიტუტის სტატუსი და საქმიანობა.
კოალიცია ხაზს უსვამს, რომ მინისტრის ასეთი საჯარო პოზიციონირება ხელს უშლის ძირეული პრობლემების შესახებ საქმიანი დისკუსიის წარმართვას და განსახილველი საკითხების უკანა პლანზე გადაწევას ემსახურება. ამავდროულად, ასეთი განცხადებები ხელს უწყობს განწყობის ჩამოყალიბებას, რომ “კრიმინალების” მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო შემთხვევებზე საუბარი არ არის მნიშვნელოვანი. ამ ფონზე, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მინისტრის აღნიშნულ განცხადებას სათანადო შეფასება/რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
კოალიცია მოუწოდებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას:
[1] https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/29183/shs-ministri-ombudsmenis-samsakhurs-akritikebs
[2] http://www.interpressnews.ge/ge/samartali/454405-adamianis-uflebatha-centri-policiis-thanamshromlebma-aghiarebithi-chvenebis-mighebis-miznith-moqalaqe-atsames.html?ar=A
[3] http://ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/winadadebebi/saxalxo-damcvelis-winadadeba-mtavar-prokurors-braldebulis-mimart-savaraudo-arasatanado-mopyrobis-faqtze-gamodziebis-dawyebis-shesaxeb.page
[4] http://ombudsman.ge/ge/about-us/struqtura/departamentebi/sisxlis-samartlis-martlmsadjulebis-departamenti/siaxleebi/saxalxo-damcvelma-evropis-sabchos-ministrta-komitetis-winashe-morigi-komunikacia-waradgina1.page
[5] https://emc.org.ge/2017/06/13/emc-306/ ; http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=23&info_id=4836
ინსტრუქცია