[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

კოალიცია ეხმაურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას

logo

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესის დროულად დასრულებას. მიუხედავად გარკვეული შეფერხებებისა, პარლამენტმა მაინც მოახერხა დროულად განეხორციელებინა პროცედურით გათვალისწინებულ ღონისძიებები და 2015 წლის 20 მარტს 88 ხმით აირჩია უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. ამავე დროს, პირველად საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ქალი, რაც დადებითი მოვლენაა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ქალთა როლის გაზრდის თვალსაზრისით.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესის საწყის ეტაპზევე კოალიციამ გაავრცელა განცხადება პროცესის სწორად დაგეგმვის და წარმართვის მოწოდებით, შესაბამისი აქტორების მიმართ. კოალიცია გამოვიდა ინიციატივით კანდიდატურის შერჩევის, წარდგენის და დამტკიცების პროცესი ფორმალიზებული და გამჭვირვალე პროცედურებით და ინკლუზიურად წარმართულიყო. ამ მიზნით კოალიცია მნიშვნელოვნად თვლიდან ნათელი ყოფილიყო კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები. კოალიციამ პრეზიდენტს ასევე შესთავაზა მრჩეველთა საბჭოს შექმნა, რომელიც შერჩევის პროცესში პრეზიდენტს კანდიდატურის შესახებ შესაბამის რეკომენდაციებს მისცემდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთაღნიშნული საბჭოს შექმნა ვერ მოხერხდა, საქართველოს პრეზიდენტმა გაითვალისწინა კოალიციის რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი და უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად არსებული კანონმდებლობის ფარგლებში პროცესი გამჭვირვალედ წარმართა. კანდიდატის შერჩევისა და ნომინირების ექსკლუზიური უფლებამოსილების მიუხედავად, ამგვარი პროცესის წარმართვამ ხელი შეუწყო ამ პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობას. სამოქალაქო სექტორის და პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან, ასევე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებმა კონკრეტულ კრიტერიუმებზე შეთანხმებაც განაპირობა. საერთო ჯამში, როგორც პრეზიდენტის ისე პარლამენტის მონაწილეობითა და სხვა აქტორების ჩართულობით განვითარდა მართლმსაჯულების სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი.

ვფიქრობთ, რომ სასამართლოს სისტემის შეუფერხებლად მუშაობისთვის მნიშვნელოვანი იყო უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა, რომელიც ამავე დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წარმოადგენს. კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ ახალი თავმჯდომარის პირობებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მთლიანად სასამართლო ხელისუფლება გააგრძელებს და წარმართავს სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესებს. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად სასამართლოს სისტემაში არის პირველი რიგის ამოცანები, რომელთა მოგვარება უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს:

  • სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა, მისი საქმიანობის ხარისხის ზრუნვის, პროცესების გამჭვირვალედ წარმართვისა და პოლიტიკური ზეგავლენებისგან დისტანცირების გზით.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, როლისა და ეფექტურობის გაზრდა სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით.
  • ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესების დახვეწა, გამჭვირვალობისა და დასაბუთების ხარისხის გაზრდა.
  • იუსტიციის საბჭოს მიერ საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობის დროულად განსაზღვრა; საერთო სასამართლოების შესაბამისი ოდენობის მოსამართლეებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა, რათა აღმოიფხრას მოსამართლეთა არაგონივრული დატვირთულობის პრობლემა, რაც, თავის მხრივ, აფერხებს მართლმსაჯულების დროულად და ეფექტურად განხორციელებას.
  • უზენაესი სასამართლოს რეფორმის ეფექტური იმპლემენტაცია, მათ შორის, უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის ფუნქციათა სათანადო გამიჯვნის გზით;
  • მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის საფუძვლიანი რეფორმა, მისი გამჭვირვალედ და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
  • მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის სისტემის ძირეული ცვლილება და ამ ფონზე, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის სისტემის გაუქმება.
  • საქმის გადანაწილების წესის გაუმჯობესება და სასამართლოს თავმჯდომარეთა როლის სათანადო განსაზღვრა.
  • სასამართლოს სისტემაში ტექნოლოგიების ეფექტურად დანერგვა და გამოყენება.
  • სასამართლო კორპუსის, მოსამართლეთა კონფერენციისა და მოსამართლეთა გაერთიანებების ჩართულობის გაზრდა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებულ რეფორმებში.
  • სასამართლო კორპუსის ჩართვა მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრისა და ეფექტური სამართლებრივი მექანიზმის შექმნის საკითხზე მსჯელობის პროცესში.

კოალიცია ულოცავს უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავებას და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო ხელისუფლება გააგრძელებს თანამშრომლობას როგორც კოალიციასთან, ისე მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე სხვა პროფესიულ ჯგუფებთან.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“