[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

კოალიცია საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს ეხმიანება

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკვე ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განმწესებას. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საპროკურორო საბჭო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამართოს კონსულტაციები გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევის მიზნით აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.[1]

საპროკურორო საბჭომ ეს პროცესი უკვე დაიწყო.[2] საბჭომ წერილობით მიმართა სხვადასხვა ორგანიზაციას შერჩევის პროცესში ჩართვის მიზნით. საპროკურორო საბჭოს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი კომპონენტია მთლიანი პროცესის გამჭვირვალობისა და ლეგიტიმურობისთვის. ის საკმარისად ვერ უზრუნველყოფს მთლიანად პროცესის სამართლიანობას. კანონმდებლობის თანახმად,[3] კონსულტაციების შედეგად საბჭო შეარჩევს 3 კანდიდატს, რომლებსაც ინდივიდუალურად ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს (მაგრამ არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა).

მართალია, კანონმდებლობა საბჭოს ავალდებულებს კონსულტაციების წარმართვას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, თუმცა ბუნდოვანია, ამ პროცესის შედეგად როგორ უნდა მიიღოს მან საბოლოო გადაწყვეტილება. კერძოდ, არ არის განსაზღვრული კონსულტაციების ფორმატი და სამოქალაქო/აკადემიურ სუბიექტებთან თანამშრომლობის წესები. ბუნდოვანია, თუ რა ფორმით განიხილავს საბჭო მათ რეკომენდაციებს. საბჭოს ასევე არ აქვს განსაზღვრული წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცედურები და შესაბამისად, ბუნდოვანია, რა პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩევა ის 3 კანდიდატი, რომელთაგან ერთი, შემდგომში პარლამენტს უნდა წარედგინოს.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნას, ამ საკითხზე პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.[4] გადაწყვეტილება არ ეფუძნება პოლიტიკურ კონსენსუსს და ეს პროცესი არ არის დაცული ერთპარტიული გავლენებისგან.[5] ამ კონტექსტში აღსანიშნავია ისიც, რომ გენერალური პროკურორის შერჩევა-დანიშვნის პროცესები წინა შემთხვევებშიც აჩენდა პოლიტიკური გავლენების ნიშნებს და სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერც ერთ ჯერზე ვერ შეძლო მაღალი საზოგადოებრივი ნდობისა და პროფესიული რეპუტაციის მქონე პირის განმწესება აღნიშნულ თანამდებობაზე.

პროკურატურის და მართლმსაჯულების ინსტიტუტების დეპოლიტიზირება, უფრო კონკრეტულად კი ამ უწყებების პარტიული გავლენებისგან გათავისუფლება კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქართული დემოკრატიისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის. აღნიშნულ საკითხზე წლების განმავლობაში მიუთითებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.[6] გენერალური პროკურატურა ქვეყნის მართლმსაჯულების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტს წარმოადგენს და აუცილებელია, მისი ხელმძღვანელი მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და პროფესიული რეპუტაციით იყოს აღჭურვილი. ეს კი მიუღწეველი დარჩება, თუკი შერჩევა-დანიშვნის პროცესი წარიმართება ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების შესაბამისად.

არსებული კონტექსტის და საკანონმდებლო ხარვეზების გათვალისწინებით, იმისათვის რომ პროცესის მიმართ არსებობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, აუცილებელია:

  • საპროკურორო საბჭომ შეიმუშავოს კონკურსის ჩატარების პროცედურები და კრიტერიუმები, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამოქალაქო/პროფესიული ჯგუფების უფრო აქტიურ ჩართულობას კანდიდატების შერჩევის პროცესში;
  • კანდიდატების შერჩევა-წარდგენასთან დაკავშირებით მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებაში საბჭომ დაასაბუთოს, რომ კანდიდატები აკმაყოფილებენ გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავებისთვის საჭირო კრიტერიუმებს;
  • მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ გენერალურ პროკურორს არ შეარჩევს ვიწრო-პარტიული ინტერესით და პარლამენტში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსს.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

 

[1] პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი.

[2] ​საქართველოს გენერალური პროკურატურა, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს, 2019 წლის 16 დეკემბერი, ხელმისაწვდომია გენერალური პროკურატურის ოფიციალური ვებგვერდზე: http://pc.gov.ge/News/Detail?newsId=5021, განახლებულია: 08.01.20.

[3] პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტები.

[4] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 204-ე მუხლი.

[5] კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პროკურატურის რეფორმის შედეგებს აფასებს, 2018 წლის 7 დეკემბერი, ხელმისაწვდომია კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ვებგვერდზე: http://coalition.ge/index.php?article_id=196&clang=0, განახლებულია: 08.01.20.

[6] United States Department of State, Democratic Developments in Georgia, 2019 წლის 23 დეკემბერი, ხელმისაწვდომია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე: https://bit.ly/37KNADj, განახლებულია: 08.01.20; Georgia in Transition, Assessments and Recommendations by Thomas Hammarberg, p. 14, 2013 წლის სექტემბერი, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://gov.ge/files/38298_38298_595238_georgia_in_transition-hammarberg1.pdf, განახლებულია: 08.01.2020; კოალიციის მოსაზრებები პროკურატურის რეფორმაზე, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, 2015 წლის ივნისი, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://emc.org.ge/ka/products/koalitsiis-mosazrebebi-prokuraturis-reformaze, განახლებულია: 08.01.2020.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“